№ას-37-36-2014 17 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი _ მ. ხ-ა
მოწინააღმდეგე მხარე _ შ. დ-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით:
1. შ. დ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. მოპასუხეებს: მ. ხ-ას, მ. ბ-ს, თ. ლ-ეს, მ. ჯ-ას, ქ. კ-ეს, რ. ს-ეს, ა. მ-ას, ზ. ლ-ეს და მ. ჟ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 543000 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეებს: მ. ხ-ას, მ. ბ-ს, თ. ლ-ეს, მ. ჯ-ას, ქ. კ-ეს, რ. ს-ეს, ა. მ-ას, ზ. ლ-ეს და მ. ჟ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ ყოველთვიურად 8145 ლარის გადახდა 2008 წლის 24 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
4. სარჩელი, მოპასუხეების: მ. ტ-ის, ნ. კ-ის, ნ. ს-ის, მ. ხ-ას, გ. ხ-ას, ლ. გ-ას და ი. გ-ას მიმართ, არ დაკმაყოფილდა;
5. სარჩელი, მოპასუხეებზე 178016 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა;
6. სარჩელი, მ. ბ-სა და თ. ბ-ს შორის 2009 წლის 20 მაისს დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ. დ-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ასევე მ. ბ-მა, მ. ხ-ამ და ქ. კ-ემ, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივრები; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ხ-ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მის ნაწილში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 23 იანვრის განჩინებით მ. ხ-ას საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 5700 ლარის გადახდა.
კასატორ მ. ხ-ას წარმომადგენელმა, გ. ტ-ემ, 2014 წლის 13 თებერვალს განცხადებით მომართა უზენაეს სასამართლოს. წარმოდგენილი განცხადებით, კასატორის წარმომადგენელი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლებების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თვითონ განსაზღვრავენ დავის საგანს და იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ.
საკასაციო სასამართლო გნმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინება გასაჩივრებულია მ. ხ-ას მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე წარმოადგინა განცხადება და უარი თქვა საკასაციო საჩივარზე. როგორც აღინიშნა, გადაწყვეტილების გასაჩივრება ზემოთ მითითებულ ნორმების საფუძველზე მხოლოდ მხარის უფლებას წარმოადგენს და თუ მხარე უარს განაცხადებს მასზე, სასამართლო უფლებამოსილი არ არის მიიჩნიოს საჩივარი დასაშვებად და განიხილოს იგი. ამდენად, მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა უარი განაცხადა მის განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე და 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით, 401-ე მუხლის მე-2 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ხ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. კასატორ მ. ხ-ას დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გ.ტ-ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (გადახდის თარიღი – 2013 წლის 12 დეკემბერი, საგადახდო დავალება №...) – 300 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე პ. ქათამაძე