№ას-1116-1063-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ი. ა-ე, ი. კ-ე, ჯ. მ-ე, დ. ა-ე, რ. ჩ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2012 წლის 18 დეკემბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ი. ა-ემ, ი. კ-ემ, ჯ. მ-ემ, დ. ა-ემ და რ. ჩ-ემ მოპასუხე ნ. შ-ის მიმართ.
მოსარჩელეთა მოთხოვნა:
მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ სარემონტო სამუშაოების შესრულების ღირებულების დარჩენილი თანხის, 3132 ლარის დაკისრება.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით ი. ა-ის, ი. კ-ის, ჯ. მ-ის, დ. ა-სა და რ. ჩ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
მოპასუხე ნ. შ-ეს დასახელებული მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 1192 ლარის გადახდა;
სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხისათვის 3132 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ და მისთვის სახელმწიფო ბაჟის სახით 70 ლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებულ ნაწილში ზემოხსენებული გადაწყვეტილების გაუქმება, მოსარჩელეებისათვის სახელმწიფო ბაჟის სოლიდარულად დაკისრება, აგრეთვე, იურიდიული მომსახურების ხარჯების სახით 500 ლარის გადახდის დავალდებულება.
გარდა ამისა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა.
აპელანტების მოთხოვნა:
გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 17 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამავე გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი. ა-ის, ი. კ-ის, ჯ. მ-ის, დ. ა-სა და რ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
ი. ა-ის, ი. კ-ის, ჯ. მ-ის, დ. ა-სა და რ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ. შ-ეს დაეკისრა სოლიდარულად 3132 ლარის გადახდა ი. ა-ის, ი. კ-ის, ჯ. მ-ის, დ. ა-ის და რ. ჩ-ის სასარგებლოდ; მასვე დაეკისრა მოსარჩელეების სასარგებლოდ სოლიდარულად 250 ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის ივლისში, ერთი მხრივ, ნ. შ-ეს (შემდგომში – შემკვეთი) და მეორე მხრივ, ი. ა-ეს, ი. კ-ეს, ჯ. მ-ეს, დ. ა-სა და რ. ჩ-ეს (შემდგომში – მენარდეები) შორის, ზეპირი ფორმით დაიდო ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების თანახმად, მენარდეებს 2012 წლის 1 აგვისტომდე უნდა გაერემონტებინათ დაბა ხულოში, მ.ა-ის ქ.№12-ში მდებარე, ნ. შ-ის მეუღლის – გ. შ-ის საკუთრებაში არსებული კომერციული ფართი. ამასთან, მხარეები არ შეთანხმებულან ელექტრო, გათბობის და წყალგაყვანილობის სამუშაოების შესრულებაზე.
მხარეები შეთანხმდნენ საზღაურის განსაზღვრის შემდეგ პირობებზე: განისაზღვრა საზღაური გარემონტებული ფართის ერთეულზე (1მ2). სამუშაოების დასრულების შემდეგ, უნდა აზომილიყო გარემონტებული ფართი და გამრავლებულიყო ერთეულის შეთანხმებულ საზღაურზე. სამუშაოს დასრულების შემდგომ, აღმოჩნდა, რომ მენარდეებს შესრულებული ჰქონდათ 7400 ლარის ღირებულების სამუშაო.
ზემომითითებული ობიექტის გარდა, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, ნ. შ-ის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ბინის გარემონტებაზე, რისთვისაც შემკვეთს მენარდეებისათვის უნდა გადაეხადა 200 ლარი.
მენარდეებმა შეთანხმებული სამუშაო შეასრულეს იმგვარად, რომ 2012 წლის 1 აგვისტოს მათ მიერ გარემონტებულ ფართში გაიხსნა შპს ,,მ. ო. კ-ოს” ხულოს ფილიალი (ფართი, 2012 წლის 14 მაისის ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, გადაცემული ჰქონდა სარგებლობაში სწორედ ამ საწარმოს), რომელმაც ჩატარებული სამუშაოები შეაფასა დამაკმაყოფილებლად.
2012 წლის დეკემბერში, გარემონტებულ ფართში არსებული მილებიდან გაჟონა წყალმა, რისი შეკეთების მიზნით ამოიყარა სველ წერტილში დაგებული კერამიკული ფილების ნაწილი.
მენარდეებმა, საზღაურის სახით, შემკვეთისაგან მიიღეს მხოლოდ 4468 ლარის ღირებულების სასურსათო პროდუქტები, დანარჩენი ნაწილის ანაზღაურებაზე შემკვეთმა უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ, ამასთან, შეთანხმებული საზღაურის 20% უნდა დაქვითულიყო საშემოსავლო გადასახადის გადახდის მიზნით.
საქმეში წარდგენილი არ იყო არანაირი მტკიცებულება, ნ. შ-ის მიერ საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დასადასტურებლად.
დავის გადაწყვეტისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად
ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოდავე მხარეებს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლით გათვალისწინებული ვალდებულებები მენარდეებმა ჯეროვნად შეასრულეს. მოპასუხე ნ. შ-ემ (შემკვეთი), სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვერ დაამტკიცა იმ გარემოებების არსებობა, რომელსაც ემყარებოდა მისი შესაგებელი, კერძოდ, მან დაადასტურა, რომ შეთანხმებული სამუშაო მოსარჩელეებმა (მენარდეებმა) შეასრულეს, თუმცა – ვერ წარადგინა სათანადო მტკიცებულებები ამ სამუშაოების არასრულად, ან უხარისხოდ შესრულების დასამტკიცებლად. მოპასუხემ ისიც კი ვერ დაამტკიცა, რომ სამოქალაქო კოდექსის 652-ე მუხლის შესაბამისად, მან სამუშაოს მიღებისას, პრეტენზია განაცხადა სამუშაოს ნაკლის თაობაზე. აღსანიშნავი იყო ისიც, რომ საქმის განხილვისას ნ. შ-ის პრეტენზიები მიმართული იყო მხოლოდ კომერციულ ფართზე შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, საცხოვრებელი ბინის რემონტთან დაკავშირებით მას არათუ დასაბუთებული, სიტყვიერი პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ნ. შ-ეს უნდა შეესრულებინა საგადასახადო აგენტის ფუნქცია და მენარდეთათვის ასანაზღაურებელი თანხა უნდა დაებეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. სასამართლომ ყურადღება მიაქცია საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: კოდექსის მე-20 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, გადასახადის გადამხდელი არის პირი, რომელსაც აქვს ამ კოდექსით დადგენილი გადასახადის გადახდის ვალდებულება; საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება; კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მეწარმე ფიზიკურ პირად ითვლება: ა. ინდივიდუალური მეწარმე – ფიზიკური პირი, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მიხედვით არის ინდივიდუალური მეწარმე; ბ. ფიზიკური პირი, თუ ის ახორციელებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას; კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ ნ. შ-ეს განეხორციელებინა საგადასახადო აგენტის ფუნქცია, იგი უნდა ყოფილიყო მეწარმე ფიზიკური პირი, რაც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, იგი არ იყო ინდივიდუალური მეწარმე და არც „მეწარმეთა შესახებ“ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ საქმიანობას (სახელოვნებო, სამეცნიერო, სამედიცინო, არქიტექტურული, საადვოკატო ან სანოტარო, სააუდიტო, საკონსულტაციო (მათ შორის, საგადასახადო კონსულტანტთა), სასოფლო-სამეურნეო ან სატყეო-სამეურნეო საქმიანობა) ახორციელებდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა ნ. შ-ის მიმართ მენარდეთა დავალიანების (500 ლარის ოდენობით) არსებობის შესახებ, რის გამოც უნდა შემცირებულიყო ნარდობის საზღაურის ოდენობა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, თუ ნ. შ-ეს სურდა ემტკიცებინა ამ დავალიანების არსებობა და მოეხდინა მოთხოვნათა გაქვითვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, მას ამ მოთხოვნით უნდა წარედგინა სასამართლოსათვის შეგებებული სარჩელი, რაც არ განუხორციელებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ. შ-ემ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, აგრეთვე, მოსარჩელეებისათვის სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში მის მიერ გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად – 450 ლარის, ხოლო ი.დიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად – 500 ლარის დაკისრება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ის გარემოება, რომ საქმეში არ არსებობდა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, არსებობდა თუ არა რაიმე შეთანხმება მოდავე მხარეებს შორის, ან რა მოცულობის სამუშაო უნდა შეესრულებინათ მოსარჩელეებს და რა მოცულობის სამუშაო შეასრულეს მათ, ვისი საკუთრების ობიექტზე ჩატარდა სამუშაოები და ვის უნდა განეხორციელებინა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მოსარჩელეებმა შეასრულეს შესასრულებელი სამუშაო და მოპასუხეს (კასატორს) სრული მოცულობით დააკისრეს სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა;
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სარემონტო ობიექტის მესაკუთრეს წარმოადგენდა ინდმეწარმე გ. შ-ე, სარემონტო სამუშაოების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა მას და არა ნ. შ-ეს, შუამავალს ვალდებულება არ შეიძლებოდა ჰქონოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ. შ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. შ-ის (პირადი ნომერი – ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ ნ. შ-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 3, გადახდის თარიღი – 2013 წლის 22 ნოემბერი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე