Facebook Twitter

№ას-1706-1600-2012 18 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ლ. ჰ. ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ. ბ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2012 წლის 31 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა სს „პ. ბ-მა“ მოპასუხე შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის - 32124.8 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. სს „პ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. შპს „ლ. ჰ. ჯ-ას“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 17643.70 ლარის გადახდა;

3. შპს „ლ. ჰ. ჯ-ას“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დეკისრა 529.29 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ.

მოსარჩელემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

მოპასუხემ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა სარჩელი და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით:

1. სს „პ. ბ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

3. შეიცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

4. სს „პ. ბ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

5. შპს „ლ. ჰ. ჯ-ას“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4015 ლარის გადახდა;

6. შპს „ლ. ჰ. ჯ-ას“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 120.45 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

7. სს „პ. ბ-ს“ შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 545.15 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ,,ლ. ჰ. ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სს ,,პ. ბ-ის“ წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 487174 აშშ დოლარისა და 5758.2 ლარის ოდენობით;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის N2/6046-10 გადაწყვეტილებით შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, მოპასუხე სს „პ. ბ-ს“ შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 5758.2 ლარისა და 10366.52 აშშ დოლარის გადახდა;

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ადვოკატის ხარჯის ანაზღაურების საკითხი არ გადაწყვეტილა;

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს ,,ლ. ჰ. ჯ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სს „პ. ბ-ს“ შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 4238.20 ლარისა და 7174.52 აშშ დოლარის გადახდა, შპს „ლ. ჰ. ჯ-ას“ უარი ეთქვა სს „პ. ბ-ის“ 1520 ლარისა და 3192 აშშ დოლარის დაკისრებაზე;

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხი არ გადაწყვეტილა;

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით სს „პ. ბ-ის“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად, დაუშვებლობის გამო;

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხი არ გადაწყვეტილა;

სს „პ. ბ-მა“ შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ საქმესთან დაკავშირებით მის მომსახურე საადვოკატო ფირმას, შპს „ი. კ. პ-სს“ 2010 წლის 17 ოქტომბერს გადაურიცხა 17643.70 ლარი, ხოლო 2011 წლის 20 ოქტომბერს - 23974.08 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მოპასუხისგან ითხოვდა წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, შესაბამისად, სარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლები გამომდინარეობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის დანაწესიდან, რომლის მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. 47-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ზემომითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა ყოფილიყო მიღებული საქმის მოცულობა, მისი ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულე, აგრეთვე, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, მათი შემოსავალი და სხვა ისეთი გარემოებები, რომლებიც განაპირობებდნენ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის გონივრულ ფარგლებს. კონკრეტულ შემთხვევაში, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ასევე ის გარემოებაც, რომ სარჩელზე დამდგარი სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ იყო უსაფუძვლო და მოპასუხისადმი წაყენებული მატერიალურ-სამართლებრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, როგორც სააპელაციო საჩივარი, ისე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ. სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ხოლო, საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად დაუშვებელობის გამო. ამასთან, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სს „პ. ბ-ს“ გააჩნდა იურიდიული სამსახური, მოპასუხემ შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ წინააღმდეგ საქმის სასამართლოში წარმოების მიზნით, საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულება დადო სხვა იურიდიულ კომპანიასთან.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები მძიმე ტვირთად არ უნდა დაწოლოდა მეორე მხარეს. ბუნებრივია, სამართალწარმოება დაკავშირებულია გარკვეულ ხარჯებთან და იგი იმ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, წარმოეშობა სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორიულად, რომელიც მის სასარგებლოდ დაკმაყოფილდა (მოსარჩელე) ან მის მიმართ არ დაკმაყოფილდა (მოპასუხე), მაგრამ არა შეუზღუდავად. როგორც აღინიშა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების მაქსიმუმის ფარგლებში (დავის საგნის ღირებულების 4%), სასამართლოს ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განესაზღვრა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორიულად, რომელზეც მოსარჩელეს უარი ეთქვა (480000 აშშ დოლარი და 1520 ლარი), ადვოკატის დახმარებისათვის საფასურის გონივრული, მისაღები ოდენობის ფარგლებში, შპს „ლ. ჰ. ჯ-ას“ სს „პ. ბ-ის“ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 4015 (0.5%) ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ლ. ჰ. ჯ-ამ“, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს სასამართლოში საქმის წარმოების დროს მხარის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხს. მოცემულ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე მხარეს სასამართლოში საქმის წარმოების დროს (2010-2011 წლები) ადვოკატის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია და, შესაბამისად, არც მოუთხოვია მის მიერ გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის (მოსარჩელისათვის) დაკისრება. ამასთან, სასამართლოს ცალკე დავის საგნად არ უნდა მიეჩნია სხვა საქმეზე გაწეული პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი;

რაც შეეხება სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს, სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს სახელშეკრულებო და არასახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურებას. ორივე შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების აუცილებელი წინაპირობების არსებობას კანონი სავალდებულოდ მიიჩნევს, რასაც განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ზიანს გააჩნია თავისი შემადგენელი აუცილებელი ნიშნები, კერძოდ: მართლწინააღმდეგობა, ბრალი და მიზეზობრივი კავშირი. სასამართლოს არ მიუთითებია, თუ რომელი ნიშნებია სახეზე მოცემულ შემთხვევაში. სასამართლოში საქმის წარმოების დროს მხარის მიერ ხარჯების გაწევის ფაქტი არ წარმოადგენს მეორე მხარის დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანს და შესაბამისად – დანაშაულებრივ ქმედებას, რასაც აწესრიგებს სარჩელის საფუძვლად დასახელებული კანონის ნორმები. ამასთან, თუკი სახეზე არ არის მართლსაწინააღმდეგო ხასიათის ქმედება და ბრალი, მათ შორის არც მიზეზობრივი კავშირი არსებობს. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არ არსებობს დელიქტით გათვალისწინებული მოქმედებისათვის დამახასიათებელი არც ერთი აუცილებელი წინაპირობა. ამდენად, სასამართლოს მსჯელობა სს „პ. ბ-ის“ მოპასუხის მიერ ზიანის მიყენებისა და მისი ანაზღაურების შესახებ, უსაფუძვლოა. საგულისხმოა ისიც, რომ მოთხოვნას უნდა გააჩნდეს მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი, მხოლოდ საპროცესო ნორმების გამოყენება დაუშვებელია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეში წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვს იმ ხარჯის ანაზღაურებას, რომელიც მან გასწია ადვოკატის დახმარების გამო, მოპასუხესთან წარმოებულ სხვა დავაში.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ, მოპასუხესთან წარმოებული სხვა დავის გამო, მოსარჩელემ მის მომსახურე საადვოკატო ფირმას 2010 წლის 17 ოქტომბერს გადაურიცხა 17643.70 ლარი, ხოლო 2011 წლის 20 ოქტომბერს - 23974.08 ლარი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ასევე, რომ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებებით ადვოკატის ხარჯების ანაზღაურების საკითხი არ გადაწყვეტილა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა, ამ უკანასკნელის მიერ სხვა საქმეზე ადვოკატის დახმარების გამო, გაწეული ხარჯი გონივრული ოდენობით, კერძოდ - 4015 ლარი.

კასატორი მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე დამოუკიდებელი სასარჩელო წარმოება დაუშვებელია. კასატორის მოსაზრებით, განსახილველი სარჩელის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლად სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლი, ვინაიდან აღნიშნული ნორმა განსაზღვრავს მხარეთა მიერ გაღებული ხარჯების განაწილების წესს სასამართლოში საქმის მიმდინარეობისას და არა მისი დასრულების შემდეგ.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზემოხსენებული სარჩელის საფუძვლიანობის შესამოწმებლად პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: დასაშვებია თუ არა დამოუკიდებელი სარჩელით იმ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც მოგებულმა მხარემ გასწია ძირითად სარჩელზე საქმის წარმოებისას?

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დასმულ კითხვაზე პასუხის გასაცემად საჭიროა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმათა სისტემური ანალიზი, რომლებიც პროცესის ხარჯებს შეეხება.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. აღნიშნული კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

მხარეთა შორის პროცესის ხარჯების განაწილების ზოგადი წესი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლში. ამავე კოდექსის 54-ე მუხლი განსაზღვრავს სასამართლო ხარჯებისა და ადვოკატის დახმარების გამო გადასახდელი ხარჯების განაწილების წესს სარჩელზე უარის თქმისა და მორიგებისას, ხოლო 55-ე მუხლი ადგენს სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების წესს.

დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილება, ასევე სახელმწიფოსათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურება წარმოებს სასამართლოს ინიციატივით, ხოლო, ყველა სხვა შემთხვევაში, პროცესის ხარჯები მხარეთა შორის გადანაწილდება დაინტერესებული მხარის მოთხოვნის საფუძველზე.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს სასამართლო გადაწყვეტილებით, რომლითაც საქმე წყდება არსებითად. ეს დასკვნა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შინაარსიდან, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე. პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი შეიძლება დადგეს ასევე იმ შემთხვევაშიც, როდესაც საქმის წარმოება მთავრდება გადაწყვეტილების გამოტანის გარეშე (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები). ასეთ დროს სასამართლო შესაბამისი განჩინებით გადაწყვეტს პროცესის ხარჯების განაწილების საკითხს.

ცხადია, ვინაიდან პროცესის ხარჯების განაწილება გადაწყვეტილებით (განჩინებით) ხდება, მხარეებს შეუძლიათ მისი გასაჩივრება ამ გადაწყვეტილებასთან (განჩინებასთან) ერთად. დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკით დასაშვებია ასევე გადაწყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში, თუ დაინტერესებული მხარე მიიჩნევს, რომ დავის სწორად გადაწყვეტის მიუხედავად, სასამართლომ პროცესის ხარჯები არასწორად გაანაწილა.

თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის პროცესის ხარჯების განაწილებასაც (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილი). იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მხოლოდ პროცესის ხარჯების განაწილების ნაწილში და საჩივარი საფუძვლიანია, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ ამ ნაწილში შეცვლის გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილოს საჩივარი და უცვლელად დატოვოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. ასეთ დროს წარმოიშობა იმ ხარჯების განაწილების საკითხი, რომლებიც მხარეებმა გასწიეს შესაბამისი ინსტანციის სასამართლოში. ამ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის მიხედვით, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას. და ბოლოს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.

პროცესის ხარჯების განაწილების თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების წესის გარდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ხსენებული საკითხის გადაწყვეტის კიდევ ერთ მექანიზმს, რომელიც მოცემულია ამავე კოდექსის 261-ე მუხლში (დამატებითი გადაწყვეტილება). მითითებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა, სასამართლოს მიერ ხარვეზით გამოტანილი გადაწყვეტილების გამოსწორების საშუალებაა, კერძოდ, თუ სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილებით არ გადაწყვიტა სასამართლო ხარჯების საკითხი, მას შეუძლია, ეს ხარვეზი გამოასწოროს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანით. დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის ინიციატივა შეიძლება, მომდინარეობდეს როგორც სასამართლოს, ასევე - დაინტერესებული მხარისაგან. ამდენად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საპროცესო მექანიზმის არსებობა შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, გამოასწოროს მის მიერ დაშვებული ხარვეზი, როგორც თავისი ინიციატივით, ასევე, მხარეთა თხოვნით.

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათელია, რომ საპროცესო კანონმდებლობა ზუსტად და ამომწურავად განსაზღვრავს პროცესის ხარჯების განაწილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა, ისარგებლოს ზემოხსენებული საპროცესო მექანიზმებით და მოითხოვოს საქმის განხილვასთან დაკავშირებით მის მიერ გაწეული პროცესის ხარჯების ანაზღაურება. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ ისარგებლებს ზემოაღნიშნული შესაძლებლობით, იგი კარგავს პროცესის ხარჯების ანზღაურების მოთხოვნის უფლებას, ვინაიდან ასეთ მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და იგი არ შეიძლება იყოს დამოუკიდებელი სარჩელის დავის საგანი. აქედან გამომდინარე, უარყოფითად უნდა ვუპასუხოთ დასაწყისში დასმულ კითხვას, კერძოდ, დაუშვებელია დამოუკიდებელი სარჩელით იმ საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნა, რომელიც მოგებულმა მხარემ ძირითად სარჩელზე საქმის წარმოებისას გასწია (საკასაციო პალატის ზემოხსენებული დასკვნები შეესაბამება მსგავსი კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას (იხ. სუსგ, 27 იანვარი 2014 წელი, საქმე №ას-165-158-2013-ზარნაძე).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების წინაპირობა, ვინაიდან მოცემული სარჩელი იურიდიულად დაუსაბუთებელია, ანუ სასარჩელო მოთხოვნას მატერიალურ-სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია, რაც ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, კერძოდ, პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს _ სარჩელის იმ მოთხოვნათა პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სააპელაციო საჩივარზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 705.74 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 55), ხოლო, საკასაციო საჩივარზე 300 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 121, 131), ანუ სულ გადახდილი აქვს 1005.74 ლარი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა 545.15 ლარის გადახდა. აღნიშნული თანხა სასამართლომ გამოთვალა მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად. ამ ნაწილში გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და, შესაბამისად, შესულია კანონიერ ძალაში. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა სრულად, შესაბამისად, მას სრულად უნდა აუნაზღაურდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ოღონდ იმ თანხის გამოკლებით, რაც სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს მოსარჩელეს, ანუ 1005.74 ლარს უნდა გამოაკლდეს 545.15 ლარი და დარჩენილი თანხა (460.59 ლარი) უნდა გადახდეს მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3, მე-4, მე-5, მე-6 პუნქტები და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სს „პ. ბ-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. სს „პ. ბ-ს“ შპს „ლ. ჰ. ჯ-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 460.59 ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე