№ას-201-188-2014 28 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ დ. რ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს „ლ. ბ-ი“ (მოსარჩელე)
მოპასუხეები – შპს „...,“ დირექტორი – ზ. რ-ე, შპს „ი. ფ-ი“
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინება
დავის საგანი _ პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით სს „ლ. ბ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შეწყდა მხარეთა შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებები და შპს „...,“ ზ. რ-სა და დ. რ-ეს სს „ლ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირი თანხის – 190000 ლარის გადახდა. შპს „...,“ ზ. რ-სა და დ. რ-ეს სს „ლ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პროცენტის – 26798 ლარის გადახდა. შპს „...,“ ზზ. რ-სა და დ. რ-ეს სს „ლ. ბ-ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლოს – 48070 ლარის გადახდა. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მისის ანაზღაურება განხორციელდა ქ.ბათუმში, ზ.გ-ის ქ. №74-ში მდებარე ზ. რ-ის საკუთრებაში არსებული ქონების (ს/კ №...), ქ.ბათუმში ზ.გ-ის ქ. №74-ში მდებარე უძრავი ქონების (ს/კ №...), ქ.ბათუმში დასახლება ა-ი მდებარე შპს „...“ საკუთრებაში არსებული მიწის (უძრავი ქონების, ს/კ №...) და ქ.ბათუმში დასახლება ა-ი მდებარე შპს „ი. ფ-ის“ საკუთრებაში არსებული მიწის (უძრავი ქონების, ს/კ №...) რეალიზაციის გზით. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონებების რეალიზაციის შედეგად ვერ იქნება სრულად დაკმაყოფილებული მოსარჩელის მოთხოვნა, დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოხდა თავდებ პირთა (ზ. და დ. რ-ი) საკუთრებაში არსებული უძრავ-მოძრავი ქონებების რეალიზაციის გზით.
აღნიშნული გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. რ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინებით დ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. რ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა დ. რ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა კასატორი დ. რ-ე (იხ. ს.ფ.167-173). ასეთ შემთხვევაში კასატორი ვალდებული იყო გასაჩივრებული განჩინების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართა არა უგვიანეს 2014 წლის 9 იანვრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორს განჩინების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2014 წლის 9 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 29 იანვარს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2014 წლის 5 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი დ. რ-ემ ფოსტას ჩააბარა 2014 წლის 6 თებერვალს (იხ. ს.ფ.179-189) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
რაც შეეხება კასატორის მიერ გასაჩივრებული განჩინების გამოტანის შეცდომით მითითებულ თარიღს (2013 წლის 17 დეკემბერი), საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 10 დეკემბრის განჩინებაში დაშვებული იყო არითმეტიკული შეცდომა, კერძოდ არასწორად იყო მითითებული განჩინების გამოტანის თარიღი, რაც ამავე სასამართლოს 2014 წლის 10 თებერვლის განჩინებით გასწორდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან დ. რ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. რ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია