Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-1094-1042-2013 11 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ს. რ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „…“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს სადაზღვევო კომპანია „...“ მოპასუხე სს „ს. რ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციისათვის შპს სადაზღვევო კომპანია „…“ სასარგებლოდ 255639.59 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით:

1. შპს სადაზღვევო კომპანია „…“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. სს „ს. რ-ას“ შპს სადაზღვევო კომპანია „…“ სასარგებლოდ დაეკისრა 255639.59 ლარის გადახდა;

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელად დაეკისრა 5000 ლარის ანაზღაურება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 8 ივნისს შპს „ს. რ-სა“ და შპს „სადაზღვევო კომპანია „…“ შორის გაფორმდა მომსახურების შესყიდვის შესახებ Nშს/11-165 ხელშეკრულება, რომლითაც დაზღვეულ იქნა შპს „ს. რ-ის“ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე 12 თვით, ანუ 2011 წლის 8 ივნისიდან 2012 წლის 8 ივნისის ჩათვლით;

ხელშეკრულების (სპეციფიკური პირობები) 5.2.2. მუხლის თანახმად, მიმწოდებული უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველს გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია) წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და წესით;

ხელშეკრულების 7.2 და 7.3 მუხლებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი თვის სადაზღვევო შესატანი (პრემიის) ოდენობა განისაზღვრებოდა ყოველი საანგარიშო თვის პირველი რიცხვისათვის არსებული რაოდენობის შესაბამისად და შემყიდველის მიერ სადაზღვევო პრემიის გადახდა განხორციელდებოდა ყოველთვიურად;

ხელშეკრულების 7.4 მუხლით მიმწოდებელი ვალდებული იყო, ყოველი თვის ბოლო რიცხვში წარედგინა შემსყიდველის ცნობა იმ მომენტისათვის თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ, მომართვა (დედანი) და ინვოისი, რის საფუძველზეც 20 საბანკო დღის ვადაში მოხდებოდა შესაბამისი თვის სადაზღვევო პრემიის გადახდა;

უდავო გარემოებას წარმოადგენდა და საქმის მასალებითაც დგინდებოდა, რომ მომსახურების შესყიდვის შესახებ Nშს/11-165 ხელშეკრულების საფუძველზე სს „ს. რ-ამ“ შპს სადაზღვევო კომპანია „…“ გადაურიცხა სადაზღვევო პრემია 2011 წლის ივნისიდან დეკემბრის თვის ჩათვლით;

2012 წლის 1 იანვრის ჩათვლით, შპს „ს. რ-ი“ დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენდა 12857 ადამიანს, 2012 წლის 1 თებერვლის ჩათვლით 12786 ადამიანს, 2012 წლის 1 მარტის ჩათვლით 12737 ადამიანს, რის თაობაზეც სს „ს. რ-ამ“ შეატყობინა შპს „სადაზღვევო კომპანია …“;

პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტების საფუძველზე უდავოდ დადგენილად მიიჩნია და საქმის მასალებით საწინააღმდეგო არ დასტურდებოდა და არც სააპელაციო საჩივრით გამხდარა სადავო ის გარემოება, რომ 2012 წლის იანვრის (84733 ლარზე) და თებერვლის (85985 ლარზე) თვის ინვოისები მოპასუხე სს „ს. რ-ას“ წარედგინა 2012 წლის 9 მარტს. ინვოისში გაიპარა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, 2012 წლის ნაცვლად მითითებული იყო 2011 წელი. ინვოისები შესწორდა და გაიგზავნა 2012 წლის 14 მარტს. 2012 წლის მარტის (84921.53 ლარზე) თვის ინვოისი სს „ს. რ-ას“ წარედგინა 2012 წლის 3 აპრილს;

უდავო იყო, რომ 2012 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის ინვოისებით გამოწერილი სადაზღვევო შენატანები სს „ს. რ-ას“ არ აუნაზღაურებია;

სს „ს. რ-ამ“ შპს სადაზღვევო კომპანია „…“ მომსახურების შესყიდვის შესახებ Nშს/11-165 ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა 2012 წლის 1 აპრილიდან, ანუ 2012 წლის 1 აპრილამდე მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობები გრძელდებოდა.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძველი. საქმეზე არ დადასტურებულა შპს სადაზღვევო კომპანია „…” მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება. აპელანტი, შპს სადაზღვევო კომპანია „…” მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების დასტურად მიუთითებდა დაზღვეული პირების პრეტენზიებსა და ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნებზე.

დასმულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც მხარეებს, უფლებებთან ერთად, აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნები იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება უნდა დადგინდეს და დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტაციით, სათანადო მტკიცებულებებით. სს „ს. რ-ის“ სახელზე თანამშრომლების საპრეტენზიო წერილები, რომელიც ცალმხრივია და უტოლდება მოპასუხის ახსნა-განმარტებას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ვერ იქნებოდა მიჩნეული შპს სადაზღვევო კომპანია „…” მხრიდან ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად.

რაც შეხებოდა საქმეში წარდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2012 წლის 18 მაისის და 2012 წლის 24 მაისის ექსპერტიზის დასკვნებს, რომლებიც შედგენილ იქნა სს „ს. რ-ის“ წერილობითი მიმართვის საფუძველზე სადაზღვევო კომპანიისგან დაზღვეული პირების შესაბამისი ანაზღაურების მიღების მიზნით, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ვერც ეს მტკიცებულებები შეფასდებოდა თანხის გადახდისაგან მოპასუხის გათავისუფლების საფუძვლად. სადავო არ იყო, რომ ზემოაღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნებში მითითებულ პირებს საბოლოოდ აუნაზღაურდათ სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად გაწეული ხარჯები, კერძოდ, დადგინდა და სააპელაციო საჩივრით სადავო არ გამხდარა, რომ შპს სადაზღვევო კომპანია „…” „ს. რ-ის” დაზღვეულებზე აანაზღაურა 138720.16 ლარი. შესაბამისად, სახელშკრულებო ურთიერთობებში სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების დროს სპეციალურ ცოდნას დაქვემდებარებული სადავო საკითხების გამორკვევა, მხარეთა მხრიდან განსხვავებულად შეფასებული გარემოებების დაზუსტება და ვალდებულების (კონკრეტული დაზღვეული თანამშრომლის მკურნალობის თანხის ანაზღაურება) ამის შესაბამისად შესრულება, არ შეიძლებოდა შეფასებულიყო სადაზღვევო პრემიის გადახდისაგან გათავისუფლების წინაპირობად.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 799-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დადგინდა, რომ მოპასუხეს სამი თვის სადაზღვევო პრემია არ გადაუხდია, მაშინ როდესაც სახელშკრულებო ურთიერთობა რეალურად 2012 წლის 1 აპრილამდე გრძელდებოდა, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, საფუძვლიანად ჩაითვალა მზღვეველის სარჩელი დამზღვევისათვის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის – 2012 წლის იანვრის, თებერვლის და მარტის თვეების სადაზღვევო პრემიის, 255639.53 ლარის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლები. კანონის აღნიშნული ნორმები შეეხება ვალდებულების არსებობის ზოგად პრინციპებს და იგი თანაბრად ვრცელდება ხელშეკრულების მონაწილე ყველა მხარის მიმართ. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მოხმობილი მუხლების შინაარსის გადმოცემით, არ გაანალიზა და უპასუხოდ დატოვა სააპელაციო საჩივარში მითითებული არგუმენტები გადაწყვეტილების დაუსაბუთებლობის თაობაზე;

სასამართლომ არ გაიზიარა სს „ს. რ-ის“ კონკრეტული ფაქტებითა და შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული არგუმენტები, კერძოდ, ორ კონკრეტულ შემთხვევაში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ შედგენილი ექსპერტიზის დასკვნები და დაზღვეული პირების საპრეტენზიო წერილები, რომლებითაც უდავოდ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების პირობების უხეშად დარღვევა – არაჯეროვანი მომსახურების გაწევა. ამის გამო, სს „ს. რ-ა“ იძულებული გახდა, მხარეებს შორის გაფორმებული 2011 წლის 8 ივნისის ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 16.1 პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, 2012 წლის 1 აპრილიდან ეს ხელშეკრულება შეეწყვიტა. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა აპელანტის დასაბუთებული პოზიცია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სისტემატურ დარღვევებზე, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ მოსარჩელე სისტემატურად არ პასუხობდა სატელეფონო ზარებს, ადგილი ჰქონდა გაუგებარი მიზეზებით თანხების გადახდაზე უსაფუძვლოდ უარის თქმას, ხშირად ხდებოდა ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 6.7 პუნქტით გათვალისწინებული ანაზღაურების 20-დღიანი ვადის დარღვევა. ყოველივე აღნიშნული, სს „ს. რ-ის“ მხრიდან იძლევა იმის მტკიცების საფუძველს, რომ მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებებს, რომელიც იწვევდა დაზღვეული პირების სამართლიან და საფუძვლიან უკმაყოფილებას მოსარჩელის მიმართ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% – 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, საგადახდო დავალება № 773, გადახდის თარიღი – 2013 წლის 13 ნოემბერი) 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე