Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-874-832-2013 17 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. ბ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში – ა(ა)იპ ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ის“ მიმართ 20000 აშშ დოლარის ეკვივალენტ 33340 ლარის გადახდის შესახებ.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით ა. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წლის 30 მარტს, ა(ა)იპ ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ის“ (ს/კ ...) აღმასრულებელ დირექტორ ე. გ-სა (პ/ნ ...) და ს. ბ-ეს (პ/ნ ...) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება ქ. ქუთაისში, ტ. ტ-ის ქ. №29-ში მდებარე უძრავ ქონებაზე.

ნასყიდობის საგანი შეფასებულ იქნა 200 000 აშშ დოლარად.

ხელშეკრულების თანახმად, მყიდველმა აიღო ვალდებულება, გამყიდველისათვის ნასყიდობის საგნის სრული ღირებულება, 200 000 აშშ დოლარი გადაეხადა 2012 წლის 5 სექტემბრამდე ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის მიხედვით, უნაღდო ანგარიშსწორებით ამ ხელშეკრულებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე სს „თ. ბ-ი“.

2011 წლის 5 აპრილს შპს ... (ს/კ ...) ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ის” ანგარიშზე გადარიცხა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 33 340 ლარი. გადახდის დანიშნულება იყო ნასყიდობის ხელშეკრულება.

2011 წლის 17 ოქტომბერს ს. ბ-სა და ა(ა)იპ ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ის” (ს/კ ...) აღმასრულებელ დირექტორ ე. გ-ას შორის დაიდო „შეთანხმება“.

შეთანხმებაში დაფიქსირდა, რომ მხარეთა მიერ 2011 წლის 30 მარტს დადებული „უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“ ითვლება შეწყვეტილად წინამდებარე შეთანხმებაზე ხელმოწერის დღიდან და აისახება საჯარო რეესტრის ამონაწერში.

2013 წლის 6 თებერვალს ფიზიკურ პირებს – ს. ბ-სა და ა. ბ-ეს შორის დაიდო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება.

ხელშეკრულებაში დაფიქსირდა, რომ ს. ბ-ეს, ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ან“ ეკუთვნის 20000 აშშ დოლარი.

ს. ბ-ე, როგორც მოთხოვნის მფლობელი, უთმობს მამამისს –ა. ბ-ეს ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ის“ მიმართ 20 000 აშშ დოლარის მოთხოვნის უფლებას, ასევე ამ ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით, 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, 199-ე მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილით, მე-4, მე-5 და 103-ე, 105-ე მუხლებით, და მიიჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ 2011 წლის 5 აპრილის საგადასახადო დავალება წარმოადგინა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ მოთხოვნის უფლების დამთმობ პირ ს. ბ-ეს მოპასუხე ა(ა)იპ ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრ „ა-ის” (ს/კ ...) საბანკო დაწესებულების მეშვეობით გადარიცხული ჰქონდა 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 33 340 ლარი.

პალატამ ჩათვალა, რომ, ვინაიდან 2011 წლის 5 აპრილის საგადასახადო დავალებით ფონდი საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „ა-ის“ ანგარიშზე 20 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი 33 340 ლარი გადარიცხულია არა ს. ბ-ის, არამედ შპს ... (ს/კ ...) მიერ, ამ გადარიცხვით ფიზიკურ პირ ს...ბ-ეს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია. შესაბამისად, არარსებული მოთხოვნის უფლების დათმობა ვერ გახდება ა. ბ-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ბ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფონდ „ა-სა“ და მოთხოვნის დამთმობ ს. ბ-ეს შორის დადებული ხელშეკრულება, როდესაც მიიჩნია ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებად.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება სამართლებრივად დაუსაბუთებელი და უკანონოა.

სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულია ნასყიდობის ხელშეკრულება განვადებით და ჩვეულებრივი. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით დადებული გარიგების შემთხვევაში თანხა დაიფარება სრულად და მყიდველი გამყიდველს გადასცემს უნაკლო ნივთს. განვადებით კი, ყიდვა-გაყიდვა ხდება თანხის ნაწილ-ნაწილ გადახდით, სამოქალაქო კოდექსის 506-ე მუხლის თანახმად. სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ არის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულება, რაც არასწორია, ვინაიდან სადავო ხელშეკრულება ვერ აკმაყოფილებს ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმას. სიტყვა „წინარე“ არ არის ის ტერმინი, რომელსაც სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს, ამ შემთხვევაში თავისი ბუნებით ეს ხელშეკრულება არის განვადებით ნასყიდობა.

თუკი სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სარჩელი შეტანილი იყო არასათანადო მოსარჩელის მიერ, მას უნდა მიეცა წინადადება მოსარჩელისათვის სათანადო მოსარჩელის შეცვლის თაობაზე.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ფონდ „ა-სა“ და მოთხოვნის დამთმობ ს. ბ-ეს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და არა ნასყიდობა განვადებით, რაც დაასაბუთა იმით, რომ ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, გამყიდველი ვალდებული არ იყო, მყიდველისათვის თანხის დაფარვამდე გადაეცა უძრავი ქონება და უძრავი ქონება მხოლოდ იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა შპს „...“. აღნიშნული მსჯელობა არასწორია, რადგან ს. ბ-ეს ქონება გადაეცა იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე. თუკი მეორე მხარემ არ გადასცა მყიდველს ქონება თანხის სრულ დაფარვამდე, რასაც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 505-ე მუხლი, ეს კიდევ ერთი დარღვევაა მხარის მხრიდან, მაგრამ აღნიშნულის საპირისპირო მტკიცებულებაა იჯარის ხელშეკრულება, რომლითაც დასტურდება ს. ბ-ის მიერ ქონების ფლობა. ს. ბ-ის ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობა არ შეიძლებოდა, გამოყენებულიყო მის საწინააღმდეგოდ.

სადავო ქონება ს. ბ-ეს ჯერ კიდევ იჯარის ხელშეკრულების გაფორმებამდე გადაეცა, სადაც დაახლოებით 10 000 ლარის სარემონტო სამუშაოები იქნა ჩატარებული, აღნიშნულის გარეშე შპს ვერ იფუნქციონირებდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. ბ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ბ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე