№ას-1207-1152-2013 17 თებერვალი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - თ. ზ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ. მ-ე, დ. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - სესხისა და პროცენტის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2012 წლის 14 ივნისს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ზ-ემ მოპასუხეების – მ. მ-სა და დ. კ-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეებისათვის მათ მიერ სესხად აღებული თანხის – 400 აშშ დოლარისა და პროცენტის – 1280 აშშ დოლარის, მთლიანობაში 1680 აშშ დოლარის სოლიდარულად დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მ. მ-ე და დ. კ-ე მეუღლეები არიან. 2009 წლის 17 ივნისს მათ ისესხეს 400 აშშ დოლარი 3 თვის ვადით თვეში 10%-იანი სარგებლით. მათ გადაიხადეს მხოლოდ 3 თვის პროცენტი 120 დოლარი, სესხის თანხა კი, არ დაუბრუნებიათ.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. დ. კ-ის განმარტებით, მას თ. ზ-ან ფული არ უსესხებია, ხოლო მ. მ-ემ განმარტა, რომ სესხი უკვე დააბრუნა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე მ. მ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი თანხის - 400 აშშ დოლარის, პროცენტის - 120 აშშ დოლარისა და მინიმალური ზიანის - 1160 აშშ დოლარის, ჯამში - 1680 აშშ დოლარის გადახდა, რაც ლარებში შეადგენდა 2722 ლარს; თ. ზ-ის მოთხოვნა დ. კ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, დ. კ-ის საცხოვრებელი ბინა (ზესტაფონში, ს. ზ-ის ქ.№24ა-ში მდებარე ბინა №1) გათავისუფლდა ყადაღისაგან; ამავე გადაწყვეტილებით მ. მ-ეს თ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის – 100 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის უზრუნველსაყოფად თ. ზ-ის მიერ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით დარჩა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ზ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; მ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ. მ-ეს დაეკისრა თ. ზ-ის სასარგებლოდ მინიმალური ზიანის 1160 აშშ დოლარის, სულ 1680 აშშ დოლარის, რაც ლარში შეადგენს 2700 ლარს, გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: თ. ზ-ის სარჩელი მ. მ-ის მიმართ მინიმალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მ. მ-ეს თ. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 97 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 17 ივნისს მ. მ-ემ თ. ზ-ან 2009 წლის 17 სექტემბრამდე ისესხა 400 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 10%-იანი სარგებლით. იმავე დღეს მ. მ-ემ შეადგინა ხელწერილი, რომელშიც მიუთითა, რომ თ. ზ-ეს „საპროცენტო ფულის“ შოვნა სთხოვა მეუღლესთან, ნ. კ-ან ერთად. ნასესხები თანხა მ. მ-ეს თ. ზ-ის არ დაუბრუნებია და არც პროცენტი გადაუხდია. 2009 წლის 17 სექტემბრისათვის მ. მ-ის ვალი თ. ზ-ის მიმართ შეადგენდა სესხის ძირითად თანხას, 400 აშშ დოლარს და სამი თვის სარგებელს - 120 აშშ დოლარს.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა თ. ზ-ის მტკიცება, რომ თანხა მ. მ-ან ერთად დ. კ-აც ისესხა და აღნიშნა, რომ ერთადერთი საბუთი, რომელიც თ. ზ-ემ თავისი მოთხოვნის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა, იყო მ. მ-ის ხელწერილი, რომელიც დ. კ-ეს არ შეუდგენია და მისთვის ხელი არ მოუწერია, დ. კ-ის ვალის არსებობას არ ამტკიცებს ხელწერილის შინაარსიც, ხელწერილის თანახმად, მ. მ-ემ და ნ. კ-ემ თ. ზ-ეს სთხოვეს თანხის შოვნა, რაც თ. ზ-ემ შეასრულა. თავისთავად ეს არ ნიშნავს, რომ ფული შემდგომში დ. კ-ემ ისესხა.
პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ ასევე სწორად დაადგინა, რომ მ. მ-ემ ვერ დაამტკიცა 2009 წლის 17 ივნისის ხელშეკრულების შესრულების ფაქტი.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. მ-ემ სასამართლოს, მართალია, წარუდგინა 2009 წლის 30 დეკემბერს შედგენილი ხელწერილი, რომელშიც მითითებულია, რომ თ. ზ-ემ მ. მ-ან მიიღო 1200 ლარი, თუმცა, დადგენილია, რომ გარდა 2009 წლის 17 ივნისს აღებული ვალისა, მ. მ-ეს თ. ზ-ის სხვა ვალებიც ჰქონდა. ზემოხსენებული ხელწერილით არ დგინდება, რომ ამ თანხის გადახდით მ. მ-ემ, მაინცდამაინც, 2009 წლის 17 ივნისს აღებული ვალდებულება შეასრულა, მითუმეტეს, რომ 2009 წლის 30 დეკემბერს გადახდილი თანხის არც ოდენობა და არც შესრულების ვალუტა არ შეესაბამებოდა 2009 წლის 17 ივნისს აღებულ ვალდებულებას. შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, მ. მ-ის სააპელაციო მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხისა და სარგებლის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში, დაუსაბუთებელი იყო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლზე და მიიჩნია, რომ ამ ნორმის მიხედვით, მოვალემ ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას უნდა გადაიხადოს პროცენტი, თუ მისი გადახდა მხარეთა შორის შეთანხმებულია. 2009 წლის 17 ივნისის სესხის ხელშეკრულება დაიდო 3 თვის ვადით და მხარეები არ შეთანხმებულან ამ ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის გადახდის თაობაზე, ამიტომ, თ. ზ-ის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილების გამო მოვალისათვის პროცენტის გადახდის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. ამავდროულად, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. პალატის აზრით, მ. მ-ის მიერ ვალდებულების დროულად შეუსრულებლობით თ. ზ-ეს მიადგა ზიანი იმ თანხის ოდენობით, რასაც იგი მიიღებდა გასესხებული თანხა საბანკო ანგარიშზე რომ განეთავსებინა. ამის გამო, პალატის აზრით, გონივრული იქნებოდა მ. მ-ეს თ. ზ-ის სასარგებლოდ გადაეხადა წლიური 10% ვალდებულების წარმოშობიდან, 2009 წლის 17 სექტემბრიდან, სარჩელის აღძვრამდე პერიოდისათვის.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. ზ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლოს არ დაუსაბუთებია, რომელ ნორმაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მიადგა იმ ოდენობის ზიანი, რა შემოსავალსაც მიიღებდა, თანხა საბანკო ანგარიშზე რომ განეთავსებინა. კანონმდებელი კრედიტორს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ზიანის ანაზღაურების ზოგად წესს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლი განსაზღვრავს, ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი ფორმაა პროცენტის გადახდა. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლი. ამ ნორმაში საუბარია მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტის გადახდაზე და არა მხარეთა შეთანხმებით ვადის გადაცილებისათვის პროცენტის გადახდაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
გარდა ამისა, საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011) შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ. ზ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 02.12.2013 წლის N... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე