№ას-855-813-2013 3 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – ს. კ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის, კერძოდ, მიუღებელი სარჩოსა და სარჩოს სხვაობის დაკისრება სს ,,ს. რ-ის” მემანქანის ხელფასის 80%-ის ოდენობით და 2013 წლის იანვრიდან 1000 ლარის დაკისრება ყოველთვიურად სარჩოს სახით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით ს. კ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სს ,,ს. რ-ას” ს. კ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2012 წლის ივლისიდან 2013 წლის იანვრამდე (6 თვე) გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის - 661 ლარისა და 92 თეთრის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით. სს ,,ს. რ-ას” დაეკისრა ს. კ-ის სასარგებლოდ 2013 წლის იანვრიდან ყოველთვიური სარჩოს, 1000 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ს. კ-ი მუშაობდა შპს ,,ს. რ-ი“ რკინიგზის მემანქანედ. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საწარმოო ტრავმის მიღების გამო სამედიცინო გამოკვლევის საფუძველზე სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის კომისიის მიერ დაუდგინდა შრომითი დასახიჩრებით პროფესიული შრომის უნარის დაკარგვა 80%-ით უვადოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით შპს ,,ს. რ-ას“ ს. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მიუღებელი სარჩოს სახით 1328.80 ლარის გადახდა, ხოლო 2011 წლის 1 სექტემბრიდან ყოველთვიურად - 880 ლარის გადახდა.
2012 წლის აპრილიდან 2012 წლის ივლისის ჩათვლით მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასი შეადგენდა 1100 ლარს, 2012 წლის 16 ივლისიდან დღემდე კი, 1250 ლარს.
პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილებით დამტკიცებული ”შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის” არასწორად გამოყენების შესახებ, გამომდინარე იქიდან, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი სადავო სამართლებრივი ურთიერთობა, ისევე, როგორც სასარჩელო მოთხოვნა (სარჩოს გადაანგარიშება 2012 წლის ივლისის თვიდან - 2013 წლის იანვრამდე), მოიცავს მითითებული აქტის მოქმედების პერიოდს.
პალატამ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 6 თებერვლის №53 ბრძანებულებაზე, რომლითაც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის №48 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესი” და საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით განისაზღვრა შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი. აღნიშნული წესის 1.1 მუხლის შესაბამისად, საწარმოში, დაწესებულებასა თუ ორგანიზაციაში, ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ამ წესით, საქართველოს შრომის კოდექსითა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში. იგივე წესის 1.2 მუხლით, დამსაქმებელი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა დასაქმებულის ჯანმრთელობას შრომითი მოვალეობის შესრულებისას, თუ ზიანი გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით და შრომის კოდექსი და სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას ასეთი მოქმედებისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა სწორად განისაზღვრა შრომის კოდექსისა და სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სწორედ დასახელებულ ნორმათა შინაარსი აძლევდა მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოეთხოვა სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. პალატის შეხედულებით, ამ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი 80%–ით სამუდამოდ. პალატამ გაიზიარა მოსაზრება მასზე, რომ სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. ამასთან, სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის არმიღების შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და რომ იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ რომ სს ,,ს. რ-ის” მოქმედი მემანქანის ყოველთვიური ხელფასი 2012 წლის 16 ივლისამდე შეადგენდა 1000 ლარს, 2012 წლის 16 ივლისიდან დღემდე - 1250 ლარს. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ ს. კ-ს 2012 წლის 16 ივლისიდან 2013 წლის იანვრამდე მოქმედი მემანქანის ხელფასისა და დაკარგული პროფესიული შრომის უნარის ოდენობის გათვალისწინებით, მითითებულ პერიოდში უნდა მიეღო სარჩო 661.92 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვან საკითხები და მიიღო არსებითად სწორი გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი და მიუხედავად იმისა რომ სწორად გამოიყენა ამავე მუხლის მე-2 ნაწილი, არასწორად განმარტა იგი. ამასთან, სასამართლომ გამოიყენა გაუქმებული ნორმატიული აქტი, კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის №53 დადგენილებით დამტკიცებული „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რომელიც 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა 2013 წლის 1 მარტიდან, რაც ცხადყოფს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისასა გამოიყენა გაუქმებული ნორმატიული აქტი, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 2 აგვისტოს №... საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე