№ას-954-912-2013 24 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ს-ე, რ. ვ-ე, მ. ო-ი, ვ. ს-ა, დ. ქ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მირებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ს-ამ, რ. ვ-ემ, დ. ქ-მა, მ. ო-მა და თ. ს-ემ სარჩელი აღძრეს სასამართლოში სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინააღმდეგ და მოითხოვეს:
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 9 ოქტომბრის №168-კ ბრძანების ბათილად ცნობა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” წამყვანი-პროდიუსერის თანამდებობიდან ვ. ს-ას გათავისუფლების ნაწილში;
ვ. ს-ას აღდგენა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” წამყვანი-პროდიუსერის და რადიო გადაცემა ”თავისუფალი მიკროფონის” წამყვანის თანამდებობებზე;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, ვ. ს-ას სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება სიმბოლური თანხის, სახელდობრ, 01 ლარის ოდენობით;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 9 ოქტომბრის №168-კ ბრძანების ბათილად ცნობა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობიდან რ. ვ-ის გათავისუფლების ნაწილში;
რ. ვ-ის აღდგენა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” აღმასრულებელი პროდიუსერის და რადიო გადაცემა ”ინტეგრაციის” წამყვანის თანამდებობებზე;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, რ. ვ-ის სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მისი სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 09 ოქტომბრის №168-კ ბრძანების ბათილად ცნობა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობიდან დ. ქ-ის გათავისუფლების ნაწილში;
დ. ქ-ის აღდგენა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობაზე;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, დ. ქ-ის სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მისი სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 09 ოქტომბრის №168-კ ბრძანების ბათილად ცნობა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” კორესპონდენტის თანამდებობიდან მ. ო-ის გათავისუფლების ნაწილში;
მ. ო-ის აღდგენა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” კორესპონდენტის თანამდებობაზე;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, მ. ო-ის სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მისი სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 9 ოქტომბრის №168-კ ბრძანების ბათილად ცნობა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” კორესპონდენტის თანამდებობიდან თ. ს-ის გათავისუფლების ნაწილში;
თ. ს-ის აღდგენა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” კორესპონდენტის თანამდებობაზე;
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის, თ. ს-ის სასარგებლოდ, გათავისუფლების დღიდან სამსახურში აღდგენამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება, მისი სახელფასო განაკვეთის გათვალისწინებით.
მოსარჩელეების განმარტებით, 2012 წლის 28 ივნისს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე, 2013 წლის პირველ იანვრამდე იკავებდნენ სხვადასხვა პოზიციებს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში. დამსაქმებელთან გაუგებრობა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მათ გააკრიტიკეს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინერტულობა პატიმართა უფლებების ფაქტების გაშუქების მხრივ. 2012 წლის 09 ოქტომბერს, სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გამოსცა №168-კ ბრძანება, რომლითაც შრომითი ურთიერთობა შეწყვიტა მოსარჩელეებთან, საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. მუხლის ”დ” ქვეპუნქტის და 38.3. მუხლის შესაბამისად. დასაქმებულს მოსარჩელეებისათვის არ განუმარტავს, სამსახურიდან მათი გათავისუფლების მიზეზი.
მოსარჩელე ვ. ს-ა, ეხმიანება რა მოპასუხის მიერ შესაგებელში მითითებულ გარემოებებს, განმარტავს, რომ მას (განსხვავებით სხვა მოსარჩელეებისგან) მოპასუხის გენერალურმა დირექტორმა, 2012 წლის 09 ოქტომბერს (გათავისუფლების დღეს), 14:00 საათისათვის, მართლაც შესთავაზა ახალი შრომითი კონტრაქტი, რომელზე პასუხის მიცემისათვის მიეცა დრო საღამოს 1800 საათამდე; კონტრაქტის რამდენიმე არსებითი პირობა იყო ბუნდოვანი. მოსარჩელე ვ. ს-ას არ მიეცა ამ საკითხების გარკვევის საშუალება: გენერალურ დირექტორთან დაკავშირება შეუძლებელი შეიქნა, ამის გამო _ დაახლოებით 14:45 საათისათვის მოსარჩელე შეხვდა გენერალური დირექტორის მოადგილეს, გ. გ-ს, რომელსაც ჩააწერინა შრომითი კონტრაქტის ბუნდოვან პირობებთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა და თხოვა მას გენერალურ დირექტორთან შეხვედრაში დახმარება. მიუხედავად ამისა, მოპასუხის გენერალურმა დირექტორმა თავი აარიდა მოსარჩელესთან შეხვედრას და შრომითი კონტრაქტის ბუნდოვანი საკითხების გარკვევას (იხ. ს.ფ. 190-200); იმავე დღეს, გ. გ-ან შეხვედრიდან დაახლოებით 15 წუთში, 15:00 საათისათვის (მოსაფიქრებლად მიცემული ვადის ამოწურვამდე), ვ. ს-ას ტელეფონით დაუკავშირდა მოპასუხის კადრების განყოფილების უფროსი, რომელმაც განუცხადა, რომ რაიმეს გარკვევას აზრი არ ჰქონდა, ვინაიდან ისინი ყველანი უკვე გათავისუფლებული იყვნენ სამსახურიდან. მოპასუხემ შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა როგორც ვ. ს-ან, ისე სხვა მოსარჩელეებთან.
მოპასუხე სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე, სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობისადა დაუსაბუთებლობი ს გამო და მოითხოვა მოსარჩელეებისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
მოპასუხის განმარტებით, შრომითი ხელშეკრულების მოშლა შეიძლება ერთ-ერთი მხარის ინიციატივით; დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ერთი თვის შრომის ანაზღაურება. სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსარჩელეებს გადაუხადა ერთი თვის შრომის ანაზღაურება.
მოპასუხესა და მოსარჩელე ვ. ს-ას არაერთი შეხვედრა ჰქონდათ გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” ფორმატის შეცვლასთან დაკავშირებით, რომლის დისკრეციული უფლებამოსილებაც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გააჩნია. ვ. ს-ას სურვილი იყო გადაცემის ფორმატის ტრანსფორმირება საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუდ.
მოპასუხემ ვ. ს-ას, მისივე მოთხოვნის გათვალისწინებით, შესთავაზა ახალი შრომითი კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ის უნდა ყოფილიყო საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანი, რაზეც მან უარი განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობისათვის გაუგებარი მიზეზების გამო. მოპასუხემ ასევე, განმარტა, რომ შრომითი ხელშეკრულებები გაფორმებული იყო 2013 წლის 01 იანვრამდე. მისივე მითითებით, გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟი” აღარ გადის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით ვ. ს-ას, რ. ვ-ის, დ. ქ-ის, მ. ო-სა და თ. ს-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 09 ოქტომბრის №168-კ ბრძანება ვ. ს-ას, რ. ვ-ის, დ. ქ-ის, მ. ო-ის, თ. ს-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, ვ. ს-ას სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება სიმბოლური თანხის - 01 ლარის ოდენობით; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რ. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2012 წლის 09 ოქტომბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 3000 ლარის გათვალისწინებით; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2012 წლის 09 ოქტომბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 3065 ლარის გათვალისწინებით; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მ. ო-ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2012 წლის 09 ოქტომბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 775 ლარის გათვალისწინებით; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, თ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა, 2012 წლის 09 ოქტომბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის -1025 ლარის გათვალისწინებით; მოსარჩელეებს სარჩელის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვათ დაკმაყოფილებაზე; სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა, სახელმწიფო ბაჟის გადახდა 470 ლარის ოდენობით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და გასაჩივრებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწუყებლის“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის 1.3, 1.4, 1.5, 1.6 ქვეპუნქტები და მე-3 პუნქტი და ამ ნაწილებში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; რ. ვ-ის, დ. ქ-ის, მ. ო-ის, თ. ს-ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა:
სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რ. ვ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის- 3000 ლარის გათვალისწინებით, რაც ჯამში შეადგენს 5200 ლარს;
სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დ. ქ-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის -3065 ლარის გათვალისწინებით, რაც ჯამში შეადგენს 5312,7 ლარს;
სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მ. ო-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 775 ლარის გათვალისწინებით, რაც ჯამში შეადგენს 1343,4 ლარს;
სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, თ. ს-ის სასარგებლოდ, დაეკისრა 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის - 1025 ლარის გათვალისწინებით, რაც ჯამში შეადგენს 1776,7 ლარს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილებში (სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტის 1.1.; 1.2. ქვეპუნქტებში) დარჩა უცვლელად;
რ. ვ-ეს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 119,5 ლარის ოდენობით;
დ. ქ-ს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლის სასარგებლოდ, დაეკსირა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 122,5 ლარის ოდენობით;
მ. ო-ს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლის მიმართ დაეკსირა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30,8 ლარის ოდენობით;
თ. ს-ეს სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებლის მიმართ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 40,9 ლარის ოდენობით;
სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, დაეკისრა პირველი ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის სახით 408,98 ლარის გადახდა.
პალატამ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის 2012 წლის 09 ოქტომბერს №168-კ ბრძანებით, სამუშაოდან გათავისუფლდნენ პროდიუსინგის დეპარტამენტის გადაცემა ,,ვ. ს-ას რეპორტაჟის’’ თანამშრომლები: ვ. ს-ა, რ. ვ-ე, დ. ქ-ი, მ. ო-ი, მ. ს-ე და თ. ს-ე. ბრძანებაში მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37.1. ,,დ’’ ქვეპუნქტი და 38.3. მუხლი. ამავე ბრძანებით განისაზღვრა მოსარჩელეებისათვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა (ტომი 1; ს.ფ. 43; ბრძანება N168-კ);
პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებლმა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების მოშლით, კანონის სრული დაცვით შეწყვიტა მათთან შრომითი ურთიერთობა.
მართალია პალატა დაეთანხმა სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებულ გარემოებას იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების დასაბუთებისას გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ევროპის სოციალური ქარტიის 24(ა) მუხლი, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მუხლი საქართველოს მიერ არ არის სავალდებულოდ აღიარებული, მაგრამ პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეყრდნობა მხოლოდ მითითებულ მუხლს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გარდა ზემოაღნიშნული მუხლისა, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად მითითებული აქვს როგორც საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, ასევე, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა ნორმატიულ აქტებზე. ამასთან, პალატამ დამატებით მიუთითა შემდეგზე:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლით, ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლით (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის N1876–რს დადგენილებით), ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლით, 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლით და აღნიშნა, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმები იძლევიან უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატის განმარტებით, მოქმედი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი არ შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც დამქირავებლის ცალმხრივი უფლება, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე გაათავისუფლოს დასაქმებული. ასეთი მოსაზრება წინააღმდეგობაშია შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად ,,შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას’’. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ,,აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია’’.
პალატამ ასევე აღნიშნა, რომ მითითებული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
პალატამ მიიჩნია, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაირღვა თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია ხელშეკრულების მოშლის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.
პალატის აზრით, შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია ხელშეკრულების მოშლის საფუძვლის არცოდნის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა დადგენილია, რომ მოპასუხე საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსარჩელეების სამსახურიდან განთავისუფლებას საფუძვლად დაუდო საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, ანუ შრომითი ხელშეკრულების მოშლა მოხდა დამსაქმებლის ინიციატივით, დამსაქმებლის ცალმხრივი ნების საფუძველზე ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის მითითების გარეშე, რაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, ეწინააღმდეგება როგორც საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს და საქართველოს კონსტიტუციას, ასევე, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მხარეთა თანასწორუფლებიანობის პრინციპს.
პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის, მათი სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველს ასევე წარმოადგენდა ის გარემოება, რომ ,,ვ. ს-ას რეპორტაჟი’’ უნდა შეცვლილიყო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუდ, სადაც დასაქმდებოდნენ მოსარჩელეები და რის შესახებაც ისინი ინფორმირებულნი იყვნენ (ამ გარემოების დასადასტურებლად აპელანტი უთითებს საქმეში წარმოდგენილ ვ. ს-ას და რ. ვ-ის სსიპ ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის’’ გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას ამსახველ ვიდეო ჩანაწერზე), გამომდინარე იქიდან, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი მითითებული უნდა იყოს გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს. ამასთან, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მხარეები სადავოდ არ ხდიან და დადგენილია, რომ მოსარჩელეებს, და მათ შორის ვ. ს-ას სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ახალი შრომის ხელშეკრულება არ გაუფორმებია.
ამდენად, პალატის მოსაზრებით, უდავოა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსარჩელეებთან კანონის დარღვევით შეწყვიტა შრომითი ურთიერთობა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლისა.
საქართველოს შრომის კოდექსის 32.1. მუხლზე მითითებით და ვინაიდან, ბრძანება მოსარჩელეთა სამუშაოდან განთავისუფლების შესახებ კანონის დარღვევითაა გამოცემული და ბათილია, ამიტომ სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეებს უნდა აუნაზღაურდეთ იძულებითი განაცდური.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ:
- ვ. ს-ას ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 4050 ლარს, საიდანაც 3750 ლარი წარმოადგენდა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” წამყვანი-პროდიუსერის თანამდებობაზე საქმიანობისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას, ხოლო 300 ლარი - რადიო გადაცემა ”თავისუფალ მიკროფონში” წამყვანის თანამდებობაზე საქმიანობისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 35);
- რ. ვ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3000 ლარს, საიდანაც 2500 ლარი წარმოადგენდა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობაზე საქმიანობისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას, ხოლო 500 ლარი - რადიო გადაცემა ”ინტეგრაციის” წამყვანის თანამდებობაზე საქმიანობისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 36);
- დ. ქ-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 3065 ლარს (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 37);
- მ. ო-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 775 ლარს (იხ. შრომის ხელშეკრულება, ს.ფ. 38);
- თ. ს-ის ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1025 ლარს (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 39);
პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე ვ. ს-ა სასამართლოს სთხოვდა, მოპასუხეს, მის სასარგებლოდ, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისათვის დაკისრებოდა სიმბოლური თანხა - 1 ლარი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე მითითებით, პალატამ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს იძულებითი განაცდურის ანაზღაურების სახით ვ. ს-ას სასარგებლოდ სწორად დააკისრა 1 ლარი.
პალატამ არ გაიზიარა სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული გარემოება იმის შესახებ, რომ ვინაიდან, რ. ვ-ე სარჩელით მოითხოვდა მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას მხოლოდ, ,,ვ. ს-ას რეპორტაჟის’’ აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობაზე საქმიანობისათვის, რაც შეადგენდა 2500 ლარს, შესაბამისად, სასამართლოს უნდა ემსჯელა მოთხოვნის ამ ფარგლებში.
აღნიშნულთან მიმართებაში პალატამ მიუთითა სასარჩელო განცხადებაზე (ტომი 1; ს.ფ. 14), საიდანაც დასტურდება ის გარემოება, რომ რ. ვ-ის მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის იძულებითი განაცდურის სახით 3000 ლარის დაკისრება, საიდანაც 2500 ლარი წარმოადგენდა გადაცემა ”ვ. ს-ას რეპორტაჟის” აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობაზე საქმიანობისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას, ხოლო 500 ლარი - რადიო გადაცემა ”ინტეგრაციის” წამყვანის თანამდებობაზე საქმიანობისათვის გათვალისწინებულ შრომის ანაზღაურებას (იხ. შრომითი ხელშეკრულება, ს.ფ. 36);
სასარჩელო მოთხოვნის - იძულებითი განაცდურის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების შესახებ, მსჯელობისას, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ: ა) 2012 წლის 28 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულებებით მოსარჩელეები სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შრომით ხელშეკრულებებში მითითებულ თანამდებობებზე დასაქმებული იყვნენ განსაზღვრული ვადით (06 თვით) - 2012 წლის 01 ივლისიდან 2013 წლის 01 იანვრამდე (იხ. შრომითი ხელშეკრულებები), ბ) მოსარჩელეები სამსახურიდან გათავისუფლდნენ 2012 წლის 09 ოქტომბერს სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის №168-კ ბრძანებით, და ასევე იმ გარემოებაზე, რომ გ) თითოეულ მოსარჩელეს მიეცა სადავო ბრძანებით განსაზღვრული ერთი თვის შრომის ანაზღაურება (მხარეთა ახსნა-განმარტება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოსარჩელეების სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდათ განაცდური ხელფასის (ყოველთვიურად დარიცხული ხელფასის) ანაზღაურება, არა 2012 წლის 09 ოქტომბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ იქნა მიჩნეული, არამედ, 2012 წლის 09 ნოემბრიდან - 2013 წლის 01 იანვრამდე, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს უკვე მიღებული აქვთ 1 თვის სარგო.
ამდენად, პალატამ მიიჩნია, რომ საბოლოოდ თითოეული მოსარჩელისადმი გასაცემი განაცდური უნდა განისაზღვრულიყო შემდეგი ოდენობით:
- სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რ. ვ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით (3000 ლარი), რაც შეადგენს ((3000x2)-800 (8 დღის ხელფასი)) 5200 ლარს;
- სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, დ. ქ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით (3065 ლარი), რაც შეადგენს ((3065x2)-817,3 (8 დღის ხელფასი)) 5312,7 ლარს;
- სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, მ. ო-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის (775 ლარი) გათვალისწინებით, რაც შეადგენს ((775x2)- 206,6 (8 დღის ხელფასი)) 1343,4 ლარს;
- სსიპ საზოგადოებრივ მაუწყებელს, თ. ს-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, 2012 წლის 09 ნოემბრიდან 2013 წლის 01 იანვრამდე პერიოდის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, მისი ყოველთვიური ხელფასის ოდენობის (1025 ლარი) გათვალისწინებით, რაც შეადგენს ((1025x2)-273,3 (8 დღის ხელფასი)) 1776,7 ლარს;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტიელბის მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
კასტორის აზრით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულებები კანონის დარღვევით შეწყვიტა, რის გამოც პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდასაქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სადავო ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით, არამართებულია სასამართლოს მოსაზრებები, ვინაიდან არსებობდა არა მხოლოდ ხელშეკრულების მოშლის მიზეზები, არამედ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება დავის წარმოშობის მიზეზი და ხელშეკრულების მოშლის საფუძვლები.
რაც შეეხება ზიანის სახით იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას, კასატორის აზრით, სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის 2012 წლის 9 ოქტომბრის №168-კ ბრზანება მიღებულ იქნა მოქმედი კანონდმებლობით დადგენილი წესის შესაბამისად და არ არსებობდა მისი გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, იმ შემთხვევაშიც, თუ იგი იარსებებდა, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინდა ფაქტობრივი გარემოება, თითოეული მოსარჩელისთვის სშკ-ს 38.3 მუხლის შესაბამისად, ერთი თვის შრომის ანაზღაურების მიცემის შესახებ, მოსარჩელეებს (ვ. ს-ას გარდა) უნდა ანაზრაურებოდათ ხელზე ასაღები ხელფასი მხოლოდ 1 თვისა და ოქტომბერში დარჩენილი 17 სამუშაო დღის მიხედვით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 10 246.96 ლარს, რაც ცხადყოფს, რომ სსიპ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ დაეკისრა 3 386.84 ლარით მეტი, ვიდრე დაეკისრებოდა სასამართლოს მიერ მტკიცებულებების სათანადოდ გამოკვლევისა და სწორ გაანგარიშების შემთხვევაში.
კასატორის აზრით, სასამართლომ რ. ვ-ის მიმართ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, ვინაიდან იგი ითხოვდა სახელფასო ანაზღაურებას მხოლოდ „ვ. ს-ას რეპორტაჟში“ აღმასრულებელი პროდიუსერის თანამდებობაზე მისი სახელფასო განაკვეთის მიხედვით, რომელიც შეადგენდა 2500 ლარს.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლები, ასევე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18, მე-20.3 მუხლები და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის. გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 54-ე მუხლები, ასევე, ევროპის სოციალური ქარტიის 4.4 მუხლი, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შესაბამისი ნორმები, ამასთან, არასწორად განმარტა სშკ-ის 37.1-ე მუხლის „დ„ ქვეპუნქტი.
მოსარჩელეებისათვის იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ნაწილში გადაწყვეტილების მიღებისას, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 248-ე მუხლი, ამასთან, გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე , 411-ე მუხლები და სშკ-ის 32.1-ე მუხლი, რომლებიც არ უნდა გამოეყენებინა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (702.14 ლარი) 70% – 491.50 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 23 აგვისტოს №346660 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (702.14 ლარი) 70% – 491.50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე