№ას-1134-1081-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – გ. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი – არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა და აღსაზრდელად გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2011 წლის 10 მაისს დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. კ-ემ მოპასუხე გ. ა-ის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
... წლის ... ოქტომბერს დაბადებული მ. გ. ასული ა-ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და აღსაზრდელად დედისთვის გადაცემა.
დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
2005 წლის 3 ოქტომბერს დაბადებული მ. ა-ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის, მ. კ-ის საცხოვრებელი ადგილი და მ. ა-ე აღსაზრდელად გადაეცა დედას, მ. კ-ეს.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
მ. კ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასახელებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 იანვრის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ბოლოს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა დედოფლისწყაროს რაიონული სასამართლოს 2011 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები;
მოპასუხე მ. კ-ე ამჟამად ცხოვრობს დაბა ხელვაჩაურში მშობლებთან, ხოლო მისი შვილი მ. ა-ე ცხოვრობს მამასთან, გ. ა-ან.
მოსარჩელე მ. კ-ემ სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, მ. ა-ის აღსაზრდელად გადაცემა. მისი მოთხოვნა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, განსჯადობის წესის დარღვევის გამო.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოიკვეთა, რომ, როგორც მ. კ-ის, ისე გ. ა-ის ოჯახს გააჩნია ის მატერიალური და ადამიანური ფასეულობები, რომელიც საჭიროა ბავშვის ნორმალური აღზრდისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ როგორც მოსარჩელეს, ასევე მოპასუხეს ჰქონდა შვილის აღზრდისათვის სათანადო პირობები, მცირეწლოვანი მ. ა-ე აღსაზრდელად უნდა გადასცემოდა დედას, მ. კ-ეს, ვინაიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგ ქ.კ-ის მიერ მცირეწლოვან ბავშვთან გასაუბრების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის დაუშვებელი იყო დედისგან შორს ყოფნა; საჭირო იყო სწორი უწყვეტი ურთიერთობა მშობელსა და შვილს შორის. არასწორ მიდგომას შესაძლებელია ხანგრძლივი, ნეგატიური კვალი დაეტოვებინა მის შემდგომ განვითარებაზე. განსახილველ შემთხვევაში, პრიორიტეტული იყო მცირეწლოვანი ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რომ ზიანი არ მიდგომოდა ბავშვის სულიერ მხარეს და მის შემდგომ განვითარებას.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ, თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება, ხოლო, 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს. ამასთან, სახელმწიფოს დამოკიდებულება მშობლის მიმართ მხოლოდ მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრით არ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი).
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კანონის ზემოთ მოხმობილი ნორმები სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. აღნიშნულის მიუხედავად კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება. ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. აღნიშნულს ადასტურებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის მითითება ბავშვის მშობელთან დაშორების დასაშვებობაზე, როდესაც „კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს“.
გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვისას, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს შეუძლია, თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ. კანონის ასეთი დამოკიდებულება (შეჯიბრებითობის პრინციპის ნაცვლად სასამართლოს მიერ სამოქალაქო საქმის ინკვიზიციური პრინციპით განხილვა) განპირობებულია საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკითა და განსაკუთრებული მნიშვნელობით, რასაც ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლი, რომლის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
მიუხედავად იმისა, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილი იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს კახეთის საკოორდინაციო ცენტრის რეგიონალური განყოფილების სოციალური მუშაკის ქ.გ-ის დასკვნა და ამავე სააგენტოს რეგიონალური განყოფილების ფსიქოლოგ ქ.კ-ის დასკვნა, სააპელაციო სასამართლომ 2012 წლის 1 მარტის განჩინებით საჭიროდ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიზნით, ფსიქოლოგის მიერ დამატებით მომზადებულიყო დასკვნა, არასრულწლოვან მ. ა-ან რამდენიმე ვიზიტის შემდეგ. ამის საფუძველზე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილების მიერ ასევე წარდგენილი უნდა ყოფილიყო მოსაზრება, რომლითაც შესწავლილი იქნებოდა საკითხთა წრე, კერძოდ: ,,არასრულწლოვან მ. ა-ის ჩვეული გარემოდან, მამის ოჯახიდან, მოწყვეტა ხომ არ იქონიებდა ნეგატიურ გავლენას ბავშვის ფსიქიკაზე, მის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და რამდენად აუცილებელი იყო ბავშვის სრულყოფილი აღზრდისათვის მისი მამის ოჯახიდან მოწყვეტა და დაშორება იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანი მ. ა-ის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო მამის საცხოვრებელი ადგილი. ხომ არ აღმოჩნდებოდა ბავშვის ჩვეული გარემოდან მოწყვეტა უფრო საზიანო, ვიდრე ჩვეულებრივი ინტერესი, რომ ბავშვი გაზრდილიყო დედასთან’’. ამასთან, დასკვნის მოსამზადებლად სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონულ განყოფილებას დაევალა ქ.კ-ის ნაცვლად სხვა ფსიქოლოგის მიწვევა.
2012 წლის 6 აპრილს, ,,საქართველოს ბავშვების’’ ფსიქოლოგ ლ.კ-ის მუშაობის შედეგად მომზადდა დასკვნა, რომლის თანახმად, ,,ამ დროისათვის მ. ა-ის ამჟამინდელ საცხოვრებელ გარემოში დაკმაყოფილებულია ბავშვის ძირითადი საჭიროებები, თუმცა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის აუცილებელია, სწორი სტრატეგიები იქნეს შემუშავებული ბავშვთან სტრესის დაძლევაზე და დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-გაღრმავებაზე. სავარაუდოა, რომ დედის საცხოვრებელი გარემოც იქნება მისაღები ბავშვის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილების კუთხით, თუმცა არ იკვეთება ადამიანური რესურსი ბავშვის ემოციური მხარდაჭერისათვის, რაც განსაკუთრებით საჭირო გახდება, თუ ბავშვი განიცდის კიდევ ერთ სტრესს მის ცხოვრებაში (ჩვეული გარემოდან განშორებასთან დაკავშირებით).
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა დასკვნის იმ ნაწილზე, სადაც აღწერილია ბავშვის ფსიქოლოგიური მიდგომა, კერძოდ აღნიშნულია, რომ ,,მნიშვნელოვანი სირთულე, რაც შეიმჩნევა ბავშვის ფსიქიკაში, არის განრიდება დედისაგან: მ. განზრახ არიდებს თავს დედაზე საუბარს, არ მოიხსენიებს მას ახლობელთა შორის, და არც იმ ადამიანებში, რომლებიც ენატრება,როდესაც საუბარს ბუნებრივად მოაქვს დედის თემა, ის ამბობს, რომ არ უყვარს დედა, რადგანაც არც დედას უყვარს იგი - ამას კი იქედან ასკვნის, რომ დედამ მიატოვა. ასევე აღნიშნავს, რომ არსად წასვლას არ აპირებს და სულ „აქ“ დარჩება“. აქვე ფსიქოლოგი უთითებს, რომ „ამ ყოველივეს ბავშვი უხალისოდ ამბობს, და ცდილობს, მალე გადაიტანოს საუბრის თემა სხვა საკითხებზე.“ ფსიქოლოგის მითითებით „ბავშვს არ აქვს გააზრებული და დაძლეული დედის მიერ მისი მიტოვებით გამოწვეული სტრესი. განრიდება არის თავდაცვის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელსაც ფსიქიკა ირჩევს ინდივიდისათვის მეტისმეტად მტკივნეულ საკითხებთან გასამკლავებლად. ასეთი მექანიზმების მუშაობისათვის ხდება დიდი ოდენობით ფსიქიკური ენერგიის ხარჯვა, რამაც, პოტენციურად, შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოიწვიოს’’. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ფსიქოლოგის დასკვნის ამ ნაწილის შეფასებას საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმისათვის, რომ დადგენილიყო ბავშვის ჭეშმარიტი ფსიქიკური მდგომარეობა, რათა გამორიცხულიყო მესამე პირთა მიერ მის (ბავშვის) ნება-სურვილზე სუბიექტური ზეგავლენის არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, ფსიქოლოგის დასკვნის ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ბავშვის დედასთან დაშორება საკმაოდ დიდ სტრესთან იყო დაკავშირებული და მამის ოჯახი დედასთან დაახლოებაში ბავშვს ხელს არაფრით უწყობდა. ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეული ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა უთითებდა ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც გააჩნდა იურიდიული მნიშვნელობა, კერძოდ, დედისგან ბავშვის განრიდება არ მიუთითებდა ბავშვის კეთილდღეობაზე და, შესაბამისად, არ ემსახურებოდა მის ჭეშმარიტ ინტერესებს. იმ ფაქტორების გათვალისწინებით, რომ ბავშვი რამდენიმე წელი იზრდებოდა დედასთან და მამასთან ერთად, დედასთან განრიდება წარმოადგენდა ბავშვის მიერ მიღებულ სტრეს, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ემოციური სირთულეები გამოეწვია, კერძოდ, დასკვნაში, მიეთითა, რომ საკითხი არ მიეკუთვნებოდა მხოლოდ წარსულის კატეგორიას და ის აქტუალური იყო აწმყოშიც, რაც ასევე შფოთვის გამომწვევი იყო ბავშვში.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგის დასკვნის იმ ნაწილზე, რომელშიც აღწერილია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის მნიშვნელობის საკითხი, კერძოდ, ის რისკები, რომლებიც უკავშირდება, ერთ შემთხვევაში, ბავშვის მამის ოჯახში დარჩენას, ხოლო, მეორე შემთხვევაში, იმ რისკებს, რომელიც უკავშირდება, ბავშვის დედის ოჯახში გადასვლას. კერძოდ, საგულისხმო იყო დასკვნის ის ნაწილი, სადაც ფსიქოლოგი მიუთითებდა მამის ოჯახში ბავშვის დარჩენის შემთხვევაში დედა-შვილის ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენის პრობლემებზე. ფსიქოლოგის მითითებით, მამის მხარე ამ ეტაპზე არ ფლობდა ადეკვატურ ხერხებს და ბოლომდე არც ესმოდათ იმის საჭიროება, რომ დახმარებოდნენ ბავშვს ძლიერ სტრესთან გამკლავებაში – სტრესი, რომელიც უკავშირდება დედის საკითხს. ფსიქოლოგის დასკვნის ეს ნაწილი კი მიუთითებდა იმაზე, რომ ბავშვის მამის ოჯახში დატოვების შემთხვევაში, დედა-შვილის ურთიერთობის აღდგენა-დაახლოება საკმაოდ დიდ პრობლემას უკავშირდებოდა. ამასთან, განსახილველი საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ბავშვის ასაკზე და სქესზე. მოცემულ შემთხვევაში, ბავშვი იყო იმ ასაკის (ბავშვი იყო 8 წლის), რა დროსაც საფუძველი ეყრებოდა ბავშვის პიროვნულ ჩამოყალიბებას და რა დროსაც დედის ავტორიტეტის შელახვა და მასთან არასაკმარისი სიახლოვე შესაძლოა დამღუპველი ფაქტორი გამხდარიყო და შესაბამისად, უარყოფითად ემოქმედა ინდივიდის ცხოვრების ფორმირებაზე. ამასთან ერთად, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოება, რომ ბავშვის მამის ოჯახში დარჩენის შემთხვევაში ბავშვი აღსაზრდელად ფაქტობრივად გადაეცემოდა ბებიას (მამის დედას) და მამიდებს, რადგან გ. ა-ე, მუშაობდა და დღის განმავლობაში ბავშვთან არ იყო, გასული იყო ოჯახიდან სამუშაოდ, შვილს უტოვებდა დედამისს და თავის დებს. ამ მხრივ, ანგარიშგასაწევი იყო ფსიქოლოგის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ მამიდების მიერ თავიანთი ოჯახების შექმნის შემთხვევაში ბავშვზე მთელი მზრუნველობა მოუწევდა ბებიას, რაც შეფასდა, როგორც რისკ-ფაქტორი, მაგალითად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განხილულ საქმეზე, ი.ნ-ის წინააღმდეგ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება, ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო, ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებულლი, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.
კონკრეტულ შემთხვევაში, დავის სპეციფიკურობიდან და არასრულწლოვნის ინტერესებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განსაზღვრა არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილი.
სააპელაციო სასამართლოს ზემომითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ა-ემ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
საკასაციო საჩივრის საფუძველი:
სააპელაციო სასამართლოს არ შეუსრულებია მოცემულ საქმეზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიცემული მითითებები, აქედან ერთ-ერთი მთავარი მითითება ის იყო, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმე განეხილა კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით. სასამართლო, შეფასებისას იყენებს სოციალური სააგენტოს ფსიქოლოგ ქ.კ-ის სადავო დასკვნას, რომელიც თვით სოციალური სააგენტოს წარმომადგენელმა გამოითხოვა და მტკიცებულებას არ წარმოადგენდა. რაც შეეხება ლ.კ-ის მიერ მომზადებულ დასკვნას, მან მთლიანად გამოააშკარავა ბავშვსა და დედას შორის არსებული პრობლემა, რისი საფუძველიც არის დედის (მ. კ-ის) არასრულფასოვანი დამოკიდებულება ბავშვის მიმართ და საკუთარი პასუხისმგებლობისადმი გულგრილი დამოკიდებულება. სასამართლო არასწორად განმარტავს ლ.კ-ის მიერ მომზადებულ დასკცნას და შეგნებულად გვერდს უვლის იმ ფაქტს, რომელიც მიუთითებს დედის დამოკიდებულებაზე ბავშვის მიმართ. კერძოდ, დასკვნაში საუბარია იმ რისკებზე, რომლებიც არსებობს ბავშვის საცხოვრებლად დედის ოჯახში გადასვლის შემთხვევაში. არასწორია იმაზე მითითება, რომ მამის ოჯახი არ უწყობს ხელს ბავშვისა და დედის ურთიერთობას. ამ შემთხვევაში, სასამართლომ ასევე შეგნებულად, ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს დროებითი განჩინებების მიღების პირობებში, შეუძლებელი გახდა დედისა და ბავშვის ურთიერთობა, ბავშვის დედისადმი დამოკიდებულების გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას გ. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. ა-ის (პირადი ნომერი – ...) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ გ. ა-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ვ. უ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება № 2, გადახდის თარიღი – 2013 წლის 10 დეკემბერი) 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე