საქმე №ას-1-1-2014 19 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ შპს „ვ 2009“, შპს „G - 2012“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება
დავის საგანი – ნასყიდობის თანხის დაკისრება, გარიგების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გ. ს-იმ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ 2009-სა“ და შპს „G - 2012-ის“ მიმართ მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 252536 ლარის დაკისრებისა და 2012 წლის 20 სექტემბერს შპს „ვ 2009-სა“ და შპს „G - 2012-ს“ შორის დადებული უძრავი ქონების გადაცემის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილებით გ. ს-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შპს „ვ 2009-სა“ და შპს G - 2012-ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 252536 ლარის გადახდა, ხოლო შპს „ვ 2009-სა“ და შპს „G - 2012-ს“ შორის 2012 წლის 20 სექტემბერს დადებული უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ვ 2009-სა“ და შპს „G - 2012-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა ასევე მოსარჩელემ და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინებით გ. სის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდა, კანონით დადგენილი ოდენობით, სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთი პირობაა. თუ იგი გადახდილი არ არის და არ არსებობს მისი გადახდისაგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანია და აპელანტს უნდა დაენიშნოს გონივრული საპროცესო ვადა ხარვეზის შესავსებად.
სახელმწიფო ბაჟის ოდენობის დადგენისათვის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტით, 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტითა და 365-ე მუხლით და მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ აპელანტი ასაჩივრებდა რა გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ფაქტიურად, მოითხოვდა სააპელაციო სასამართლოს ეცნო შპს „ვ 2009-ის“ საკუთრების უფლება 2012 წლის 20 სექტემბრის ხელშეკრულებაში აღნიშნულ უძრავ ნივთზე, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის ღირებულება განისაზღვრა სადავო ხელშეკრულებაში მითითებული ფასით - 482090 ლარით, რომლის 4% შეადგენდა 19283.6 ლარს, თუმცა, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოში ფიზიკური პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის მაქსიმალური ოდენობა 5000 ლარს წარმოადგენდა, სააპელაციო სასამართლომ გ. ს-ის დააკისრა სწორედ აღნიშნული თანხის გადახდა წარმოდგენილი შეგებებული სააპელაციო საჩივრისათვის.
პალატამ მიუთითა აპელანტის წარმომადგენელ ა. რ-ის 2013 წლის 2 დეკემბრის განცხადებაზე, რომელიც ხარვეზის გამოსწორების მიზნით იყო წარდგენილი და მიიჩნია, რომ ხარვეზის გამოსასწორებლად საპროცესო ვადის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან აპელანტი არ აპირებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდას სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. შესაბამისად, სასამართლომ ჩათვალა, რომ გ. სარის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ს-იმ, მოითხოვა მისის გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება შემდეგი საფუძვლებით:
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას და მის გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად განსაზღვრა დავის საგნის ღირებულება. შეგებებული სააპელაციო საჩივრით აპელანტს არ უთხოვია სადავო ქონების შპს „ვ 2009-ისათვის“ საკუთრებაში დაბრუნება, მისი მოთხოვნა ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობას წარმოადგენდა, რაც განსხვავებულია. მოსარჩელე არ არის დაინტერესებული შპს „ვ 2009-ის“ მიერ საკუთრების უფლების აღდგენით ქონებაზე, რომლის ღირებულებაც 482090 ლარს შეადგენს, ასევე არ წარმოადგენს უფლებამოსილ პირს, იდავოს აღნიშნულზე. მხარის მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ დადასტურდეს შპს „ვ 2009-ის“ საზოგადოების საწესდებო კაპიტალში შეტანის შესახებ გარიგების ამორალურობა და ის ფაქტი, რომ გარიგება მხოლოდ გ. სარის ინტერესების წინააღმდეგ არის მიმართული. თავად გარიგება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს და დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, არასწორად განსაზღვრა სააპელაციო სასამართლოში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა 5000 ლარით. სასამართლოს ეს მსჯელობა არღვევს როგორც აპელანტის, ისე მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს.
შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების გაუქმების მეორე საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება გამოტანილია 2013 წლის 19 ნოემბერს, ხარვეზის გამოსწორების 10-დღიანი ვადა ამოიწურა 2013 წლის 6 დეკემბერს 24:00 საათზე, ვინაიდან თავად განჩინება მხარეს 2013 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა, ამდენად, სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვების განჩინება უნდა გამოეტანა არა უადრეს 2013 წლის 7 დეკემბრისა და არა ამავე წლის 5 დეკემბერს. ეს გარემოება მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც 2013 წლის 5 დეკემბერს მხარემ სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც მოთხოვნილი იყო ხარვეზის გამოსწორების ვადის 15 დღით გაგრძელება, რაც მოტივირებული მოწინააღმდეგე მხარის ქმედებით, გ.ს-ის სახელმწიფო ბაჟის თანხის მოსაძიებლად ესაჭიროება გარკვეული დრო. სააპელაციო პალატამ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დააკმაყოფილა, ხოლო შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი არათანაბარ მდგომარეობაში ჩააყენა. მხარის განმარტებით, შესაძლოა, გ.ს-იმ ვერც უზრუნველყოს საჭირო რაოდენობით თანხის მოგროვება, რის გამოც, მის მიერ სავსებით კანონიერადაა გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარი და სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეზარდა მხარის მოთხოვნა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 იანვრის განჩინებით გ. ს-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ს-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით შპს „ვ 2009-ისა“ და შპს „G - 2012-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად;
სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა გ. ს-იმ და ითხოვა უძრავი ქონების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში მისი სარჩელის დაკმაყოფილება;
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 ნოემბრის განჩინებით გ. ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა ხარვეზიანად და მხარეს დაევალა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის - 5000 ლარის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების სააპელაციო სასამართლოში წარდგენა;
საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა განისაზღვრა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით;
საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას შეგებებულ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის განსაზღვრის ნაწილში და თვლის, რომ სასამართლომ შეგებებული სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სწორად განსაზღვრა 5000 ლარით. ამ კუთხით დასაბუთებულ შედავებას კერძო საჩივარი არ შეიცავს.
მოცემულ შემთხვევაში, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით, რომლის ბათილად ცნობასაც შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს, სადავო ქონების ღირებულება 482090 ლარია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის საგნის ღირებულება განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით. ამ თვალსაზრისით პალატა ვერ დაეთანხმება კერძო საჩივრის ავტორს, რომ მას ქონების თავდაპირველი მოპასუხისათვის დაბრუნება არ უთხოვია და ამ სარჩელზე ის არ წარმოადგენს უფლებამოსილ (სათანადო) მხარეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ გარიგების ბათილად ცნობის შესახებ სარჩელის დაკმაყოფილება თავისთავად იწვევს იმ სამართლებრივი რეალობის აღდგენას, რომელიც ბათილი გარიგების დადებამდე არსებობდა, ამასთანავე, ამ ტიპის სარჩელს აღძვრისათვის მხოლოდ ქონების თავდაპირველი მესაკუთრე შესაძლოა არც იყოს ერთადერთი უფლებამოსილი პირი. გარიგების ბათილად ცნობა აღიარებითი სარჩელია, რომლის შეტანაზეც, როგორც უშუალოდ ამ გარიგების მხარეს, ისე მესამე პირს სათანადოდ აქცევს მისი იურიდიული ინტერესი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლისა, ამასთან, საქმის განსახილველად მიღების ეტაპზე სასამართლო ამ იურიდიულ ინტერესს მხოლოდ ფორმალური თვალსაზრისით შეისწავლის, ხოლო მისი ნამდვილობა საქმის გადაწყვეტაზე აისახება იმდენად, რამდენადაც ამ საქმის არსებითად განხილვისას დადგინდება ამ ინტერესის მართებულობა. ამდენად, ის გარემოება, რომ მოსარჩელეს (შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს) არ უთხოვია თავდაპირველი მესაკუთრისათვის ნივთის დაბრუნება, დავის საგნის ღირებულების სხვაგვარად განსაზღვრას არ გამოიწვევს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის კანონიერებას დავის საგნის ღირებულებაზე ადასტურებს სწორედ ის გარემოება, რომ მხარის მიზანს წარმოადგენს გარიგების ბათილობის დადგენა, რომელიც მიმართულია მხოლოდ გ.სარის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ და ამავე ნორმის მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტების გამოყენებით, სწორად დააკისრა ფიზიკურ პირს, შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა, ეს გარემოება კი, თავისთავად გამორიცხავს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას სადავო თანხის 150 ლარით განსაზღვრის თაობაზე.
რაც შეეხება კერძო საჩივრის მეორე არგუმენტს, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით, ხოლო პალატას ეს შუამდგომლობა არ გამოუკვლევია, საკასაციო პალატა სავსებით იზიარებს აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ სამართლებრივად ეს მოსაზრება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავებაა. ამ კუთხით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე:
ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით საპროცესო მოქმედების განხორციელების ვადა 10 დღითაა განსაზღვრული;
2013 წლის 19 ნოემბრის განჩინება მხარის უფლებამოსილ წარმომადგენელს გაეგზავნა 2013 წლის 20 ნოემბერს, და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით, ადრესატს პირადად 2013 წლის 26 ნოემბერს ჩაბარდა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 27 ნოემბერს და ამოიწურა ამავე წლის 6 დეკემბერს, პარასკევს, 24:00 საათზე. აღნიშნული ვადა წარმოადგენდა სწორედ იმ საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც მხარე უფლებამოსილი იყო განეხორციელებინა საპროცესო მოქმედება.
მართალია, აპელანტის უფლებამოსილმა წარმომადგენლმა 2013 წლის 30 ნოემბერს ჩააბარა ფოსტას განცხადება, რომლითაც არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, თუმცა 2013 წლის 6 დეკემბრის 24:00 საათამდე მხარე უფლებამოსილი იყო, მიემართა სასამართლოსათვის, სააპელაციო პალატამ კი, ამ ვადის ამოწურვამდე, 2013 წლის 5 დეკემბერს გამოიტანა განჩინება გ.ს-ის შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
საყურადღებოა, რომ 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინება მხარის წარმომადგენელს ჩაბარდა 2013 წლის 12 დეკემბერს, ხოლო ხარვეზის გამოსწორების ვადის დაცვით, 2013 წლის 5 დეკემბერს, ვიდრე მისთვის ცნობილი გახდებოდა შეგებებული სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, ა.რ-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და ითხოვა დადგენილი საპროცესო ვადის 20 დღით გაგრძელება, რაც სააპელაციო სასამართლოს არ შეუსწავლია.
საკასაციო პალატის შეფასებით, ამ შუამდგომლობის წარდგენა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით გარანტირებული მხარის საპროცესო უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომლის განხილვამ შესაძლოა დავის გადაწყვეტაზე იქონიოს გავლენა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინება და ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ გ. ს-ის წარმომადგენელ ა. რ-ის შუამდგომლობის შესწავლის ეტაპიდან საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც ამ შუამდგომლობის შესწავლის გზით განმეორებით უნდა შეამოწმოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ს-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 5 დეკემბრის განჩინება და საქმე შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე