Facebook Twitter

№ას-837-795-2013 3 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ა. დ-ე, ზ. დ-ე, ჟ. მ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – კ. კ-ე

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

კ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. დ-ის, ა. დ-სა და ჟ. მ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხეებისთვის , მის სასარგებლოდ, 10 500 ლარის გადახდის დაკისრება შემდეგი საფუძვლით:

მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 25 იანვარს მოსარჩელესა და მოპასუხე ა. დ-ეს შორის დაიდო ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა იურიდიული მომსახურების გაწევას შპს ”ხ-ის” დამფუძნებლებისათვის ა. დ-ისა და ჟ. მ-ის. ხელშეკრულების თანახმად, კლიენტის მიერ ადვოკატისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა განისაზღვრა 1000 ლარით, რომლის ნაწილი (500 ლარი) უნდა გადახდილიყო 26 იანვარს, ხოლო დანარჩენი 500 ლარი – 6 თებერვალს. მოპასუხემ გადაიხადა თანხის ნაწილი 500 ლარი. თანხის ნაწილის გადახდა გადაუვადდათ. ამ თანხის გადახდაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა ა. დ-ის შვილმა ზ. დ-ემ.

მოპასუხეებმა გადაწყვიტეს შეეტანათ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, აღნიშნული იურიდიული მომსახურების გასაწევად მხარეებს მოსარჩელესა და ზ. დ-ეს შორის 2012 წლის 22 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება, რომელსაც დაეთანხმა ა. დ-ეს და ჟ. მ-ე. ხელშეკრულებით მომსახურების საფასური განისაზღვრა 10 000 ლარი, რომელიც უნდა გადახდილიყო 2012 წლის გაზაფხულზე. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან შეასრულა ვალდებულება, მიმართა საჩივრით ევროპულ სასამართლოს და საჩივარი სტრასბურგის სასამართლოს წარმოებაშია.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2012 წლის 25 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, იურიდიული მომსახურების თანხა მას გადახდილი აქვს, ეს თანხა მოსარჩელეს გადაუხადა ნაღდი ანგარიშსწორებით. ამასთან, მან იურიდიული მომსახურება ჯეროვნად არ შეასრულა. მოპასუხეებმა დაადასტურეს მხარეებს შორის 2012 წლის 22 თებერვალს ხელშეკრულების დადების ფაქტი და განმარტეს, რომ 10 000 ლარის გადახდა მათ იკისრეს საქმის დასრულების შემდეგ, რომელიც მოსარჩელის მიცემული გარანტიის თანახმად, უნდა დასრულებულიყო 2012 წლის გაზაფხულზე. ამ ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეების მიერ გადახდილია 600 ლარი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით კ. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს: ზ. დ-ეს, ა. დ-სა და ჟ. მ-ეს მოსარჩელე კ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 10 500 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტიელბა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. დ-ე, ა. დ-ემ და ჟ. მ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით ჟ. მ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ზ. დ-სა და ა. დ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება ჟ. მ-ის 500 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში ახალი გადაწყვტეილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 15 მარტის გადაწყვეტიელბა დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

25.01.2012 წელს კ. კ-სა და ა. დ-ეს შორის გაფორმდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც კ. კ-ემ იკისრა ვალდებულება იურიდიული მომსახურება გაეწია შპს ”ხ-ის” დამფუძნებლების, ა. დ-სა და ჟ. მ-ის. იურიდიული მომსახურების სანაცვლოდ ა. დ-ემ აიღო ვალდებულება კ. კ.ხ-ის გადაეხადა 1000 ლარი, აქედან 500 ლარი გადახდილი უნდა ყოფილიყო 26 იანვარს, ხოლო 500 ლარი - 6 თებერვალს. ხელშეკრულება ხელმოწერილი იქნა ა. დ-ის მიერ.

06.02.2012 წელს ა. დ-ის შვილმა ზ. დ-ემ 25.01.2012 წლის ხელშეკრულებაზე განხორცილებული მინაწერით დაადასტურა ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე 500 ლარის გადახდის ვალდებულება და მისი გადახდა იკისრა 20 000 ლარის დაბრუნების შემთხვევაში. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 25.01.2012 წლის იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თანხის გადახდაზე ვალდებულ პირებს წარმოადგენენ: ა. დ-ე და ზ. დ-ე. ა. დ-ეს ვალდებულება უნდა შეესრულებინა კონკრეტულ ვადაში (06.02.2012წ.), ზ. დ-ის მხრიდან გადახდის ვალდებულება კი უკავშირდებოდა მითითებული პირობის (სადავო 20 000 ლარის დაბრუნება) დადგომას. რაც შეეხება ჟ. მ-ეს, პალატის აზრით, იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულებაზე ხელმომწერ და შესაბამისად, აღნიშნული თანხის გადახდაზე ვალდებულ პირს. აღნიშნული წარმოადგენს ჟ. მ-ის 500 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების და ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს.

06.02.2012 წელს ზ. დ-ის მიერ 25.01.2012 წლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაზე განხორცილებული მინაწერით შეთანხმებული პირობა იმის შესახებ, რომ თანხა გადახდილი იქნებოდა 20 000 ლარის დაბრუნების შემთხვევაში, უკვე დამდგარია - სადავოდ გამხდარი 20 000 ლარი დაბრუნებულია;

25.01.2012 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების ნაწილი შესრულებულია, დამკვეთის მიერ 500 ლარი გადახდილია;

რაც შეეხება დარჩენილ 500 ლარს, პალატამ არ გაიზიარა მსჯელობა მასზე, რომ ეს ვალდებულება შესრულებულია. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა აღნიშნული თანხის გადახდას, საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის, შესაბამისად, არ არსებობს ა. და ზ. დ-ის 500 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

22.02.2012 წელს კ. კ-სა და ზ. დ-ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, რომლითაც კ. კ-ემ იკისრა ვალდებულება იურიდიული მომსახურება გაეწია შპს ”ხ-ის” დამფუძნებლების, ა. დ-ის და ჟ. მ-ის. კლიენტის მიერ ადვოკატისათვის გადასახდელი თანხა განისაზღვრა 10 000 ლარით, რომელიც გადახდილი უნდა ყოფილიყო 2012 წლის გაზაფხულზე; 22.02.2012 წლის ხელშეკრულება ხელმოწერებით დაადასტურეს ა. დ-ემ და ჟ. მ-ემ 23.03.2012წ;

პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 22.02.2012 წლის ხელშეკრულებაზე შესრულებული შტრიხული ხელმოწერა ეკუთვნოდა ზ. დ-ეს და შემდეგ მინაწერები: „ხელშეკრულებას ვეთანხმები“ და მათ გასწვრივ არსებული ხელმოწერები შესრულებულია ა. დ-ის და მისი მეუღლის - ჟ. დ-ის მიერ;

აპელანტების პოზიცია არის ის, რომ, მართალია, მათ იკისრეს ხელშეკრულებით ამ თანხის გადახდის ვალდებულება, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმომადგენლის მიერ წარდგენილ სარჩელზე წარმოება ჯერ არ დასრულებულა, რაც შეეხება სადავო 20 000 ლარს, მართალია, ეს თანხა დაუბრუნდათ მოპასუხეებს, მაგრამ ამაში რეალურად ადვოკატის დამსახურება არ არის, ის არაკვალიფიციურია. ამდენად, 22.02.2012 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ვალდებულ პირებს წარმოადგენენ ზ. დ-ე, ა. დ-ე და ჟ. მ-ე.

რაც შეხება ვალდებულების შესრულების ვადას, ხელშეკრულებით დასტურდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ არა კონკრეტული პირობის დადგომის (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოების დასრულების ან სხვ.) შემთხვევაში თანხის გადახდაზე, არამედ კონკრეტულ ვადაზე - 2012 წლის გაზაფხულზე. პალატის განმარტებით, ვინაიდან თვე და რიცხვი განსაზღვრული არ ყოფილა, სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის თანახმად, უნდა ვიგულისხმოთ 2012 წლის მაისის უკანასკნელი დღე.

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ მოსარჩელის მიერ შესრულდა იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ა. დ-ის და ჟ. მ-ის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. სადავო არაა ადვოკატის მიერ ა. დ-ის და ჟ. მ-ის უფლებების დასაცავად გარკვეული სამართლებრივი ქმედებების განხორციელების ფაქტი. კერძოდ, უდავოა, რომ მოსარჩელემ წარადგინა საჩივარი პროკურატურაში, მონაწილეობა მიიღო შემოსავლების სამსახურის სხდომაზე მოპასუხეთა საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, წარადგინა საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ამდენად, დგინდება, რომ მოსარჩელე 25.01.2012 წელს და 22.02.2012 წელს გაფორმებული ხელშეკრულებების ფარგლებში ახორციელებდა შეთანხებულ ვალდებულებას შპს ”ხ-ის” დამფუძნებლებისთვის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე. თავად აპელანტების განმარტებით, სადავო 20 000 ლარი დაბრუნებულია, ანუ მიზანი მიღწეულია.

რაც შეეხება მოპასუხეების განმარტებას, რომ მოსარჩელის მხრიდან ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, 20 000 ლარის დაბრუნებაში მას რეალურად ქმედითი როლი არ შეუსრულებია, პალატამ განმარტა შემდეგი: ამ ეტაპზე სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება ადვოკატის კვალიფიკაცია. ნების ავტონომიის პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების პირობების დისპოზიციური ნორმებით განსაზღვრულ ფარგლებში თავისუფლად განსაზღვრის, ისე კონტრაჰენტის თავისუფლად შერჩევის შესაძლებლობას. შესაბამისად, სწორედ მოპასუხეთა გადასაწყვეტი იყო რომელ ადვოკატზე შეაჩერებდნენ არჩევანს და მიანიჭებდნენ მათი ინტერესების დაცვის უფლებამოსილებას. გარდა ამისა, სადავო 20 000 ლარის მოპასუხეთათვის დაბრუნების ფაქტი სადავო არ არის.

რაც შეეხება აპელანტ ა. დ-ის განმარტებას მასზე, რომ ადვოკატის ქმედებით მათ მიადგათ ზიანი, რაზეც უნდა იმსჯელოს სასამართლომ, პალატამ აღნიშნა, რომ აღნიშნული საკითხი ვერ იქნებოდა წინამდებარე საქმეში მსჯელობის საგანი, რადგან შეგებებული სარჩელი კ. კ.ხიძის მიმართ მოთხოვნებით აღძრული არ ყოფილა.

22.02.2012 წლის იურიდიული მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 10 000 ლარი მოსარჩელისათვის არ არის გადახდილი. რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა ამ ვალდებულების შესრულებას, წარმოდგენილი არ არის და ასეთზე არც მხარეები უთითებენ, შესაბამისად, არ არსებობს ა. დ-ის, ზ. დ-ის და ჟ. მ-ის 10 000 ლარის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 429-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ თანხის გადახდის დამადასტურებელი გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრება თანხის გადახდაზე ვალდებულ პირს, შესაბამისი მტკიცებულება კი სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის საფუძველზე შეიძლება იყოს თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. რადგან 500 ლარის გადახდაზე ასეთი დოკუმენტი წარმოდგენილი არ ყოფილა, სახეზეა ამ თანხის ვალდებული პირებისათვის დაკისრების საფუძველი.

რაც შეეხება 10 000 ლარის ანაზღაურებას, რადგან გასულია მისი გადახდის ვადა და ვალდებულება შესრულებული არ არის, პალატის მოსაზრებით, არ არსებობს ამ თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრების ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა. დ-ემ, ზ. დ-ემ და ჟ. მ-ემ, მოითხოვეს მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორთა განმარტებით, სასამართლოს განმარტება მასზე, რომ მოსარჩელე, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ახორციელებდა შეთანხმებულ ვალდებულებას შპს „ხ-ის“ დამფუძნებლებისათვის იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე, არამართებულია, ვინაიდან მოსარჩელის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მის მიერ იურიდიული მომსახურების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი და დროული მომსახურების დასადასტურებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ა. დ-ის, ზ. დ-სა და ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. დ-ის, ზ. დ-სა და ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. დ-ის, ზ. დ-სა და ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70% – 350 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. დ-ის, ზ. დ-სა და ჟ. მ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორებს დაუბრუნდეთ ა. მ-ის მიერ 2013 წლის 15 აგვისტოს №.... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (500 ლარის) 70% – 350 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე