№ას-1178-1123-2013 24 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს. ა-ე
მოწინააღმდეგე მხარეები – ნ. გ-ი, ა. გ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 4 თებერვალს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ს. ა-ემ მოპასუხეების – ნ. და ა. გ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებისათვის შპს „კ-ან“ შეთანხმებით აღებული 6700 ევროს, მოსარჩელის სახლის რეალიზაციით გამოწვეული ზიანის – 65000 ლარისა და ა. გ-ის სესხად გაცემული 3000 აშშ დოლარის დაკისრება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ნ. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სარჩელი ა. გ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, ა. გ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1648.3 ევროს გადახდა; ა. გ-ს დაევალა ს. ა-ის სასარგებლოდ 65000 ლარის ანაზღაურება; სარჩელი არ დაკმაყოფილდა 3000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში; ა. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟი 6500 ლარის ნაწილში – 1950 ლარი, აგრეთვე, 1648.3 ევროს ნაწილში – 49.4 ევროს ეკვივალენტი ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ემ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მოპასუხეებს (როგორც სოლიდარულ მოვალეებს) არ დაეკისრათ შპს „კ-ან“ შეთანხმებით მიღებული თანხის, 6700 ევროს, აგრეთვე, 65000 ლარის, ხოლო მოპასუხე ა. გ-ს – 3000 აშშ დოლარის გადახდა და დასახელებულ ნაწილებში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით:
1. ს. ა-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;
2. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1648.3 ევრო (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი), ასევე იმ ნაწილში, რომლითაც სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ა. გ-ის გადასახდელი თანხა გამოანგარიშებულ იქნა 1648.3 ევროდან (გასაჩივრებული გადაწყვეტილების მე-5 პუნქტის მეორე წინადადება) და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. ა. გ-ს ს. ა-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2420 ევროს ან მისი ეკვივალენტი ლარის გადახდა, გადახდის დროისათვის არსებული კურსით;
4. ა. გ-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 169.4 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით;
5. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
საჯარო რეესტრის 2009 წლის 30 სექტემბრის ამონაწერის თანახმად, ქ.ქუთაისში, ლ-ის ქ.№100-ში მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებული იყო ს. ა-ის სახელზე;
2010 წლის 30 მარტის №CRB/83 იპოთეკის ხელშეკრულებით, სესხის სახით მიღებული 6700 ევროს უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ს. ა-ის საკუთრებაში არსებული, ქ.ქუთაისში, ლ-ის ქ.№100-ში მდებარე უძრავი ქონება. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს ს. ა-ე წარმოადგენდა;
დასახელებული ხელშეკრულებით აღებული თანხა ს. ა-ემ ა. გ-ს გადასცა. ამ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებდა თავად ა. გ-ი 2012 წლის 5 ივლისს შედგენილ ე.წ. „ახსნა-განმარტებაში ვალის აღიარების შესახებ”: „მე ა. გ-ი ვაღიარებ, რომ 2010 წლის 30 მარტს მივიღე თანხა კ. პ-ის ბათუმის ფილიალში, რომლის გამოტანაში მომეხმარა ქალბატონი ს. ა-ე, რომელმაც იპოთეკით დატვირთა მის სახელზე არსებული ბინა, მდებარე ქ.ქუთაისში, ლ-ის ქ.№100. თანხის რაოდენობამ შეადგინა 6700 ევრო”;
აღსრულების ეროვნული ბიუროს შეფასების სამსახურის 03/01-0068 დასკვნით, ქ.ქუთაისში, ლ-ის ქ.№100-ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენდა 65000 ლარს;
ა. გ-ის მიერ, შპს „კ. პ-ის” წინაშე არსებული ვალდებულების დარღვევის გამო, იძულებითი წესით მოხდა ს. ა-ის ქონების აუქციონის წესით გასხვისება;
საჯარო რეესტრის 2012 წლის 6 ივლისის ამონაწერის მიხედვით, ქ.ქუთაისში, ლ-ის ქ.№100-ში მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს ნ. მ-ე, რომელმაც ქონება შეიძინა აუქციონზე;
2010 წლის 29 ივნისს, ნ. გ-მა კორ სტანდარტ ბანკის მეშვეობით გადაიხადა 280 ევრო შპს ,,კ. პ-ის’’ ანგარიშზე ს. ა-ის სახელზე არსებული კონვერტაციისათვის;
2010 წლის 23 აგვისტოს, ა. გ-მა კორ სტანდარტ ბანკის მეშვეობით გადაიხადა 200 ევრო შპს ,,კ. პ-ის’’ ანგარიშზე ს. ა-ის სახელზე არსებული კონვერტაციისათვის;
ა. გ-ის მხრიდან ს. ა-ის მიმართ რაიმე სხვა სახის ვალდებულების არსებობა არ დადასტურებულა, შპს „კ. პ-ის” ანგარიშზე ს. ა-ის სახელზე გადარიცხული თანხები, სწორედ 2010 წლის 30 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დაფარვას ემსახურებოდა;
2011 წლის 9 აგვისტოს სალაროს შემოსავლის ორდერით, ა. გ-მა სს ,,თ. ბ-ის“ მეშვეობით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადაიხადა 3800 ევრო;
2012 წლის 5 ივლისის ვალის აღიარების შესახებ ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ს. ა-ის ქონების იპოთეკით დატვირთვის შედეგად ა. გ-მა 2010 წლის 30 მარტს შპს ,,კ. პ-ან’’ მიიღო თანხა, რომელიც შეადგენდა 6700 ევროს.
2012 წლის 5 ივლისის ვალის აღიარების შესახებ ახსნა-განმარტებით სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოსგან განსხვავებით, დადასტურებულად არ მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ა. გ-მა ს. ა-ეს გადასცა 1000 აშშ დოლარი, რადგან ს. ა-ის მიერ თანხის მიღება არ დასტურდებოდა ხელწერილით, ხოლო მხოლოდ მოვალის მიერ გაკეთებული ჩანაწერი კრედიტორისათვის თანხის გადახდის თაობაზე არ წარმოადგენდა სანდო და უტყუარ მტკიცებულებას ამ ფაქტის დასადასტურებლად. თანხის მიღება უნდა დადასტურებულიყო კრედიტორის ხელმოწერით, ან თუნდაც ზეპირი განმარტებით, რომელიც განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო.
სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას და დაუდასტურებლად ჩათვალა მოპასუხედ მითითებული ნ. გ-ის რაიმე ფორმით ვალდებულების არსებობა ს. ა-ის მიმართ, ვინაიდან საქმის მასალებით დადგინდა, რომ მხოლოდ ს. ა-ე და ა. გ-ი იყვნენ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთთან. შესაბამისად, ნ. გ-ის მიმართ ს. ა-ის სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და პირველი ინსტანციის სასამართლომ იგი კანონშესაბამისად არ დააკმაყოფილა.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სრულიად არ დადასტურდა ა. გ-ის მიმართ სესხის სახით 3000 აშშ დოლარის დაკისრების ვალდებულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენილად მიჩნევისათვის, მოსარჩელეს სასამართლოს წინაშე მტკიცებულებები არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ, საქმის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე, 361-ე, 429-ე მუხლებით.
ამდენად, საქმეში არსებული 2012 წლის 5 ივლისის ვალის აღიარების შესახებ ხელწერილით დადგინდა, რომ მოპასუხე ა. გ-ს ს. ა-ის გადახდილი ჰქონდა 6700 ევრო. მან წარადგინა ვალის ნაწილობრივ გადახდის მტკიცებულება, სალაროს შემოსავლის ორდერები 200, 280 და 3800 ევროს ს. ა-ის გადახდის თაობაზე, ე.ი. 6700 ევროდან მას გადახდილი ჰქონდა 4280 ევრო (200+280+3800=4280-ს) და გადასახდელი დარჩა 2420 ევრო, რადგან ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ ა. გ-ს სასამართლოსათვის რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია. შესაბამისად, დასახელებულ ნაწილში (2420 ევროს ნაწილში) სარჩელი საფუძვლიანი იყო.
რაც შეეხებოდა ნ. გ-ის მიმართ მოთხოვნის საფუძვლიანობას, სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად განმარტა, რომ მოპასუხე წარმოადგენს პირს, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელი აღძრას სასამართლოში ნებისმიერი პირის მიმართ, მაგრამ ასევე ვალდებულია, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მოსარჩელეს უარს ეტყვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
მოცემულ შემთხვევაში, არ დადასტურებულა მოპასუხედ მითითებული ნ. გ-ის რაიმე ფორმით ვალდებულების არსებობა ს. ა-ის მიმართ, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ ნ. გ-ის მიმართ სარჩელი დაუსაბუთებლად ჩათვალა.
ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-132-ე მუხლებით, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ა. გ-ის 65000 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების კანონშესაბამისობას აპელანტი სადავოდ არ ხდიდა, ხოლო ა. გ-სა და ნ. გ-ის სააპელაციო საჩივარი, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ა-ემ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც მოპასუხეებს (როგორც სოლიდარულ მოვალეებს) არ დაეკისრათ შპს „კ-ან“ შეთანხმებით მიღებული თანხის, 6700 ევროს, აგრეთვე, 65000 ლარის, ხოლო, მოპასუხე ა. გ-ს – 3000 აშშ დოლარის გადახდა და დასახელებულ ნაწილებში საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად ის გარემოება, რომ ნ. გ-მა და ა. გ-მა 6700 ევრო სალაროდან პირადად მიიღეს და მოიხმარეს. პირველი შენატანი სწორედ ნ. გ-მა, როგორც ვალდებულმა პირმა, განახორციელა;
სასამართლომ მნიშვნელობა არ მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ს. ა-ის სააპელაციო საჩივარზე მოწინააღმდეგე მხარეს შესაგებელი არც კი წარუდგენია. მათ თავდაცვის სხვა გზა აირჩიეს, კერძოდ, როდესაც მოიფიქრეს, რომ მოსარჩელე სინამდვილეს გაიგებდა, ვალს მხოლოდ ა. გ-ი აღიარებდა. კასატორსა და შპს „კ-ს“ შორის ხელშეკრულებების ფიქტიურად გაფორმების დროს, ა. გ-ს საკუთრებაში ჰქონდა ქუთაისში, ი.ა-ის გამზირის №14/48-ში და კ-ეს ქ.№13-ში, აგრეთვე, ცაგერის სოფელ ქვედა ო-ი მდებარე უძრავი ქონებები, რომლებიც მოპასუხეებმა არ გამოიყენეს საკუთარი სესხის უზრუნველსაყოფად. მას შემდგომ, რაც შპს „კ-მა“ დაიწყო კასატორის ქონებაზე იძულებითი აღსრულება, ა. გ-მა ქონება გადააფორმა შვილის, ნ. გ-ის სახელზე. ნ. გ-მა, რომელსაც არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა, კასატორის კუთვნილი თანხების მითვისების შემდეგ შეიძინა სახლი – თბილისში, გ-ის გამზირის №78-ში. მოპასუხეები შეთანხმებულად მოქმედებდნენ, ისინი სოლიდარულად აგებენ პასუხს მათ მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ნებისმიერი ზიანისათვის;
სააპელაციო სასამართლომ, სრულიად უგულებელყო ის ფაქტი, რომ ნ. გ-მა სააპელაციო სასამართლოში საქმის მსვლელობისას ფაქტობრივად გააჩუქა დედის სახელზე რიცხული უძრავი ქონებები. მან 3000 აშშ დოლარის (და არა ევროს) ოდენობით სესხი წაიღო კასატორის მეუღლისგან და მეუღლის სიცოცხლეშივე მისი შვილის თანდასწრებით შეპირდა თანხის დაბრუნებას, ხოლო მეუღლის გარდაცვალების შემდეგ კასატორის შვილს (რომელიც გარდაცვლილია) დაპირდა თანხის დაბრუნებას. მის მიერ აღიარებული 1000 აშშ დოლარი წარმოადგენს სესხის, 3000 აშშ დოლარის და არა 6700 ევროს ნაწილს, რომელიც ცალკე მიღებული თანხაა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ა-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 დეკემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
თ. თოდრია