საქმე №ას-815-773-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – დ. ვ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. კ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად
დავის საგანი – მამობის დადგენა, ბავშვისათვის მამის გვარის მინიჭება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ლ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში დ. ვ-ის მიმართ და მოითხოვა მცირეწლოვანი ა. კ-ის მიმართ მოპასუხის მამობის დადგენა, ა. კ-ის მამის გვარის – „ვ-ის“ მინიჭება შემდეგი საფუძვლებით:
მოსარჩელემ მოპასუხე გაიცნო 2008 წლის 11 ივლისს. მასთან ერთად ცხოვრობდა სამი თვის განმავლობაში.
2009 წლის 5 ივნისს მათ შეეძინათ შვილი. მოპასუხის მხრიდან აღნიშნული ფაქტის შეტყობის შემდეგ მხარეებს შორის ურთიერთობა დაიძაბა. დ. ვ-ე ნებაყოფლობით არ აღიარებს მამობას.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელესთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით ლ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ ამავე კოლეგიის 2013 წლის 17 იანვრის საოქმო განჩინებასთან ერთად გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საოქმო განჩინება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ლ. კ-ს ... წლის ... ივნისს შეეძინა შვილი – ა. კ-ი, რომლის მამად დაბადების მოწმობაში მითითებულ იქნა დ. კ-ი.
მოპასუხე დ. ვ-ე არის ა. კ-ის ბოილოგიური მამა.
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, ბავშვის წარმოშობის დადგენისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ პირის დადგენას, ვინც პირდაპირ ბიოლოგიურ კავშირშია ბავშვთან და, შესაბამისად, არის ბავშვის მშობელი. ზემოაღნიშნული ნორმით დაცულია ბავშვის სამოქალაქო უფლება, იცოდეს თავისი წარმომავლობის, მშობლების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე პალატამ დადგენილად ჩათვალა, რომ მოპასუხე დ. ვ-ე არის ა. კ-ის ბიოლოგიური მამა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტების დაკითხვაზე უარი უნდა შეფასდეს, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შეზღუდვა, რადგან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ექსპერტის დასკვნაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება დ. ვ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატა გასაჩივრებული განჩინების მიღებისას დაეყრდნო პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაზიარებულ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას იმის შესახებ, რომ დ. ვ-ე ა. კ-ის მამაა.
სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, მამობის დადგენის საკითხი წყდება შესაბამისი გამოკვლევების შედეგების თანახმად, ამდენად, მხარის უფლებაა, მაქსიმალურად იქნეს გამოკვლეული გარემოებები, რომლებიც ექსპერტიზის დასკვნას ეხება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ არასწორად უთხრა უარი დ.ვ-ეს სასამართლოში ექსპერტების მოწვევასა და დაკითხვაზე, რაც უნდა შეფასდეს, როგორც მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევის შეზღუდვა. აღნიშნულის გამო, მიღებული გადაწყვეტილება ვერ მიიჩნევა მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით საქმის განხილვის შედეგად მიღებულ დოკუმენტად. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ დაირღვა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლით დადგენილი დ.ვ-ის უფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა დ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ დ. ვ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 27 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% –210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ. ვ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ დ. ვ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით 2013 წლის 27 სექტემბერს №1 საგადახდო დავალებით მის მიერ გადახდილი 300 ლარის 70% –210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
ვ. როინიშვილი