№ას-849-807-2013 3 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: მოპასუხე სს ”ს. რ-ის,” მოსარჩელე ი. მ-ის სასარგებლოდ, 2013 წლის 1 თებერვლიდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდის დაკისრება 525 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მოპასუხე სს ”ს. რ-ის,” მოსარჩელე ი. მ-ის სასარგებლოდ, სარჩოს მიუღებელი სხვაობის ერთობლივად გადახდის დაკისრება 298.06 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
მოსარჩელის განმარტებით, მუშაობდა სს ”ს. რ-ი” ზეინკლად, 1990 წლის 3 იანვარს, შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიიღო საწარმოო ტრავმა, რის საფუძველზეც, უკვე მრავალი წელია, მოპასუხისგან იღებს ყოველთვიურ სარჩოს. მოპასუხე არ ახდენს მოსარჩელისათვის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, იმავე კატეგორიის მოქმედი მუშაკის _ ზეინკლის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გათვალისწინებით, რის გამოც კარგავს იმ შემოსავალს, რაც კანონით ეკუთვნის.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, მიიჩნია ის უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად, რის გამოც მოითხოვა მოსარჩელე ი. მ-ის მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მოპასუხის განმარტებით, ის კეთილსინდისიერად ასრულებს მოსარჩელისათვის სარჩოს გადახდის ვალდებულებას. ამ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე სამართლებრივად არანამდვილია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. სს ”ს. რ-ას“, ი. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2013 წლის 1 თებერვლიდან, ყოველთვიური სარჩოს გადახდა 525 ლარის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; სს ”ს. რ-ას“, ი. მ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა მიუღებელი სარჩოს ერთჯერადად გადახდა 298 ლარის და 6 თეთრის ოდენობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ გაიზირა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე ი. მ-ი წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე სს „ს. რ-ი” ზეინკლად. მან შრომითი მოვალეობის შესრულებისას, 1990 წლის 03 იანვარს მიიღო საწარმოო ტრავმა, ის გამოც დაკარგული აქვს პროფესიული შრომის უნარი უვადოდ 70%-ით.
სს „ს. რ-ა” მოსარჩელეს, საწარმოო ტრავმის გამო, ყოველთვიურად უხდიდა სარჩოს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.05.2012 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე (რომლითაც მოხდა მოსარჩელის მიერ მისაღები სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება), მოპასუხე სს ”ს. რ-ა” მოსარჩელეს ყოველთვიურად უხდის სარჩოს 455 ლარის ოდენობით, ზეინკლის ყოველთვიური ხელფასის –650 ლარის ოდენობის გათვალისწინებით;
2012 წლის 16 ივლისიდან, გაიზარდა მოქმედი ზეინკლის ყოველთვიური ხელფასის ოდენობა და მან შეადგინა 700 ლარი, ხოლო 2012 წლის 1 დეკემბრიდან - 750 ლარი ;
მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 70%-ის ოდენობამდე გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 01 თებერვლამდე შეადგენს 298.06 ლარს.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სარჩოს სახით მიეღო ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ დაუშვებელია სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრული სარჩოს ოდენობის გადაანგარიშება, ვინაიდან კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. როგორც განიმარტა, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. აღნიშნული კი, გულისხმობს პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფას საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. ვინაიდან დადგენილია, რომ სს „ს. რ-ი“ იმავე თანამდებობის მუშაკების ხელფასი გარკვეულ პერიოდში იზრდებოდა, პალატის აზრით, საფუძვლიანია ი. მ-ის სარჩელი ზიანის ანაზღაურება მოხდეს სარჩოს გადაანგარიშებით.
მოსარჩელის თანამდებობის მუშაკის ხელფასის 70%-ის ოდენობამდე გასული პერიოდის გადასაანგარიშებელი სარჩო 2012 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე შეადგენს 298.06 ლარს, ხოლო 2013 წლის 01 თებერვლიდან, თვიდან გასაცემი სარჩოს ოდენობა არის თვეში 525 ლარი.
რაც შეეხება აპელანტის მიერ მითითებულ საქართველოს მთავრობის 01.03.2013 წლის №45 დადგენილებას, რომლითაც დამტკიცდა „შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი“, პალატის მოსაზრებით, იგი ვერ იქნება გამოყენებული წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნით, რამეთუ არეგულირებს დახმარების დანიშვნის წესს საქართველოს მოქალაქისათვის, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ი. მ-ის სარჩელი 2012 წლის 1 ივლისიდან 2013 წლის 1 თებერვლამდე პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 298.06 ლარის და 2013 წლის 1 თებერვლიდან ყოველთვიურად ზეინკლის ხელფასის 70%-ის ოდენობით 525 ლარის ანაზღაურების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუხედავად იმისა რომ სწორად გამოიყენა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, არასწორად განმარტა იგი.
კასატორის აზრით, იმ პირობებში, როდესაც საწარმოს დებიტორად ჰყავს რამდენიმე ასეული სხვადასხვა დროს საწარმოო ტრავმის შედეგად დაზარალებული პირი, რომელსაც სს „ს. რ-ა“ ისედაც უხდის მოქმედი თანამშრომლის ხელფასის ზრდის პროპორციულად, მნიშვნელოვნად უშლის ხელს სს „ს. რ-ის“ ბიზნეს აქტივობის ამაღლებას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 26 ივლისს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (150 ლარი) 70% – 105 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე