საქმე №ას-901-859-2013 17 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ჯ. ჯ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ე. ზ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ზ-ის მიმართ და მოითხოვა, ბათილად იქნეს ცნობილი მხარეთა შორის 2009 წლის 25 ნოემბერს დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება შემდეგი საფუძვლებით:
2009 წლის ნოემბერში მოსარჩელეს დაუკავშირდა ყოფილი დედამთილი მ. ლ-ე, რომელმაც განუცხადა, რომ იგი აპირებდა წასვლას საბერძნეთში, სჭირდებოდა ფული და სთხოვა, რომ მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინა დაეტვირთა იპოთეკით, აეღო სესხად 5000 აშშ დოლარი და გადაეცა მ. ლ-ის. იგი დაჰპირდა, რომ რამდენიმე თვეში თავად გაისტუმრებდა სესხს.
მ. ლ-ემ ისარგებლა რა მოსარჩელის ნდობითა და კეთილსინდისიერებით, მიიყვანა ქ. ქუთაისში, ჭ-ის გამზირზე მდებარე იპოთეკური სესხის ოფისში ვინმე ე. ზ-ან და ხელი მოაწერინა 5000 აშშ დოლარის სესხის ხელშეკრულებაზე, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული იყო 5000 ევრო, საიდანაც ე. ზ-ემ მის დედამთილს მისცა მხოლოდ 4000 ევრო, ჯ.ჯ-ის ე. ზ-ეს სესხი – 5000 ევრო არ მიუცია, აღნიშნული თანხა მისი ნებართვის გარეშე გადაეცა მის დედამთილს.
იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2010 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ე. ზ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ჯ.ჯ-ეს დაეკისრა მისთვის 6200 ევროს გადახდა. გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შეუსრულებლობის გამო განხორციელდა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია და მისი საცხოვრებელი სახლი შეიძინა თავად ე. ზ-ემ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ იმერეთის საარბიტრაჟო პალატის 2010 წლის 22 აპრილის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ეს მის სასარგებლოდ დაეკისრა 6200 ევროს და 570 ლარის გადახდა, განხილვის დროს დადასტურებულია მას და მოსარჩელეს შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების კანონიერება. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის განჩინებით გადაწყვეტილება ჩაითვალა კანონიერად, გაიცა სააღსრულებო ფურცელი, მოხდა ჯ. ჯ-ის კუთვნილი სახლის რეალიზაცია და აუქციონზე სახლი 18000 ლარად თავად შეისყიდა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 3 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2009 წლის 25 ნოემბერს ჯ. ჯ-სა და ე.ი ზ-ეს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება. აღნიშნული გარიგების თანახმად, მოპასუხემ ჯ. ჯ-ეს სესხის სახით გადასცა 5000 ევრო სამი თვის ვადით თვეში 8%-ის დარიცხვით. გარიგებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ჯ. ჯ-ის საკუთრებაში არსებული ქ. ქუთაისში, გ-ის მესამე შესახვევ №9-ში მდებარე უძრავი ქონება.
2010 წლის 22 აპრილს იმერეთის საარბიტრაჟო პალატის მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჯ. ჯ-ეს ე. ზ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 6200 ევროს და საარბიტრაჟო მოსაკრებლის – 570,65 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულია და მის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ზ. მ-ემ აჩვენა, რომ არის ინდივიდუალური მეწარმე და გასცემს იპოთეკურ სესხებს. მოსარჩელე ჯ. ჯ-ეს მან გადასცა ხელშეკრულებაში მითითებული თანხა, ხოლო, თანხის გადაუხდელობის გამო, გაიყიდა იპოთეკით დატვირთული მისი სახლი.
ჯ. ჯ-ემ სრულად მიიღო 2009 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული თანხა. ეს გარემოება ნათლად დასტურდება ჯ. ჯ-ის მიერ 2010 წლის 4 მარტს შედგენილი ხელწერილით, ასევე, 2010 წლის 29 მარტის მოსაზრებით, რომლის მიხედვით აპელანტი (მოსარჩელე) დამატებით ადასტურებს ე. ზ-ან სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში დასახელებული თანხის მიღებას.
სასამართლოს მოსაზრებით, ჯ. ჯ-ემ ვერ მიუთითა 2009 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის კანონშესაბამის საფუძვლებზე მაშინ, როდესაც ამ გარემოებათა მტკიცების ტვირთი ცალსახად მას ეკისრება. 2011 წლის 15 აპრილის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად ჯ. ჯ-ემ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიუთითა, გარიგების დადების მიზნით, მისი მოტყუების შესახებ. ამავდროულად, აპელანტმა როგორც პირველი, ისე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ვერ დააკონკრეტა, რაში გამოიხატა მისი მოტყუება და ამ გარემოების დასადასტურებლად, მისი მოტყუების თაობაზე ზეპირი განმარტების გარდა, რაიმე სახის მტკიცებულება არ წარუდგენია.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 54-ე, 81-ე, 82-ე მუხლებით და განმარტა, რომ მოტყუების დროს არსებობს ნების ნაკლის გამოვლენა, კერძოდ, რომ არა მოტყუების ფაქტი, ისე გარიგება არ დაიდებოდა. შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებენ მოტყუების ფაქტს.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოტყუებით დადებული გარიგება არსებობს, თუ მხარის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მეორე მხარე დებს გარიგებას. შესაბამისად, აღნიშნული საფუძვლით დადებული გარიგების ბათილობის შემთხვევაში მხარემ უნდა დაამტკიცოს არასწორი ცნობების მიწოდების ფაქტი.
სასამართლოს მითითებით, კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტმა აღნიშნა, რომ 2009 წლის 25 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას, ვინაიდან ჯ. ჯ-ეს ნასესხები თანხა არ მიუღია და ის გადაეცა მ. ლ-ეს, ამასთან, მან იცოდა, რომ ფორმდებოდა ხელშეკრულება 5000 აშშ დოლარზე და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება გაფორმებულია 5000 ევროზე, საიდანაც მ. ლ-ეს გადაეცა 4000 ევრო.
სააპელაციო პალატის განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი).
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია, მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ ჯ. ჯ-ე არ მოუტყუებიათ, ვინაიდან მან იცოდა, რომ მოპასუხესთან აფორმებდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას და ხელი მოაწერა მას. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ გარიგების საცილოდ ქცევისას მოტყუების ფაქტის არსებობა მხარემ უნდა დაადასტუროს ისეთ გარემოებებზე მითითებით და ისეთი მტკიცებულებების წარდგენით, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ მოტყუების ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში მტკიცების ტვირთი მოსარჩელე ჯ. ჯ-ეს აწევს, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება მისი მოტყუების ფაქტობრივი გარემოება. მოსარჩელის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი მითითება კი, სასამართლოს მოსაზრებით, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისათვის, რათა დადასტურდეს მოსარჩელის მოტყუების ფაქტობრივი გარემოება. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ გარიგებაზე ხელმოწერა უკვე თავისთავად ადასტურებს გარიგების შინაარსის ცოდნას. ამასთან, მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი 2010 წლის 4 მარტის ხელწერილით დასტურდება ჯ. ჯ-ის მიერ ე. ზ-ან სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში დასახელებული თანხის მიღება.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის, 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პალატამ განმარტა, რომ „იპოთეკა მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებებს განეკუთვნება....შეთანხმება იპოთეკის შესახებ არის ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება, (მის მიმართ გამოიყენება როგორც ნორმები გარიგებათა შესახებ, ისე სახელშეკრულებო სამართლის ზოგადი ნაწილის დებულებები), რომლითაც უძრავი ნივთის მესაკუთრე კრედიტორის წინაშე იღებს ვალდებულებას, ნაკისრი სხვა ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ითმინოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაცია ან საკუთრება მასზე გადასცეს კრედიტორს....იპოთეკა აბსოლუტური უფლებაა, რომელიც აფუძნებს მხოლოდ სხვისი უძრავი ნივთის რეალიზაციის ან მასზე საკუთრების გადაცემის მოთხოვნის უფლებას....იპოთეკის შესახებ შეთანხმება დაკავშირებულია სხვა ვალდებულებით-სამართლებრივ გარიგებასთან, როგორც წესი სესხის ან საკრედიტო ხელშეკრულებასთან, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნის უზრუნველსაყოფადაც იდება იპოთეკის ხელშეკრულება. ეს კავშირი პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ ორივე გარიგებას – სესხსაც და იპოთეკასაც ერთი და იგივე კრედიტორი ჰყავთ, რომელსაც იპოთეკის ხელშეკრულებაში იპოთეკარი ეწოდება....მიზნობრივი კავშირი იპოთეკასა და უზრუნველყოფილ მოთხოვნას შორის კანონით იმპერატიულად არის დადგენილი....იპოთეკა სანივთო უზრუნველყოფის აქცესორული საშუალებაა და მისი არსებობა დამოკიდებულია უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე, რომლის გარეშეც არ არსებობს იპოთეკა“ (კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, ლ. ჭ-ა, 2012 წელი გვ. 60-61; 68).
პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულების დადების დროს, სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ჯ. ჯ-ემ იპოთეკით დატვირთა ქ.ქუთაისში, გ-ის ქუჩა მესამე შესახვევ №9-ში მდებარე კუთვნილი უძრავი ქონება და ჯ. ჯ-ის მიმართ არ განხორციელებულა მოტყუება, ვინაიდან მან იცოდა, რომ მოპასუხესთან აფორმდება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას და ხელი მოაწერა მას. ჯ. ჯ-ემ სრულად მიიღო 2009 წლის 25 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში მითითებული სესხის თანხა. ჯ. ჯ-ის მიერ თანხის გადაუხდელობის (ვალდებულების შეუსრულებლობის) გამო, გაიყიდა იპოთეკით დატვირთული მისი სახლი.
შესაბამისად, ამ უდავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევის შედეგად პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძვლები.
კონკრეტულ შემთხვევაში არ დასტურდება გარიგების მოტყუების გზით დადების ფაქტი (რასაც აპელანტი უთითებს), არსებობდა ძირითადი სესხის ვალდებულება, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოხდა აპელანტის ქონების იპოთეკით დატვირთვა, სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო (რომლის შეუსრულებლობაც ასევე დადასტურებულია), მოხდა კანონის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული ჯ. ჯ-ის უძრავი ქონების რეალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ ჩათვალა, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ჯ. ჯ-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 286-ე და 623-ე მუხლები.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოპასუხე ე. ზ-ემ ნასესხები თანხა საკუთრებაში (ხელში) გადასცა არა კასატორს, არამედ სხვა პირს.
მოსარჩელეს მოპასუხე მხარის მიმართ რაიმე ვალდებულების შესრულების მოვალეობა არ გააჩნია, რადგან მხარეთა შორის სასესხო ვალდებულება არ წარმოშობილა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ჯ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
პ. ქათამაძე