საქმე №ას-1182-1127-2013 3 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
A ბესარიონ ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ს-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე _ ი. კ-ას სარჩელის გამო, ვ. ს-ის მიმართ, კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელ სადგომზე მფლობელობის უფლების შეწყვეტის თაობაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით ვ. ს-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 3360.5 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2013 წლის 23 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ.ს-ემ და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების თაობაზე. ამასთან, საკასაციო საცივრის ავტორმა მიუთითა რომ, საკასაციო საჩივრის დავის საგნის ღირებულებად უნდა მიჩნეულიყო 42219 აშშ დოლარი და არა 67210 აშშ დოლარი.
საქართველო უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 იანვრის განჩინებით, ვ. ს-ის შუამდგომლობა სახელმწუიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ამასთან, საკასაციო პალატამ ნაწილობრივ გაიზიარა ვ.ს-ის პრეტენზია დავის საგნის ღირებულების გამოანგარიშების თაბაზე და ჩათვალა, რომ სადგომის საბაზრო ღირებულებად მიჩნეულ უნდა იქნას 42219 აშშ დოლარი. ამავე განჩინებით, ვ. ს-ეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 7 (შვიდი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის – 2110.95 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2014 წლის 24 იანვარს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. ს-ემ და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების თაობაზე, განცხადებას კი დაურთო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ცნობები იმის თაობაზე, რომ ვ. ს-ე ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრირებული არ არის, ასევე არ არის რეგისტრირებული შეზღუდული პასუხისმგებლობის/კომანდიტური საზოგადოების ნაწილობრივ მონაწილედ და/ან სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორად. ასევე დასტურდება რომ, ვ. ს-ის სახელზე საკუთრების უფლება რეგისტრირებული არ არის, ცნობაში ამასთანავე მითითებულია რომ საჯარო რეესტრის წარმოების წესი და ტექნიკური აღრიცხვის არქივში დაცული დოკუმენტაცია არ იძლევა პიროვნებისა და იურიდიული პირის დასახელების მიხედვით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის სრულყოფილად ძებნის საშუალებას.
საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით განმარტავს რომ, ვ. ს-ეს ერთხელ უკვე გაუგრძელა სასამართლომ საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად, ამასთან, შეაფასა შუმდგომლობა სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების შესახებ და არ დააკმაყოფილა უსაფუძვლობის გამო, ამდენად, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას კიდევ იმსჯელოს აღნიშნული შუამდგომლობის თაობაზე. თუმცა პალატა დამატებით განმარტავს, რომ წარმოდგენილი ცნობები არ არის საკმარისი საფუძველი სახელმწიფო ბაჟის ოდენობის შემცირებისა და მისი გადახდის გადავადების ღონისძიების გამოყენებისათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ს-ეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეუვსია ხარვეზი რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ. ალავიძე