№ას-92-88-2014 18 თებერვალი, 2014 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ა-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ნ. ე-ი“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი _ ხელშეკრულების შეწყვეტა, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ ფილიალის საქართველოს რესპუბლიკაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ნ. ე-ის“ თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ 849185.48 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; შპს „ა-ის“ ფილიალის სარჩელი შპს „ნ. ე-ის“ 327109 აშშ დოლარის და 4 157 637.94 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; შპს „ნ. ე-ის“ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; შპს „ა-ის“ ფილიალს საქართველოში შპს „ნ. ე-ის“ სასარგებლოდ 1274448.83 ლარის ანაზრაურება დაეკისრა; შპს „ნ. ე-ის“ სარჩელი მოპასუხისათვის 9992442.2 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა-მა“ და მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ა-ის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილება შპს „ნ. ე-ის“ იანვარში, თებერვალში და მარტში შესრულებული სამუშაოსა და პროექტით გაუთვალისწინებელი სამუშაოების ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და აღნიშნულ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ნ. ე-ის“ შპს „ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა იანვარში, თებერვალში და მარტში შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება, 1937670 ლარის ოდენობით; შპს „ა-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „ნ. ე-ის“ შპს „ა-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციით გაუთვალისწინებელი სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება 108 800 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრა შპს „ა-მა“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით შპს „ა-ს“ დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 3 თებერვლის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, მას დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 8000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა.
საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2014 წლის 6 თებერვალს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორის წარმომადგენელ რ.შ-ეს (იხ. მინდობილობა, ტ.8, ს.ფ. 175), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორისათვის ჩაბარებად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 7 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 11 თებერვალს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2014 წლის 11 თებერვლის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე