საქმე №ას-851-809-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს „ე-პ ჯ-ა“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ც-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – ვალდებულების არარსებობის დადგენა, ელექტროენერგიის მიწოდების დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ც-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ე-პ ჯ-ას“ მიმართ და მოითხოვა დადგინდეს, რომ მოსარჩელეს სს „ე. პ. ჯ-ას“ მიმართ 1329,39 ლარის ოდენობით ელექტროენერგიის დავალიანება არ გააჩნია, ასევე დაევალოს მოპასუხეს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა.
მოპასუხემ სარჩელში მითითებული გარემოებანი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 4 აპრილის გადაწყვეტილებით მ. ც-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 2 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და მ. ც-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა სს „ე-პ ჯ-ას“ მიმართ 1329.39 ლარის ოდენობით მ. ც-ის დავალიანების არარსებობის ფაქტი და სს „ე-პ ჯ-ას“ დაევალა აბონენტ მ. ც-ის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მხარეები სადავოდ არ მიიჩნევენ და ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მ. ც-ეს, როგორც აბონენტს და სს „ე. პ. ჯ-ას“, როგორც ელექტოენერგიის მიმწოდებელს შორის არსებობს ელექტოენერგიის მიწოდების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით მ. ც-ეს, როგორც აბონენტს სს „ე-პ ჯ-ას“ სასარგებლოდ დავალიანების დაფარვის მიზნით დაეკისრა 1352,64 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. მოვალე მ. ც-ის მიერ ვალდებულების – 1329.39 ლარის გადაუხდელობის საფუძვლით მას შეწყვეტილი ჰქონდა ელექტროენერგიის მიწოდება. სადავო თანხა წარმოადგენს რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ნაწილს.
სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორმა სს „ე-პ ჯ-ამ“ მ. ც-ეს ვალი აპატია, რის გამოც 1329,39 ლარის გადახდის ვალდებულება შეწყდა. დავალიანების ჩამოწერის თანმდევ შედეგად მოსარჩელეს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის თანახმად, პალატამ მიუთითა, რომ სს „ე-პ ჯ-ას“ მხრიდან ვალის პატიების თაობაზე ნება დაფიქსირდა აბონენტ მ. ც-ის შედგენილ ქვითრებში.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-2 მუხლის მე-5 პუნქტით, რომლის თანახმად განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მომხმარებელთან ფულადი ანგარიშსწორება აწარმოოს მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ ანგარიშსწორების ქვითარში გადასახდელი (მოთხოვნილი) თანხის სრულად ასახვისა და გადახდის ბოლო ვადის მითითების შემდეგ. ამავე წესების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტით, განაწილების ლიცენზიატსა და მომხმარებელს შორის ელექტროენერგიის ნასყიდობის, ასევე მომსახურების შესახებ ხელშეკრულება შეიძლება გაფორმდეს წერილობითი ფორმით (ასევე, ქვითრით ან სხვა წერილობითი დოკუმენტით, ამ წესებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად).
სემეკის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მე-9 მუხლის მე–10 პუნქტის თანახმად, მომხმარებლისათვის დარიცხული თანხა სრულად უნდა იყოს მოცემული ქვითარში.
მითითებულ ნორმათა ანალიზიდან გამომდინარე, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების სამართლებრივი ურთიერთობის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ ანგარიშსწორების ქვითარი წარმოადგენს ძირითად დოკუმენტს აბონენტთან ურთიერთობისათვის, რომელშიც ელექტროენერგიის მიმწოდებელი უფიქსირებს აბონენტს მონაცემებს მიმდინარე თუ ძველი დავალიანების შესახებ (რომელიც თავის მხრივ დამყარებულია მრიცხველის ჩვენებაზე ან და სხვადასხვა მეთოდით განხორციელებულ დარიცხვაზე და შესაბამის აქტზე). სწორედ ქვითრის მონაცემებზე დაყრდნობით აბონენტი ახდენს ანგარიშსწორებას მის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისათვის და სწორედ ქვითრის მონაცემებით ხდება აბონენტის ინფორმირება დავალიანების არსებობის შესახებ. ივარაუდება, რომ სწორედ ამ მონაცემების გათვალისწინებით ითხოვს მიმწოდებელი აბონენტისაგან მიმდინარე თუ ძველი დავალიანების გადახდევინებას.
პალატამ ჩათალა, რომ აბონენტის მიმართ ნების გამოვლენა მიმდინარე თუ ძველი დავალიანების ოდენობის გადახდის თაობაზე და გადახდის ვადის თაობაზე ასახულია ანგარიშსწორების ქვითარში და ქვითარში დაფიქსირებული მონაცემების (გამოვლენილი ნების) ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ელექტროენერგიის მიმწოდებლის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ რაიმე ცალკე სპეციალური დოკუმენტის ხელმოწერა. ამ მსჯელობის გათვალისწინებით პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება, რომ 1329,39 ლარის ოდენობით დავალიანების ჩამოწერის თაობაზე სს „ე. პ. ჯ-ას“ უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან ნება არ გამოვლენილა და ამ თანხის გადახდის ვალდებულებისაგან მხარე არ გათავისუფლებულა.
უსაფუძვლოა სს „ე-პ ჯ-ას“ წარმომადგენლის მოსაზრება, რომ დავალიანების ჩამოწერის შესახებ მონაცემები ქვითარზე განაპირობა ტექნიკურმა შეცდომამ და ამ დავალიანების გადახდისაგან აბონენტი არ გათავისუფლებულა. სააპელაციო პალატამ ყურადღება გააამახვილა საქმეში წარმოდგენილი ქვითრების მონაცემებზე, რომელთა ურთიერთშეჯერების და ანალიზით ცალსახად იკვეთება, რომ აბონენტ მ. ც-ეს ჩამოეწერა დავალიანება 1329,39 ლარის ოდენობით. პალატამ აქვე აღნიშნა, რომ იმ ქვითრის გარდა, რომელშიც უშუალოდ დაფიქსირებულია 1329,39 ლარის ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია, მნიშვნელოვანია სხვა (შემდეგი პერიოდის) ქვითრის (№49/961633) მონაცემებიც, რომელთა მიხედვითაც აბონენტის დავალიანება მთლიანად შეადგენს 3,51 თეთრს და შესაბამის გრაფაში აღარ ფიქსირდება 1329,39 ლარის ოდენობით დავალიანების შესახებ მონაცემები.
აღნიშნული ქვითრების მონაცემების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ სს „ე. პ. ჯ-ას“, როგორც ელექტროენერგიის მიმწოდებლის მხრიდან ცალსახად გამოვლინდა ნება 1329,39 ლარის ოდენობით დავალიანების გადახდისაგან აბონენტის გათავისუფლების თაობაზე, რომელიც, პალატის მოსაზრებით, არის შეუქცევადი. მითითებული ვალდებულება უკვე ნაპატიებად მიიჩნია თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავის 2012 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში.
რაც შეეხება აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მითითებას, რომ უშუალოდ მოვალის მიმართ ვალის პატიება (ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც) არ არის საკმარისი, რადგან საქმე სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში იყო, სააპელაციო პალატამ განმარტა რომ, სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლით ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ანუ კანონი ვალდებულების შეწყვეტისათვის საკმარისად მიიჩნევს მხარეთა შორის ნების გამოვლენას, რაც მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა კიდეც. რაც შეეხება აღსრულების პცესს, იქ ამ ნების დაფიქსირება სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის საფუძველია. ამასთან, სადავო არაა და საქმის მასალებითაც დასტურდება, რომ სააბონენტო ქვითარში ასახული დავალიანების ჩამოწერის თანმდევ შედეგად მოსარჩელეს აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. ანუ კრედიტორმა არა მხოლოდ ქვითრით გამოავლინა ნება ვალის ჩამოწერის შესახებ, არამედ კონკლუდენტური მოქმედებითაც – აღადგინა დავალიანების გამო შეწყვეტილი ელექტროენერგიის მიწოდება.
მ. ც-ემ მიიღო სს „ე-პ ჯ-ას“ მხრიდან გამოვლენილი ნება ვალის პატიების თაობაზე და კონკლუდენტური მოქმედებით დაადასტურა ეს – უარი თქვა თავის კერძო საჩივარზე აღნიშნული დავალიანების დაკისრების თაობაზე საქმეზე მიღებულ განჩინებაზე (განჩინება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებაზე უარის თქმის შესახებ).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 26 იანვრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება მ. ც-ის კერძო საჩივარზე, რომელიც წარდგენილ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების მიღების საფუძველი გახდა მ. ც-ის 2012 წლის 12 იანვრის განცხადება, რომლითაც მან უარი განაცხადა კერძო საჩივრის განხილვაზე.
საქმეში წარმოდგენილი ქვითრის მონაცემების გათვალისწინებით დადგენილია, რომ მ. ც-ის მიერ უარის თქმას მის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის განხილვაზე, რომლითაც გასაჩივრებული იყო რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინება, წინ უსწრებდა სს „ე. პ. ჯ-ას“ მიერ აბონენტის დავალიანების – 1329,39 ლარის ჩამოწერის შესახებ გარემოება, რის შესახებაც შესაბამისი მონაცემები ასახულია სს „ე. პ. ჯ-ას“ მიერ აბონენტისათვის გამოწერილ ქვითარში. ის ფაქტი, რომ მ. ც-ემ ქვითრის მიღების შემდგომ განაცხადა უარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 ნოემბრის განჩინებაზე წარდგენილ კერძო საჩივარზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 2 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა სს „ე-პ ჯ-ას“ წარმომადგენლმა. ამ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით სასამართლომ გაიზიარა აპელანტის მსჯელობა, რომ მის მიერ კერძო საჩივრის განხილვაზე უარის თქმა მოტივირებული იყო სს „ე-პ ჯ-ას“ მიერ მისთვის დავალიანების ჩამოწერის შესახებ გარემოებით, რასაც ის დაეთანხმა.
სააპელაციო პალატამ უდავო ფაქტად დაადგინა და მხარეები ადასტურებენ, რომ სს „ე-პ ჯ-ამ“ მოგვიანებით კვლავ მოსთხოვა მ. ც-ეს დავალიანების 1329.39 ლარის გადახდა და გადაუხდელობის საფუძვლით კვლავ შეუწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.
ამჟამად მოსარჩელეს ელექტროენერგიის მიწოდება შეწყვეტილი აქვს სადავო თანხის – 1329.39 ლარის გადაუხდელობის გამო. სს „ე-პ ჯ-ას“ წარმომადგენლის განმარტებით, აღნიშნული დავალიანების დაფარვის შემთხვევაში მას აღუდგება ელექტროენერგიის მიწოდება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სს „ე-პ ჯ-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
მოცემული საქმე მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების კუთხით.
სააპელაციო პალატამ ვალის პატიებად არასწორად მიიჩნია შეცდომა და არ გაითვალისწინა, რომ სადავო ვალდებულებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა სააღსრულებო წარმოება. ფაქტობრივად, მოხდა ტექნიკური ხარვეზი და აბონენტის ქვითარში შეცდომით არ მიეთითა სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა ვალის პატიების თაობაზე მაშინ, როდესაც კრედიტორს აღნიშნულთან დაკავშირებით არც სურვილი აქვს და არც სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლით გათვალისწინებული სათანადო შეთანხმება მხარეთა შორის არ გაფორმებულა.
ამდენად, სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ კასატორს ვალის პატიების ნება სათანადო წესით არ გამოუვლენია და მტკიცებულებად მიუთითა ქვითარზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის დანაწესი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სს „ე-პ ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს „ე-პ ჯ-ას“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს „ე-პ ჯ-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 8 აგვისტოს №417 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ე-პ ჯ-ას“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს „ე-პ ჯ-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 8 აგვისტოს №417 ელექტრონული საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე