საქმე №ას-943-901-2013 17 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
თეიმურაზ თოდრია, ვასილ როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
2012 წლის 31 იანვარს მხარეთა შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №1-94 ხელშეკრულება სხვადასხვა სადაზღვევო რისკებისაგან ავტომობილის სრული დაზღვევის შესახებ.
2012 წლის 12 ივნისის ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა როგორც მოსარჩელის, ისე მესამე პირის კუთვნილი ავტომობილი. სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რაზეც უარი მიიღო.
ამდენად, შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს“ უნდა დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევით დამდგარი ზიანის, კერძოდ: შემოსავლების სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით „...“ დაზიანებით გამოწვეული ზიანის – 4 277 ლარის, გ. ფ-ას მფლობელობაში არსებული „...“ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანის დაზიანებით გამოწვეული ზიანის – 5 860 ლარის, დაზიანებული ავტომობილების გადაზიდვის მომსახურების – 550 ლარის, სულ – 10 687 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევისას მძღოლი – ა. ა-ე მოქმედებდა განზრახი და უხეში გაუფრთხილებლობით, რაც, სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის თანახმად, მზღვეველის ვალდებულების შესრულების გამომრიცხავი საფუძველია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2012 წლის 31 იანვარს სსიპ „შემოსავლების სამსახურსა“ და შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ს” შორის გაფორმდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა ავტომობილების სრული დაზღვევა სხვადასხვა სადაზღვევო რისკებისაგან, მათ შორის, ავტომობილის დაზიანებისაგან ან განადგურებისაგან, რაც გამოწვეულია ავტოსაგზაო შემთხვევით, ასევე დაზღვეული ავტომობილის ევაკუაციასთან დაკავშირებული ხარჯები და მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობა.
2012 წლის 12 ივნისს, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში შემოსავლების სამსახურის დაზღვეული „...“ სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომანქანა შეეჯახა „მერსედესის“ ფირმის ავტომობილს სახელმწიფო ნომრით „...“. და დადგა სადაზღვევო შემთხვევა, რა დროსაც მძღოლი არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ან ნარკოტიკული საშუალებების ზეგავლენის ქვეშ.
2012 წლის 12 ივნისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად შემოსავლების სამსახურის ავტომანქანის ზიანმა შეადგინა 4 277 ლარი, „მერსედესის“ მარკის ავტომანქანის ზიანმა – 5 860 ლარი, ხოლო ავტომობილების ევაკუაციის ხარჯმა – 550 ლარი, სულ – 10 687 ლარი.
შპს სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ-ის“ 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა 2012 წლის 12 ივნისს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის – 10 687 ლარის ანაზღაურებაზე.
2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება წარმოებით შეწყდა. ა. ა-ემ განაცხადა თანხმობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის განრიდებაზე შეთავაზებული პირობებით. გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 12 ივნისს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ შ-ი, სამტრედიიდან ბათუმის მიმართულებით, დაახლოებით 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა მიკროავტობუსი „ფორდ-ტრანზიტი“, რომელსაც მართავდა მძღოლი ა. ა-ე.
მსვლელობისას ავტომობილის მძღოლმა ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება, გადაკვეთა უწყვეტი ღერძულა ხაზი, გადავიდა საპირისპირო მიმართულებით სამოძრაო ზოლში და შეეჯახა შემხვედრი მიმართულებით მოძრავ გ. ფ-ას მართვის ქვეშ მყოფ მიკროავტობუსს.
საქმეზე დადგენილია, რომ მოცემულ მონაკვეთზე მოქმედებს საგზაო ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა 40 კმ/სთ“. ა. ა-ემ დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები და ამავე კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის დანაწესი საგზაო მოძრაობის წესების დანართის, ჰორიზონტალური მონიშვნის 1.3. პუნქტისა („ხაზის გადაკვეთა აკრძალულია“) და საგზაო მოძრაობის წესების დანართის, საგზაო ამკრძალავი ნიშნების 3.24-ის („მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა, აკრძალულია მოძრაობა იმ სიჩქარით, რომელიც აღემატება ნიშანზე აღნიშნულს“) მოთხოვნები.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 799-ე მუხლის პირველი ნაწილით, 829-ე მუხლით და არ გაიზიარა აპელანტის მითითება, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი მზღვეველს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაზღვევა დამზღვევის მიერ გამოყენებულია მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მისაღებად. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, არ ანაზღურდება ასევე დამზღვევის ბრალით გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევა.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა არ ყოფილა გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობით, რადგან მძღოლი იმყოფებოდა ფხიზელ მდგომარეობაში.
პალატის მითითებით, მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში დასტურდება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემით, მოწმის დაკითხვის ოქმით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის პროკურორის 2012 წლის 22 აგვისტოს დადგენილებით, ექსპერტიზის დასკვნებით. აღნიშნული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა განაპირობა მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილზე მოქმედი საგზაო ნიშნების უგულებელყოფამ, სიჩქარის გადაჭარბებამ, რომელთა დაცვის შემთხვევაში მას შეეძლო საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა გარემოების გათვალისწინებით პალატამ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო ამირან აბუსერიძის უხეში გაუფრთხილებლობით, რის გამოც მოპასუხეს არ ეკისრება დაზღვევის თანხის ანაზღაურების ვალდებულება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურმა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის დადებული სადაზღვევო ხელშეკრულებით ზუსტადაა განსაზღვრული სადაზღვევო რისკები, რომლებზეც დაზღვევა ვრცელდება, თუმცა გარიგებით არ დადგენილა შემთხვევა, რომლის დროსაც სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებისაგან სადაზღვევო კომპანია თავისუფლდებოდა ნაკისრი ვალდებულებებისაგან. ამასთან, სადაზღვევო კომპანიამ ანალოგიურ პირობებში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი უკვე აანაზღაურა.
სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლი.
პალატამ უგულებელყო ის ფაქტი, რომ სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლი, მოცემულ შემთხვევაში მზღვეველის მოვალეობის შესრულებისაგან გათავისუფლების საფუძველს არ წარმოადგენს. მითითებული ნორმა მზღვეველს ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან, თუკი დაზღვევა დამზღვევის მიერ გამოყენებულია მართლსაწინააღმდეგო შემოსავლის მისაღებად, ასევე, ისეთი სადაზღვევო შემთხვევისას, როგორიც არის სატრანსპორტო შემთხვევა, რომელიც გამოწვეულია დამზღვევის უხეში გაუფრთხილებლობით.
ჩვეულებრივი გაუფრთხილებლობისაგან განსხვავებით, უხეში გაუფრთხილებლობა წარმოადგენს უპატიებელ შეცდომას, რომელთა რიცხვს სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ საათით არ განეკუთვნება. არსებული სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნეულია ავტომობილის მართვა ნასვამ მდგომარეობაში, ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების დროს და არაუფლებამოსილი პირის მიერ. უხეშ გაუფრთხილებლობად არ შეიძლება, მივიჩნიოთ სიჩქარის 30 კმ საათით გადაჭარბება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეც.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: თ. თოდრია
ვ. როინიშვილი