Facebook Twitter

№ას-144-135-2014 7 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „მ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „გ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „გ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე შპს „მ-ის“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 1700 ლარის ოდენობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „მ-იმ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასმართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა შპს „მ-იმ“, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. კასატორი შუამდგომლობს ასევე საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს მისთვის არ გაუგზავნია გასაჩივრებული განჩინება, ხოლო კასატორი საწარმოს დირექტორი ავად იყო, რის გამოც ვერ შეძლო სააპელაციო სასამართლოში მისვლა განჩინების ჩასაბარებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა აპელანტ შპს „მ-ის“ დირექტორი ვ.დ-ი. სხდომის ოქმით დასტურდება ასევე, რომ მხარეებს განემარტათ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი და ვადა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 191-194). აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი (მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, აპელანტს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2013 წლის 14 ნოემბრისა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორ შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, დაიწყო 2013 წლის 14 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 4 დეკემბერს. დადგენილია, რომ შპს „მ-იმ“ საკასაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 27 იანვარს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, ვინაიდან მან საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით. ამასთან, ვინაიდან დაუშვებლობის გამო განუხილველად დარჩა შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი, განუხილველად უნდა დარჩეს ასევე მისი განცხადება აღსრულების შეჩერების შესახებ.

საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის შუამდგომლობას საკასაციო საჩივრის შეტანის ვადის გაგრძელების თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის მიხედვით სასამართლოს შეუძლია მხოლოდ მის მიერ დანიშნული ვადის გაგრძელება. საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, ისევე როგორც გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიმართვის ვადები კანონითაა განსაზღვრული, ამიტომ ამ ვადების გაგრძელების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. უფრო მეტიც, საპროცესო კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს, რომ ზემოხსენებული ვადების გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია (სსკ-ის 2591 და 397-ე მუხლები). დაუსაბუთებელია ასევე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო მისთვის გაეგზავნა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთათვისაც გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უნდა უზრუნველყოს სასამართლომ. კასატორი ამ მუხლით განსაზღვრულ პირთა წრეს არ მიეკუთვნება, ამიტომ სასამართლო არ იყო ვალდებული გაეგზავნა მისთვის გადაწყვეტილების ასლი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „მ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. შპს „მ-ის“ განცხადება აღსრულების შეჩერების შესახებ დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე