№ას-43-42-2014 25 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი _ ი. ჩ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „კ. ა-ა“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „კ. ა-ას” ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 1 498 800.96 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა. მოპასუხე შპს „კ. ა-ას” ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს 771 132.6 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში გადახდა მოპასუხე შპს „ა. ა-ას” ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის 1 498 800. 96 აშშ დოლარის 0.05% რაც შეადგენს 749.4 აშშ დოლარს, სარჩელის აღძვრიდან 2013 წლის 21 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულემადე. ი. ჩ-ეს უარი ეთქვა სარგებლის და მასზე დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. ა-ამ“ და მოითხოვა მისი სრულად გაუქმება, ხოლო ი. ჩ-ემ შეიტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „კ. ა-ას“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი. ჩ-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „კ. ა-ას“ ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის – 897363,90 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შპს „კ. ა-ას“ ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ერთი თვის (თებერვლის) სარგებლის – 89811,16 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შპს „კ. ა-ას“ ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრამდე პირგასამტეხლოს 461691,72 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. შპს „კ. ა-ას“ ი. ჩ-ის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის – 897363,90 აშშ დოლარის 0,05 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს დღეში 448,68 აშშ დოლარს სარჩელის აღძვრიდან – 2013 წლის 21 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. დანარჩენ ნაწილში ი. ჩ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. ა-ამ“ და მოითხოვა მისი გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, ხოლო ი. ჩ-ემ შემოიტანა შეგებებული საკასაციო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მოპასუხისათვის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და ხელშეკრულების მოქმედების დასრულების შემდეგ სარგებლის დაკისრებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 12 თებერვლის განჩინებით შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 6000 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ რ. თ-ს 2014 წლის 12 თებერვალს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ჩ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ რ. თ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2014 წლის 12 თებერვალს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.201).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 13 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 19 თებერვალს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ იქნა შევსებული, შეგებებული საკასაცო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი. ჩ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია