Facebook Twitter

№ას-863-821-2013 3 თებერვალი, 2014 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. კ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „დ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხე მ. კ-ის, მის სასარგებლოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის 35 328.96 ლარისა და სააღსრულებო ხარჯის 1682.33 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილებით შპს ”ბ 2007-ს” დაეკისრა მოსარჩელე შპს „დ-ის” სასარგებლოდ 29 276.3 ლარის გადახდა, პირგასამტეხლოს სახით 2012 წლის 21 დეკემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად 10.55 ლარის გადახდა, ასევე სახელმწიფო ბაჟი 878.28 ლარი. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიქცეულ იქნა აღსასრულებლად. გადასახდელმა თანხამ შეადგინა 35 328. 96 ლარი. იძულებით აღსრულების პროცესში აღმოჩნდა, რომ მოვალე შპს ”ბ 2007-ს” არ გააჩნია მატერიალური ქონება, რაზეც შესაძლებელი იქნებოდა აღსრულების მიქცევა, მოპასუხეს გააჩნია მოთხოვნა მ. კ-ის მიმართ, რომელმაც შპს ”ბ 2007-ის” საბანკო ანგარიშიდან გაიტანა და საქვეშაგებოდ აწერია თანხა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ არ არსებობს შპს „ბ 2007-სა ” და მ. კ-ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. თანხები შპს „ბ 2007-დან“ მოპასუხეს გამოჰქონდა შპს-ს მიზნებისათვის, რაც, შესაბამისად, სამეურნეო მიზნებისათვის იხარჯებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით შპს „დ-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-ს დაეკისრა მოსარჩელე შპს „დ-ის” სასარგებლოდ შპს „ბ 2007-ის“ თანხის დაკისრების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 19 მაისის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით 35 328.96 ლარის და სააღსრულებო ხარჯის 1682.33 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მ. კ-ს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა აღსრულების ხარჯი 1682,33 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, შპს „დ-ს“ უარი ეთქვა მ. კ-ე აღსრულების ხარჯის სახით დამატებით 1682,33 ლარის დაკისრებაზე, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილება შპს „დ-ის“ სასარგებლოდ მ. კ-ე 35328,96 ლარის დაკისრების ნაწილში.

პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება, რომ საბანკო ამონაწერებითა და შპს „ზ და ჯ კ-ის“ ცნობით არ დგინდება, რომ თანხები არ იქნა გამოყენებული საწარმოს მიზნებისათვის. მსჯელობა იმის შესახებ, რომ საწარმოს დირექტორი უფლებამოსილია განკარგოს თანხები საწარმოს მიზნებისათვის მოცემული შემთხვევისათვის განუკუთვნელ დასაბუთებას წარმოადგენს. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ფაქტი იმის შესახებ, რომ აპელანტს გატანილი აქვს შპს „ბ 007-ის“ საბანკო ანგარიშებიდან თანხები როგორც სს „თი ბი სი ბანკიდან“ ასევე სს „საქართველოს ბანკიდან“ 2010 წლის მეორე ნახევარში (ტ.1. ს.ფ. 61-67). მართალია თანხის გატანის დანიშნულებაში ზოგან აღნიშნულია „სამეურნეო დანიშნულება“, ზოგან - „სხვადასხვა“, მაგრამ ფაქტია, რომ შპს „ბ 2007-ის“ კუთვნილი თანხები მის საბანკო ანგარიშიდან გავიდა და მათი მესაკუთრე გახდა აპელანტი. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტზე გადავიდა მტკიცების ტვირთი იმისა, რომ ეს თანხები სწორედ შპს „ბ 2007“-ის მიზნების შესაბამისად გაიხარჯა. აპელანტმა წარმოადგინა სალაროს გასავლის ორდერები გარკვეულ თანხებზე (ტ.1. ს.ფ. 215-222), სადაც აღნიშნულია, რომ სხვადასხვა დროს შპს „ბ 2007“-ის მიერ გაიცემოდა თანხები სატრანსპორტო მომსახურეობისათვის, მაგრამ ეს მტკიცებულებები აპელანტის მიერ თანხის ხარჯვას ვერ ადასტურებს. პირველ რიგში სალაროს გასავლის ორდერებით ირკვევა, რომ თანხები გასულია თავად საწარმოს სალაროდან, მაშინ როცა აპელანტს უნდა დაედასტურებინა, რომ მისი როგორც ფიზიკური პირის საკუთრებაში გადასული თანხები მოხმარდა საწარმოს. ამავდროულად, წარმოდგენილ ორდერებში ასახული თანხები შეადგენს ჯამში 10417 ლარს, რაც გაცილებით ნაკლებია საბანკო ამონაწერებში აღნიშნულ აპელანტის მიერ გატანილ თანხებზე (მაგალითად, სს „თი ბი სი ბანკიდან“ 2010 წლის 21 ოქტომბერს გატანილ იქნა 15000 ლარი, 22 ოქტომბერს - 17000 ლარი და ა.შ.). ამდენად, შპს „ზ და ჯ კ-ის“ ცნობის (ტ.1. ს.ფ. 161) მხედველობაში მიუღებლადაც ცხადია, რომ გატანილი თანხის ოდენობა გაცილებით აღემატება სარჩელით მოთხოვნილ თანხას.

პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ შპს „ბ 2007“-ის ქონება, მოცემულ შემთხვევაში, ფულადი სახსრები, სრულიად დამოუკიდებელი იყო სხვა პირებისაგან, და ამ სახსრების გატანის შემთხვევაში შპს „ბ2007-ს“ გააჩნდა უფლება როგორც სამართლის დამოუკიდებელ სუბიექტს, ეს თანხები უკან მოეთხოვა.

პალატამ ასევე არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის დასაბუთება მასზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლი. ზემოხსენებული ნორმის პირველი პუნქტით „ყადაღის დადების შესახებ განკარგულება უფლებას ანიჭებს კრედიტორს მოსთხოვოს მესამე პირს ისეთი მოქმედების მის სასარგებლოდ შესრულება, რომელიც მას უნდა შეესრულებინა თავისი მოვალის მიმართ“. ამავე ნორმის მე-4 პუნქტით „მოთხოვნაზე ყადაღის დადების შესახებ განკარგულების საფუძველზე კრედიტორს უფლება აქვს სასამართლოში შეიტანოს სარჩელი დავალებული პირის წინააღმდეგ“. საქმის მასალებით, კერძოდ, კერძო აღმასრულებლის 2012 წლის 28 თებერვლისა და 11 ოქტომბრის წერილებით (ტ.1 .ს.ფ. 28; 29) უდავოდაა დადგენილი, რომ გაცემულია სააღსრულებო ფურცელი შპს „ბ 2007-ის“ მიმართ, რომლითაც ამ უკანასკნელს შპს „დ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 29276,3 ლარი და 2010 წლის 21 დეკემბრიდან 15075,8 ლარის 0,07% ყოველდღიურად გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აქედან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,დ-ს“ გააჩნია მოთხოვნა შპს „ბ 2007“-ის მიმართ, ხოლო, ამ უკანასკნელს - აპელანტის მიმართ, სასამართლომ სწორად გამოიყენა ამ ურთიერთობების მიმართ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლი.

ამავე დროს, პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დააკისრა თანხის ნაწილი აპელანტს. კერძოდ, კერძო აღმასრულებლის 2012 წლის 14 სექტემბრის განკარგულებით (ტ.1. ს.ფ. 25) ყადაღა დაედო მოთხოვნას 35328,96 ლარის მოცულობით, საიდანაც 33646,63 იყო აღსასრულებელი მოთხოვნა, ხოლო 1682,33 ლარი აღსრულების საზღაური. დაზუსტებული სარჩელით მოსარჩელე შპს „დ-მა“ მოითხოვა 35328,96 ლარის დაკისრება და ამავდროულად, დამატებით, აღსრულების ხარჯის 1682,33 ლარის დაკისრებაც. სასამართლომ აღნიშნული მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა. ამდენად, ასეთ ვითარებაში მოსარჩელემ მიიღო აღსრულების ხარჯი ორჯერ - ერთხელ 35328,96 ლარის მოთხოვნისას (სადაც იმათავითვე შედიოდა აღსრულების ხარჯი), ხოლო მეორეჯერ საპროცესო ხარჯის სახით მოთხოვნისას. 1682,33 ლარის ორჯერ დაკისრება მხარეზე დაუსაბუთებელია. ერთი და იგივე თანხის (აღსრულების ხარჯის) ორჯერ დაკისრების საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან კანონდებლობა არ ითვალისწინებს ამ ხარჯის ორჯერ გადახდას. ამდენად, პალატის მოსაზრებით, ამ თანხის დაკისების ნაწილში სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და გაუქმდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ეს ნაწილი, ხოლო 35328,96 ლარის დაკისრების ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-მა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გასაჩივრებულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის აზრით, სასამართლომ სარწმუნოდ მიიჩნია მხოლოდ მოსარჩელის პოზიცია და საკმარისი აღმოჩნდა საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანის ფაქტი იმისთვის, რომ დაედგინა ამ თანხის მესაკუთრის ვინაობა არა როგორც შპს „ბ 2007-ის“ დირექტორის, არამედ როგორც ფიზიკური, მესამე პირის – მ. კ-ის სახით. შესაბამისად, მტკიცების მთელი ტვირთი, რომ თანხები სწორედ საწარმოს მიზნებისთვის გაიხარჯა, მასვე დააკისრა. ასეთ პირობებში სასამართლომ სარწმუნო მტკიცებულებად არ მიიჩნია ასევე სალაროს გასავლის ორდერები იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტები თანხის ხარჯვას ვერ ადასტურებს. სასამართლომ არ იმსჯელა იმ ფაქტზე, იყო თუ არა მ. კ-ი, როგორც საწარმოს დირექტორი, უფლებამოსილი, გამოეტანა ამავე საწარმოს ანგარიშზე არსებული თანხები და ამ თანხის გამოტანა მის მიერ, ერთმნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული ფიზიკური პირის მიერ გატანილად და აქედან გამომდინარე მ. კ-ი აღიარებულ იქნა შპს „ბ 2007-ის“ მოვალედ,. თუმცა გადაწყვეტლებაში აღნიშნული გარემოება არ არის დასაბუთებული. დასაბუთების გარეშე კი, მ. კ-ის მოვალედ აღიარება და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების საფუძველზე, მ. კ-ის თანხის დაკისრება, კასატორის აზრით, კანონშეუსაბამოა.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა და შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რაც გახდა საფუზვლეი საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მ. კ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან შეგებებული საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, შეგებებული საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს შეგებებულ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1466.45 ლარი) 70% – 1026.51 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. კ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 2 ოქტომბერს №... საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1466.45 ლარი) 70% – 1026.51 ლარი. შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე თ. თოდრია

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე