№ას-896-854-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ვ. გ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ს-ა
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსთვის
დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა და სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. გ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ს-ას წინააღმდეგ და მოითხოვა: ცვლილება შევიდეს 2013 წლის 23 იანვარს ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ ამოწერილ სააღსრულებო ფურცელში და ყოველდღიურად გადასახდელი 24 ევროს ნაცვლად, პირგასამტეხლო დაეკისროს მოთხოვნილი თანხის 0,07%, რაც შეადგენს 5.6 ევროს დღეში, ხოლო 9 თვეში – 1512 ევროს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. გ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა 2013 წლის 23 იანვარს ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №130051353) მითითებული იპოთეკარის განცხადებით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის პირველ აბზაცში ვ. გ-ის პირგასამტეხლოს სახით 24.00 (ოცდაოთხი) ევროს (0.3%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 26 აპრილიდან აღსრულებამდე დაკისრების ნაწილში და პირგასამტეხლოს სახით ვ. გ-ის ვალდებულება კრედიტორ ნ. ს-ას წინაშე განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის (8000 ევრო) 0.1%, რაც შეადგენს 08 ევროს ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. პირგასმტეხლოს ათვლა დაიწყო 2012 წლის 26 აპრილიდან.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩვირა ვ. გ-ემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში 8 ევროს ოდენობით ყოველდღიური პირგასამტეხლოს 5.6 ევრომდე შემცირება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინებით ვ. გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2011 წლის 26 ოქტომბერს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ,,იპოთეკარმა“ ნ. ს-ამ ,,მესაკუთრეს“ ვ. გ-ეს გადასცა სესხი 8000 (რვა ათასი) ევროს, ანუ 18 400 ლარის ოდენობით, თვეში 6% სარგებლის დარიცხვით, რომლის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 26 რიცხვში.
ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ თანხის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო გადასახდელი თანხის 0,3%-ის ოდენობით.
აღნიშნული სესხი გაიცა 2011 წლის 26 ოქტომბერს, სამი თვის ვადით, 2012 წლის 26 იანვრის ჩათვლით.
სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა ვ. გ-ის კუთვნილი უძრავი ქონება: სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 7517.00 კვ.მ. შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: შენობა №01/2, შენობა-ნაგებობები საერთო ფართი: 256.18 კვ.მ. მდებარე შემდეგ მისამართზე - ბაღდათის რაიონი, სოფელი დ-ი.
2009 წლის 26 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი 480 ევრო, ვ. გ-ემ სრულად გადაიხადა.
2013 წლის 24 იანვრის №A13005699-04/001 წერილით, მოვალე ვ. გ-ეს მიეცა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ.
2013 წლის 23 იანვარს, ნოტარიუს მ. ჯ-ის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაფიქსირებულია, რომ მოვალე ვ. გ-ეს კრედიტორის, ნ. ს-ას მიმართ გააჩნია შეუსრულებელი ფულადი ვალდებულებები 2011 წლის 26 ოქტომბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.
აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა 8000 (რვა ათასი) ევრო, პირგასამტეხლო 24.00 ევრო (0.3%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2012 წლის 26 აპრილიდან აღსრულებამდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი.
ამავე სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის რეალიზაცია.
სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად წარდგენის დროისათვის პირგასამტეხლო განსაზღვრულია 6480 ევროს ოდენობით.
პალატამ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-418-ე და 420-ე მუხლებით, სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა და აღნიშნა, რომ მოსარჩელე სადავოდ ხდის, მხოლოდ პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი, რის გამოც უნდა მოხდეს მისი შემცირება და კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ძირითადი თანხის 0.07%, რაც შეადგენს 5.6 ევროს დღეში. განსახილველ შემთხვევაში, პალატის აზრით, სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - ძირითადი თანხის 0.3% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. ამდენად, პალატამ გონივრულად მიიჩნია ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს 0.1%-მდე შემცირება, რაც, თვეში ძირითადი თანხის 3%-ია, შესაბამისად, ნოტარიუსისი მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში აღნიშნული ცვლილების შეტანის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია.
აპელანტის მოთხოვნასთან დაკავშირებით, პალატამ დამატებით განმარტა, რომ ვ. გ-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, მე-4 და 103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული პირგასამტეხლო არაგონივრული, ხოლო გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო.
იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც ვ. გ-ის სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 ივლისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. გ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლი, მაშინ, როდესაც არ გააუქმა საქმეზე მიღებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც უგულებელყო ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. გ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 15 ოქტომბერს საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე