Facebook Twitter
saqme # as-48-401-07 2 aprili, 2007 w

საქმე №ას-649-617-2013 13 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ც. ქ-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ტ. კ-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ც. ქ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ტ. კ-ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის მიხედვით, 2011 წლის 5 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა N17/03 ხელშეკრულება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რაც გამოიხატა შესასრულებელი სამუშაოსათვის დადგენილი ვადების დარღვევასა და შესრულებული სამუშაოს უხარისხობაში.

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, მოსარჩელემ ვერ შეასრულა მერიის და საცხოვრებელი ბინის მყიდველთა წინაშე ნაკისრი პირობები, რის გამოც კომპანიას სერიოზული მატერიალური და მორალური ზიანი მიადგა. მოსარჩელემ 2011 წლის 29 სექტემბერს წერილით მიმართა მოპასუხეს, რითაც მოითხოვა უმოკლეს ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მიუხედავად წერილობითი მოთხოვნისა, შპს „ტ. კ-ი“ არ წავიდა შემხვედრ ნაბიჯზე და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ უცდია. პირიქით, მოპასუხისგან მიიღო გაუგებარი შინაარსის წერილი, რომლითაც იგი წარდგენილ პრეტენზიებს არ ცნობს. ზემოაღნიშნული დარღვევებიდან გამომდინარე, მოსარჩელემ, ხელშეკრულების 12.1 მუხლის საფუძველზე, შეწყვიტა მოპასუხესთან გაფორმებული 2011 წლის 5 მარტის N17/03 ხელშეკრულება.

მოსარჩელეს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღევის გამო მოპასუხე ვალდებულია გადაუხადოს პირგასამტეხლო 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2011 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 246 316 აშშ დოლარს, ასევე შეუსრულებელი სამუშაოდან მიყენებული ზიანი 255 250 აშშ დოლარი.

შპს „ტ. კ-მა“ სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა, რომ შპს „ც. ქ-ს“ მის სასარგებლოდ დაკისრებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილისა და პირგასამტეხლოს გადახდა.

შეგებებული სარჩელის მიხედვით, შპს „ც. ქ-მა“ არაერთხელ დაარღვია სახელშეკრულებო ვალდებულებები, რაც გამოიხატა საპროექტო დოკუმენტების, მუშა პროექტების, დეტალური ნახაზების გადაუცემლობაში, ასევე ესკიზების დაგვიანებით მიწოდებაში, რომელთა მიხედვითაც შემსრულებელს უნდა განეხორციელებინა დაკვეთა.

შპს „ტ. კ-ი“ მიუთითებს, რომ 2011 წლის 20 აგვისტოს შპს „ც. ქ-მა“ წერილობით მოითხოვა სამშენებლო ობიექტზე ფასადის თვალების ფერის და ცხვირის ფორმის შეცვლა. მიუხედავად იმისა, რომ მითითებული ცვლილება შეათანხმეს, რაზეც შემკვეთმა შესრულებული სამუშაოსათვის 10 000 აშშ დოლარიც გადაურიცხა, მოსარჩელემ შესრულებული სამუშაოს მიღებაზე უარი განაცხადა. შპს „ც. ქ-ი“ ასევე უარს ეუბნეოდა ოფიციალურად მიეღო სხვა შესრულებები, თუმცა დასრულებული სამუშაოები ფაქტობრივად შეთანხმებული ჰქონდათ, რაზეც თანხის გადარიცხვებიც მეტყველებს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი და შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც ორივე მხარემ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. შპს ,,ტ. კ-ის” სააპელაციო საჩივარი და შპს ,,ც. ქ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს ,,ც. ქ-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

4. შპს ,,ტ. კ-ის” შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

5. შპს ,,ც. ქ-ს” დაეკისრა შპს ,,ტ. კ-ის” სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს ღირებულების - 47870,64 ლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ”ც. ქ-ს” და შპს ”ტ. კ-ს” შორის 2011 წლის 05 მარტს გაფორმდა ხელშეკრულება N17/03;

ხელშეკრულების თანახმად, შემსრულებელი – შპს ”ტ. კ-ი” იღებდა ვალდებულებას ქ. ბათუმში რ-ის ქ. N15/17–ში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე საკუთარი ძალებით მოეწყო შენობის გარე ფასადი;

შესასრულებელი სამუშაოები ხორციელდებოდა ხელშეკრულების დანართისა და ფორმის შესაბამისად წარდგენილი პირობებისა და ხარისხის დაცვით;

ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას სამუშაო შეესრულებინა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში და სამუშაოთა წარმოება მხარეთა შეთანხმებით მოეხდინა პროექტთან, ნახაზებთან და სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობაში;

ხელშეკრულების მესამე მუხლით, სამუშოთა ღირებულება განისაზღვრა შემდეგი სახით: ფასადი N1 - 1 კვ.მ 650 აშშ დოლარის ოდენობით; ფასადი N2 - 1 კვ.მ 360 აშშ დოლარის ოდენობით - მთლიანი ღირებულება განისაზღვრა - 268 250 აშშ დოლარის ოდენობით;

ანგარიშსწორება შეთანხმებული იქნა ეტაპობრივად წარმოდგენილი ფორმა N2-ის მიხედვით შესრულებული სამუშაოს შემდეგ;

წინასწარი ავანსის სახით გადახდევინება ასევე მხარეებს შორის შეთანხმდა 50%-ის ოდენობით, ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 5 სამუშაო დღის ვადაში;

შესრულებული სამუშაოს საბოლოო ანგარიშსწორება მოხდებოდა მოცემული ხელშეკრულებით შესრულებული სამუშაოებისათვის მიღება–ჩაბარების აქტის საფუძველზე;

მოცემული ხელშეკრულების მეხუთე მუხლით სამუშაოთა შესრულების მთლიანი კალენდარული ვადა განისაზღვრა 2011 წლის 05 მარტიდან 2011 წლის 05 ივნისამდე, მხარეთა შეთანხმებით ვადის გაზრდის ხანგრძლივობა განისაზღვრა მხოლოდ 10 დღით;

ამავე მუხლით მხარეებმა შეათანხმეს ვალდებულების შესრულების დარღევისათვის პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.5 %-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო დამკვეთისათვის გადახდის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში - გადასახდელი თანხის 0.5%-ის ოდენობით თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე;

მხარეთა შორის იგივე ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა შესრულებული სამუშაოს ხარისხის დეფექტების გამოვლენისას მხარეთა მიერ განსახორციელებელი ქმედებები და ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები, ასევე ხელშეკრულებაში ც. შეტანის წესი;

სადავო ხელშეკრულების ხელმომწერი მხარეები ხელშეკრულებაში მითითებული სამუშაოთა შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე არ შეთანხმებულან;

ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში შესრულებული იყო სამუშაოების თითქმის მთლიანი მოცულობა, მაგრამ არ ჰქონდა დასრულებული სახე;

ხელშეკრულება მოსარჩელის ინიციატივით შეწყდა 2011 წლის ნოემბრის თვეში;

სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია შპს „ც. ქ-ის“ სარჩელი, როგორც ზიანის ანაზღაურების, ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, კერძოდ, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის 255250 აშშ დოლარის ოდენობით ზიანის მიყენების ფაქტი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდებოდა. ასევე არ იყო დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით მოპასუხის მიერ სამუშაოთა უხარისხოდ შესრულების ფაქტი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე შემოიფარგლა მხოლოდ მოპასუხისადმი გაგზავნილ საპრეტენზიო წერილებზე და აუდიტის დასკვნებზე მითითებით. პალატამ ეს დასკვნები არ გაიზიარა, ვინაიდან ისინი ეყრდნობოდნენ მხოლოდ მოსარჩელის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელე მისთვის ზიანის მიყენებისა და სამუშაოების უხარისხოდ შესრულების ფაქტს ვერ ასაბუთებდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ასევე მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ვინაიდან ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო თავად მოსარჩელის ბრალითაც.

რაც შეეხება შპს „ტ. კ-ის“ შეგებებულ სარჩელს, პალატამ მიიჩნია, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანი იყო და იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილებულიყო შემდეგი გარემოებების გამო:

იმ საკითხის გამოსარკვევად, თუ, შესრულებული სამუშაოების ღირებულების რა ნაწილი ჰქონდა გადასახდელი მოპასუხეს, სააპელაციომ სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ: ქ. ბათუმში, რ-ის ქ. №15-17-ში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში (სახლი სახე) რ-ის ქუჩის მხარეს შენობის გარეთა ფასადზე შესრულებული იყო; ფასადი 1 მოწყობაზე 274 კვ.მ., ფასადი 2 მოწყობაზე 242,12 კვ.მ. (იხ. გამოკვლევა); 2011 წლის 5 მარტის №17/03 ხელშეკრულების მიხედვით ფასადი 1-ზე და ფასადი 2-ზე შესრულებული იყო სამუშაოების თითქმის მთლიანი მოცულობა, მაგრამ არ ჰქონდა დასრულებული სახე (იხ. გამოკვლევა); კონტრაქტის ზევით მის ღირებულებაზე დამატებით 10 000 აშშ დოლარის ღირებულების თვალის ფერის შეცვლა შესრულებული იყო (იხ. გამოკვლევა).

ამდენად, პალატის მოსაზრებით, წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით დგინდებოდა, რომ შესრულებული იყო სამუშაოების თითქმის მთლიანი მოცულობა, მაგრამ არა იმ ღირებულების რასაც აპელანტი შპს ,,ტ. კ-ი” მიუთითებდა, არამედ შემდეგი ოდენობით: სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 118793,78 ლარს, საიდანც შპს ,,ლ-ის” მიერ შესრულებული იყო 70923,14 ლარის ღირებულების სამუშაოები. ხოლო დარჩენილი სამუშაოები შესრულებული იყო შპს ,,ტ. კ-ის” მიერ, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 47870,64 ლარს (118 793,78 (სულ შესრულებული სამუშაოების ღირებულებას) – 70 923,14 (გამოკლებული ლემის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება = 47870,64 ლარს შპს ,,ტ. კ-ის” მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულება). ამასთან, პალატამ განმარტა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტა მოპასუხეს არ ათავისუფლებდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან. აქედან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 47870,64 ლარის გადახდა.

რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მოთხოვნას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი დაუსაბუთებელი იყო, ვინაიდან მოსარჩელე თავად მიუთითებდა, რომ ხელშეკრულების თანახმად, ანაზღაურება ხდებოდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს შემდეგ და, რომ ხელშეკრულებით ანგარიშსწორების კონკრეტული თარიღი გათვალისწინებული არ ყოფილა.

სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ც. ქ-მა“, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით მისი სარჩელის დაკმაყოფილებას, ხოლო, შპს „ტ. კ-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ უსაფუძვლოდ დაადგინა, რომ სამუშაოს დადგენილ ვადებში შეუსრულებლობა ნაწილობრივ განპირობებული იყო შპს „ც. ქ-ის“ ბრალითაც, რადგანაც ხელი არ მოაწერა მიღება-ჩაბარების აქტებზე, დროზე არ მიაწოდა ესკიზები, მუშა-ნახაზები, ასევე ცალკეული ცვლილებები ხორციელდებოდა თავდაპირველ დაკვეთებში. შპს „ტ. კ-მა“ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით, პრეტენზია გამოთქვა საპროექტო დოკუმენტაციის უხარისხობაზე, მის დროულ გადაუცემლობაზე 2011 წლის ოქტომბერში, როცა ნათელი გახდა, რომ მოუწევდა პასუხისმგებლობა შეუსრულებელი ვალდებულებისათვის;

ხელშეკრულების თანახმად სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2011 წლის 5 ივნისამდე (+10 დღე). მათ მიერ პროექტში მოგვიანებით შეტანილი იქნა ცვლილებები და იგი ეხებოდა თვალების ფერს, რომელიც უმნიშვნელო სახის ცვლილებას წარმოადგენდა, მთლიანი ღირებულების 4 %-მდე, ხოლო ხელშეკრულების 10.2 პუნქტის თანახმად პროექტში 10 %-იანი ცვლილებები არ ცვლიდა სამუშაოს ხასიათს, ვადებს, მოწინააღმდეგის მიერ აღებულ ვალდებულებას.

სასამართლოს გამორჩა ის გარემოება, რომ უხარისხოდ შესრულებული და შეუსრულებელი სამუშაოები, ასეთი სამუშაოსათვის გამოყენებული მასალის უხარისხობა დადგენილი იყო: ა) მათი მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნით; ბ) სხვა წერილობითი დოკუმენტებით (აქტებით); გ) მოწინააღმდეგე შპს „ტ. კ-ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტებით; დ) ადგილზე დათვალიერების ოქმით; ე) შპს „ლ 1“ მიერ შესრულებული სამუშაოს ჩამონათვალით;

სასამართლოს მიერ მითითებული ექსპერტიზის დასკვნები არ უკავშირდება მათ მიერ სარჩელში გაცხადებულ ძირითად მოთხოვნას, არცერთი ამ ექსპერტიზის დასკვნაში არ არის მითითებული, რომ შპს „ტ. კ-ის“ მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობა, ამ სამუშაოს ხარისხი შეესაბამება თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ვიზუალურად (გარეგნულად) არსებული ფასადის ზოგადი მსგავსება არ გამორიცხავდა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შეუსრულებლობას. სასამართლოს მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე დასმული იქნა ცალმხრივი და მიკერძოებული შეკითხვები, ხოლო მათ მიერ ჩამოთვლილი შეკითხვები ექსპერტისთვის არ დაუსვამთ;

2012 წლის 14 სექტემბერს, ადგილზე დათვალიერების ოქმში დაფიქსირებული დარღვევები ასახული არ არის ექსპერტიზის N000710313 დასკვნაში. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში არ მიეცათ შესაძლებლობა მოწმის სახით დაეკითხათ ექსპერტი კ.კ-ი, შესაბამისად ვერ მოხერხდა ადგილზე დათვალიერების ოქმით ასახული დეფექტების შედარება ექსპერტიზის დასკვნასთან, რაც კასატორის მოსაზრებით სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა არასათანადოდ გამოკვლევასა და შეფასებაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ივლისის განჩინებით შპს „ც. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა შპს „ც. ქ-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქ-თველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით, რის გამოც საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას შპს „ც. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი, შესაბამისად, იგი განუხილველად უნდა დარჩეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. იმის გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული კასატორს - შპს „ც. ქ-ს“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8000 ლარის 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქ-თველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ც. ქ-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორ შპს „ც. ქ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, საგადახდო დავალება №..., გადახდის თარიღი – 2013 წლის 4 ივლისი) 70% – 5600 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე