Facebook Twitter

№ას-1159-1105-2013 17 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. დ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. დ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 15 მაისს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ. დ-ემ მოპასუხე ლ. დ-ის მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

2012 წლის 7 აგვისტოს მასა და ლ. დ--ა-ოს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილების განხორციელება, კერძოდ, ქუთაისში, მ-ის მე-3 შესახვევის №21-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის ლ. დ-ის სახელზე აღრიცხვა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. დ-ემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით ლ. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები;

ლ. დ-ა-ო არის ლ. დ-ის შვილიშვილი.

ლ. დ-ა-ო ამჟამად უცხოეთშია.

ქ.ქუთაისში, მ-ის მესამე შესახვევის №21-ში მდებარე უძრავი ქონება 2012 წლის 7 აგვისტომდე ლ. დ-ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.

ლ. დ-ე და ლ. დ-ა-ო შეთანხმდენ, რომ 2012 წლის 7 აგვისტოს ეწვეოდნენ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურს და ლ. დ-ის საკუთრებაში არსებულ ქონებას გადააფორმებდენ ლ. დ-ა-ოს საკუთრებად. მხარეები საჯარო რეესტრში მივიდნენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე ლ. დ-ემ საჯარო რეესტრში მისვლა ლ. დ-ა-ოს დაასწრო დაახლოებით ერთი საათით.

2012 წლის 7 აგვისტოს, საჯარო რეესტრში ლ. დ-სა და ლ. დ-ა-ოს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება – ქ.ქუთაისში, მ-ის მესამე შესახვევის №21-ში მდებარე უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით №....

ლ. დ-ა-ომ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში წარადგინა ნასყიდობის ხელშეკრულება და დარეგისტრირდა ქ.ქუთაისში, მ-ის მესამე შესახვევის №21-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრედაც მანამდე ლ. დ-ე იყო რეგისტრირებული. ნასყიდობის ხელშეკრულებიდან ცალსახად დადგინდა, რომ გადახდილ იქნა ნასყიდობის ფასი.

2013 წლის 15 მაისს, ლ. დ-ემ სადავო გახადა ლ. დ-ა-ოს საკუთრების უფლება, სარჩელი აღძრა მის მიმართ და მოითხოვა ქუთაისში, მ-ის მესამე შესახვევის №21-ში მდებარე უძრავ ქონებაზე 2012 წლის 7 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, აგრეთვე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქუთაისის სარეგისტრაციო სამსახურში აღნიშნულ უძრავ ქონებაზე ცვლილების განხორციელება საცხოვრებელი სახლის 1/3 ნაწილის ლ. დ-ის სახელზე რეგისტრაციის გზით.

ლ. დ-ე, სასამართლოში მიმართვის გზით, აღნიშნული ტიპის დავაში წინა წლებშიც მონაწილეობდა ამავე უძრავ ნივთთან დაკავშირებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემომითითებული ნორმის თანახმად, არ შეიძლება ნამდვილი იყოს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონით დადგენილ წესებს, საჯარო წესრიგს და ა.შ. სადავოდ გამხდარი გარიგებები არ ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსით დადგენილ წესს, უძრავი ქონების გასხვისების შესახებ. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში მხარეების მიერ დაცული იყო ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ხელშეკრულების დადების წესი. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა არანაირი ფაქტი იმის შესახებ, რომ სადავო ხელშეკრულებები დაიდო კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ, ან იგი ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. აღნიშნულზე ვერ მიუთითებდა ვერც აპელანტი. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას დაცული იყო მითითებული ნორმებით გათვალისწინებული წესი უძრავი ქონების გასხვისების შესახებ, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობდა.

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი როგორც წესი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი. ამდენად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებით გარიგებად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ ,,ურთიერთშეთანხმებაზე”, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

სააპელაციო სასამართლომ დამატებით განმარტა, რომ, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. მოცემულ საქმეზე დადგინდა, რომ ორივე გარიგებაში მხარემ თვითონ ყოველგვარი ჩარევის გარეშე გამოავლინა ნება.

სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით დასტურდებოდა მოპასუხე ლ. დ-ა-ოს ნამდვილად სურდა სადავო უძრავი ქონების შეძენა და მან აღნიშნული ქონების შესაძენად გადაიხადა ნასყიდობის თანხა. აპელატს საპირისპირო გარემოება არ დაუდასტურებია. ამდენად, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო არც მოჩვენებით და არც თვალთმაქცურ გარიგებად, ამ გარიგების დადების მიზანი იყო სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულებების დადება და საბოლოოდ, უძრავი ქონების ფართის ლ. დ-ა-ოს საკუთრებაში გადაცემა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტ ლ. დ-ის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ლ. დ-ა-ომ ისარგებლა მისი ნდობით და ჩუქების ხელშეკრულების ნაცვლად ნასყიდობის ხელშეკრულება დაადებინა, რადგან საქმეში არ მოიპოვებოდა ზემოაღნიშნული დამადასტურებელი დოკუმენტი. სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არ აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას, ხოლო 83-ე მუხლის თანახმად, მესამე პირის მხრიდან მოტყუებისას შეიძლება გარიგების ბათილობის მოთხოვნა, თუ მოტყუების შესახებ იცოდა ან უნდა სცოდნოდა იმ პირს, რომელიც სარგებელს იღებს ამ გარიგებიდან. თუ გარიგების ორივე მხარე მოტყუებით მოქმედებდა, მაშინ არც ერთ მათგანს არა აქვს უფლება მოტყუებაზე მითითებით მოითხოვოს გარიგების ბათილობა ან ზიანის ანაზღაურება. დასახელებულ ნორმებში მოცემულია, როგორც მოტყუებითი, ასევე მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგებების შინაარსი.

სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების დროს ვინმემ მოატყუა, ან ამ გარიგებას ჰქონდა თვალთმაქცური ხასიათი, ან ამ გარიგებით დაიფარა სხვა რომელიმე გარიგება.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს და სწორად განმარტა, რომ არ არსებობდა ლ. დ-ის სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რაც სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. დ-ემ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება, კერძოდ, სადავო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

საკასაციო საჩივრის საფუძველი:

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოსარჩელე – 87 წლის მოხუცი – შვილიშვილმა მოტყუებით წაიყვანა საჯარო რეესტრში და წაართვა სახლი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ. დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე