Facebook Twitter

№ას-1168-1114-2013 17 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 30 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ მოპასუხე შპს „მ-ის“ მიმართ.

მოსარჩელის მოთხოვნა:

მოპასუხე ორგანიზაციისათვის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით 2000 ლარის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

აპელანტის მოთხოვნა:

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე, მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ამავე სასამართლოს 2013 წლის 31 მაისის განჩინების უცვლელად დატოვება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2010 წლის 15 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შპს ,,მ-ს” შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება.

ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი უზრუნველყოფს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის შტატით გათვალისწინებული 42 სამხედრო მოსამსახურის კვებით მომსახურებას სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, საკვების მრავალფეროვნებით, რაც გულისხმობს რამდენიმე სახეობის სხვადასხვა კერძის შეუზღუდავი რაოდენობით მიწოდებას დღეში სამჯერ, საკუთარი კვების პროდუქტებით (ტრანსპორტირებითა და შენახვის პირობების დაცვით) და მომსახურე პერსონალით 2010 წლის 15 სექტემბრიდან 2010 წლის 32 დეკემბრის ჩათვლით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 1 თებერვლის N31 ბრძანების დანართი N1, N2 და N3-ით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

ხელშეკრულების 8.1.3 პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ამ ხელშეკრულების შესაბამისად მოხმარებული კომუნალური მომსახურების ღირებულების (წყლის, ბუნებრივი აირის და ელექტროენერგიის) გადახდა, ხოლო 8.1.4 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში უზრუნველყოს მიმწოდებელი ალტერნატიული ენერგომატარებელი დანადგარებით: ელექტროენერგიით, წყალმომარაგებით და სხვა სახის კომუნალური მომსახურებით (გარდა ამ ხელშეკრულების 8.2.5 ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურებისა).

ხელშეკრულების 15.1 პუნქტის თანახმად, თუ შემსყიდველი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოაჩენს მიმწოდებლის მხრიდან მომსახურების არაჯეროვან ან უხარისხო შესრულებას (კერძოდ, მენიუ-განწილვის არასწორად შევსება, კალორაჟის დარღვევა, უხარისხო საკვები პროდუქტების გამოყენება, უხარისხო საკვების მომზადება, მომსახურების გაწევის ვადის დარღვევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებების დარღვევა), მიმწოდებელს წინასწარი შეტყობინების გარეშე, დაეკისრება პირგასამტეხლო 2000 ლარის ოდენობით.

2010 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა შეადგინეს N55 აქტი, რომლის მიხედვითაც, 2010 წლის 11 ოქტომბერს განხორციელდა ქუთაისის სამხედრო ლიცეუმის სასადილოს შემოწმება 12 კადეტის საუზმეზე მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით. შემოწმების დროს გამოვლინდა, რომ აღნიშნულ დღეს საუზმეზე მენიუში იყო მოხარშული კვერცხი, ყველიანი ღვეზელი, ხაჭო-არაჟანი, ვერმიშელის ფაფა რძით, კარაქი, თაფლი და ჩაი. საუზმიდან ნახევარი საათის შემდეგ 2 კადეტი გახდა ცუდად, უჩიოდნენ გულისრევას, ღებინებას, სისუსტეს, ტემპერატურის მომატებას. 13 საათამდე მოწამლულთა რიცხვმა შეადგინა თორმეტი. მოწამლულთა განცხადებით, ყველა მათგანმა ჭამა მოხარშული კვერცხი, რომლის საგემოვნო თვისებები იყო არადამაკმაყოფილებელი. აღნიშნულ აქტს ხელს აწერდა ასევე შპს ,,მ-ის” აღმასრულებელი დირექტორი გ.ჩ-ი.

შპს ,,მ-ის” 2010 წლის 14 ოქტომბრის N335 ნიმუშის გამოცდის ოქმის მიხედვით, 2010 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის სასმელი წყლის აპარატიდან აღებული ნიმუში არ შეესაბამებოდა სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

შპს ,,მ-ის” 2010 წლის 14 ოქტომბრის N334 ნიმუშის გამოცდის ოქმის მიხედვით, 2010 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის დამხმარე ოთახის რეზერვუარიდან აღებული წყლის ნიმუში არ შეესაბამებოდა სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

შპს ,,მ-ის” 2010 წლის 14 ოქტომბრის N330 ნიმუშის გამოცდის ოქმის მიხედვით, 2010 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის სასადილოდან აღებული მოხარშული კვერცხის ნიმუში შეესაბამებოდა სანწიდან 2.3.2. 000-00 პ.6.9.15.3.-ის მოთხოვნებს.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) საფუძვლად მითითებული გარემოება, შპს ,,მ-ის” მხრიდან ხელშეკრულების 15.1 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის თაობაზე, რაც გამოიხატა უხარისხო საკვების მომზადებაში.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე მითითებით სწორად მიიჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ვერ შეძლო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში წარდგენა, კერძოდ, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ შპს ,,მ-მა” საკვები (კვერცხი) მოამზადა უხარისხოდ, რამაც გამოიწვია კადეტთა ნაწილის მოწამვლა. აღნიშნულის საპირისპიროდ, მოპასუხემ წარადგინა ტესტირების ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმები, რომელთა მიხედვით (კადეტთა მოწამვლის დღეს აღებული ნიმუშების საფუძველზე) დადგინდა, რომ სასმელი წყალი არ შეესაბამებოდა დადგენილ მოთხოვნებს. შესაბამისად, კადეტთა მოწამვლა შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო არა კვერცხის, არამედ სასმელი წყლის მოხმარებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად კი, კადეტთა ლიცეუმის წყლით მომარაგება წარმოადგენდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვალდებულებას.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, რომ შპს ,,მ-ის” მხრიდან ადგილი არ ჰქონდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევას, საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მართებულად აღნიშნა, რომ შპს ,,მ-ის” მიერ წარდგენილ 2010 წლის 11 ოქტომბრის N55 აქტში მითითებული გარემოებები გადაცემული იყო თავად მოწამლულების მიერ. მოპასუხის მიერ წარდგენილი დამოუკიდებელი სუბიექტის, საექსპერტო დაწესებულების მიერ გაცემული დასკვნით კი დგინდებოდა ფაქტი საკვები პროდუქტის დადგენილ მოთხოვნებთან და ხარისხთან შესაბამისობის თაობაზე, კერძოდ, შპს ,,მ-ის” მიერ 2010 წლის 14 ოქტომბერს გაცემული N330 ნიმუშის გამოცდის ოქმის მიხედვით, 2010 წლის 11 ოქტომბერს ქუთაისის კადეტთა ლიცეუმის სასადილოდან აღებული მოხარშული კვერცხის ნიმუში შეესაბამებოდა სანწიდან 2.3.2. 000-00 პ.6.9.15.3.-ს მოთხოვნებს.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, კერძოდ, ვერ დაადასტურა შპს ,,მ-ის” მიერ უხარისხო საკვების მომზადების შესახებ ფაქტობრივი გარემოება. ვალდებულების დარღვევის დაუსაბუთებლობის პირობებში კი, არ არსებობდა მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ.

კასატორის მოთხოვნა:

გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

გარდა ამისა, კასატორმა მოითხოვა აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინების უცვლელად დატოვება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი №55 აქტით დადგინდა, რომ ყველა მოწამლულმა ჯარისკაცმა ჭამა მოხარშული კვერცხი, რომლის საგემოვნო თვისებები იყო არადამაკმაყოფილებელი. ამ აქტის სისწორე ხელმოწერით დაადასტურეს თვით მოპასუხის წარმომადგენლებმა (დირექტორი გ.ჩუბინიშვილი, მენეჯერი გ.დიასამიძე). საგემოვნო თვისებები უკავშირდება ვადაგასული-გაფუჭებული პროდუქტის მომზადებას და არა იმ საგემოვნო თვისებებს, რასაც სასამართლო განმარტავს;

სასამართლო ეყრდნობა შპს „მ-ის“ №335 ნიმუშის გამოცდის ოქმს, სადაც წყლის აღებული ნიმუში არ შეესაბამება სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და აღნიშნავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლა შესაძლოა წყლით იყოს გამოწვეული. მოცემულ შემთხვევაში ხსენებულ გარემოებაზე მითითება გამორიცხულია, რადგან ზემომითითებულ წყალს იყენებდნენ ის სამხედრო მოსამსახურეებიც, რომლებიც არ მოწამლულან. უფრო მეტიც, საკვები პროდუქტი (კვერცხი) მოხარშვის დროს დაცულია მისი გარეკანით, სადაც წყალი ვერ აღწევს. შესაბამისად, სასამართლოს მიერ მოწამვლის ფაქტის წყალთან დაკავშირება დაუსაბუთებელია;

სასამართლო ასევე ეყრდნობა შპს „მ-ის“ №330 ნიმუშის გამოცდის ოქმს და ვინაიდან დასახელებული ოქმის თანახმად, ზემოაღნიშნული მოხარშული კვერცხის ნიმუში შეესაბამება საკვებად მიღების მოთხოვნებს, გამორიცხავს კვერცხით მოწამვლის ფაქტს. მოცემული მსჯელობა ასევე დაუსაბუთებელია, კერძოდ, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ ნიმუშები აღებულ იქნა იმ მოხარშული კვერცხის პარტიიდან, რომელმაც ჯარისკაცების მოწამვლა გამოიწვია. თუმცა, არსებობს საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს უხარისხო კვერცხით ჯარისკაცების მოწამვლას. ამდენად, სახეზეა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ფაქტი, რაც განაპირობებს ამ უკანასკნელისათვის პირგასამტეხლოს სახით 2000 ლარის დაკისრებას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 დეკემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე