№ას-887-845-2013 17 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ს. ბ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – შ. კ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – მშობლის უფლების ჩამორთმევა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ბ-ის კანონიერმა წარმომადგენელმა თ. ბ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. კ-ის წინააღმდეგ მესამე პირი – მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრი და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის – ს. ბ-ის მიმართ მოპასუხისთვის მამობის უფლების ჩამორთმევა შემდეგი საფუძვლით: მოსარჩელის განმარტებით, დაბადებიდან დღემდე ზრდის დედა, ხოლო მოპასუხეს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი. მოსარჩელე მოპასუხესთან ურთიერთობის წინააღმდეგია, ვინაიდან არ იცნობს მას. შ. კ-ე ბოროტად სარგებლობს მშობლის უფლებით, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს მოსარჩელეზე, რის გამოც აქვს ნერვიული სტრესი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს მის ნორმალურ აღზრდა-განვითარებაზე. ამასთან, თავს არიდებს თავის მოვალეობებს, არ ზრუნავს შვილზე, არ ითვალისწინებს მის ინტერესებს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ თავიდანვე არ ეძლეოდა შვილის ნახვის შესაძლებლობა მოსარჩელის დედის წინააღმდეგობის გამო. მოსარჩელის ფსიქიკა დაზიანებულია, იგი გაორებულია და იმყოფება დედის ზეგავლენის ქვეშ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ს. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, შ. კ-ეს (პ/№...) ჩამოერთვა მშობლის უფლება არასრულწლოვანი შვილის - ... წლის ... აპრილს დაბადებული ს. ბ-ის (პ/№...) მიმართ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წეისთ გაასაჩივრა შ. კ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით შ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ს. ბ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თ. ბ-სა და შ. კ-ეს თანაცხოვრების პერიოდში, ... წლის ... აპრილს, შეეძინათ შვილი - ს. ბ-ე. ამჟამად მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის საოქმო განჩინებით თ. ბ-სა და შ. კ-ეს შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის თანახმად, ს. კ-ეს მიენიჭა დედის გვარი „ბ-ე’“;
შ. კ-ეს შვილის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით, ასევე განესაზღვრა შვილის ნახვის საათები წაყვანის უფლებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 ივნისის განჩინების მიღების შემდეგ მამასა და შვილს შორის ურთიერთობა ვერ შედგა იმ მიზეზით, რომ ს. ბ-ეს იმ მომენტამდე მამასთან ურთიერთობა არ ჰქონია, იგი არ იცნობდა მას და პირველად ნახა სასამართლო პროცესზე, 2012 წლის 15 ივნისს;
ს. ბ-ეს 2010 წლის 27 სექტემბერს აღენიშნებოდა ფსიქო-ემოციური სტრესი. მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და მიეცა მშვიდი გარემოს შექმნის, არასასურველი სტრესის აცილების რეკომენდაცია.
შ. კ-სა და თ. ბ-ეს აქვთ დაძაბული, კონფლიქტური ურთიერთობა. ს. ბ-ეს მამასთან ურთიერთობის სურვილი არ გააჩნია.
შ. კ-ეს შექმნილი აქვს სხვა ოჯახი. მისი სამსულიანი ოჯახი 2008 წლის 18 აპრილიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. 2010 წლის 24 სექტემბრიდან ოჯახის სარეიტინგო ქულაა 36930. ოჯახი ყოველთვიურად იღებს დახმარებას 78 ლარის ოდენობით.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლით და მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზემოხსენებული ნორმით გათვალისწინებული იმ ფაქტობრივი გარემოებების არსებობას, რაც სარჩელის დაკმაყოფილებას დაედებოდა საფუძვლად; სამოქალაქო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების დანაწესის მიხედვით, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა.
რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას მოპასუხის მხრიდან ალიმენტის გადახდისაგან თავის არიდების თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე შ. კ-ე 2008 წლის 18 აპრილიდან რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და 2010 წლის 24 სექტემბრიდან ყოველთვიურად იღებს დახმარებას 78 ლარის ოდენობით. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე და 1213-ე მუხლებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები და ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე - იმის გამო, რომ მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან, თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის მატერიალურ-ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატის დასკვნით, ფაქტი იმის შესახებ, რომ მოპასუხე შვილის სასარგებლოდ ვერ იხდის შეთანხმებულ ალიმენტს, ვერ შეფასდებოდა მოპასუხის იმგვარ ბრალეულ ქმედებად, რაც მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნას წარმოუშობდა მხარეს.
პალატის განმარტებით, კანონი, მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევას უკანასკნელ ზომად მიიჩნევს (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1206–ე მუხლის პირველი ნაწილი); შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მისაღებად უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული და საქმის მასალებით დადასტურებული უტყუარი საფუძვლები; ასეთად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ მითითებული სოციალური ქსელის (Fაცებოოკ-ის) მონაცემები. სააპელაციო სასამართლომ, საქმის მასალებში წარმოდგენილი სოციალური მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული დასკვნის, ასევე საქმის ზეპირი განხილვისას ამავე ცენტრის წარმომადგენლის განმარტების მოსმენის შედეგად, მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა მშობლის უფლების ჩამორთმევისთვის სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები, რაც, თავის მხრივ, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ბ-ემ, მოითჴოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1206-ე მუხლი, რაც წინააღმდეგობრივია დასახელებული ნორმის მიზანთან და იმ პრინციპებთან, რომლებიც ბავშვთა უფლებების კონვენციითაა აღიარებული.
კასატორის აზრით, არასწორია სასამართლოს მსჯელობა მოპასუხის არაბრალეულ ქმედებასთან და ბავშვის რჩენის მოვალეობასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ სასამართლო ბრძანებს, რომ მშობლის მატერიალური მდგომარება მას არ ათავისუფლებს ბავშვის რჩენის მოვალეობისგან და ამასთან განმარტავს, რომ ალიმენტის გადაუხდელობა ვერ შეფასდებოდა ბრალეულ ქმედებად.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა სოციალური მუშაკის მიერ მომზადებული დასკვნა. ამასთან, სასამართლომ არცერთ მტკიცებულებას არ უნდა მიანიჭოს წინასწარ დადგენილი მნიშვნელობა, მას გადაწყვეტილება უნდა გამოეტანა მტკიცებულებათა ერთობლიობაზე და თავის შინაგან რწმენაზე დაყრდნობით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 სექტემბრის განჩინებით ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ს. ბ-ე გათავისუფლებულია სახლემწიფო ბაჟჲს გადახდის ვალდებულებისგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე