Facebook Twitter
# as-734-1103-06 ** *****, 2007 w

საქმე №ას-1068-1019-2013 3 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თეიმურაზ თოდრია, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ფ-ა“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ბ. ქ-უ“, შპს „ა-ი“, ვ. ე-ი, ზ. ჯ-ე, ნ. ბ-ე, ო. ა-უ, ჭ. გ-ე, შპს „კ. მ. ც-ი“, შპს „ჯ-39“, შპს „რ. და კ-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულების ბათილად ცნობა, დავალიანების კორექტირება, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ფ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ბ. ქ-უს“, შპს „ა-ის“, ვ. ე-ის, ზ. ჯ-ის, ნ. ბ-ის, ო. ა-უს, ჭ. გ-ის, შპს „კ. მ. ც-ის“, შპს „ჯ-39-ისა“ და შპს „რ. და კ-ას“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა სს „ბ. ქ-სა“ და შპს „რ. და კ-ას“ შორის 2009 წლის 25 დეკემბერს დადებული იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, შპს „ა-ის“ დავალიანებად 650901,29 აშშ დოლარის აღიარება და მოსარჩელის კუთვნილი ქ.თბილისში, აგლაძის ქ.№39-ში მდებარე 771,19 კვ.მ-ს ყადაღისაგან გათავისუფლება.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ფ-ას“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შპს „ფ-ას“ სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი. აპელანტს განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა და დაევალა სახელმწიფო ბაჟის სახით 7000 ლარის გადახდა.

ამავე პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით შპს „ფ-ას“ წარმომადგენლის განცხადება დაკმაყოფილდა და აპელანტს სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელად განსაზღვრული საპროცესო ვადა გაუგრძელდა 7 დღით, რადგან, მარწმუნებლის საზღვარგარეთ მივლინებაში ყოფნის გამო, წარმომადგენელმა ვერ შესძლო მასთან დაკავშირება.

2013 წლის 4 ოქტომბრის განცხადებით აპელანტის წარმომადგენელმა კვლავ მოითხოვა საპროცესო ვადის გაგრძელება.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ნორმის დანაწესი იმპერატიული არ არის და არ ავალდებულებს სასამართლოს, ყველა შემთხვევაში გააგრძელოს მის მიერ დანიშნული საპროცესო ვადა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა დამოკიდებულია მხარის მოთხოვნაზე, სასამართლოს შეხედულებასა და საქმეში მითითებულ გარემოებებზე, თუ რამდენად წარმოადგენენ ისინი საპროცესო ვადის გაგრძელების საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან.

სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი საპროცესო ვადის გაგრძელებას ითხოვს იმავე საფუძვლით, რა საფუძვლითაც მან 2013 წლის 23 სექტემბერს განცხადებით მიმართა სასამართლოს ვადის გაგრძელების მოთხოვნით. ამასთან, სასამართლოს მითითებით, წარმოდგენილი არ არის არანაირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა განცხადებაში მითითებულ არგუმენტს, რომ 2013 წლის 3 ოქტომბრამდე მხარემ ვერ შეიტყო ხარვეზის თაობაზე და სასამართლოს მიერ გაგრძელებული ვადა არ იყო საკმარისი.

ამდენად, პალატამ მიზანშეწონილად არ მიიჩნია შპს „ფ-ის“ ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება, მით უფრო, რომ აპელანტს ანალოგიური მიზეზით ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა მისივე მოთხოვნის საფუძველზე.

სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოასწორა, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ფ-ამ“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელებისათვის შემდეგი საფუძვლებით:

შპს „ფ-ას“ წარმომადგენელმა ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის გაგრძელება მოითხოვა მარწმუნებლის საზღვარგარეთ ყოფნის გამო. ხარვეზის არსებობის შესახებ მხარემ შეიტყო 2013 წლის 3 ოქტომბერს. ხელმეორე შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განპირობებული იყო იმით, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადა იწურებოდა, ხოლო აპელანტი ვერ შესძლებდა დარჩენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის სოლიდური ოდენობის – 7000 ლარის გადახდას.

ამდენად, სასამართლოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის საფუძველზე უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის აღმოსაფხვრელად მხარისათვის მიცემული ვადა.

აპელანტმა ვერ წარადგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ 2013 წლის 3 ოქტომბრამდე შპს „ფ-ას“ წარმომადგენელმა ვერ შეატყობინა მარწმუნებელს სადავო ხარვეზის არსებობა, რადგან მათ შორის კონტაქტი მყარდებოდა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით და საზღვარგარეთიდან მარწმუნებლის დაბრუნების შემდეგ მას ხარვეზის თაობაზე ეცნობა სატელეფონო საუბრისას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ფ-ას“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ შპს „ფ-ას“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობის – სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და 2013 წლის 10 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაუდგინა ხარვეზი, რომლითაც დაავალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 7000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტის წარმომადგენელ მ. ყ-ის შუამდგომლობით აღნიშნული საპროცესო ვადა გაგრძელდა კიდევ 7 დღით იმ საფუძვლით, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა წარმომადგენელს, მისი მარწმუნებელი კი იმყოფებოდა საზღვარგარეთ, რის გამოც მ.ყ-ი მას ვერ დაუკავშირდა და ხარვეზის თაობაზე ვერ აცნობა.

ამავე განჩინებით მხარეს განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად, თუმცა აპელანტს ხარვეზი არ გამოუსწორებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია და არც თავად მხარე უარყოფს იმ ფაქტს, რომ შპს „ფ-ას“, სააპელაციო სასამართლოს განჩინებები, მისი სააპელაციო საჩივრისათვის ხარვეზის განსაზღვრისა და ხარვეზის გამოსასწორებლად დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ ჩაბარდა შპს „ფ-ას“ წარმომადგენელ მ.ყ-ს, რომლის სათანადო უფლებამოსილება დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 3, ს.ფ.108).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს.

მითითებული ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, როცა მხარე საქმეს აწარმოებს წარმომადგენლის მეშვეობით, წარმომადგენელთან მიმართებით შესაბამისი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული საპროცესო მოქმედების შედეგი ვრცელდება მხარეზე, ამასთან, კანონმდებელი წარმომადგენელს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს, რაც მდგომარეობს სასამართლოს უწყებისა თუ გზავნილის ჩაბარების შესახებ მხარის ინფორმირებაში. თუმცა, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები მხარეს შეერაცხება.

ამდენად, ხარვეზის დადგენისა და მისი შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლო განჩინებების შპს „ფ-ას“ წარმომადგენელ მ. ყ-ის ჩაბარება თავად მხარისათვის მის ჩაბარებას უთანაბრდება. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული კერძო საჩივრის არგუმენტი, რომ სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთხელ უნდა გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა აპელანტისათვის, რადგან ხარვეზის შესახებ განჩინება ჩაბარდა მხარის წარმომადგენელს და უშუალოდ აპელანტს იგი მხოლოდ 2013 წლის 3 ოქტომბერს გადაეცა.

ამასთან, სააპელაციო პალატამ სავსებით სწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეშვიდე ნაწილი, რომლის თანახმად სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.

ამდენად, საპროცესო ვადის გაგრძელება სასამართლოს უფლებაა, რომელსაც იგი გამოიყენებს მხოლოდ მხარის მიერ ობიექტური საფუძვლის არსებობის დასაბუთებისას, საქმის არსისა და წარდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად.

მოცემულ შემთხვევაში კი, საკასაციო სასამართლო ზემოხსენებულ ობიექტურ გარემოებად არ თვლის შპს „ფ-ას“ ხელმძღვანელობის საზღვარგარეთ ყოფნის ფაქტს, ვინაიდან აპელანტი თავად იყო ვალდებული, უზრუნველეყო საქმის წარმოებაში თავისი სრულფასოვანი მონაწილეობა და საჭირო საპროცესო მოქმედებების შესრულება, მით უფრო, რომ მხარე იურიდიული პირია.

ასევე საგულისხმოა, რომ სასამართლო განჩინებით აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად მიეცა ჯერ 10, ხოლო შემდეგ დამატებით კიდევ 7 დღე, რაც სავსებით გონივრული და საკმარისი ვადაა.

სააპელაციო პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინება შპს „ფ-ის“ წარმომადგენელ მ.ყ-ს გადაეცა 2013 წლის 27 სექტემბერს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, შპს „ფ-ის“ მიცემული 7-დღიანი ვადის დენა დაიყო 2013 წლის 28 სექტემბერს.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

კანონის ხსენებული დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტს ხარვეზის შევსება შეეძლო 2013 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით, რაც მას არც სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში და არც შემდეგ არ განუხორციელებია.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება ცალსახად წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქ-ველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ფ-ას“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: თ. თოდრია

პ. ქათამაძე