№ას-160-150-2014 18 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – ს. ს-ა
მოწინააღმდეგე მხარე – ე. გ-ა, ა. წ-ა, თ. ხ-ა, რ. შ-ა, დ. გ-ა, თ. მ-ა, რ. ც-ა, გ. ლ-ე, ა. გ-ი, მ. კ-ა, ნ. მ-ი, თ. ლ-ე, რ. ქ-ა, ე. ა-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტლების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – პატივის, ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების უარყოფა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილებით ე. გ-ას, ა. წ-ას, თ. ხ-ას, რ. შ-ას, დ. გ-ას, თ. მ-ას, რ. ც-ას, გ. ლ-ის, ა. გ-ის, მ. კ-ას, ნ. მ-ის, თ. ლ-ის, რ. ქ-ას და ე. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; დაევალა მოპასუხე ს. ს-ას გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, გაზეთ ’’ი-ის’’ მეშვეობით უარყოს წიგნ ’’შეთქმულ თვრამეტიანელთა თაღლითობები აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში’’ და 2012 წლის 28 თებერვალი-06 მარტს გაზეთ ’’ი-ი’’ გამოქვეყნებულ წერილში მოსარჩელეების ე. გ-ას, ა. წ-ას, თ. ხ-ას, რ. შ-ას, დ. გ-ას, თ. მ-ას, რ. ც-ას, გ. ლ-ის, ა. გ-ის, მ. კ-ას, ნ. მ-ის, თ. ლ-ის, რ. ქ-ას და ე. ა-ას პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები შემდეგი სახით: ’’შეთქმულ თვრამეტიანელთა თაღლითობები აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში’’ და 2012 წლის 28 თებერვალი-06 მარტს გაზეთ ’’ი-ი’’ გამოქვეყნებულ წერილში ჩემს მიერ გავრცელებული მოსარჩელეების ე. გ-ას, ა. წ-ას, თ. ხ-ას, რ. შ-ას, დ. გ-ას, თ. მ-ას, რ. ც-ას, გ. ლ-ის, ა. გ-ის, მ. კ-ას, ნ. მ-ის, თ. ლ-ის, რ. ქ-ას და ე. ა-ას პატივისა და ღირსების შემლახველი ცნობები, სახელდობრ: ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ’’ქართული’’ დეპუტაციის ძირითადი ნაწილი (ორიოდე გამონაკლისის გარდა) აგრესიულ სეპარატიზმთან და მის სადეპუტატო კორპუსთან ერთად დამნაშავეა აფხაზეთის (ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს) მოსახლეობის წინააღმდეგ ომის პროვოცირებაში”, “გ. გ-ა (თავმჯდომარე), ე. ა-ა, რ. ქ-ა, რომლებიც აწ განსვენებულ თ. ნ-ან ერთად არაერთხელ იყვნენ პუტჩისტურ-საოკუპაციო ’’სახელმწიფო საბჭოში’’, რათა ’’დაესაბუთებინათ’’ ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) მოროდიორი თოფოსნების შემოთარეშების ’’აუცილებლობა’’. ”ამ ხელისუფლების თავმჯდომარე გ. გ-ა და მისი მოხალისე აქტივისტი რ.ქ-ა 1992 წლის რუსეთ-საქართველოს ომის თვალსაჩინო და სისხლით ხელებდასვრილი ინსპირატორები არიან, რომელთა სინდისზე, ერის გაჩანაგებასთან ერთად, მათი დეზერტირობა და არა მხოლოდ ესაა!’’; ’’უპასუხისმგებლობა და დანაშაულებრივი არაკომპეტენტურობა, რიგ შემთხვევაში, ლაჩრობა და დეზერტირობა გამოავლინეს დეპუტატებმა გ. გ-ამ, ე. ა-ამ, თ. მ-ამ, თ. ლ-ემ, ა. წ-ამ, რ. ქ-ამ, ნ. მ-მა და სხვებმა”; ”დეპუტატ მ. კ-ას კისერზეცაა (არ ვამბობ სინდისს, რადგან იგი მას არ გააჩნია) ოჩამჩირის რაიონის სოფ. კ-ის უგუნურად ჩაბარება მტრისთვის და სოფლის ამოჟლეტა. იგივე შემიძლია ვთქვა გალელ დეპუტატ რ. ც-ე” .....დეპუტატ რ. შ-ე და ა.შ. რომელთა დეზერტირობისა და უნიათობის წყალობით მოხდა საეჭვო ოკუპაცია ს-ი”; ’’2008 წელს რუსეთის თავდასხმის დროს თ. მ-ა (იმ დროს თავმჯდომარე), გ. გ-ა (თ. მ-ას პრორუსული პარტიის წევრი), ა. წ-ა, თ. ლ-ე, ნ. მ-ი და კომპანია კონფიდენციალურ თათბირებს ატარებდნენ რუსის თბილისში შემოსვლის შემთხვევაში პირველი რიგის ამოცანების შესახებ’’; ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო თავისი შემადგენლობით ძირითადად საბჭოთა პარტოკრატიისა და კოლაბორაციის გადმონაშთია, ამდენად ბუნებით ანტიეროვნული თვალსაწიერი გახლავთ, რაც დრომაც დაადასტურა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი უზენაესი საბჭო, რომლის დღევანდელ პრეზიდიუმში ძირითადად მოღვაწეობენ დანაშაულებრივად არაკომპეტენტური და ოდიოზური მედროვეები, როგორც მორალურად ამორტიზებული ინსტიტუცია, არც და ვერც გამოხატავს აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის ინტერესებს’’; ”ეს აქცია განხორციელდა, თვრამეტი შეთქმულის, უფრო სწორად, თვრამეტი ერთჯერადი მოხმარების საგნად გამოყენებულ ”დეპუტატის” ხელმოწერილი განცხადების საფუძველზე, რაც თავისთავად ხელნაცდურებთან თანამოსაქმეობითი ფეხაწყობაა;” ”ე. გ-ამ თავის დანაშაულებრივ საქმიანობაში უსაფრთხოდ გააჯირითა ა. წ-ა (მოადგილე), დ. გ-ა - საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, თ. მ-ა - ფრაქციის თავმჯდომარე, მ. კ-ა, რ. ქ-ა, რ. შ-ა, ნ. მ-ი, გ. კ-ა, გ. ფ-ა და ა.შ.’’; ’’რაც შეეხება ისეთ სადეპუტატო გაუგებრობას, როგორიცაა რ. შ-ა, მან, დროც რომ საყრელი ჰქონდეს, აბა რა უნდა გააკეთოს, როცა მის ჭერქვეშ მისი შემოქმედი შვილის ცნობიერებაში აფხაზეთის დეოკუპაციის სტრატეგია და დევნილთა ხიზნური ყოველდღიურობა ისაგნება იმგვარ დებულებაში, როცა სამშობლო და ტრაკი იდენტური დებულებაა (ამას სერიოზულად ’’ამტკიცებს’’ მისი შვილი თავის შემოქმედებაში). არ შეიძლება იმ ჭერქვეშ, სადაც ტრაკსა და სამშობლოს რომ აიგივებენ, გამორიცხულია ქრისტეს მხედარი გაიზარდოს. ამ-გვარადვე გაისარჯა იგი ასევე ’’დეპუტატ’’ რ. შ-ის, რომელიც ადრე ჯაშუშობდა (’’ტიხარიკობდა’’) სტუდენტ-ახალგაზრდობაში და ასეთნაირი დახმარებისათვის 40 წლის ასაკში სსრკ მილიციის უმცროსი ლეიტენანტი გახდა. ვერც რაღაც განყოფილების სახელით მოღლაბუცე რ.მა ვერ დადეს საპირწონე ჩემგან გასაჯარისებულ ბრალდებათა გასწრივ’’; ’’იმხანად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოში შეიქმნა ქმედუნარიანი აგენტურის საკმაოდ გამოცდილი ჯგუფი: თ. მ-ა, ნ. მ-ი. თ. ლ-ე და არა მხოლოდ ისინი”; ’’აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ერთბაშად ორი მაღალი რანგის საბჭოთა უშიშროების კადრია - გენერალი გ.ლ-ე და პოლკოვნიკი ა. წ-ა. კიდევ არიან არცთუ ცოტა წვრილ-წვრილები, რომლებიც დღემდე კრემლის სახელმწიფო ჰიმნის ხმაზე ისირღინებიან”; ”თ.მ-ამ თავმჯდომარეობის პირველი დღეებიდან დაიწყო ლოკალური ვოიაჟები უკრაინასა და ბელორუსიაში, ზოგჯერ რუსეთშიც, სადაც ხვდებოდა და აგვარებდა პირად ბიზნესს, შეთავსებით თანამშრომლობდა რუსეთის საიმპერიო პოლიტიკურ ელიტასთან აფხაზეთის დეოკუპაციისათვის ასეთ სრულიად უსაგნო საქმეში, ყოველშემთხვევაში, საეჭვო გარიგებეში სამივლინებო ათი ათასობით ლარი იხარჯებოდა ხაზინიდან, უფრო პირდაპირაც შეიძლება ვთქვა, ეს იყო რუსული აგენტურული ქსელის გამრავალვარიანტებისათვის გადაყრილი ფული. ამავე დროს და ამის გასწვრივ თ. მ-ამ თვისი ძირგამომთხრელი საქმიანობის შესანიღბად შექმნა ეგრეთწოდებული პოლიტიკური პარტია, რომელიც, რადგან მოსკოვიდან ფინანსდებოდა მოსკოვში მოსაქმე ე.წ. ბიზნესმენების ფულით, ბუნებრივია, რუსისტული (და არა რუსული) ორიენტაციისა იყო”; ”ქვეყნის, ერისა და სახელმწიფოს მტერი არაერთია თქვენს რიგებში, რომლებიც კრემლისა და მისი მეგზურის ე. შ-ის ნასუფრალით ღორმუცელობს დღემდე. თქვენ ხომ აფხაზეთის გასხვისების მოთავეებად თავად, ერთგვარი შთაგონებითაც დაიდგინეთ თავი’’; ’’ნოემბრის ბოლოს თვრამეტიანელებმა სასწრაფო თათბირი გამართეს ქველმოქმედ და მილიარდერ ბ.ი-ის მხარდასაჭერად. ამ ჯოგს ამჯერადაც გ.გ-ა აკვალიანებდა. ეს ხალხი ბ. გამორჩენის მიზნით აპირებენ მოკურცხვლას’’, არ შეეფერება სინამდვილეს;
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ს-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 დეკემრბის გადაწყვეტილებით ს. ს-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება შეიცვალა ნაწილობრივ, კერძოდ: იმ ნაწილში, რომლითაც ს. ს-ას დაევალა გაზეთ ’’ი-ის’’ მეშვეობით უარყოს წიგნ ’’შეთქმულ თვრამეტიანელთა თაღლითობები აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში“ მითითებული შემდეგი განცხადებების უარყოფა: ,,რაც შეეხება ისეთ სადეპუტატო გაუგებრობას, როგორიცაა რ. შ-ა, მან, დროც რომ საყრელი ჰქონდეს, აბა რა უნდა გააკეთოს, როცა მის ჭერქვეშ მისი შემოქმედი შვილის ცნობიერებაში აფხაზეთის დეოკუპაციის სტრატეგია და დევნილთა ხიზნური ყოველდღიურობა ისაგნება იმგვარ დებულებაში, როცა სამშობლო და .... იდენტური დებულებაა (ამას სერიოზულად ’’ამტკიცებს’’ მისი შვილი თავის შემოქმედებაში). არ შეიძლება იმ ჭერქვეშ, სადაც ... და სამშობლოს რომ აიგივებენ, გამორიცხულია ქრისტეს მხედარი გაიზარდოს“; ,,ვერც რაღაც განყოფილების სახელით მოღლაბუცე რ.მა ვერ დადეს საპირწონე ჩემგან გასაჯარისებულ ბრალდებათა გასწრივ’’; ,,ნოემბრის ბოლოს თვრამეტიანელებმა სასწრაფო თათბირი გამართეს ქველმოქმედ და მილიარდერ ბ. ი-ის მხარდასაჭერად. ამ ჯოგს ამჯერადაც გ. გ-ა აკვალიანებდა. ეს ხალხი ბ. გამორჩენის მიზნით აპირებენ მოკურცხვლას’’; ,,კიდევ არიან არცთუ ცოტა წვრილ-წვრილები, რომლებიც დღემდე კრემლის სახელმწიფო ჰიმნის ხმაზე ისირღინებიან” და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ს. ს-ამ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ს-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, სასამართლო სხდომის ოქმით და აპელანტ ს. ს-ას ხელწერილით დასტურდება, რომ ამ უკანასკნელისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი (ტომი 2, ს.ფ. 96-119).
აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი ვალდებული იყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი, კერძოდ, აპელანტს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის უნდა მიემართა არა უგვიანეს 2014 წლის 12 იანვრისა.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ აპელანტმა გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2014 წლის 12 იანვრის შემდეგ, კერძოდ, ამავე წილის 14 იანვარს (ტომი 2, ს.ფ. 148). ასეთ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა იწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. გასაჩივრების აღნიშნულ წესს ვერ შეცვლის ის გარემოება, რომ აპელანტმა გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2014 წლის 14 იანვარს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, მართალია, კანონი ავალდებულებს მხარეს, გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოს მიმართოს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 30 დღისა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ვადის გასვლის შემდეგ მხარეს არ შეუძლია, მიმართოს სასამართლოს და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ, თუ პირველ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან, მეორე შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სასამართლოსათვის გადაწყვეტილების ასლის მისაღებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, კასატორ ს. ს-ის საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის ათვლა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, დაიწყო 2014 წლის 12 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 3 თებერვალს. დადგენილია, რომ ს. ს-ამ საკასაციო საჩივარი წარადგინა 2014 წლის 4 თებერვალს, ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს. ს-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს. ს-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე