Facebook Twitter

№ას-755-716-2013 13 თებერვალი, 2014 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს ,,დ. ფ. ჯ-ა“, შპს ,,დ. ჯ-ა“

მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – საწარმოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ვალისა და დარიცხული სარგებლის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,დ. ფ. ჯ-ამ“ მოპასუხე დ. გ-ის მიმართ მოსარჩელის ანგარიშებიდან გატანილი 59174 ლარის უკან დაბრუნებისა და კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

ამავე სასამართლოს სარჩელით მიმართა ასევე შპს ,,დ. ჯ-ამ“ მოპასუხე დ. გ-ის მიმართ 2011 წლის 15 ივლისსა და ამავე წლის 20 სექტემბერს კომპანიისგან აღებული სესხის ძირი თანხისა და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე დარიცხული სარგებლის (პროცენტის) დაუყოვნებლივ გადახდის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 მაისის განჩინებით შპს ,,დ. ფ. ჯ-სა“ და შპს ,,დ. ჯ-ას“ სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,დ. ფ. ჯ-ამ“ და შპს ,,დ. ჯ-ამ“, რომელთაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელების დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 27 მაისის განჩინებით შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ და შპს ,,დ. ჯ-ას” სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

შპს ,,დ. ჯ-ა“ რეგისტრირებულია 1996 წლის 2 მაისიდან. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ 2011 წლის 14 ივლისის მდგომარეობით საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელ პარტნიორს წარმოადგენს რ. ბ-ა. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ. გ-ე;

2011 წლის 22 ივლისის ამონაწერით შპს ,,დ. ჯ-ას“ პარტნიორებს წარმოადგენენ რ. ბ-ა - 50%-იანი წილით და ა. ქ-ი (თურქეთი) - 50%-იანი წილით. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ. გ-ე;

2011 წლის 16 აგვისტოს ამონაწერით შპს ,,დ. ჯ-ას“ პარტნიორებს წარმოდგენდნენ რ. ბ-ა - 50%-იანი წილით, ა. ქ-ი - 40%-იანი წილით, რ. ა-ი - 10%-იანი წილით. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ. გ-ე;

2012 წლის 15 მარტის ამონაწერით შპს ,,დ. ჯ-ას“ პარტნიორები არიან ა. ქ-ი - 40 %-იანი წილით, რ. ა-ი - 10%-იანი წილით, შ. კა-ე - 25%-იანი წილით, შ. გ-ეზ (თურქეთი) - 25%-იანი წილით. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს მ. დ-ი;

2011 წლის 11 თებერვალს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაში გატარდა შპს ,,დ. ფ. ჯ-ა“, რომლის დამფუძნებლებიც არიან რ. ბ-ა - 60%-იანი წილით და ა. ქ-ი - 40%-იანი წილით, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ. გ-ე;

2011 წლის 17 ნოემბერს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერით შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების დამფუძნებელ პარტნიორებს წარმოადგენენ ა. ქ-ი (თურქეთი) - 40 %-იანი წილით, შ. გ-ეზ (თურქეთი) - 35 %-იანი წილით, შ. კ-ე - 25 %-იანი წილით. ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს დ. გ-ე;

2012 წლის 2 ივლისის ამონაწერით შპს ,,დ. ფ. ჯ-ას” პარტნიორები არიან ქ. ა-ირ (თურქეთი) - 40%-იანი წილით, შ. კ-ე - 25%-იანი წილით, შ. გ-ეზ (თურქეთი) – 35%-იანი წილით. დირექტორებად დაინიშნენ ქ. ა-ი (თურქეთი) და შ. გ-ეზ (თურქეთი). ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს წარმოადგენენ შ. გ-ეზ (თურქეთი) და ა. ქ-ი (თურქეთი);

2011 წლის 15 ივლისს დ. გ-სა და შპს ,,დ. ჯ-ას“ დამფუძნებელ პარტნიორს, 100%-იანი წილის მფლობელ რ. ბ-ას შორის შედგა შეთანხმება მასზედ, რომ დ. გ-ემ სესხად მიიღო 50000 ევრო და 49280 ევრო სამი წლის ვადით წლიური 24%-იანი სარგებლის დარიცხვით. ასევე, 2011 წლის 20 სექტემბერს ერთის მხრივ, შპს ,,დ. ჯ-ას“ დირექტორს დ. გ-ეს, როგორც ,,მესხებელს“ და მეორეს მხრივ, ,,შპს დ. ჯ-ას“ პარტნიორებს რ. ბ-ას და ა. ქ. ქ-ის შორის გაფორმდა სასესხო ხელშეკრულება №002, რომლითაც დ. გ-ეს სესხის სახით გადაეცა - 36 000 აშშ დოლარი 3 წლის ვადით წლიური 24%-იანი საპროცენტო სარგებლის დარიცხვით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სესხის ხელშეკრულებაში დ. გ-ე მითითებული იყო როგორც შპს ,,დ. ჯ-ას“ დირექტორი, მსესხებლის სახით და შპს „დ. ჯ-ას“ პარტნიორები, როგორც გამსესხებელი, მხარეები ადასტურებდნენ სასესხო ხელშეკრულების არსებობას ფიზიკურ პირ დ. გ-ეს, როგორც ,,მსესხებელს“ და შპს „დ. ჯ-ას“, როგორც ,,გამსესხებელს“ შორის (27.05.2013წ. სხდომის ოქმი). შპს „დ. ჯ-ამ“ დაადასტურა აღნიშნული სესხის ხელშეკრულება და მოითხოვა სესხად გაცემული თანხის დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სასესხო ვალდებულების შესრულების ვადამოუსვლელობის მიუხედავად, გაუარესდა მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა, რაც გამსესხებელს სესხის თანხის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას ანიჭებდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,დ. ჯ-ა“ ვერ ადასტურებდა სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების ფაქტს, რაც გამსესხებელს მიანიჭებდა 15.07.2011წ. და 20.09.2011წ. სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას და ამის შესახებ გამსესხებლისათვის ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლები და განმარტა, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამასთან, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

მოსარჩელის აზრით, საფრთხე ექმნება ვალის დაფარვას, ვინაიდან მსესხებელმა გაასხვისა მის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხული ორი უძრავი ქონება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ უძრავი ქონების გასხვისება იმთავითვე არ გულისხმობდა გამყიდველის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იყო ის ფაქტი, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... გასხვისებულია 03.01.2011წ., ანუ, ჯერ კიდევ პირველი (15.07.2011წ.) სასესხო ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობამდე, ხოლო მეორე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ... გასხვისებულია 02.08.2011წ., მეორე (20.09.2011წ.) სესხის ხელშეკრულების გაფორმებამდე, რის შემდგომაც საზოგადოებამ კვლავ გასცა სესხი დ. გ-ის სახელზე.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უძრავი ქონების გასხვისება ვერ იქნებოდა მიჩნეული მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების დამადასტურებელ გარემოებად.

მოსარჩელე შპს ,,დ. ფ. ჯ-ამ“ სარჩელით მოითხოვა მოპასუხე დ. გ-ის, როგორც საზოგადოების დირექტორის მიმართ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება, რაც გამოიხატა მის მიერ საზოგადოების ანგარიშიდან 2011 წლის 30 სექტემბერს 37000 აშშ დოლარის გატანაში, რაც მხარეთა განმარტებით, სარჩელით მოთხოვნილი - 59174 ლარის შესაბამისი იყო.

სს ,,თიბისი ბანკის“ მიერ გაცემული ამონაწერით საბანკო ანგარიშიდან დგინდება, რომ შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ ანგარიშზე 2011 წლის 29 სექტემბერს ჩაირიცხა 39966,50 აშშ დოლარი, ხოლო 2011 წლის 30 სექტემბერს შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ ანგარიშიდან დ. გ-ის მიერ გატანილი იქნა 37000 აშშ დოლარი. ამასთან, სალაროს შემოსავლის ორდერით დგინდება, რომ დ. გ-ემ შპს „დ. ჯ-ას“ საბანკო ანგარიშზე 30.09.2011წ. შეიტანა 37000 აშშ დოლარი. ტრანზაქციის დანიშნულებად სალაროს შემოსავლის ორდერში მითითებული იქნა შემოსავლები სესხის დასაფარად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის სადავო არ იყო დ. გ-ის მიერ შპს „დ. ჯ-ას“ საბანკო ანგარიშზე შეტანილი თანხის სს ,,ბანკი ქართუს“ წინაშე შპს „დ. ჯ-ას“ მიერ ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ანგარიშში ჩარიცხვა. ასევე, მხარეთა შორის უდავო იყო ის ფაქტი, რომ სს ,,ბანკი ქართუს“ წინაშე შპს „დ. ჯ-ას“ ვალდებულება 2011 წლის 31 აგვისტოდან 2011 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით ყოვეთვიურად 37 000 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე წარმოშობილი იყო 04.08.2011წ., ერთის მხრივ, სს „ბანკი ქართუს“ და მეორეს მხრივ შპს „დ. ჯ-ას“, რ. ბ-ას და ა. ქ-ის შორის დამტკიცებული მორიგების აქტის საფუძველზე.

მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად იმ გარემოებაზე მითითება, რომ 2011 წლის 30 სექტემბერს შპს ,,დ. ჯ-ას“ საბანკო ანგარიშზე ფიზიკური პირის დ. გ-ის მიერ 37000 აშშ დოლარის ჩარიცხვით შემცირდა დ. გ-ის შესასრულებელი ვალდებულება შპს ,,დ. ჯ-ას“ მიმართ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში შპს „დ. ჯ-ას“ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მხოლოდ სასესხო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების საკითხი. სასესხო ვალდებულებებს შპს „დ. ჯ-ა“ ითხოვდა სრულად, რაც შეეხება სხვა დანარჩენ ვალდებულებებს, რომელთა შემცირებაზეც მიუთითებდა მხარე, აღნიშნული ვალდებულებების მოთხოვნით შპს „დ. ჯ-ას“ სარჩელი აღძრული არ ქონდა და შესაბამისად მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო ამ ვალდებულებების არსებობა/არ არსებობის ან დ. გ-ის მიერ 37000 აშშ დოლარის ანგარიშზე შეტანით მისი ოდენობის შემცირების საკითხზე, ვერ იმსჯელებდა.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო პირველი ინსტანციის სასამართლოში 31.08.2012წ. გამართულ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების, შპს „დ. ჯ-ას“ ყოფილი ბუღალტრის ნ. ა-ის და ორივე საზოგადობის დამფუძნებელი პარტნიორის, რ. ბ-ას განმარტებები, რომლითაც დგინდება, რომ 30.09.2011წ. პარტნიორმა ა. ქ-იმ 04.08.2011წ. გაფორმებული მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით, ვალდებულების შესრულების ბოლო დღეს თანხა შეცდომით გადმორიცხა შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ ანგარიშზე, დ. გ-ემ, რომელიც ამ დროს წარმოადგენდა როგორც შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“, ასევე შპს „დ. ჯ-ას“ დირექტორს, ეს თანხა გამოიტანა შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ ანგარიშიდან და შეიტანა ,,დ. ჯ-ას“ ანგარიშზე სს „ბანკი ქართუს“ ვალის დასაფარად (იხ. 31.08.2012წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, მოწმე ნ. ა-ე - 13:42:18- 13:44:30; მოწმე რ. ბ-ა 14:04:54-14:05:09).

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ ანგარიშიდან 30.09.2011წ. გატანილი თანხის იმავე დღეს შპს „დ. ჯ-ას“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით შესრულდა 04.08.2011წ. მორიგების აქტით შპს „დ. ჯ-ას“ მიერ ნაკისრი ყოველთვიური ვალდებულება სს „ბანკი ქართუს“ წინაშე. ამასთან, ორივე საზოგადოების პარტნიორებს ერთი და იგივე პირები წარმოადგენენ.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ მოთხოვნა დ. გ-ის 37000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. დ. გ-ის ქმედება ვერ განიხილება საზოგადოებისთვის (შპს „დ. ფ. ჯ-ის“) ზიანის მომტან ქმედებად. იმ პირობებში, როდესაც დადგენილია 37000 აშშ დოლარით 04.08.2011წ. მორიგების აქტით შპს „დ. ჯ-ას“ მიერ ნაკისრი ყოველთვიური ვალდებულების შესრულების ფაქტი, შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ წარმოეშვება მოთხოვნის უფლება შპს „დ. ჯ-ას“ და არა დ. გ-ის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ, დავის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 412-ე, 624-ე, და 627-ე მუხლებით და ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 და მე-9 მუხლებით.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამავე მუხლის მე-6 პუნქტით ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დ. გ-ის ქმედება, რაც გამოიხატა შპს „დ. ფ. ჯ-ას“ ანგარიშიდან თანხის გატანასა და ამ თანხის შპს „დ. ჯ-ას“ ანგარიშზე შეტანაში, რომლითაც შესრულდა ამ უკანასკნელის ვალდებულება სს „ბანკი ქართუს“ მიმართ, ვერ შეფასდება საზოგადოების (შპს „დ. ფ. ჯ-ას“) მიმართ არაკეთილსინდისიერ და ზიანის მიმყენებელ ქმედებად. მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც ორივე საზოგადოების პარტნიორებს ერთი და იგივე პირები წარმოადგენენ და დ. გ-ე ორივე საზოგადოების დირექტორია, ამასთან, მოცემული დავის ფარგლებში სასამართლო შპს „დ. ჯ-ას“ მიმართ სასესხო ვალდებულებების გარდა დ. გ-ის სხვა ვალდებულებების არსებობა/არ არსებობის ან დ. გ-ის მიერ 37000 აშშ დოლარის ანგარიშზე შეტანით მისი ოდენობის შემცირების საკითხზე ვერ იმსჯელებდა. სააპელაციო სასამართლომ მიაჩნია, რომ, როდესაც დადგენილია 37000 აშშ დოლარით 04.08.2011წ. მორიგების აქტით შპს „დ. ჯ-ას“ მიერ ნაკისრი ყოველთვიური ვალდებულების შესრულების ფაქტი, შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ წარმოეშვება მოთხოვნის უფლება შპს „დ. ჯ-ას“ და არა დ. გ-ის მიმართ. შესაბამისად, არ არსებობდა შპს ,,დ. ფ. ჯ-ას” სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლი და მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ იყო შპს „დ. ჯ-ას“ და დ. გ-ეს შორის სესხის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფაქტი. სესხის ხელშეკრულება იყო სარგებლიანი და დადებული იყო განსაზღვრული ვადით (თითოეული 3 წლით). ასევე უდავო იყო, რომ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადა არ იყო დამდგარი.

სააპელაციო სასამართლომ, ასევე მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლი, რომლის თანახმად, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე შპს ,,დ. ჯ-ა“ ვერ ადასტურებდა ხელშეკრულებების დადების შემდგომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესებას. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდებოდა ის გარემოება, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას და ამის შესახებ გამსესხებლისათვის (საზოგადოებისთვის) ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული გარემოება ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს ,,დ. ფ. ჯ-ამ“ და შპს ,,დ. ჯ-ამ“. კასატორებმა მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

კასატორების აზრით, სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ დ. გ-ეს არ დაურღვევია ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლი და მის მიმართ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი არასწორია, ვინაიდან შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ დ. გ-ის ქმედებით მიადგა ზიანი, რადგან კომპანიას ამ ოპერაციის შედეგად აღარ აქვს 37000 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა არ მოხმარებია შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ ინტერესებს. ამასთან, შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ სახელმწიფოს წინაშე აღებული ქონდა ვალდებულება ყოველთვიურად სახელმწიფოსათვის გადაეხადა აღნაგობის ქირა - 144000 ლარის ოდენობით. ამდენად, კასატორების განმარტებით, სასამართლომ დაარღვია კანონი, რადგან არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე, 394-ე, 408-ე და 992-ე მუხლები. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ და შპს ,,დ. ჯ-ას“ დამფუძნებლები ერთი და იგივე პირები არიან არასწორია, თუმცა ერთი და იგივე პირები რომც იყვნენ, სასამართლოს გადაწყვეტილება მაინც არასწორია, ვინაიდან აღნიშნული კომპანიები სამართლებრივად წარმოადგენს ორ დამოუკიდებელ სუბიექტებს და თითოეულ მათგანს აქვს დამოუკიდებელი ურთიერთობები, მოთხოვნები და ვალდებულებები თავიანთი დირექტორების და პარტნიორების მიმართ;

სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლი და მიუთითა, რომ მხოლოდ უძრავი ქონების გასხვისება ვერ იქნებოდა მიჩნეული მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითად გაუარესების დამადასტურებელ გარემოებად, რაც კასატორების შეფასებით არასწორია, ვინაიდან დ. გ-ის მიერ სესხის აღების შესახებ შპს ,,დ. ჯ-ას“ დღევანდელი დომინანტი პარტნიორებისათვის არაფერი არ იყო ცნობილი, სესხის გატანა მოხდა მხოლოდ რუსუდან ბოკუჩავასთან შეთანხმებით, კერძოდ დ. გ-ემ 2011 წლის 15 ივლისს კომპანიის მიზნებისათვის გამოსაყენებელი თანხებიდან სესხად მიიღო 50000 ევრო და 49280 ევრო 3 წლის ვადით წლიური 24%-იანი სარგებლის დარიცხვით, ხოლო 2011 წლის 20 სექტემბერს კი სესხად მიიღო 36000 აშშ დოლარი. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 627-ე მუხლის მიზანს წარმოადგენს გამსესხებლის ინტერესების დაცვა, როდესაც საფრთხე ექმნება სესხის დაბრუნებას. შპს ,,დ. ჯ-ა“ დგას რეალური საშიშროების წინაშე, რომ დაკარგოს აღნიშნული თანხა, რადგან დ. გ-ე სესხს ვერ აბრუნებს, ხოლო მისი ერთადერთი ქონება ავტომობილები, რომელთა საერთო ღირებულება სესხის თანხის მეათედ ნაწილსაც კი ვერ ფარავს, წარმოადგენს მიმდინარე სარჩელის ერთადერთ უზრუნველყოფის საშუალებას. სარჩელის არ დაკმაყოფილების შემთხვევაში, დ. გ-ის მიერ გასხვისებული იქნა ავტომანქანები, შესაბამისად მოსარჩელე თავის მოთხოვნას ვეღარ დაიკმაყოფილებს ვალდებულების შესრულების თარიღის დადგომის მიუხედავად, რომლის დადგომამდეც ერთი წელია დარჩენილი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 ივლისის განჩინებით შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ და შპს ,,დ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლითა და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ და შპს ,,დ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ და შპს ,,დ.ი ჯ-ას“ საკასაციო საჩივრები, რის გამოც საკასაციო საჩივრებს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2958,70 ლარი) 70% – 2071.09 ლარი და შპს ,,დ. ჯ-ას“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი) 70% - 5600 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ და შპს ,,დ. ჯ-ას“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს ,,დ. ფ. ჯ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (2958,70 ლარი, გადახდის თარიღი - 2013 წლის 18 ივლისი, საგადასახადო დავალება ...) 70% - 2071,09 ლარი.

3. კასატორ შპს ,,დ. ჯ-ას“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარი, გადახდის თარიღი - 2013 წლის 18 ივლისი, საგადასახადო დავალება N...) 70% - 5600 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე