Facebook Twitter

№ას-834-792-2013 3 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ა-ი“, შ. ბ-დ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – მ. კ-ი, გ. პ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. კ-მა და გ. პ-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ა-ის“, შპს „ვ-ა“ და შ. ბ-დ-ის წინააღმდეგ და მოითხოვეს: მოპასუხეების შპს ,,ა-ის”, შ. ბ-დ-სა და შპს ,,ვ-ის” მოსარჩელეების მ. კ-ის და გ. პ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად პირგასამტეხლოს 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

სარჩელის თანახმად, 2006 წლის 17 იანვარს, ესა ,,ა. პ-ს”, მ. კ-ს და გ. პ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეები იღებდნენ ვალდებულებას ამხანაგობაში განეხორციელებინათ არაფულადი შენატანი, ხოლო სანაცვლოდ უნდა მიეღოთ ქ. თბილისში, ს-ოს ქ. №32-ში 190 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართი. მშენებლობის დასრულების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 01 ივნისი. მოსარჩელეებმა შეასრულეს 2006 წლის 17 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადის გადაცილებისთვის, მშენებელი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო, რომელიც ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე შეადგენდა 500 აშშ დოლარს, ხოლო ზედიზედ სამი თვის გადაცილების შემთხვევაში კი 1 000 აშშ დოლარს.

ხელშეკრულებით დათქმულ ვადაში მოსარჩელეებისთვის არასაცხოვრებელი ფართი არ იქნა გადაცემული, რის გამოც 2007 წლის 21 თებერვალს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება. შეთანხმების მიხედვით, მოსარჩელეები უარს ამბობდნენ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაზე, სანაცვლოდ კი ამხანაგობა კისრულობდა ვალდებულებას მოსარჩელეებისთვის გადასაცემ ფართში ჩაეტარებინა სარემონტო სამუშაოები. ამავე შეთანხმებით მოსარჩელეებისთვის ფართის გადაცემის ვადად განისაზღვრა 2007 წლის 31 მაისი, ასევე შეიცვალა პირგასამტეხლოს ოდენობა, კერძოდ, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე შეადგენდა 2 000 აშშ დოლარს.

ამხანაგობამ ვერ შეძლო მოსარჩელეებისთვის დათქმულ ვადაში ფართის გადაცემა, რის გამოც 2007 წლის 21 მაისს მხარეთა შორის კვლავ გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც, შეიცვალა მხოლოდ მოსარჩელეების ფართის გადაცემის ვადა, კერძოდ, ამხანაგობას მოსარჩელეებისთვის ფართი უნდა გადაეცა 2008 წლის 31 დეკემბრამდე, პირგასამტეხლოს ოდენობა დარჩა უცვლელი. ამხანაგობამ დაარღვია 2007 წლის 21 მაისის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, მოსარჩელეებს ფართი არ გადასცა და არც პირგასამტეხლო გადაუხადა. მოსარჩლეებმა არაერთგზის მიმართეს ამხანაგობას როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით, თუმცა გაფრთხილებას შედეგი არ მოჰყოლია.

ამხანაგობამ მხოლოდ 2010 წლის 31 მარტს გადასცა მოსარჩელეებს არასაცხოვრებელი ფართი, ამასთან, მოპასუხეს სარემონტო სამუშაოების ნაწილში ვალდებულება არ შეუსრულებია, კერძოდ, გადაცემული ფართი არ შეესაბამებოდა მხარეთა შორის 2007 წლის 21 თებერვლის შეთანხმებაში განსაზღვრულ პირობებს. ამხანაგობას ასევე არ შეუსრულებია ვალდებულება მოსარჩელეებისთვის პირგასამტეხლოს გადახდის ნაწილში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს მოსარჩლეების სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს გადახდა 2008 წლის 31 დეკემბრიდან ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 2 000 აშშ დოლარის ოდენობით, რაც სარჩელის აღძვრის დროისთვის 35 თვეზე შეადგენს 70 000 აშშ დოლარს.

მოპასუხეებმა: შპს ,,ა-მა” და შ. ბ-დ-მა სარჩელი არ ცნეს შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო ფორს-მაჟორული მდგომარეობით, კერძოდ 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების გამო გადაკეტილი იყო დასავლეთ საქართველოსთან დამაკავშირებელი მაგისტრალი, რის გამოც ვერ ხდებოდა სამშენებლო მასალის ჩამოტანა ქ. თბილისში. ამასთან, 2008 წლის შემოდგომასა და 2009 წლის გაზაფხულზე ადგილი ჰქონდა მასობრივ დემონსტრაციებს თბილისში, რის გამოც შეზღუდული იყო სატვირთო მანქანების გადაადგილება ქალაქში და სამშენებლო მასალების სამშენებლო მოედანზე მიტანა. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მხარეები ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში გათავისუფლდებოდნენ პასუხისმგებლობისგან იმ შემთხვევაში თუ ეს გამოწვეული იქნებოდა დაუძლეველი ძალის გამო. ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახამად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა გადაიწევს იმ ვადით, რა ვადითაც იქნება ფორს-მაჟორული გარემოება. შესაბამისად, ამხანაგობას არ ეკისრებოდა ვალდებულება 2008 წლის 31 დეკემბრამდე გადაეცა მოსარჩელეებისთვის ფართი. ამასთან, მოსარჩელეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ფართი გადაეცათ 2010 წლის 31 მარტს და გაუგებარია თუ რატომ მიიჩნევს მოსარჩელე მხარე, რომ ვალდებულება დღემდე არ შესრულებულა. მოპასუხეების წარმომადგენლებმა ასევე მიუთითეს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და მოითხოვეს მისი შემცირება. მოპასუხეების წარმომადგენლებმა სასამართლო სხდომაზე იშუამდგომლეს, რომ იმ შემთხვევაში თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს შპს ,,ა-ს” და შ. ბ-დ-ს მოსარჩელეების სასარგებლოდ გარკვეული ფულადი თანხის გადახდა დაეკისრებათ, გადაწყვეტილების აღსრულების ვადა განისაზღვროს იმგვარად, რომ მოპასუხეებს მოსარჩელეების სასარგებლოდ დაკისრებული თანხა გადახდეთ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ.

მოპასუხე შპს ,,ვ-ას” შესაგაბელი არ წარმოუდგენია, ის არც სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით მ. კ-ის და გ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: შ. ბ-დ-სა და შპს ,,ა-ს” მ. კ-სა და გ. პ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 3 000 აშშ დოლარის გადახდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ შპს ,,ვ-ის” შ. ბ-დ-ან და შპს ,,ა-ან” ერთად სოლიდარულად 70 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრებაზე, შ. ბ-დ-ის და შპს ,,ა- ის” მოსარჩელეების მ. კ-ის და გ. პ-ის სასარგებლოდ ამ გადაწყვეტილებით სოლიდარულად დაკისრებული თანხის გადახდა მოპასუხეების შ. ბ-დ-ის და შპს ,,ა-ის” მიერ განხორციელდეს სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მ. კ-მა და გ. პ-ემ, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-სა და გ. პ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, მ. კ-სა და გ. პ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ა-სა“ და შ. ბ-დ-ს მ. კ-სა და გ. პ-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 41 200 აშშ დოლარის ანაზღაურება; დანაჩენ ნაწილში მ. კ-ის და გ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვტილება იმ ნაწილში, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ვადა განისაზღვრა მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი წლის შემდეგ (სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტი); შპს „ა-ს“ და შ. ბ-დ-ს მ. კ-ის და გ. პ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 5006 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2006 წლის 17 იანვარს, ერთი მხრივ, მ. კ-სა და გ. პ-ეს და მეორე მხრივ, ამხანაგობა ,,ა. პ-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებით მ. კ-სა და გ. პ-ეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა მიეღოთ ორი კომერციული ფართი: ა) ქ. თბილისში, ს-ოს ქ. N32-ში მშენებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მე-5 ბლოკში, პირველ სადარბაზოში, პირველ კომერციულ სართულზე 99მ2 არასაცხოვრებელი ფართი და ბ) იმავე მისამართზე მე-2 კომერციულ სართულზე 91მ2 ფართი, სულ 190მ2.

ზემოაღნიშნული კომერციული ფართების გადაცემის ვადად განისაზღვრა 2006 წლის 01 ივნისი (ხელშეკრულების 3.5 პუნქტი). აღნიშნული ვადის ერთ თვეზე მეტი ხნით გადაცილების შემთხვევაში, ამხანაგობას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 500 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო თუ ვადაგადაცილება შეადგენდა სამ თვეზე მეტს, მაშინ პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე განისაზღვრა 1 000 აშშ დოლარით.

დადგენილია, რომ 2007 წლის 21 თებერვალს მხარეებს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც მ. კ-მა და გ. პ-ემ უარი განაცხადეს შეთანხმებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაზე, რის სანაცვლოდაც შპს „ა. პ-მა“ (წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ი. უ-ას მიერ) აიღო ვალდებულება მ. კ-სა და გ. პ-ის გადასაცემ ფართში განეხორციელებინათ შეთანხმებაში ჩამოთვლილი სარემონტო სამუშაოები, მათ შორის, მოეწესრიგებინათ წყალგაყვანილობა, გათბობის სისტემა, დაემონტაჟებინათ რადიატორები, წყლის, გაზისა და დენის მრიცხველები და სავენტილაციო სისტემა (მტკიცებულება: დამატებითი შეთანხმება, ტ.1. ს.ფ. 30), იმ შემთხვევაში თუ, ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი სამუშაოების დასრულება 2007 წლის 30 სექტემბრამდე, მ. კ-ი და გ. პ-ე უფლებამოსილი იქნებოდნენ მოეთხოვათ პირგასამტეხლო 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე.

ამდენად, წარმოდგენილი ხელშეკრულებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გადახდა მხარეებმა დაუკავშირეს მხოლოდ ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში (2007 წლის 30 სექტემბრამდე) შეუსრულებლობას.

დადგენილია, რომ 2007 წლის 30 მაისს, ერთი მხრივ, მ. კ-სა და გ. პ-ეს და მეორე მხრივ, ამხანაგობა ,,ა. პ-ს” (წარმოდგენილი მისი თავმჯდომარის ი. უ-ას მიერ) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლითაც 2007 წლის 21 თებერვლის შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადამ გადაიწია 2008 წლის 31 დეკემბრამდე. აღნიშნულ ვადაში სამუშაოების შეუსრულებლობის შემთხვევაში, განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობას (რაც ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე შეადგენდა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში) ცვლილება არ განუცდია.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317.1-ე, 361.2 -ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მ. კ-სა და გ. პ-ის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ხოლო რაც შეეხება ამხანაგობა „ა. პ-ის“ მხრიდან ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ამხანაგობა ,,ა. პ-ის” მხრიდან ადგილი აქვს ვალდებულების დარღვევას, რაც კონკრეტულად გამოიხატება შემდეგში:

ა) ხელშეკრულებით გათვალისწინებული 99მ2 და 91მ2 არასაცხოვრებელი ფართების ნაცვლად მოსარჩელეებს გადაეცათ 94,45მ2 და 90,6მ2 ფართის მქონე კომერციული (არასაცხოვრებელი) ფართები;

ბ) მოპასუხემ არ შეასრულა 2007 წლის 21 თებერვლის შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, არ დამონტაჟდა სავენტილაციო სისტემა; არ დამონტაჟდა დენის მრიცხველი; არ შევიდა ექსპლუატაციაში გაზი; არ მოწესრიგდა წყალგაყვანილობა;

2011 წლის 16 აგვისტოს მოსარჩელეებმა იჯარით გასცეს არაკომერციული ფართი 94 კვ.მ. აღნიშნული ხელშეკრულება ვადამდე იქნა შეწყვეტილი (2012 წლის 1 აპრილიდან), მეიჯარის ინიციატივით, რისი მიზეზიც გახდა ტერიტორიაზე არსებული საამშენებლო სარემონტო სამუშაოების გამო ფართში შესასვლელი გზების პერიოდული ბლოკირება, კანალიზაციის გაუმართაობა, გათბობის არარსებობა, დენის ცვალებადი სიხშირით მოწოდება, რაც განაპირობებდა ელექტრო მოწყობილობების მწყობრიდან გამოყვანას, რაც არ იქნა აღმოფხვრილი 2011 წლის ბოლომდე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, ამხანაგობა „ა-ი პ-მა“ ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა, რაც ეწინააღმდეგებოდა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პრინციპს.

ამასთან, დადგენილია, რომ ამხანაგობა „ა. პ-მა“ ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეასრულა, კერძოდ, მოსარჩელეებს არასაცხოვრებელი ფართები ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული 2008 წლის 31 დეკემბრისა, გადასცა 2010 წლის 31 მარტს. სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას მასზე, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევაში მოპასუხეს მიუძღვის ბრალი. ამხანაგობა „ა. პ-ის“ მიერ ვერ იქნა დადასტურებული მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობა მომხდარ საომარ მოვლენებსა და კომპანიის მიერ მოსარჩელეთა წინაშე ვალდებულების დარღვევას შორის

მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი სარჩელით მოთხოვნილია ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, 2008 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის მარტამდე (ვადაგადაცილების 14 თვე) და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის - 2010 წლის მარტიდან 2012 წლის თებერვლამდე (ვადაგადაცილების 22 თვე), რომლის ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე შეადგენს 2000 აშშ დოლარს.

პალატამ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლოს აქვს შესაძლებლობა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რომ არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ, კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს და ამდენად, სასამართლოს მხრიდან ამ უფლებამოსილების გამოყენება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების საკითხთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ მოსარჩელეებს არ მოუთხოვიათ ზიანის ანაზღაურება ამხანაგობა „ა. პ-ის“ მხრიდან ვალდებულების დარღვევისათვის და აგრეთვე იმის გათვალისწინებით, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოზე მხარეებმა რამოდენიმეჯერ შეცვალეს და საბოლოოდ, მხარეებმა გამოავლინეს ნება პირგასამტეხლოს იმ ოდენობაზე, რაც ვადაგადაცილების ყოველ თვეზე განისაზღვრა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით, ამ ვითარებაში, სამოქალაქო საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისათვის არ უნდა შემცირებულიყო და მოპასუხეს სრულად უნდა დაკისრებოდა ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისათვის სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ თვეზე 2000 აშშ დოლარის ოდენობით, 2008 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის მარტამდე (ვადაგადაცილების 14 თვე), რაც საბოლოო ჯამში შეადგენს 28 000 აშშ დოლარს.

რაც შეეხება, პირგასამტეხლოს გადახდას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეებს კომერციული ფართები საკუთრებაში გადაეცათ არა შეთანხმებული ოდენობით, კერძოდ, ხელშეკრულებით გათვალისწინებული 99მ2 და 91მ2 არასაცხოვრებელი ფართების ნაცვლად გადაეცათ 94,45მ2 და 90,6მ2 ფართის მქონე კომერციული (არასაცხოვრებელი) ფართები და ამავდროულად დადგენილია, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა შეთანხმებული სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობით (წინამდებარე გადაწყვეტილების 4.2. პუნქტი). აქედან გამომდინარე, საპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს იგივე ოდენობით დაკისრება, რაც დათქმულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობის გამო განისაზღვრა შესაბამისობაში არ იყო გონივრულ სტანდარტთან და ეწინააღმდეგებოდა სამართლიანობის პრინციპს, რის გამოც ამ ნაწილში, პირგასამტეხლოს შეთანხმებული ოდენობა უნდა შემცირებულიყო შთანხმებული ოდენობის 30%-მდე და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის ნაცვლად სარჩელით მოთხოვნილი ოდენობისა, 2010 წლის მარტიდან 2012 წლის თებერვლამდე (ვადაგადაცილების 22 თვე) პირგასამტეხლოს მთლიანი ოდენობა უნდა განისაზღვრულიყო 13 200 აშშ დოლარით.

პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937.1-ე, 464-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ა. პ-ის” მონაწილეები არიან შპს ,,ა-ი” და შ. ბ-დ-ი, რომლებიც სოლიდარულად აგებენ პასუხს ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილ ვალებზე და ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლოც სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.

რაც შეეხება გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის აღსრულების ვადის განსაზღვრის საკითხს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, შპს ,,ა-მა“ ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ერთი წლით გადავადების საფუძველი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოში შესულია დაახლოებით 18 თვის წინ. ამდენად, ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება, პალატის აზრით უნდა გაუქმებულიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ა-მა“ და შ. ბ-დ-მა, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის შემდეგ გარემოებათა გამო:

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიღო გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, რომ არასრულად შეისწავლა და გამოიკვლია განსახილველი დავის გადასაწყვეტად საჭირო მტკიცებულებები, რამაც საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა, კერძოდ, სასამართლოს არ უმსჯელია და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ გამოუკვლევია საქმის მასალებზე დართული მტკიცებულებები – მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებები, არ დაუდგენია, აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე რომელი ვალდებულების შეუსრულებლობას ჰქონდა ადგილი ამხანაგობა „ა. პ-ის“ მიერ, კერძოდ, კონკრეტულად რომელ ვალდებულებებს ითვალისწინებდა ესა თუ ის ხელშეკრულება და რომელი ვალდებულებები არ იქნა შესრულებული ამხანაგობის მიერ. სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად ამხანაგობის მხრიდან გარკვეული სამუშაოების შეუსრულებლობის ფაქტი, რომ საერთოდ არ მიუქცევია ყურადღება იმისათვის, რომ აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვალდებულება ამხანაგობას ან საერთოდ არ ეკისრებოდა ან ეკისრებოდა ამხანაგობის წევრების – გ. პ-სა და მ. კ-ის მიერ საპასუხო შესრულების განხორციელების შემხთვევაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები მტკიცებულებათა სრულყოფილი ანალიზის შედეგად. ამასთან, ამხანაგობა „ა. პ-ე“ დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ გარკვეული გარემოებები დადგენილად მიიჩნია სათანადო მტკიცებულებების გარეშე, ხოლო მთელი რიგი გარემოებები ყოველგვარი დასაბუთების გარეშე არ გაითვალისწინა. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ამხანაგობის მიერ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობა გამოიხატა იმაში, რომ არასაცხოვრებელი ფართობები მოსარჩელეებს ნაცვლად ხელშეკრულებით შეთანხმებული 2008 წლის 31 დეკემბრისა, გადასცა 2010 წლის 31 მარტს. სასამართლოს მხედველობდან გამორჩა ის გარემოება, რომ არც 2007 წლის 30 მაისის შეთანხმებით, რომელზეც ის სავარაუდოდ აპელირებს და არც მხარეებს შორის გაფორმებული და ძალაში მყოფი წინა ხელშეკრულებების პირობებით, ამხანაგობასა და გ. პ-სა და მ. კ-ს შორის არ ყოფილა შეთანხმებული არასაცხოვრებელი ფართობების გადაცემის ვადები.

არასწორია სასამართლოს დასკვნები იმასთან დაკავშირებით, რომ სარჩელით მოთხოვნილია პირგასამტეხლო 2008 წლის 31 დეკემბრიდან 2010 წლის მარტამდე ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობისათვის, რაც გამოიხატა ამხანაგობის მიერ გ. პ-სა და მ. კ-ის არასაცხოვრებელი ფართობების 14 თვის დაგვიანებით გადაცემისათვის. შედეგად, არასწორია სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მან ვადაგადაცილების 14 თვეზე 28 000 აშშ დოლარის ოდენობის პირგასამტეხლო განსაზღვრა ისეთი ვალდებულების დროული შეუსრულებლობისათვის, რომლის შესრულების ვადებში მოპასუხე მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმებების საფუძველზე შეზღუდული არ ყოფილა.

არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებმა არათუ სათანადო შეფასება არ მისცეს არამედ ფაქტობრივად საერთოდ უგულვებელყვეს ფორმაჟორული გარემოების მოქმედების ფაქტი.

სასამართლომ ისე გამოიტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ ამხანაგობა „ა. პ-ის“ მხრიდან ადგილი ჰქოდა ვალდებულების დარღვევას და არაჯეროვან შესრულებას, როდესაც ხელშეკრულებით გათვალისწინებული 99 კვ.მ. და 91 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობების ნაცვლად ამხანაგობის წევრებს გადასცა 94.95 კვ.მ. და 90.60 კვ.მ. ფართობის მქონე კომერციული (არასაცხოვრებელი) ფართობები (ანუ არა შეთანხმებული ოდენობის არამედ ნაკლები ფართობის), რომ საერთოდ არ უმსჯელია ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების შინაარსზე, კერძოდ, იმაზე, რომ შეთანხმებულზე ნაკლები ოდენობით ფართობისა და ამ თვალსაზრისით ნივთობრივი ნაკლის მქონე ქონების გადაცემას ადგილი არ ჰქონია და ამხანაგობა „ა. პ-ი“ გ. პ-სა და მ. კ-ს გადასცა და მათ მიიღეს სწორედ ხელშეკრულებით შეთანხმებული ფართობის მქონე არასაცხოვრებელი ფართობები. სასამართლომ საერთოდ უგულვებელყო ის ფაქტი, რომ ქონების გადაცემის მომენტში გ. პ-სა და მ. კ-ს არავითარი პრეტენზია არ განუცხადებიათ არც ვადის დარღვევის და არც შესრულებული სამუშაოების ნაკლის თაობაზე. ამდენად, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ არ უნდა ყოფილიყო მხედველობაში მიღებული.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ამხანაგობა „ა. პ-ის“ მხრიდან ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება გამოიხატა სასამართლო გადაწყვეტილების 4.2 პუნქტში მითითებული შეთანხმებული სარემონტო სამუშაოების შეუსრულებლობაშიც, თუმცა გაურკვეველია, თუ რომელ მტკიცებულებებზე დაყრდნობით გააკეთა მან აღნიშნული დასკვნა. სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია დადგენილად ამხანაგობა „ა. პ-ის“ მხრიდან დენის მრიცხველის დამონტაჟებისა თუ წყალგაყვანილობის მოწესრიგების ვალდებულებები შეუსრულებლად, რომ საერთოდ არ იმსჯელა იმ საკითხზე, თუ რამდენად იყო შესრულებული მითითებული სამუშაოების წარმოებისა და მრიცხველების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება ამხანაგობის წევრების მიერ. საქმეში არსებული მტკიცებულებების არასრული და არასწორი შეფასების შედეგად, დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას სასამართლოს გადაწყვეტილებით ამხანაგობას შეერაცხა იმაზე მეტი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, ვიდრე მას რეალურად ეკისრებოდა მხარეთა შეთანხმებებიდან გამომდინარე.

ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისთვის პირგასამტეხლოს სახით დასაკისრებელ თანხად 13 200 აშშ დოლარის განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების კვლევით ნაწილში ასახული მტკიცებულებების სრულყოფილი გამოკვლევისა და ანალიზის შედეგად არ მოახდინა, რის შედეგადაც სახეზეა საქმის განხილვა ისეთი მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელმაც არსებითად იმოქმედა საქმის განხილვის შედეგზე და რასაც არასწორი და უსამართლო გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილება დააფუძნა მხოლოდ ერთი მხარის ახსნა-განმარტებას, რომელსაც არცერთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია თავისი პოზიციის გასამყარებლად და სამართლებრივად საერთოდ არ შეაფასა მოწინააღმდეგე მხარის არგუმენტები. ამხანაგობა „ა. პ-ს“ ან ჯეროვნად აქვს შესრულებული ვალდებულებები ან საერთოდ არ ეკისრებოდა გარკვეული სამუშაოების შესრულების ვალდებულება. ამასთან, რიგ შემთხვევებში მათი შესრულება დამოკიდებული იყო მეორე მხარის საპასუხო შესრულებაზე ან განსაზღვრული პირობების დადგომაზე მთლიანობაში ვალდებულების დარღვევა იყო უმნიშვნელო შესრულებულ ვალდებულებასთან მიმართებით, რაზეც სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია.

მართალია, სააპელაციო სასამართლომ ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილებით და 30%-დე შეამცირა მხარეთა შორის შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, თუმცა მან რეალურად მნიშვნელოვნად გაზარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა საქმის ყველა გარემოება, რომელთა ერთობლიობაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს იმაზე, რომ ამხანაგობა „ა. პ-ე“ დაკისრებული პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს მის მიერ ვალდებულების შეურულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანს და არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი. სასამართლოს დამატებით უნდა გაეთვალისწინებინა ისეთი გარემოებები, როგორიცაა ზოგადად სამშენებლო სექტორში არსებული მძიმე ფინანსური კრიზისი, რაც საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, ამხანაგობის სხვა მრავალრიცხოვანი ვალდებულებების არსებობა, მის მიერ აღნიშნულ ფონზე უთვე განხორციელებული შესრულება და მისი ღირებულება, ასევე შესრულებისა და დარჩენილი სამუშაოების თანაფარდობა. ყოველი ზემოაღნიშნული იძლევა იმის საფუძველს, რომ სასამართლომ მნიშვნელოვნად და გონივრულად შეამციროს დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა, რათა ის გახდეს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, მძიმე ტვირთად არ დააწვეს ამხანაგობას და კიდევ უფრო არ შეაფერხოს დარჩენილი ვალდებულებების შესრულების პროცესი.

აპელანტებმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს, რომ ითხოვდნენ პირგასამტეხლოს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის და არ ითხოვდნენ მიუღებელ შემოსავალს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას განმარტა, რომ არსებობდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის საფუძველი, რადგან საქმე ეხებოდა კომერციულ ფართობს, პირგასამტეხლო მიუღებელი შემოსავლის ხასიათსაც ატარებდა და ზიანი გაცილებით მეტი იყო. ამასთან, აპელანტებს არ ჰქონდათ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მათ მიერ ზიანის მიღების ფაქტი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ აპელანტებს თავად ჰქონდათ უარი ნათქვამი ვადის დარღვევისათვის შეთანხმებულ პირგასამტეხლოზე და მხარეთა შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ ეხებოდა მხოლოდ სარემონტო სამუშაოების არაჯეროვან შესრულებას. ამასთან, აპელანტები თავადვე ადასტურებდნენ, რომ სარემონტო სამუშაოების დიდი ნაწილი შესრულებული იყო.

სააპელაციო სასამართლომ ასევე ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილშიც, რომლითაც სასამართლომ გაითვალისწინა რა ის გარემოებები, რომ მოპასუხე სამშენებლო სექტორში ახორციელებდა საქმიანობას, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო ბინებისა და სხვა სამშენებლო ობიექტების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე ჰყავდა სხვა კრედიტორებიც, რომელთა წინაშე შესასრულებელი ჰქონდა ვალდებულებები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის შესაბამისად, ისარგებლა უფლებამოსილებით და სათანადო ფულადი სახსრების მოძიების მიზნით მოპასუხეს დაუწესა თანხის გადახდის გონივრული ვადა – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 1 წლის შემდეგ. სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების არგუმენტირებისას შემოიფარგლა მხოლოდ ერთი წინადადებით: შპს „ა-ის“ მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გარემოებანი, რომლებიც შეიძლებოდა გამხდარიყო მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ერთი წლით გადავადების საფუძველი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი სასამართლოში შესულია 18 თვის უკან“. გარდა იმისა, რომ სააპელაციო სასამართლომ მთლიანად უგულვებელყო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღნიშნული ნაწილის საკმაოდ მყარი დასაბუთება ისე, რომ არც კი ეცადა მოეყვანა საპირისპირო და წონადი ერთი არგუმენტი მაინც, გაურკვეველი რჩება, გულისხმობდა თუ არა ის სასამართლოში დავის განხილვის ვადების მითითებისას ამხანაგობის შესაძლო მონაწილეობას საქმის გაჭიანურების პროცესში და მოახდინა თუ არა ამან რაიმე გავლენა საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანისას მისი შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზე, აშკარაა, რომ ამ ნაწილშიც სააპელაციო სასამართლოს დასაბუთება მეტად არასრულია და უნდა გაუქმდეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით შპს „ა-სა“ და შ. ბ-დ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-სა“ და შ. ბ-დ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ა-სა“ და შ. ბ-დ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (3412.02+250.30=3662.32 ლარის) 70% – 2563.62 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ა-სა“ და შ. ბ-დ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს შპს „ა-სა“ და შ. ბ-დ-ს დაუბრუნდეთ შპს „ა-ის“ მიერ 2013 წლის 30 სექტემბერს №... და №... საგადახდო დავლებებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (3412.02+250.30=3662.32 ლარის) 70% – 2563.62 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე