№ას-1201-1146-2013 24 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობა
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ბ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2013 წლის 15 მარტს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა დ. ბ-მა მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიმართ.
მოსარჩელის მოთხოვნა:
მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის სახელშეკრულებო ვალდებულების ასანაზღაურებლად 15553.75 ლარის დაკისრება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით დ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა:
მოპასუხე სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოსარჩელე დ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15553.75 ლარის გადახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
აპელანტის მოთხოვნა:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 15 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ფ/პ ,,დ. ბ-ს“ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N233 ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების მიხედვით, შემსყიდველმა ჩაატარა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი ტრანსპორტით მომსახურეობის სახელმწიფო შესყიდვაზე, რომელშიც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა ფ/პ ,,დ. ბ-ის“ სატენდერო წინადადება. მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა მომსახურეობა შემდეგ თანხაზე – 16000 ლარი (ხელშეკრულების ღირებულება). შესყიდვის ობიექტად განისაზღვრა – მომსახურეობის გაწევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ორგანოსათვის, მიწოდების ვადად – პერიოდი ხელშეკრულების გაფორმებიდან იმავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების 7.2 პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება უნდა მომხდარიყო სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს N3 დადგენილებით ცვლილება შევიდა ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 25 დეკემბრის N22 დადგენილების N1 დანართში და იგი ჩამოყალიბდა თანდართული რედაქციით. თანდართულ განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ პროექტი მოიცავს 2013 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელებს. ამავე ბარათის მიხედვით, წარდენილ ბიუჯეტში ასახულია 2013 წლის დასაწყისისათვის არსებული და დაუფინანსებელი ვალდებულებების ოდენობა. მითითებულ დოკუმენტში აისახა 2012 წელს აღებული ვალდებულებები, რომლებიც სრულად არ დაფინანსდა გასული წლის ბიუჯეტით. დადგენილების მე-6 პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუქტის მიხედვით, ფ/პ ,,დ. ბ-ან’’ გაფორმებული 2012 წლის 15 ნოემბრის N233 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან, ტრანსპორტით მომსახურებისათვის გადასარიცხი დარჩა 15553.75 ლარი.
საქმეში არსებულ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 მაისის წერილში, რომლის ადრესატია სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ასახულია ინფორმაცია 2013 წლის 1 იანვრისათვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული ვალდებულებების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ამავდროულად, მასში მითითებულია, რომ ადგილობრივი ბიუჯეტიდან გადასარიცხად დარჩენილია ფ/პ ,,დ. ბ-ან“ გაფორმებული 2012 წლის 15 ნოემბრის №233 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ტრანსპორტით მომსახურებაზე, 15553.75 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან, რომლის შესაბამისად, დ. ბ-მა იკისრა გარკვეული სამუშაოს (ტრასპორტით მომსახურების) შესრულების ვალდებულება. ხელშეკრულების ღირებულად განისაზღვრა 16000 ლარი. ხელშეკრულების 6.1. პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტი ან მისი ნაწილი (ეტაპი) მიღებულად ჩაითვლებოდა მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სადავოდ გახადა მოსარჩელის მიერ მომსახურების გაწევის ფაქტი. მისი განმარტებით, მოსარჩელეს არ წარუდგენია გაწეული მომსახურების აქტები, რის საფუძველზეც უნდა განხორციელებული ანგარიშსწორება.
დასმულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების ჯეროვნად შესრულების საკითხის განხილვისას მნიშვნელოვანია არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების ფორმალური გარემოების – მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის არსებობა, არამედ სამუშაოების რეალურად შესრულება. მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს ორმხრივ დოკუმენტს, რომელიც ფორმდება ხელშეკრულების მხარეებს შორის და რომლითაც დასტურდება სამუშაოების (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების) შესრულება. სადავოობის შემთხვევაში იგი წარმოადგენს დამადასტურებელ მტკიცებულებას ვალდებულების შესრულების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში მართალია, მოსარჩელეს არ წარუდგენია მიღება-ჩაბარების აქტები, თუმცა საქმეში წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილად უნდა მიჩნეულიყო, რომ მოსარჩელემ შეასრულა 15553.75 ლარის ღირებულების სამუშაოები. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობდა სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 26 თებერვლის N3 დადგენილებიდან (რომლითაც ცვლილება შევიდა ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2012 წლის 25 დეკემბრის N22 დადგენილებაში) და სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 27 მაისის წერილიდან.
ზემომითითებული მტკიცებულებებით სააპელაციო სასამართლო დადგენილად ჩათვალა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას ფ/პ ,,დ. ბ-ან“ გაფორმებული 2012 წლის 15 ნოემბრის №233 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებიდან ასანაზღაურებელი ჰქონდა 15553.75 ლარი, რაც გათვალისწინებულ იქნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტში. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ხელშეკრულების შესაბამისად, დ. ბ-ს უნდა შეესრულებინა 16000 ლარის ღირებულების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან მოსარჩელის მიმართ რაიმე პრეტენზია ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით წარდგენილი არ ყოფილა. ვალდებულების შეუსრულებლობა მოპასუხეს ანიჭებდა ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილებას, რაც საქმის მასალებით არ დადასტურებულა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
კასატორის მოთხოვნა:
გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საკასაციო საჩივრის საფუძვლები:
გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ასეთ ვითარებაში კასატორისათვის გაუგებარია, თუ რატომ დატოვა სააპელაციო სასამართლომ უცვლელად სიღნაღის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება;
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეამოწმა სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და სამართლებრივი თვალსაზრისით არ შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, მითითებული გარემოებები ყოველმხრივ და სრულყოფილად არ გამოიკვლია. გასაჩივრებული გადაწყვეტილება სრულიად დაუსაბუთებელია. შედეგად, დაირღვა „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის“ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მოთხოვნები;
სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ კანონი, რადგან შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით რეგულირდება;
სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულების დადების მომენტიდან შემსყიდველი და მიმწოდებელი იძენენ გარკვეულ უფლებებს და მათ ეკისრებათ გარკვეული მოვალეობები. კონკრეტულ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 2012 წლის 15 ნოემბრის №233 ხელშეკრულების თანახმად, მიმწოდებელმა დ. ბ-მა აიღო ვალდებულება, შეესრულებინა მომსახურება 16000 ლარზე და მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა 2012 წლის 31 დეკემბერი, ხოლო შემსყიდველმა – სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ იკისრა ვალდებულება, მიმწოდებლის მიერ ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისათვის გადაერიცხა თანხა. მიმწოდებელს ეკისრებოდა ვალდებულება, რომ შემსყიდველი ორგანიზაციისათვის წარედგინა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
სააპელაციო სასამართლომ დამატებით მტკიცებულებად მიიღო მოწინააღმდეგე მხარის მიერ 2013 წლის 27 მაისით დათარიღებული №939 წერილი ისე, რომ არ შეუმოწმებია, თუ რა ახალი ფაქტობრივი გარემოებები იკვეთებოდა დასახელებული წერილიდან. მსგავსი შინაარსის წერილი დ. ბ-ს წარდგენილი ჰქონდა ჯერ კიდევ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში, იგი არც ფაქტობრივად და არც სამართლებრივად არაფერს ცვლიდა მოსარჩელესთან მიმართებით და ამიტომ, მისი მიღებით დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი. სააპელაციო სასამართლომ არ მიიღო სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულება, რომელიც თან ერთვოდა სააპელაციო საჩივარს. აღნიშნული მტკიცებულების გათვალისწინების პირობებში, სააპელაციო სასამართლო მიიღებდა კანონიერ გადაწყვეტილებას. რაიონულ სასამართლოში საქმის წარმოების დასრულების შემდგომ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოიპოვა მოწინააღმდეგე მხარის მიერ შეგნებულად დამალული ავტომობილის საგზურის ფურცლები. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა აპელანტის განმარტება იმ ფაქტთან დაკავშირებით, დ. ბ-ს არაერთი ხელშეკრულება აქვს დადებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან ტრანსპორტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაზე და მისი მხრიდან იმის აღნიშვნა, რომ არ იცოდა, თუ რა შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარედგინა გამგეობაში, ან ჰქონდა თუ არა ასეთი სახის დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება, საფუძველს მოკლებულია;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცვლილების შესახებ დოკუმენტში არსად არ არის დაფიქსირებული, რომ შესაბამისი თანხა დ. ბ-ს ეკუთვნოდა. რაც შეეხება განმარტებით ბარათს, მას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნია. მითითებული ვალდებულება წარმოადგენდა საბიუჯეტო ვალდებულებას, თუკი დ. ბ-ი გამგეობაში წარადგენდა შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ დოკუმენტს (სატენდერო პირობების შესაბამისად, შესაბამის დოკუმენტში ნაჩვენები უნდა ყოფილიყო კილომეტრაჟის, საწვავის და თანხის ოდენობა), მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით იგი მიიღებდა შესრულებული სამუშაოსათვის თანხას;
სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი, რომლითაც რეგულირდება ვალის არსებობის აღიარება. ამ მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ვალის აღიარება იმით განსხვავდება სხვა ფორმით გათვალისწინებული ვალის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა – სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა. ამასთან, ვალის აღიარების ხელშეკრულება უნდა აკმაყოფილებდეს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მოთხოვნებს, მხარეები უნდა შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობებზე. ამდენად, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ბუღალტრული ან სხვა თვალსაზრისით და რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის აღიარებად, თუკი არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების პირობებზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 დეკემბრის განჩინებით კასატორი გათავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე