№ას-846-804-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ლ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ, დაკავებულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ბ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. მ-ის, გ. მ-სა და ნ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა: ქ. თბილისში, პ-ის ჩიხის №3-ში მდებარე მოსარჩელის მიერ ფაქტობრივად დაკავებული საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 24 530 აშშ დოლარიდან 25%-ის 6132,5 აშშ დოლარის კომპენსაციის გადახდის სანაცვლოდ საკუთრების უფლებით მოსარჩელის სახელზე გადაცემა. მოსარჩელის განმარტებით, დაბადებიდან ცხოვრობს, ხოლო 1989 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, პ-ი ჩიხის №3-ში, სადაც წინამორბედი მესაკუთრისაგან ფართის დათმობის გზით მის მშობლებს დაკავებული ჰქონდათ საცხოვრებელი ფართი - ორი ოთახი 54,05 კვ.მ. დ საზაფხულო ფართი 8,88 კვ.მ. დღესაც ფლობს და განკარგავს აღნიშნულ ფართს, იხდის კომუნალურ გადასახადებს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს იმ მოტივით, რომ მოსარჩელე არ არის მოსარგებლე. სადავო უძრავი ქონება მოპასუხეებმა შეიძინეს 1992 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში მოსარჩელეს აღნიშნული ფართით არ უსარგებლია. რაც შეეხება 1992 წლამდე პერიოდს მათთვის ცნობილი არ არის ცხოვრობდა თუ არა გ. ბ-ი სადავო ფართში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ბ-ს დაეკისრა მოპასუხეების: ა. მ-ის, გ. მ-ის და ნ. კ-ის (მ-ის) სასარგებლოდ ქ. თბილისში,პ-ის ჩიხის №3-ში მის მიერ დაკავებული საცხოვრებელი სადგომის - ორი ოთახის 54,05 კვ.მ. და საზაფხულო ფართის 8,88 კვ.მ. -ის საბაზრო ღირებულების 24 530 აშშ დოლარის 25%-ის 6132,5 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდა. ამ თანხის გადახდის შემდეგ აღნიშნულ საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლება გადაეცა გ. ბ-ს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა. მ-მა, გ. მ-მა და ნ. კ-ემ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 8 აპრილის საოქმო განჩინებით აპელანტების: ა. მ-ის, გ. მ-სა და ნ. კ-ის უფლებამონაცვლედ ჩაება ლ. ბ-ი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით ლ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2013წ. საოქმო განჩინებით №2ბ/515-13 სამოქალაქო საქმეზე აპელანტების: ა. მ-ის, გ. მ-სა და ნ. კ-ის უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა ლ. ბ-ი. დავა გამომდინარეობს მესაკუთრეს და საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლეს შორის ურთიერთობიდან. უფლებამონაცვლეობის დადგენას საფუძვლად დაედო სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრის ცვლილება.
პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა მასზე, რომ წინამდებარე საქმეზე უფლებამონავლეობის დადგენის წინაპირობა არსებობდა ჯერ კიდევ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, ვინაიდან ა. მ-ი, გ. მ-ი და ნ. კ-ე უკვე აღარ წარმოდგენდნენ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეებს.
28.09.2010წ. მომზადებული საჯარო რეესტრის ამონაწერით, ქ. თბილისში, პ-ის ჩიხი N3-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებული ფართობი 394 კვ.მ., შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ირიცხებოდა ა. მ-ის გ. მ-ის და ნ. მ-ის თანასაკუთრებად (ტ.I, ს.ფ. 25,26).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2012წ. გადაწყვეტილებით: მოსარჩელე თ. ბ-ის სარჩელი მოპასუხეების - ა. მ-ის, გ. მ-სა და ნ. კ-ის (ქორწინებამდე გვარი მ-ი) მიმართ იპოთეკის საგნის პირდაპირ საკუთრებაში გადასვლის შესახებ დაკმაყოფილდა; ა. მ-ის, გ. მ-სა და ნ.კ-ის (ქორწინებამდე გვარი მ-ი) თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ.თბილისი, ჩიხი პ-ი, №3-ში მდებარე მიწის ნაკვეთი, (დაზუსტებული ფართი 394 კვ.მ. შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: №1, №2, №3, №4, საკადასტრო კოდი ...) გადავიდა მოსარჩელის თ. ბ-ის (პ/ნ ...) საკუთრებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2012წ. გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცელი გაიცა 23.01.2013წ. (ტ.II, ს.ფ.32,33). კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 19.06.2012წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, უძრავი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, პ-ის ჩიხის N3-ში (საკადასტრო კოდი ...) თ. ბ-ის სახელზე საჯარო რეესტრში აღირიცხა 08.02.2013წ. (ტ.II, ს.ფ. 32,33).
ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის მომენტში, 26.12.2012წ., თ. ბ-ი არ წარმოადგენდა ქ. თბილისში, პ-ის ჩიხი N3-ში (საკადასტრო კოდი ...) მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს. შესაბამისად, დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას დავის საპროცესო მხარეს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მესაკუთრეები წარმოადგენდნენ.
12.03.2013 წელს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით თ. ბ-მა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, პ-ის ჩიხი N3-ში (საკადასტრო კოდი ...) აჩუქა ლ. ბ-ს. უძრავი ნივთი საჯარო რეესტრში აღირიცხა ლ. ბ-ის სახელზე (ტ.II, ს.ფ. 34,35), რომელიც ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2013წ. საოქმო განჩინების საფუძველზე წარმოადგენს წინამდებარე დავის საპროცესო მხარეს - აპელანტს. პალატის განმარტებით, საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრის ცვლილება წარმოადგენს საქმეზე მხოლოდ სადავო სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის დადგენის წინაპირობას და აღნიშნული გარემოება საფუძვლად ვერ დაედება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას.
ქ. თბილისში, პ-ის ჩიხი N3-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით ..., დაზუსტებული ფართობი 394 კვ.მ., შენობა ნაგებობის ჩამონათვალი N1, N2, N3, N4, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ირიცხება ლ. ბ-ის სახელზე (ტ.II, ს.ფ. 34, 35).
პალატამ მიიჩნია, რომ გ. ბ-ი წარმოდგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს, რომლის სარგებლობის უფლება წარმოშობილია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-სამისამართო ბიუროს მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათით დგინდება, რომ გ. ბ-ი ქ. თბილისში, პ-ის ჩიხი N3-ში რეგისტრირებულია 1989 წლის 19 დეკემბრიდან, რეგისტრაცია ამჟამად გაუქმებულია. რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი საინფორმაციო ბარათში მითითებული არ არის (ტ. I, ს.ფ.24). ის ფაქტი, რომ ერთ საინფორმაციო ბარათში ექვს მაისს დაბადებული გ. ა. ძე ბ-ის დაბადების წლად მითითებულია ჯერ 1967 წელი, შემდეგ კი 1964 წელი, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ გაზიარებული იქნეს აპელანტის მსჯელობა მასზედ, რომ ეს სხვადასხვა პირია. რაიმე მტკიცებულება, რომ ... წელს დაბადებული გ. ბ-ის გარდა სხვა გ. ა. ძე ბ-ი იყო უშუალოდ ამ მისამართზე რეგისტრირებული, აპელანტს არ წამოეუდგენია.
საქმეში წარმოდგენილი კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვითრებით დგინდება, რომ სადავო მისამართზე კომუნალური გადასახადების გადამხდელ აბონენტად რეგისტრირებულია ”ბ-ი ბ.ბ” სააბონენტო ნომრით .... შპს ”ყაზტრანსგაზის” აბონენტად რეგისტრირებულია ”ბ-ი”, სახელის და მამის სახელის მითითების გარეშე (ტ.I, ს.ფ. 68-75).
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმის ნ. ვ-ას ჩვენებით იგი ბ-ის ოჯახს, კერძოდ, გ. ბ-ს, მის ძმას ი, დებს მ. და ს, დედას რ. იცნობს 1985 წლიდან, ოჯახი ცხოვრობდა სადავო ბინაში და იგი ხშირად სტუმრობდა მათთან. 1996-1997 წლებში ი. და გ. ბ-ი წავიდნენ ქ. უფაში, ამის შემდგომ ს. და რ. წავიდნენ ისრაელში, ხოლო 1998 წელს მ. წავიდა გერმანიაში, მან ბინაში საცხოვრებლად დატოვა თავისი დედამთილი და მამამთილი, რომლებიც ამჟამადაც ცხოვრობენ მითითებულ ბინაში, მ. თითქმის ყოველ წელს ჩამოდის ამ ბინაში. მოწმის ჩვენებით, ერთხელ ი. ბ-ი და მისი მეუღლე მისულები იყვნენ სახლის მეპატრონესთან სახლის გამო, თუმცა მესაკუთრემ მათ ძალიან მცირე თანხა შესთავაზა.
მოწმე კ. ს-ის ჩვენებით, რომელიც ასევე ცხოვრობს ქ. თბილისში, პ-ის ჩიხი N3-ში, იგი ბ-ის ოჯახს იცნობს 23-24 წელია. კ.ს-ი იცნობდა გ. ბ-ს და მის ძმას ი, რომლებიც 18-20 წლის წინ საცხოვრებლად წავიდნენ რუსეთში, ასევე მათ დედას, რომელიც 1996 წელს წავიდა ისრაელში, დას მ. ბ-ს, რომელიც დედის წასვლიდან ორი წლის შემდეგ წავიდა გერმანიაში. ბინაში დაახლოებით 10 წელია ცხოვრობენ მ. ბ-ის დედამთილი და მამამთილი - გ. და ე. ბა-ი. კ. ს-ის ჩვენებით, მან მ. ბ-ი რამოდენიმეჯერ ნახა ჩამოსული გერმანიიდან, ოჯახის სხვა წევრები მას ჩამოსული არ უნახავს.
პალატის განმარტებით, საქმის მასალებით დადასტურებულია სადავო საცხოვრებელ სადგომში მოსარჩელის რეგისტრაციის და ბ-ის ოჯახის მიერ კომუნალური გადასახადების გადახდის ფაქტი, რაც ადასტურებს საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრეს და მოსარგებლს შორის საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის შესახებ გარიგების არსებობას, რაც შეეხება ნივთის კეთილსინდისიერად ფაქტობრივად ფლობას, პალატის აზრით, „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ საქართველოს კანონის 11 მუხლის შესაბამისად, იმ დადგენილი გარემოების გათვალისწინებით, რომ გ. ბ-ის საზღვარგარეთ გამგზავრების შემდგომ სადავო ფართით სარგებლობა გააგრძელეს მისმა ოჯახის წევრებმა, დედამ და დამ. ამჟამად კი სადავო ბინაში ცხოვრობენ გ. ბ-ის დის, მ. ბ-ის დედამთილი და მამამთილი, გ. ბ-ი წარმოდგენს ,,საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მოსარგებლეს. სარგებლობის უფლება წარმოშობილია საცხოვრებელი სადგომით სარგებლობის უფლების დათმობის გარიგებიდან.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 19.10.2011წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, პ-ის მოედინის III ჩიხში მდებარე გ. ბ-ის მიერ დაკავებული ორი ოთახის, ფართით 54,05 კვ.მ. და 8,88 კვ.მ. საზაფხულო ფართის მთლიანი საბაზრო ღირებულება 2011 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით საორიენტაციოდ არის 40 578 ლარი, რაც შეადგენს 24 530 აშშ დოლარს (ტ. I, ს.ფ. 10-19).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამს მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მართებულად დააკმაყოფილა საცხოვრებელი სადგომის მოსარგებლის სარჩელი საცხოვრებელი სადგომის საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ სადგომის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე.
პალატის განმარტებით, აპელანტი ასევე ითხოვს გადაწყვეტილების წინმსწრები 19.12.2012წ. საოქმო განჩინების გაუქმებას, რომლითაც დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მოწმის სახით ნ. ვ-ას დაკითხვის შესახებ. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა 12.07.2012წ. საოქმო განჩინების გაუქმების საფუძველი. იგი ფაქტობრივ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული, კანონიერია და სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ განჩინების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2013 წლის 16 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ბ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის აზრით, სასამართლომ მართალია გამოიყენა „საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ“ კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი, ვინაიდან მოსარგებლედ აღიარა პირი, რომელიც კანონის მიღების მომენტისთვის არ ფლობდა საცხოვრებელ სადგომს, არ იყო რეგისტრირებული სადავო ფართზე, რომელსაც არ ჰქონდა რეგისტრაცია და არ გააჩნდა კომუნალური გადასახადების გადახდის დამადასტურებელი ქვეითრები. სასამართლო დაეყრდნო ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც კანონის დარღვევით იქნა მიღებული, ვინაიდან სასამართლოს მთავარ სხდომაზე დაკმაყოფილდა შუმადგომლობა მოწმის დაკითხვის შესახებ ყოველგვარი საპატიო მიზეზის გარეშე, რის შემდეგაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (506 ლარის) 70% – 354.2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს თ. ბ-ის მიერ 2013 წლის 19 აგვისტოს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (506 ლარის) 70% – 354.2 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე