ბს-658-245 (კ-05) 23 სექტემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 6 სექტემბერს ქედის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა რ. ღ.-მ მოპასუხეების _ ქედის რაიონის გამგეობისა და ქედის რაიონის კომუნალური განყოფილების მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება ოთხი თვის ვადაში გაეკეთებინათ ¹17 ბინის, მდებარე დ. ქედაში, ..., პრივატიზაცია და მისი თავისუფალ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა, წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეებისათვის ბინის ღირებულების 4500 ლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელე რ. ღ.-ე 1983წ. 2 აგვისტოს გაცემული ¹16 ორდერის საფუძველზე ცხოვრობდა ბინაში, მდებარე ქედის რაიონი ... ¹17-ში. 1986 წელს ქედის რაიონის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ საგარანტიო წერილის საფუძველზე დაათმობინა ზემოაღნიშნული ბინა. ქედის სახალხო სასამართლოს 1994წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის სასარჩელო განცხადება, რომლის თანახმადაც ქედის რაიონის ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის საბინაო საკითხთა კომისიას დაევალა მოსარჩელე რ. ღ.-ის დარღვეულ უფლებების აღდგენა საგარანტიო ბინის მიღების საკითხში. ქედის რაიონის გამგეობის საბინაო საკითხთა კომისიის 1995წ. 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქედის კომუნალური მეურნეობის განყოფილებას დაევალა ... ბინა ¹16-ის მოსარჩელისათვის ჩაბარება, მიუხედავად ამისა, მას ბინა არ ჩაბარებია.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ ქედის რაიონის გამგეობამ 1996წ. 10 იანვრის ¹6 მომართვით მას შეატყობინეს, რომ ჩაებარებინა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ... ¹17, მაგრამ მისი ჩაბარება მოსარჩელისათვის არ უზრუნველყო ქედის რაიონის გამგეობამ. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელეს არც ბინა ჩაბარებია და არც მასზე პრივატიზაცია გაუკეთებია ქედის რაიონის გამგეობის შესაბამის სამსახურს.
ქედის რაიონულმა სასამართლომ 2004წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე რ. ღ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ქედის რაიონის გამგეობას და ქედის რაიონის კომუნალურ განყოფილებას დაევალა 4 თვის ვადაში მოსარჩელის საგარანტიო წერილით გათვალისწინებული ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინით დაუკმაყოფილებლობის შედეგად მიყენებული ზიანის 2000 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქედის რაიონის გამგეობამ და ქედის კომუნალურმა განყოფილებამ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტებმა მიუთითეს, რომ ქედის რაიონის გამგეობა საქმეში ჩაბმული იყო როგორც არასათანადო მოპასუხე და ის უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით. აპელანტები თვლიდნენ, რომ მოსარჩელე რ. ღ.-ს სარჩელი უნდა დაეყენებინა ფ. შ.-ის მიმართ ერთოთახიანი ბინიდან გამოსახლების თაობაზე და ამიტომ სასამართლომ არასწორად ჩაბმა ფ. შ.-ი დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე მესამე პირად.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილებით აპელანტების _ ქედის რაიონის გამგეობისა და კომუნალური განყოფილების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო ქედის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და ახალი გადაწყვეტილებით რ. ღ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ქედის რაიონის გამგეობას და ქედის რაიონის კომუნალურ განყოფილებას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 თვის ვადაში დაევალათ მიყენებული ზიანის _ 2000 ლარის გადახდა მოსარჩელისათვის. დანარჩენ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 1983წ. 2 აგვისტოს ქედის რაიონის იმჟამინდელი ხელისუფლების მიერ ორდერი ¹16-ით მოსარჩელე რ. ღ.-ს დაბა ქედში ... მდებარე საცხოვრებელი სახლში ჩაბარდა საცხოვრებლად ერთოთახიანი ბინა, სადაც რ. ღ.-ე ცხოვრობდა 1986წ. აგვისტომდე. ამის შემდეგ იმდროინდელი ქედის რაიონის ხელმძღვანელობის თხოვნით მის მიერ აღნიშნული საცხოვრებელი ბინა დათმობილი იქნა, რაზედაც 1986წ. 30 აგვისტოს ¹218 გადაწყვეტილებით მიეცა გარანტია შემდგომში ოჯახის სულადობის გათვალისწინებით სათანადო ფართით დაკმაყოფილებაზე. აქედან მოყოლებული, მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მიმართვისა რაიონის ხელისუფლებისადმი, საგარანტიო წერილის საფუძველზე საცხოვრებელი ბინით მისი დაკმაყოფილება არ მომხდარა. ქედის რაიონის სასამართლოს 1994წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დაევალა ქედის რაიონის ხელისუფლების ადგილობრივ მმართველობისა და საბინაო საკითხთა კომისიას რ. ღ.-ის დარღვეული უფლებების აღდგენა საგარანტიო ბინის მიღების საკითხში. აღნიშნული სასამართლოს გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში. მიუხედავად ზემოთ აღნიშნული გადაწყვეტილებისა, რ. ღ.-ზე გარანტიით განსაზღვრული საცხოვრებელი ბინის გადაცემა არ მომხდარა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ სსკ-ის 272-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახად, სასამართლო არ განიხილავდა სარჩელებს იმავე საკითხებზე და იმავე მხარეებს შორის, რომელთა შესახებ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ამიტომ მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილება საცხოვრებელი ბინის მასზე მიკუთვნების ნაწილში არ შეიძლება დაკმაყოფილებულიყო და იგი უნდა შეწყვეტილიყო ამავე საკითხზე ამავე მხარეებს შორის ქედის რაიონული სასამართლოს მიერ 1994წ. 1 თებერვალს გამოტანილი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელე რ. ღ.-ის მოთხოვნა სადავო ბინის ნაცვლად მოპასუხეებზე _ ქედის რაიონის გამგეობასა და ქედის რაიონის კომუნალურ მეურნეობაზე ბინის მიუცემლობით გამოწვეული ზიანის 4500 ლაის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
ის ფაქტი, რომ მოსარჩელე რ. ღ.-ს უნდა გადაცემოდა საგარანტიო წერილით გათვალისწინებული სადავო ბინა დადგენილი იყო, მაგრამ მოთხოვნილი თანხის ოდენობა არ შეესაბამებოდა დაბა ქედის ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინის ღირებულებას, სადაც ერთოთახიანი ბინის ღირებულება შეადგენდა 1500-2000 ლარს.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა, რომ ისინი არასათანადო მხარეები იყვნენ, რადგანაც საგარანტიო წერილი რ. ღ.-ისათვის ბინის მიღების თაობაზე დადებული იყო მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის. ასევე ქედის რაიონის ადგილობრივი მმართველობის საბინაო საკითხთა კომისიას დაევალა რ. ღ.-ის დარღვეული უფლებების აღდგენა ბინის მიღების საკითხში.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქედის რაიონის გამგეობამ და მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორმა მიუთითა, რომ საქმის მასალებიდან გამომდინარე ქედის რაიონის სასამართლოს 1994წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით ქედის რაიონის ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის საბინაო საკითხთა კომისიას დაევალა უზრუნველეყო რ. ღ.-ის დარღვეული უფლების აღდგენა საგარანტიო ბინის მიღების საკითხში, აღნიშნულ გადაწყვეტილების საფუძველზე ქედის კომუნალურ მეურნეობას დაევალა დაბა ქედში ... მდებარე ბინა ¹17-ის, სადაც იმ დროისათვის ცხოვრობდა მოქალაქე ფ. შ.-ი, მოსარჩელე რ. ღ.-ისათვის თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ამავე გადაწყვეტილებით ფ. შ.-ის დაბა ქედის ცენტრში აშენებული 27 ბინიანი საცხოვრებელი სახლის მე-3 სართულზე გამოეყო ¹17-ე ბინა და მასვე დაევალა ახალ ბინაზე ორდერის მიღებისთანავე დაეცალა ბინა კანონიერი მესაკუთრისათვის _ რ. ღ.-ისათვის.
რ. ღ.-სა და ფ. შ.-ს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რ. ღ.-ე თავის კუთვნილ ერთოთახიან ბინას, მდებარე ... ¹17 დროებით, 1996წ. 1 ივნისამდე, დაუთმობდა ფ. შ.-ს, თავის მხრივ ფ. შ.-ი ყოველგვარი პრეტენზიების გარეშე 1996წ. 1 ივნისამდე, ე.ი. სანამ ჩაატარებდა მიმდინარე რემონტს, გაუთავისუფლებდა ბინას რ. ღ.-ს. კასატორმა აღნიშნა, რომ ხელშეკრულების დადებას ესწრებოდა ქედის რაიონის კომუნალური მეურნეობის უფროსი და ქედის რაიონის მთავარი არქიტექტორი, რომლებსაც რაიმე ვალდებულება არ უკისრიათ ხელშეკრულების შესრულებაზე. როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელის ბინით დაკმაყოფილების საკითხი დავალებული ჰქონდა ქედის რაიონის კომუნალურ მეურნეობას, სწორად კომუნალური მეურნეობის ხელმძღვანელის თანდასწრებით მოხდა მხარეთა შეთანხმება და, აქედან გამომდინარე, კომუნალური მეურნეობა საქმის კურსში იმყოფებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ფ. შ.-ი რამდენიმე ხნით დარჩებოდა აღნიშნულ ბინაში. ამის შემდეგ ფ. შ.-ის მიერ მოხდა მისთვის გამოყოფილი ახალი ბინის გასხვისება და უარი განუცხადა რ. ღ.-ს კუთვნილი ბინის მისი კანონიერი მესაკუთრისათვის დაბრუნებაზე.
აქედან გამომდინარე, კასატორის აზრით, ქედის რაიონის გამგეობამ და ქედის რაიონის კომუნალურმა მეურნეობამ შეასრულეს ქედის რაიონის სასამართლოს 1994წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება რ. ღ.-ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავო საკითხის არსებობისას სასამართლოსათვის უნდა მიემართა ფატი შ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების ან ბინის ღირებულების, კერძოდ, 2000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით და არა ქედის რაიონის გამგეობისა და ქედის კომუნალური მეურნეობის მიმართ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორ ქედის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული კანონიერ ძალაში შესული ქედის რაიონის სასამართლოს 1994წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რ. ღ.-ის სარჩელი და ქედის რაიონის ხელისუფლების ადგილობრივი მმართველობის საბინაო საკითხთა კომისიას დაევალა უზრუნველეყო მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენა საგარანტიო ბინის მიღების საკითხში. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე ქედის რაიონის გამგეობის საბინაო საკითხთა კომისიამ დაადგინა რ. ღ.-ისათვის ფ. შ.-ის მიერ დაკავებული ბინის, მდებარე დაბა ქედაში, ..., ბინა ¹17, თავისუფალ მდგომარეობაში დაბრუნება. ლოგიკურია, რომ ბინის გამოთავისუფლების ვალდებულება ეკისრებოდა ქედის რაიონის გამგეობას, რომელსაც, როგორც სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, არანაირი ზომები არ მიუღია ფ. შ.-ის გამოსახლებისა და საცხოვრებელი ბინის რ. ღ.-ისათვის ჩაბარების შესახებ. ამდენად, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ქედის რაიონის გამგეობას მოსარჩელე რ. ღ.-ისათვის უნდა გადაეცა საგარანტიო წერილით გათვალისწინებული სადავო ბინა, რაც დღემდე არ არის შესრულებული.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ რ. ღ.-სა და ფ. შ.-ს შორის 1996წ. 11 იანვარს გაფორმებული ხელშეკრულება ათავისუფლებდა კასატორს ყოველგვარი ვალდებულებისაგან რ. ღ.-ის მიმართ. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ეს ხელშეკრულება შედგენილია ქედის რაიონის მთავარი არქიტექტორის მიერ და მის შედგენას ესწრებოდა ქედის კომუნალური მეურნეობის უფროსი თ. ბ.-ძე. ამ უკანასკნელის, როგორც მოპასუხის, რაიონულ სასამართლოში მიცემული ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ ფ. შ.-სათვის ... ქუჩაზე გამოყოფილი ბინის მოუწყობლობის გამო მათ ვერ მოითხოვეს მისი სადავო ბინიდან გამოსახლება. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სამსახური 10 დღის განმავლობაში უზრუნველყოფდა ფ. შ.-ის გადაყვანას ახალ ბინაში და სადავო ბინას ჩააბარებდა რ. ღ.-ს. აღსანიშნავია, რომ რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ქედის რაიონის კომუნალური განყოფილება ფაქტობრივად დაეთანხმა სახლის სანაცვლოდ თანხის ანაზღაურებას, მაგრამ მოთხოვნილი 4500 ლარი არაობიექტურად მიიჩნია.
საკასაციო პალატა ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მიუხედავად ქედის რაიონის გამგეობის 1996წ. 10 იანვრის წერილისა რ. ღ.-ისადმი, რომ ამ უკანასკნელს ჩაებარებინა სადავო ბინა, ასეთი რეალურად არ განხორციელებულა ქედის რაიონის გამგეობის ბრალით და სწორად ამიტომ იქნა გაფორმებული 1996წ. 11 იანვრის ხელშეკრულება რ. ღ.-ს და ფ. შ.-ს შორის ქედის რაიონის კომუნალური მეურნეობის უფროსისა და ქედის რაიონის მთავარი არქიტექტორის მონაწილეობით, რომლებსაც სხვა შემთხვევაში არანაირი შეხება ორ ფიზიკურ პირს შორის დადებულ ბინის დროებითი დათმობის ხელშეკრულებასთან არ ექნებოდათ. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ ქედის რაიონის გამგეობამ და კომუნალურმა მეურნეობამ ფაქტობრივად შეასრულეს ქედის რაიონის სასამართლოს 1994წ. 1 თებერვლის გადაწყვეტილება რ. ღ.-ის ბინით უზრუნველყოფის შესახებ. მხარეებს შორის ხელშეკრულების გაფორმება გამოწვეული იყო კასატორის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ეს გარემოება არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლად.
ამდენად, საკასაციო პალატა მითითებულ გარემოებებზე დაყრდნობით კასატორ ქედის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარს უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, შესაბამისად უცვლელად უნდა დარჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორ ქედის რაიონის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დრჩეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 2 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. ქედიოს რაიონის გამგეობას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 80 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.