№ას-166-156-2014 21 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ლ. ბ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ს-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სარჩელი მოპასუხე მ. ს-ის მიმართ ტანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება დამიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ს-ეს ლ. ბ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4800 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ლ. ბ-სა და მ. ს-ის საკასაციო საჩივრები დარჩა განუხილველად.
2014 წლის 4 თებერვალს ლ. ბ-ემ და ნ. ბ-ემ საკასაციო საჩივრით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ლ. ბ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო თუ იყო გასაჩივრებული – საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკასაციო პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, შესაბამისად, კანონიერ ძალაში შევიდა სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის შესაბამისად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. მითითებული მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის ერთადერთი გზა _ ესაა საქმის წარმოების განახლება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო (სსკ-ის 421-ე მუხლი).
ამავე კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
განსახილველ შემთხვევაში ლ. ბ-ემ ერთხელ უკვე საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო წესით მეორეჯერ გასაჩივრებას კანონი არ ითვლისწინებს.
მოცემულ საკასაციო საჩივარს ხელს აწერს ნ. ბ-ეც, რომელიც არ წარმოადგენს განსახილველი საქმის მხარეს, იგი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მონაწილეობდა, როგორც ლ. ბ-ის წარმომადგენელი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა უფლება თავისი სახელით გაესაჩივრებინა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ლ. ბ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე, 265-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-სა და ნ. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია