Facebook Twitter

ბს-657-244(კ-05) 12 ოქტომბერი, 2005 წ. ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნ. ქადაგიძე (მომხსენებელი),

ბ. კობერიძე

დავის საგანი: მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

2003წ. 5 ივნისს აფხაზეთიდან დევნილმა ი. ნ-ემ, მოპასუხე მუნიციპალური საწარმო “თ-ა _ შპს-ს” და მესამე პირების _ ნ. შ-ისა და დაბა ...... გამგეობის წინააღმდეგ სასარჩელო განცხადება წარადგინა ქ. სოხუმის რაიონულ და საქალაქო სასამართლოში, დაბა ..., “ა” ზონაში მდებარე (... ¹1) საქვაბის ტერიტორიაზე არსებული 700 კვ.მ მიწის ნაკვეთის მართლზომიერ და კეთილსინდისიერ მფლობელად და მასზე გაშენებული ბაღ-ბოსტნის მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით.

მოსარჩელე ი. ნ-ე სასარჩელო განცხადებას აფუძნებდა იმაზე, რომ 1993წ. აფხაზეთის ცნობილი ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ოჯახთან ერთად იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და დასახლდა დაბა ... ამასთან ერთად, 1993წ. ოქტომბრიდან დაბა ..., “ა” ზონაში მდებარე (... ¹1) საქვაბის უფროსმა მ. ნ-ემ იგი აიყვანა საქვაბის დარაჯად და ხელფასის ნაცვლად სარგებლობაში გადასცა ეზოს ნაწილი, 700 კვ.მ ბაღისა და ბოსტნის გასაშენებლად. მოსარჩელის განცხადებით, რადგან აწ გარდაცვლილი მ. ნ-ე მატერიალური პირობების გამო ვერ უზრუნველყოფდა მას შესაბამისი ანაზღაურებით, აღნიშნულის სანაცვლოდ მან მისცა უფლება, ესარგებლა საქვაბის მიმდებარე ტერიტორიით სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსაყვანად და ოჯახის გამოკვების მიზნით, თუმცა შრომითი ხელშეკრულება წერილობითი ფორმით მხარეებს არ გაუფორმებიათ. მოსარჩელე აცხადებდა, რომ მან ბაღ-ბოსტნად გამოყოფილი ტერიტორია გაასუფთავა სამშენებლო ნარჩენებისგან, შეიტანა საბოსტნე მიწა და გააშენა 47 ძირი მრავალწლიანი კულტუტურა, მათ შორის: 30 ძირი ვაზი, 2 კომში, ასევე, დააკალმა 50 ცალი ვაზი. ნაკვეთის დანარჩენი ნაწილი გამოიყენა ბოსტნეულის, სათოხნე კულტურებისა და სამკურნალო მცენარეების მოსაყვანად. ამასთან, მოსარჩელემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მიწის ნაკვეთი არის მისი ხუთსულიანი ოჯახის შემოსავლის უმნიშვნელოვანესი წყარო.

მოწინააღმდეგე მხარემ, მუნიციპალურმა საწარმო “თ-ამ” და მესამე პირმა _ ნ. შ-ემ, სარჩელი არ ცნეს უსაფუძვლობის გამო.

მესამე პირმა, დაბა ..... გამგეობამ, ნაწილობრივ ცნო სარჩელი, მისმა წარმომადგენელმა დაადასტურა ი. ნ-ის მიერ სადავო მიწის ნაკვეთის ფლობა და ნარგავების გაშენება.

2004წ. 11 მაისს სოხუმის საქალაქო და რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით და ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე ი. ნ-ის სარჩელი. სასამართლომ ი. ნ-ე 1993წ. ნოემბრიდან ცნო სადავო მიწის ნაკვეთის არაუფლებამოსილ კეთილსინდისიერ მფლობელად და მოსარგებლედ. სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ უფლებამოსილი პირის მიერ მიწის ნაკვეთის დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, ი. ნ-ეს უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ მიწის ნაკვეთის დამუშავებისა და ნარგავების მოშენებისათვის გაწეული დანახარჯები, ასევე, ფულადი კომპენსაციის სახით, მის მიერ გაშენებული ნარგავების ღირებულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება მისი ნაწილობრივი გაუქმების მოთხოვნით ი. ნ-ემ გაასაჩივრა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატაში. იმავდროულად მესამე პირმა _ ნ. შ-ემ და მისმა წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინეს იმავე პალატაში და მოითხოვეს როგორც გადაწყვეტილების სრულიად გაუქმება, ამასთან, ერთად საქმის განსჯადობის მიხედვით გადაცემა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოსათვის.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 24 სექტემბრის მოსამზადებელ სხდომაზე, ნ-ის შუამდგომლობის საფუძველზე, მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, განიხილვა გადადო 29 სექტემბრისათვის. 29 სექტემბერს სასამართლომ საქმე განხილა მხარეთა დაუსწრებლად და გამოიტანა განჩინება, რომლის საფუძველზეც გააუქმა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით გადაუგზავნა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს, ნაწილობრივ დააკმაყოფილა ი. ნ-ისა და ნ. შ-ის სააპელაციო საჩივრები. პალატამ ასევე გააუქმა მის მიერ 2004წ. 24 სექტემბერს მიღებული განჩინება მოსამზადებელი სხდომის დანიშვნის შესახებ. საქმის რაიონულ სასამართლოში გაგზავნის საფუძვლად პალატამ მიიჩნია:

1. სსკ-ის 439-ე მუხლი, რომლის თანახმად: “აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულიად აღდგენამდე, იძუილებით გადაადგილებულ პირთა დარღვეული და სადავო უფლებების, აგრეთვე, კანონით გათვალისწინებული ინტერესების დაცვას ახორციელებენ აფხაზეთის ა/რ სასამართლოები, მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. სსკ-ის მე-3 თავის მოთხოვნათა დაცვით, თუ მოპასუხეც იძულებით გადაადგილებული პირია”.

მოპასუხე “თ-ა” აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირს არ წარმოადგენს, აღნიშნული საქმე არ არის აფხაზეთის რაიონული და საქალაქო სასამართლო, განსჯადი და იგი უნდა განიხილოს მოპასუხე იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით არსებულმა რაიონულმა სასამართლომ, ასეთს კი სსს კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, მოპასუხე იურიდიული პირის, საწარმო “თ-ის” ადგილმდებარეობის მიხედვით წარმოადგენს მთაწმინდა-კრწანისი რაიონული სასამართლო;

2. მოცემული საქმე განიხილა არაგანსჯადმა სასამართლომ, რითაც დაირღვა სსს კოდექსის 394-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რაც ამავე კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება ი. ნ-ემ მიიჩნია უკანონოდ და საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატაში. მოითხოვა განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება ადმინისტრაციულ და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატისათვის.

საკასაციო პალატამ განჩინებით დააკმაყოფილა ი. ნ-ის საკასაციო საჩივარი და გააუქმა აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინება და საქმე არსებითად განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატამ ხელახლა განსახილველად მიიღო აპელანტ ი. ნ-ის საქმე, რომლის საფუძველზეც ი. ნ-ის წარმომადგენელი მ. პ-ა ითხოვდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას ი. ნ-ის 1993წ. ოქტომბრიდან მართლზომიერ, კეთილსინდისიერ მფლობელად და მოსარგებლედ აღიარებას მასა და საწარმო “თ-ა _ შპს-ს” შორის არსებული შრომითი ურთიერთობის საფუძველზე. ამასთან, დაბა ..., “ა” ზონაში ¹1 საქვაბის ტერიტორიაზე მდებარე 700 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული მრავალწლიანი ნარგავების მესაკუთრედ ცნობას. ასევე მტკიცებულებათა დედნის სახით გამოთხოვის, ექსპერტიზის დანიშვნის და საქმიდან მტკიცებულებათა ამოღების თაობაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმებას. რაც შეეხება აპელანტ ნ. შ-ეს, მან მოითხოვა 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილების გაუქმება, მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და ამავე სასამართლოს 2003წ. 19 სექტემბრის განჩინების გაუქმება.

აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ 2005წ. 15 აპრილის განჩინებით ი. ნ-ის წარმომადგენელ მ. პ-ას საჩივრები დააკმაყოფილა ნაწილობრივ. გააუქმა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილება და საქმე განსჯადობით გადაუგზავნა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს.

ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ივ. ნ-ემ, რომლითაც მოითხოვა აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 15 აპრილის განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.

საკასაციო საჩივარი ი. ნ-ემ დააფუძნა შემდეგ გარემოებებზე:

1. აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ არსებითად არ განიხილა სააპელაციო საჩივრები, არამედ საქმე არსებითად განსახილველად დაუქვემდებარა მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს და ამით უგულებელყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2005წ. 1 მარტის განჩინება, რომლითაც აღნიშნული საქმის განხილვა დაევალა აფხაზეთის ა/რ უმაღლეს სასამართლოს;

2. სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობით ამოწმებს მხოლოდ მოპასუხის მოთხოვნით, მოპასუხეს საერთოდ არ გაუსაჩივრებია ქ. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2004წ. 11 მაისის გადაწყვეტილება. მას არც მოთხოვნა დაუყენებია პირველი ინსტანციის სასამართლოს განსჯადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოში. მართალია, ნ. შ-ისა და მისი წარმომადგენლის, ა. გ-ას, სააპელაციო საჩივარში საუბარია ქ. სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2003წ. 19 სექტყემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნაზე, მაგრამ განმცხადებელს არა აქვს დაკონკრეტებული, თუ რომელ განჩინებაზეა საუბარი, მაშინ როცა 2003წ. 19 სექტემბერს სასამართლომ მიიღო ორი განჩინება;

3. საქმე განხილულია განსჯადობის წესების დაცვით და სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო რა სსს კოდექსის 26-ე და პირველ მუხლებს, მაგრამ არასწორად გამოიყენა სსსკ-ს 439-ე მუხლი. სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სსსკ-ის მე-15, 22-ე ან 2.2. მუხლებით;

4. სასამართლო არ გაურკვევია თუ არა მოცემული საქმე ადმინისტრაციული წარმოებით განსახილველი მოთხოვნა ეხებოდა სასამართლოს მიერ ი. ნ-ესა და მუნიციპალურ საწარმო “თ-ა შპს-ს” შორის 1994 წლიდან არსებულ შრომითი ურთიერთობების საფუძველზე წარმოშობილი მართლზომიერი და კეთილსინდისიერი მფლობელობის აღიარებას და ამ უფლების ნაყოფზე მესაკუთრედ ცნობას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა საქმის იმავე სასამართლოში დაბრუნებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 15 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მხრიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინების იგნორირების თაობაზე და აღნიშნავს, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 29 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძვლად იქცა განჩინების მიღება მხარეთა მონაწილეობის გარეშე, რასაც მოცემულ შემთხვევაში არ ითვალისწინებდა საპროცესო კანონმდებლობა.

მითითებული განჩინების მიღებისას საკასაციო სასამართლოს შეფასებისა და მსჯელობის საგნად იქცა ის საკითხი, თუU რამდენად მართებულად მოხდა საქმის განსჯადობის წესით გაუქმება, რის გამოც კასატორის პრეტენზია ამ თვალსაზრისით უსაფუძვლოა.

მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი არაუფლებამოსილ სასამართლოს ავალდებულებს სარჩელი გადააგზავნოს უფლებამოსილ სასამართლოში და არ ითვალისწინებს აღნიშნულის თაობაზე მხარის სავალდებულო შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო კასატორის ყურადღებას მიაქცევს ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარზე, სადაც აპელაციის ერთ-ერთ საფუძვლად მხარე მიუთითებს საქმის არაგანსჯადი სასამართლოს მიერ განხილვას, შესაბამისად, ამ ნაწილშიც საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და თვლის, რომ აღნიშნული არ ექვემდებარება გაზიარებას.

რაც შეეხება საქმის განსჯადობის მოტივით გაუქმებას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მიერ სწორადაა გამოყენებული სსკ-ის 439-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, საქმის აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის სასამართლოებისათვის დაქვემდებარების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის გარემოება, რომ მოსარჩელესთან ერთად მოპასუხეც მიეკუთვნებოდეს იძულებით გადაადგილებულ პირს, რასაც ადგილი არა აქვს განსახილველ შემთხვევაში და რაც საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ამ მოტივით გაუქმება არ ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას.

აქვე საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ განსახილველი დავა არ გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან და საქმის საკასაციო ინსტანციაში განხილვის პროცესში ლიკვიდირებულია კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლო, თვლის, რომ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის განჩინება უნდა გაუქმდეს სარჩელის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოსათვის დაქვემდებარების ნაწილში და საქმე განსჯადობით განსახილველად დაქვემდებაროს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. ნ-ის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. აფხაზეთის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 15 აპრილის განჩინება გაუქმდეს სარჩელის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოსადმი დაქვემდებარების ნაწილში და ი. ნ-ის სარჩელი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიას;

3. მხარეთათვის ბაჟის დაკისრების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.