№ას-960-918-2013 24 თებერვალი, 2014 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თეიმურაზ თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს. რ-ა“
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ხ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ხ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ს. რ-ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა მიუღებელი სარჩოს ანაზღაურება, სარჩოს სხვაობის დაკისრება სს ,,ს. რ-ე” მემანქანის თანაშემწის ხელფასის 80%-ის ოდენობით და 2013 წლის იანვრიდან 800 ლარის დაკისრება ყოველთვიურად სარჩოს სახით.
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით მ. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე სს „ს. რ-ას“ მოსარჩელე მ. ხ-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 2012 წლის ივლისიდან 2012 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 580,56 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით; მოპასუხე სს „ს. რ-ას“ დაეკისრა მ. ხ-ის სასარგებლოდ 2013 წლის იანვრიდან ყოველთვიური სარჩოს, 800 ლარის გადახდა იმ დროისთვის მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინებით სს „ს. რ-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოსარჩელე მ. ხ-ე წლების განმავლობაში მუშაობდა მოპასუხე სს „ს. რ-ი“ მემანქანის თანაშემწედ, რომელმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, მიიღო საწარმოო ტრამვა, რის გამოც პროფესიული შრომის უნარი დაკარგული აქვს, უვადოდ 80%-ით;
სს „ს. რ-ა“, მოსარჩელეს, მის მიერ მიღებული საწარმოო ტრამვის გამო, 2012 წლის თებერვლიდან, ყოველთვიურად უხდის 640 ლარს;
სს „ს. რ-ი“ მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი 2012 წლის 15 ივლისის ჩათვლით იყო 800 ლარი, 2012 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით ხელფასის ოდენობა გაიზარდა და შეადგინა 850 ლარი, ხოლო მისი ოდენობა 2012 წლის ოქტომბრიდან შეადგენს 1000 ლარს.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები აპელანტს სადავოდ არ გაუხდია.
პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზე, რომ შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებული პირისათვის სხეულის დაზიანებით და ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანი ანაზღაურდება არასახელშეკრულებო (დელიქტური) პასუხისმგებლობის ფორმით.
პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან მ. ხ-ის მიერ საწარმოო ტრავმის მიღების შესახებ ფაქტობრივი გარემოება და ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის შედეგად მას შრომის უნარი დაკარგული აქვს 80%–ით, სადავო არ ხდება, ასევე უდავოა, რომ მ. ხ-ე მოპასუხისაგან 2012 წლის თებერვლიდან ყოველთვიურად იღებდა სარჩოს, შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის და 316-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესზე მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ მ. ხ-ის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა მოპასუხე მხარე.
აპელანტი პრეტენზიას ძირითადად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ხელფასის ზრდის გამო სარჩოს ოდენობის შეცვლის – გადაანგარიშების შესახებ სამართლებრივ ნორმას არ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და, რომ ამ მხრივ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არასწორად იქნა გამოყენებული სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ნორმები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატამ მიიჩნია, რომ სწორედ დასახელებულ ნორმათა შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის კვალობაზე, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში მ. ხ-ე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. პალატის აზრით, ამ დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მ. ხ-ემ მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა შრომის უნარი 80%–ით სამუდამოდ. პალატამ გაიზიარა მოსაზრება მასზე, რომ სარჩოს ანაზღაურების მავლადებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. ამასთან, სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის არმიღების შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და რომ იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. ამდენად, პალატის აზრით, აპელანტის პრეტენზია მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას და იგი არ წარმოშობს საკმარის საფუძველს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად.
პალატის შეხედულებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სარჩოს გადაანგარიშების საკითხზე მსჯელობისას სწორად იხელმძღვანელა ზემოთ მოხმობილი ნორმებით, ასევე საქართველოს შრომის კოდექსის 44–ე მუხლით გათვალისწინებული ნორმით და სწორად შეაფასა, რომ მოპასუხე შპს „ს. რ-ა“ არამართლზომიერად არ ახდენს მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას, მემანქანის თანაშემწის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით და რომ მოპასუხე სს „ს. რ-ის“ მიერ, მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში, მემანქანის თანაშემწის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელე არასრულად იღებს მისაღებ სარჩოს 2012 წლის 16 ივლისიდან, რითაც მას ადგება ზიანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ საბოლოოდ დაასკვნა, რომ რამდენადაც სს „ს. რ-ი“ 2012 წლის 16 ივლისიდან მემანქანის თანაშემწის ყოველთვიური ხელფასი, 800 ლარიდან გაიზარდა 850 ლარამდე, ხოლო შემდგომში – 2012 წლის ოქტომბრიდან ხელფასი კვლავ გაიზარდა და შეადგინა 1000 ლარი, პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სს „ს. რ-ას“, მ. ხ-ის სასარგებლოდ, სწორად დააკისრა –2012 წლის 16 ივლისიდან 2012 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდზე გადაანგარიშებული სარჩოს სხვაობის სახით 580,56 ლარის გადახდა, ხოლო 2013 წლის იანვრის თვიდან ყოველთვიური სარჩოს გადახდა 800 ლარის ოდენობით.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსჯელობის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა და მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლო იყო და დაკმაყოფილებას არ ექვემდებარებოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 12 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ს. რ-ამ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლით: კასატორის განმარტებით, სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, ვინაიდან აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნა დაუსაბუთებელია იმ მოტივითაც, რომ სხეულის დასახიჩრებისა და ტრავმის მიღების შემთხვევაში შეუძლებელია პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა, განსხვავებით მატერიალური ზარალისგან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 სექტემბრის განჩინებით სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს „ს. რ-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ს. რ-ას“ დაუბრუნდეს მის მიერ 2013 წლის 26 ივლისს №682 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თ. თოდრია
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე