№ას-50-49-2014 5 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი _ ა. მ-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს ვეტერინალური კორპორაცია „ვ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ქირისა და სარემონტო ხარჯების ანაზღაურება, ქირავნობის საგნის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სარჩელი მოპასუხე შპს ვეტერინალური კორპორაცია „ვ. ჯ-ა“ მიმართ ქირისა და სარემონტო ხარჯების ანაზღაურების, ქირავნობის საგნის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. მ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მოცემულ საქმეზე გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ა. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს ვეტერინარული კორპორაცია „ვ. ჯ-ას“ ა. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ორი თვის ქირის სახით 2800 აშშ დოლარის გადახდა, ქირავნობის საგნის გადაცემის დაყოვნებისთვის 4200 აშშ დოლარის გადახდა, კომუნალური მომსახურებიდან წარმოშობილი დავალიანების სახით 26.60 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით 2011 წლის 1 სექტემბრიდან წინამდებარე გადაწყვეტილების (სარეზოლუციო ნაწილის 3.1. პუნქტის ნაწილში) აღსრულებამდე პერიოდისთვის, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2.8 აშშ დოლარის გადახდა. ა. მ-ის სარჩელი ქირავნობის საგნის დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურების ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ-ის წარმომადგენელმა დ. ჯ-ემ და მოითხოვა მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ შეისწავლა ა. მ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. აღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. ამავე კოდექსის 2591 მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მითითებული ნორმა ავალდებულებს მხარეს (მის წარმომადგენელს) გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონი ადგენს, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა როგორც კასატორი ა. მ-ი, ასევე მისი წარმომადგენელი დ. ჯ-ე (ტ.2, ს.ფ.123-127). ასეთ შემთხვევაში კასატორი ან მისი წარმომადგენელი ვალდებული იყვნენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის მიემართათ არა უგვიანეს 2013 წლის 20 დეკემბრისა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სააპელაციო სასამართლოსათვის დადგენილ ვადაში არ მიუმართავთ. ა. მ-მა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა 2014 წლის იანვარს. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრების 21-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს, ანუ 2013 წლის 20 დეკემბერს და ამოიწურა 2014 წლის 9 იანვარს, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი წარდგენილ უნდა ყოფილიყო 2014 წლის 9 იანვრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ საკასაციო საჩივარი ა. მ-ის წარმომადგენელმა დ. ჯ-ემ შეიტანა 2014 წლის 27 იანვარს (ტ.2, ს.ფ.165-178) ანუ კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ა. მ-ის წარმომადგენელმა დ. ჯ-ემ საკასაციო საჩივარი შეიტანა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლით, 397-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. მ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: თეიმურაზ თოდრია