Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-895-853-2013 24 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები 1. ჯ. ჯ-ე (მოპასუხე)

2. დ. და ე. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ. და ე. მ-მა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ჯ. ჯ-ის მიმართ 2700 ლარის დაკისრებისა და გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ იმ საფუძვლით, რომ სადავო თანხა წარმოადგენს მოპასუხისათვის პროდუქციის საწარმოებლად გადახდილი ოდენობიდან დასაბრუნებელ დავალიანებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელეს დავალიანების ნაცვლად გადაეცა შესაბამისი ღირებულების მზა პროდუქცია და ხის მასალა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 2 მაისის გადაწყვეტილებით დ. და ე. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხეს მოსარჩელეთა სასარგებლოდ დაეკისრა 2700 ლარის გადახდა, ხოლო დაუყოვნებლივ აღსრულების ნაწილში მოთხოვნას ეთქვა უარი.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ჯ. ჯ-ემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმდა, ე. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დ. მ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ჯ. ჯ-ეს დ.მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1600 ლარის გადახდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:

ჯ. ჯ-ე და დ. მ-ე ერთობლივ საქმიანობასა და მოგების განაწილებაზე არ შეთანხმებულან.

ზეპირი შეთანხმების თანახმად, ერთობლივი საქმიანობა, მანდარინის ხის ყუთების დამზადება, უნდა ეწარმოებინათ ჯ. ჯ-სა და დ. მ-ის ოჯახის წევრს, სიძე ა. დ-ეს, ხოლო ხის მასალით მომარაგება უნდა უზრუნველეყო დ. მ-ეს. 3 თვის განმავლობაში დ.მ-ემ მიიტანა 5-6 რეისი ხის მასალა, რომლის ღირებულებაც, მისივე განმარტებით, 4100 ლარს შეადგენდა.

სამუშაოს დაწყებიდან 3 თვეში ჯ.ჯ-ემ დ. მ-ეს გადაუხადა 1000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადა დამზადებული ყუთების რეალიზაციის შემდგომ.

2009 წლის იანვარში დ. მ-ემ ჯ. ჯ-ის ოჯახიდან წაიღო სარეალიზაციოდ გამზადებული 750 ცალი მანდარინის ყუთი, 800 ცალი ყუთის დამუშავებული მასალა და უკვე დამუშავებული ხის ნარჩენები, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 5000 ლარს.

შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ, ცრუ დასმენაზე ხელწერილის ჩამორთმევის შემდგომ შედგენილ გასაუბრების ოქმში ჯ. ჯ-ემ აჩვენა, რომ დ. მ-ემ საქმეში დახარჯა 4100 ლარი. ზეპირი შეთანხმებისამებრ, მოგებული თანხა უნდა გაეყოთ მას და ა. დ-ეს, ხოლო დ-ის უნდა დაებრუნებინათ ძირი თანხა, ანუ 4100 ლარი. მუშაობის პერიოდში დ. მ-ეს ჩადებული თანხიდან დაუბრუნდა 1000 ლარი. იმავე წელს დ. მ-ემ თ. ც-ის ავტომანქანით მისი სახლიდან დაუკითხავად წაიღო 750 მზა ყუთი, 800 მანდარინის ყუთის მასალა, 120 ხურმის მზა ყუთი და დაახლოებით ერთი ავტომანქანა „ზილ 131-ით“ ტვირთი, რომლის ღირებულება შეადგენდა დაახლოებით 3000 ლარს.

შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ ცრუ დასმენაზე ხელწერილის ჩამორთმევის შემდგომ შედგენილ გასაუბრების ოქმში ა. დ-ემ განმარტა, რომ ჯ. ჯ-ან ერთად სთხოვა დ. მ-ეს, დაეფინანსებინა მათი ბიზნესი. დ. მ-ე დაეთანხმა. შეთანხმებისამებრ, მასალის მოტანის შემდეგ დ. მ-ის მეუღლე ე. მ-ე მძღოლებს უხდიდა თანხას.

დ. მ-ან წაღებული თანხიდან 1000 ლარი დაბრუნებულია.

ჯ. ჯ-ან დ. მ-ან ერთად წამოღებული აქვთ 140 მანდარინის მზა ყუთი და ნარჩენი მასალა, რომლისგანაც დაამზადა ყუთები, სულ 710 ცალი, რაც საბოლოოდ მათ მიერ რეალიზებულ იქნა.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ. ც-ემ განმარტა, რომ დ. მ-ის თხოვნით ჯ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლიდან თავისი ავტომობილით მოახდინა ტვირთის გადაზიდვა, მათ შორის იყო 150 მზა ყუთი, დაახლოებით 500-550 ყუთის მასალა და ნარჩენები. გადაზიდვა განახორციელა სამჯერადად (რეისად). ავტომანქანების დატვირთვაში თავადაც იღებდა მონაწილეობას.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა. დ-ემ აჩვენა, რომ დ. მ-ან ერთად, ჯ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლიდან წამოიღეს 150 ცალი მზა ყუთი და ყუთის მასალა. სულ დამზადდა 710 ყუთი, რაც გაიყიდა 1500 ლარად.

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ. დ-ემ განმარტა, რომ ერთი ცალი ხის ყუთის გასაყიდი ფასი შეადგენდა დაახლოებით 2,20-2,40 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე მხარეებმა დაადასტურეს, რომ ერთი ცალი ხის ყუთის გასაყიდი ფასი შეადგენდა დაახლოებით 2,20-2,40 ლარს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლების პირველი ნაწილებით, 623-ე მუხლით და მიუთითა, რომ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელს ეკისრება ვალდებულება, დააბრუნოს სესხად მიღებული თანხა, ხოლო გამსესხებელს კი აქვს უფლება, მოითხოვოს მის მიერ გადაცემული თანხა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარის მიერ მითითებული გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი).

მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს.

მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს.

კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში. შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასაბუთებისათვის და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.

ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ, დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან და არა ერთობლივი საქმიანობიდან.

მოპასუხემ დაადასტურა დ. მ-ის მიერ თანხის გადახდის ფაქტი, ასევე გადახდილი თანხიდან 1000 ლარის დაბრუნების ფაქტი, თუმცა სადავო გახადა დ. მ-ის მიერ გადაცემული თანხის ოდენობა.

მოსარჩელემ ჯ. ჯ-ის გადაცემული თანხის ოდენობის დასადასტურებლად წარმოადგინა საგამოძიებო ორგანოში ჯ. ჯ-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება.

შსს ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლისათვის მოპასუხის (ჯ. ჯ-ე) ჩვენებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი შესაგებლის საფუძველზე პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. მ-ემ ჯ. ჯ-ეს სესხის სახით გადასცა 4100 ლარი, საიდანაც ფულადი სახით დაუბრუნდა 1000 ლარი.

მხარეთა მიერ დადასტურებულია, რომ დ. მ-ემ, სესხის სახით გადაცემული თანხის სრულად დაუბრუნებლობის შემდგომ ჯ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლიდან წამოიღო ხის ყუთები, ყუთების დასამზადებლი მასალა და ხის ნარჩენები.

მხარეთა მიერ სადავოა წამოღებული ნივთების ოდენობა, მოცულობა და ღირებულება.

მოსარჩელეს შუამდგომლობით დაკითხული მოწმეების – ა. დ-ის, დ.დ-სა და თ. ც-ის ჩვენებების საფუძველზე პალატამ დადასტურებულად მიიჩნია, რომ დ. მ-ემ, ჯ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლიდან, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, წარმოიღო 150 ხის მზა ყუთი და 560 ყუთის მასალა, რომლისგანაც ა. დ-ემ დაამზადა ყუთები და საბოლოოდ მიღებული 710 ხის ყუთი რეალიზებულ იქნა 1500 ლარად.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის, 427-428-ე მუხლების თანახმად, სასამართლომ ჩათვალა, რომ ჯ. ჯ-ემ, დ. მ-ეს სესხად აღებული 4100 ლარიდან თანხობრივად დაუბრუნა 1000 ლარი, ხოლო დ. მ-ემ, ვალის დაბრუნების მიზნით, ჯ. ჯ-ის საცხოვრებელი სახლიდან წამოიღო 1500 ლარის ნივთები (მზა ყუთები, ყუთების დასამზადებელი მასალა, ხის ნარჩენები). პალატამ მიიჩნია, რომ ჯ.ჯ-ემ, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა, დ. მ-ეს 2500 ლარი დაუბრუნა (1000+1500=2500) და გადასახდელად დარჩენილი აქვს 1600 ლარი (4100-2500=1600) და არა 2700 ლარი, როგორც მოსარჩელე მოითხოვდა.

ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, დ. მ-ის სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ საფუძვლიანია, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჯ. ჯ-ეს დ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2700 ლარის გადახდა დაუსაბუთებელია.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული მ. გ-ის, ასევე თავად ჯ. ჯ-ის ახსნა-განმარტებით დასტურდებოდა მისი საცხოვრებელი სახლიდან დ. მ-ის მიერ 1500 ცალი მზა ყუთისა და ყუთების მასალის გატანის ფაქტი, რომელთა ღირებულებაც სრულიად ფარავდა დ. მ-ის ვალს.

სასამართლოს მოსაზრებით, მ. გ-ის ჩვენება წინააღმდეგობაშია მოწმის სახით დაკითხული თ. ც-ს ჩვენებასთან. თ. ც-ე არის იმ ავტომანქანის მძღოლი, რომლითაც დ. მ-ემ ჯ.ჯ-ის საცხოვრებელი სახლიდან ნივთები გაიტანა.

თ. ც-ემ მიუთითა, რომ მის ავტომანქანაზე დატვირთეს 150 მზა ყუთი, დაახლოებით 500-550 ყუთის მასალა და ნარჩენები. გადაზიდვა განახორციელა სამჯერადად (რეისად). ავტომანქანის დატვირთვაში თავადაც იღებდა მონაწილეობას.

პალატამ განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თ. ც-ის ჩვენებიდან არ გამოვლენილა არც ერთი ისეთი გარემოება, რომელიც წარმოქმნიდა ვარაუდის საბაბს, რომ მის ჩვენებაზე გავლენა მოახდინა სხვა ფაქტორებმა.

მოწმემ საკმაოდ დეტალურად აღწერა მომხდარი. მისი დეტალურობა მეტყველებს იმაზე, რომ მას კარგად ახსოვს სადავო გარემოებები.

პალატის აზრით, დ. ც-ის ჩვენება დამაჯერებელია. მოწმის სახით დაკითხული მ. გ-ე არის ჯ. ჯ-ის მეუღლე, რომელსაც გააჩნია პირადი ინტერესი საქმის მსვლელობისადმი. მოწმის ასეთი შინაგანი განწყობა კი ზღუდავს მის ობიექტურობას. შესაბამისად, სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მითითების დასადასტურებლად მაკა გიორგაძის ჩვენების მოხმობას.

სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ მისი განმარტება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით წარმოადგენს საკმარის მტკიცებულებას. პალატამ აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.

წინააღმდეგ შემთხვევაში, სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების მიჩნევა ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, მხოლოდ ჯ. ჯ-ის ახსნა-განმარტება სასამართლოსათვის არ არის სარწმუნო და საკმარისი.

სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა აპელანტ ე. მ-ის მოთხოვნას ჯ. ჯ-ის მის სასარგებლოდ თანხის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან გადაცემულ თანხაზე მისი კუთვნილება საქმის მასალებით არ დასტურდება.

ამდენად, პალატამ დაუსაბუთებელად ჩათვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც ჯ. ჯ-ეს ე. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2700 ლარის გადახდა, რაც ამ ნაწილში მისი გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში ჯ. ჯ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა სესხის ხელშეკრულება მაშინ, როდესაც სადავო ურთიერთობა ეხება ერთობლივ საქმიანობას.

სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა, რომ 2008 წლის ზაფხულში ჯ. ჯ-ემ შესთავაზა დ. მ-ეს მუშაობა მანდარინის ყუთების დამზადებაზე და სთხოვა დაფინანსება. აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს მტკიცებულებად მითითებული აქვს დ. მ-ის და მისი ოჯახის წევრების, მეუღლე ე. მ-სა და მასთან ერთად ოჯახად მცხოვრები სიძე ა. დ-ის განმარტებები, ხოლო ჯ. ჯ-ის განმარტებები სასამართლოს საერთოდ არ მიუღია მხედველობაში.

ფაქტობრივად, დ. მ-სა და ჯ. ჯ-ეს შორის არსებობდა შეთანხმება ერთობლივი საქმიანობის წარმოების შესახებ. მათ უნდა დაემზადებინათ მანდარინის ყუთები. აღნიშნული შეთანხმების განსახორციელებლად დ. მ-ემ აიღო ვალდებულება, მოემარაგებინა ხის მასალით, მუშაობას და ტექნიკურ საკითხს წარუძღვებოდა ჯ. ჯ-ე, რაც შეეხება სამუშაო ფულის მიცემას ან სესხს, ასეთი შეთანხმება არ დადებულა.

მხარეთა შეთანხმების თანახმად, მხოლოდ დამზადებული ყუთების საბოლოო რეალიზაციის შემდეგ მოგების შემთხვევაში იგი უნდა განაწილებულიყო ჯ. ჯ-სა და, დ. მ-ის მითითებით, ამ უკანასკნელის ოჯახის წევრ ა. დ-ეს შორის, ხოლო თვით დ. მ-ე პირადად დაიბრუნებდა მისი ოჯახის მიერ ხის მასალაში გადახდილ თანხას.

არასწორია სასამართლოს მითითება, რომ მოსარჩელის სიძემ ჯ.ჯ-ის ეზოდან წაიღო მხოლოდ 150 ყუთი და 550 ყუთის ხის მასალა. სასამართლომ სრულიად უსაფუძვლოდ არ მიიღო მხედველობაში თვით ჯ. ჯ-ის, მისი მეუღლის და მოწმე თ. ც-ის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დ. მ-ემ მათი ეზოდან გაიტანა 1500 ცალი მზა ყუთი და საყუთე მასალა.

ჯ. ჯ-ემ და მისმა მეუღლემ ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში გამომძიებლის მიერ ცრუ დასმენაზე ხელწერილის ჩამორთმევის შემდეგ განმარტეს, რომ დ. მ-ემ მათი ოჯახიდან უნებართვოდ გაიტანა 750 მზა ყუთი და 800 ცალი ყუთის მასალა, რომელთა ღირებულება შეადგენს დაახლოებით 3000 ლარს. აღნიშნული გარემოება მათ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზეც. სააპელაციო სასამართლოს კი, მითითებულ ფაქტზე საერთოდ არ უმსჯელია. მოცემულ ფაქტზე რაიმე დოკუმენტური ჩანაწერი არ გაკეთებულა, ხოლო დავა მიმდინარეობს ამ ფაქტიდან თითქმის ხუთი წლის გასვლის შემდეგ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს დუსრუნ და ე. მ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ არ გაამახვილა ყურადღება საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე.

საქმის მასალებით მტკიცდება, რომ ჯ. ჯ-ის სახლიდან წამოღებული მასალის ნარჩენებიდან დამზადებული ყუთების რეალიზაციით მიღებული თანხა – 1500 ლარი დ. მ-ეს არ მიუღია. იგი მიიღო არჩილ დუმბაძემ, როგორც ჯ. ჯ-ან ერთად მომუშავე ერთ-ერთმა მისმა პარტნიორმა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ეს სადავო თანხა დ. მ-ან ერთად უნდა დაკისრებოდა ე. მ-ის სასარგებლოდაც, რადგანაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ თანხის გადაცემაში მონაწილეობდა დ. და ე. მ-ი.

მხარეთა საერთო მეზობლებსა და ახლო ნათესავებთან საუბარში ჯ. ჯ-ემ აღიარა, რომ მას კასატორისათვის გადასახდელი ჰქონდა თანხა, რომელიც არ დაუბრუნებია.

სააპელაციო სასამართლოს ჯ. ჯ-ის სახლიდან წაღებული მასალის ნარჩენებისაგან დამზადებული ყუთების რეალიზაციით მიღებული თანხა – 1500 ლარი ჯ. ჯ-ის მიერ დ. და ე. მ-ის გადასახდელი ვალის ანგარიშში არ უნდა ჩაეთვალა.

ჯ. ჯ-ეს დ. და ე. მ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2700 ლარის გადახდა, ნაცვლად 1600 ლარისა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ჯ. ჯ-ის, დ. და ე. ჯ-ის საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. ჯ-ის, დ. და ე. ჯ-ის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ ისინი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივრებს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ჯ. ჯ-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი, ხოლო დ. და ე. მ-ს უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დ. მ-ის მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ჯ. ჯ-ის, დ. და ე. ჯ-ის საკასაციო საჩივრები დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ჯ. ჯ-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

3. დ. მ-ეს (პირადი №...) და ე. მ-ეს (პირადი №...) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბაჟის სახით დ. მ-ის მიერ 2013 წლის 9 აგვისტოს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე