№ას-1198-1143-2013 3 თებერვალი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ა. ს-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ჯ. ლ-ემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ა. ს-ეს წინააღმდეგ სარჩელით მიმართა და მოითხოვა მოპასუხისათვის 3000 აშშ დოლარის, 6 თვის პროცენტის - 900 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,2%-ის გადახდის დაკისრება. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისს მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც ჯ. ,ლ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ა. ს-ეს დაეკისრა 3000 აშშ დოლარის, 6 თვის პროცენტის - 900 აშშ დოლარის, ასევე პირგასამტეხლოს, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საერთო თანხის 0,2%-ის გადახდა. დადგინდა ა. ს-ეს კუთვნილი ქ. ქუთაისში, გ. ტ-ის ქ. N6-ში მდებარე უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ს-ემ კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 აგვისტოს განჩინებით ა. ს-ეს საჩივარი არ დაკმაყოფილდა და დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
აღნიშნული განჩინება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ს-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით აპელანტს დაენიშნა საპროცესო ვადა, სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად: ა) სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შედგენისათვის; ბ) სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად, 749.44 ლარის ოდენობით (ს.ფ.69- 70).
მითითებული განჩინების საპასუხოდ, 2013 წლის 15 ოქტომბერს ა. ს-ემ წარადგინა განცხადება, რომელსაც ერთვოდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის ნიმუშში შედგენილი სააპელაციო საჩივარი, თუმცა მისი შედგენის წესი მაინც არ იყო დაცული: აპელანტის ყველა მითითება გასაჩივრებული სასამართლო აქტების უსწორობაზე დაფიქსირებული იყო გრაფაში ,,სააპელაციო მოთხოვნა“, ხოლო გრაფები: ,,გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი უსწორობები“, ,,გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი უსწორობები“ საერთოდ არ იყო შევსებული. რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდას, აპელანტმა იშუამდგომლა გათავისუფლებულიყო მისი გადახდისაგან, იმ მიზეზით, რომ არის მძიმე ავადმყოფი და მკურნალობას სჭირდება დიდი ხარჯები (ს.ფ.72-82).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს ასევე განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარი კვლავ არ იყო შედგენილი კანონით დადგენილი წესით, რის გამოც აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა კიდევ 10 დღით (ს.ფ.83-84). ეს განჩინება გაიგზავნა აპელანტის მიერ მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა ა. ს-ეს მეუღლე მ. ს-ეს 2013 წლის 22 ოქტომბერს (ს.ფ.85).
მითითებული განჩინების საპასუხოდ, 2013 წლის 1 ნოემბერს ა. ს-ემ წარადგინა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ არის მძიმე ავადმყოფი და მკურნალობისათვის ესაჭიროება დიდი თანხები, ამიტომ სახელმწიფო ბაჟის თანხის უცბად მოძიება და გადახდა შეუძლებელია, რის გამოც განმცხადებელმა ითხოვა გაგრძელებულიყო ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 10-15 დღით (ს.ფ.86).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ა. ს-ეს სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადა ორჯერ დაინიშნა, თუმცა უშედეგოდ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ ერთხელ გააგრძელა საპროცესო ვადა; აპელანტი ისევ მოითხოვა ამ ვადის გაგრძელებას, თანაც ისე, რომ არ შეუვსია ხარვეზი არც ერთ ნაწილში: სააპელაციო სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იქნა შევსებული ხარვეზი თუნდაც სააპელაციო საჩივრის კანონით დადგენილი ფორმით შედგენის ნაწილში.
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გამოტანის (შესაბამისად - 2013 წლის 28 ივნისი და 2013 წლის 16 აგვისტო), აგრეთვე - სააპელაციო საჩივრის უშუალოდ სააპელაციო სასამართლოში შემოსვლის მომენტიდან გასული ხანგრძლივი დროის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შესავსებად საპროცესო ვადის შემდგომი გაგრძელება დაუსაბუთებელი და მიზანშეუწონელია, რადგან აპელანტს გააჩნდა საკმარისი დრო ხარვეზის სრულად შევსებისათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. ს-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი ობიექტური მიზეზის გამო ვერ შეავსო: არის მძიმე ავადმყოფი და მკურნალობას საჭიროებს, რის გამოც ასეთ მოკლე ვადაში საჭირო თანხა ვერ მოიძია და იშუამდგომლა ვადის 10-15 დღით გაგრძელების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ განიხილა კერძო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ა. ს-ეს კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლოს საჩივარი განუხილველად არ უნდა დაეტოვებინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით.
განსახილველ შემთხვევაში, ა. ს-ეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დაევალა წარედგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით შევსებული სააპელაციო საჩივარი და სახელმწიფო ბაჟის, 749.44 ლარის, გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. განჩინების საპასუხოდ, აპელანტმა წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომელიც კვლავ არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ოქტომბრის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; აპელანტს ასევე განემარტა, რომ სააპელაციო საჩივარი კვლავ არ იყო შედგენილი კანონით დადგენილი წესით, რის გამოც აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა კიდევ 10 დღით, რის პასუხადაც ა. ს-ემ კვლავ არ წარადგინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად შევსებული სააპელაციო საჩივარი, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟს, აპელანტმა მიუთითა, რომ საჭირო თანხა ვერ მოიძია და ვადის 10-15 დღით გაგრძელება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.
აღნიშნული ნორმის ახსნა-განმარტებიდან ნათლად ჩანს, რომ იგი იმპერატიულ ხასიათს არ ატარებს და საპროცესო ვადის გაგრძელების საკითხის გადაწყვეტა, მხარის მოთხოვნის არსებობის შემთხვევაშიც კი, სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადის გაგრძელებისათვის სასამართლოს ვარაუდი უნდა გააჩნდეს, რომ ამგვარი მოთხოვნა პროცესის გაჭიანურებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ მხარე აპირებს ხარვეზის შევსებას, უბრალოდ, პატივსადები მიზეზების გამო, მიცემული დრო მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე დასაბუთებული უნდა იყოს და მითითებული გარემოებები სათანადო მტკიცებულებებით დასტურდებოდეს.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ა. ს-ის, ისევე როგორც ნებისმიერი მხარისთვის, სააპელაციო საჩივრის წარდგენისას ცნობილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების თაობაზე. ამასთან, ამ უკანასკნელს ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ 14-დღიანი ვადა მიეცა, რაც არათუ საკმარისია, არამედ აღემატება კიდეც მსგავსი ტიპის ხარვეზის გამოსასწორებლად საჭირო გონივრულ ვადას. აღნიშნული გარემოების მიუხედავად, ა. ს-ემ ხარვეზი არ შეავსო.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ა. ს-ეს ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა ერთხელ გაუგრძელდა 10 დღით, რის შემდეგაც აპელანტმა ხარვეზი არც ერთ ნაწილში არ გამოასწორა, კერძოდ, მას არც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად შევსებული სააპელაციო საჩივარი წარუდგენია, რაც არ უკავშირდებოდა თანხის გადახდას. მისი შუამდგომლობა ვადის გაგრძელების თაობაზე დაუსაბუთებელი იყო, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვადის შემდგომი გაგრძელება მიზანშეწონილი აღარ იყო და საქმის განხილვის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას გამოიწვევდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებული, კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ს-ეს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 6 ნოემბრის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. სილაგაძე