Facebook Twitter

№ას-1203-1148-2013 5 თებერვალი, 2014 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ნ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. ტ-ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასამართლო განჩინების განმარტება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თ. ნ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, კერძოდ, აეკრძალოს მოპასუხე შპს „მ. ტ-ს“ ხელშეკრულებებით მისი უფლებების მესამე პირებისათვის გადაცემა ან უფლებრივად დატვირთვა, ყადაღა დაედოს მოპასუხე კომანდიტური საზოგადოება „ს. ე.ს ე-ის“ სახელზე რიცხულ 52,5% წილს შპს „მ-ის“ კაპიტალში, ყადაღა დაედოს მოპასუხე შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებას და საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაედოს დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებებს; აეკრძალოს მოპასუხე შპს „მ. ტ-ს“ 2003 წლის 19 ივლისის საიჯარო კონტრაქტის №2 დამატებით და 2011 წლის 18 მარტის ხელშეკრულებებით მისი უფლებების მესამე პირებისთვის გადაცემა ან უფლებრივად დატვირთვა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ თ. ნ-ე შპს „მ-ში“ ფლობდა 52,5% წილს. საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა ფოთის საზღვაო ნავსადგურში სხვადასხვა სახის ტვირთების დატვირთვა-გადატვირთვის სამუშაოების წარმოება და ნავმისადგომების ოპერირება.

2003 წლის 19 ივლისს სს „კ. ფ. ს.ნ-სა“ და შპს „მ.“ შორის დაიდო საიჯარო კონტრაქტი, რის საფუძველზეც შპს „,მ.ს“ იჯარით გადაეცა ფოთის საზღვაო ნავსადგურის №5 ტერმინალი. 2005 წლის 8 თებერვალს მხარეთა შორის შედგა დამატებითი შეთანხმება, რომლითაც ცვლილება შევიდა 2003 წლის 19 ივლისის კონტრაქტში.

2010 წლის ზაფხულში თ. ნ-ის მიმართ დაიწყო მიზანმიმართული დევნა და დაშინება დ. კ-ის მხრიდან. თ. ნ-ე იძულებული გახდა, დაეთმო 52,5% წილი საზოგადოების კაპიტალში კომანდიტური საზოგადოება „ს. ე. ე-ის“, რომელიც წარმოადგენს მომავალ მოპასუხე დ. კ-ან დაკავშირებულ კომპანიას.

განმცხადებელმა განმარტა, რომ აპირებს სარჩელით მიმართოს სასამართლოს შპს „მ-ის“, შპს „მ. ტ-ის“, კომანდიტური საზოგადოება „ს. ე. ე-ის“, სს „კ. ფ. ს. ნ-სა“ და დ. კ-ის მიმართ წილის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, წილის მესაკუთრედ აღიარების, იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 მარტის განჩინებით თ. ნ-ეს უარი ეთქვა სარჩელის აღძვრამდე მისი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა საჩივარი.

ამავე სასამართლოს 2013 წლის 22 მარტის განჩინებით თ. ნ-ის საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც თ. ნ-ეს უარი ეთქვა კომანდიტური საზოგადოება „ს. ე. ე-ის“ სახელზე რიცხულ 52,5 % წილზე შპს „მ-ში“ ყადაღის დადებაზე, თ. ნ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო კომანდიტური საზოგადოება „ს. ე. ე-ის“ (OC360690) კუთვნილ 52,5 % წილს შპს „მ-ში“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...), ხოლო საქმე განსახილველად გაეგზავნა სააპელაციო სასამართლოს.9

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით საჩივარი დაკმაყოფილდა, 2013 წლის 11 მარტის განჩინება გაუქმდა დ. კ-ის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადებაზე უარის თქმის ნაწილში, შპს „მ. ტ-ის“ იჯარის ხელშეკრულებებით მისი უფლებების მესამე პირებისათვის გადაცემასა და უფლებრივად დატვირთვის აკრძალვაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი განჩინების მიღებით ამ ნაწილში თ. ნ-ის განცხადება დაკმაყოფილდა, ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას მდებარე: ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. №7-ში, სხვენი 203.10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: №...); ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. №7-ში, სართული 8. ფართი 201.16 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: №...); ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, სოფელი დ-ა (ბ-ის ტერიტორია) (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფაღტობი: 1200.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ... (საკადასტრო კოდი: №...)). ასევე, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს ბანკი „რესპუბლიკა“, სს „პროკრედიტ ბანკი“, სს „ტაოპრივატბანკი“, სს „საქართველოს ბანკი, სს „პირველი ბრიტანული ბანკი“, სს „ლიბერთი ბანკი“, სს კომერციული ბანკი „ბაზისბანკი“, სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს „ბანკი ქართუ“, სს „თიბისი ბანკი“, სს „ბითიეი ბანკი“, სს „ინვესტ ბანკი“, სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო“, თ.რ. სს „ზირაათ ბანკი“, სს „კავკასიის განვითარების ბანკი“, სს „ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“, სს „პროგრეს ბანკი“, სს „კორ სტანდარტ ბანკი“, სს „ხალიკ ბანკი საქართველო“, სს „ბანკი კონსტანტა“, შპს „მ. ტ-ს“ აეკრძალა 2011 წლის 17 მარტს დადებული, 2003 წლის 19 ივლისის სს „კ. ფ. ს. ნ-სა“ და შპს „მ-ს“ შორის ფოთის საზღვაო ნავსადგურის №5 ტერმინალის საიჯარო კონტრაქტის დამატება №2-ით და 2011 წლის 18 მარტს შპს „მ-სა“ და შპს „მ. ტ-ს“ შორის დადებული იჯარის ხელშეკრულებით მისი უფლებების მესამე პირებისათვის გადაცემა და უფლებრივად დატვირთვა.

შპს „მ. ტ-ის“ წარმომადგენელმა ი. ბ-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების განმარტება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თ. ნ-ის მომავალი სარჩელის დავის საგნის ღირებულება სავარაუდოდ შეადგენს 2 500 000 ლარს. შესაბამისად, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ყადაღა უნდა დაედოს შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს, ხოლო შემდეგ სასამართლო ადგენს, რომ ყადაღა უნდა დაედოს შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში, არ არის დაკონკრეტებული და ბუნდოვანია ის გარემოება, დაედო თუ არა ყადაღა საააპელაციო სასამართლოს მიერ შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებასა და საბანკო ანგარიშებს, აგრეთვე მეორე მოპასუხის, დ. კ-ის მოძრავ ქონებას ერთობლივად 2 500 000 ლარის ფარგლებში, ვინაიდან სწორედ აღნიშნული თანხა მიიჩნია სასამართლომ მომავალი სარჩელის დავის საგნად.

ამდენად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილი საჭიროებს შემდეგ განმარტებას: წარმოადგენს თუ არა განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული თანხა – 2 300 000 ლარი შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონების ღირებულების, მის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხისა და მეორე მოპასუხის, დ. კ-ის დაყადაღებული უძრავი ქონების ჯამს ერთობლიობაში; შეიძლება თუ არა აღემატებოდეს განჩინებით მოპასუხე შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონებისა და მის საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი თანხის, აგრეთვე, მეორე მოპასუხის, დ. კ-ის დაყადაღებული უძრავი ქონების ღირებულების ჯამი ერთობლიობაში 2 500 000 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინებით შუამდგომლობა განჩინების განმარტების შესახებ არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს. ასევე, ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2300 000 ლარის ფარგლებში.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების შინაარსი ბუნდოვანია და შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს. მოცემულ საქმეზე განჩინების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბებულია ნათლად და იგი არ შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ დებულებებს, რის გამოც არ საჭიროებს განმარტებას. შესაბამისად, განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „მ. ტ-მა“ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის განსამარტად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში რამდენჯერმეა ხაზგასმული, რომ ყადაღა დაედო შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ოდენობით. შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშზე არსებულ თანხასთან ერთად, ამავე სასამართლოს გადაწყვეტილებით დაყადაღებას დაექვემდებარა შპს „მ. ტ-ის“ 1408110,92 ლარად შეფასებული მოძრავი ქონება, რომ აღარაფერი ვთქვათ მეორე მოპასუხე დ.კეზერაშვილის საკუთრებაში მყოფ უძრავ ქონებაზე, რომელსაც იმავე განჩინებით დაედო ყადაღა, ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინებით ყადაღა დაედო სარჩელის დავის საგნის ღირებულებაზე ორჯერ უფრო მეტი ღირებულების უძრავ-მოძრავ ქონებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 15 ივლისის განჩინებით შპს „მ. ტ-ის“ კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 10 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით შპს „მ. ტ-ის“ წარმომადგენლის, ი. ბ-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები განიმარტა იმგვარად, რომ თ. ნ-ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ერთობლიობაში 2 300 000 ლარის უზრუნველსაყოფად:

1. ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. #7-ში, სხვენი 203.10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: #...); ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. #7-ში, სართული 8. ფართი 201.16 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: #...); ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, სოფელი დ-ა (ბ-ის ტერიტორია) (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1200.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ... (საკადასტრო კოდი: #...)).

2. ყადაღა დაედო შპს ,,მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს;

3. ყადაღა დაედო შპს ,,მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს ბანკი ,,რესპუბლიკა“, სს ,,პროკრედიტ ბანკი“, სს ,,ტაოპრივატბანკი“, სს ,,საქართველოს ბანკი, სს ,,პირველი ბრიტანული ბანკი“, სს ,,ლიბერთი ბანკი“, სს კომერციული ბანკი ,,ბაზისბანკი“, სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს ,,ბანკი ქართუ“, სს ,,თიბისი ბანკი“, სს ,,ბითიეი ბანკი“, სს ,,ინვესტ ბანკი“, სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი -საქართველო“, თ.რ. სს ,,ზირაათ ბანკი“, სს ,,კავკასიის განვითარების ბანკი“, სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“, სს ,,პროგრეს ბანკი“, სს ,,კორ სტანდარტ ბანკი“, სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“, სს ,,ბანკი კონსტანტა“;

4. ერთობლიობაში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 2 300 000 ლარს.

გასაჩივრებული განჩინების თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, ხელი არ უნდა შეეშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები. თუმცა, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ანგარიშზე ყადაღის დადება დაუშვებელია. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია ან არასაკმარისია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, სწორედ აღნიშნულ პრინციპის გათვალისწინებით განსაზღვრავს გამოსაყენებელი უზრუნველყოფის ღონისძიების თანმიმდვრობასა და ოდენობას, კერძოდ, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის სავარაუდო ღირებულებად 2 500 000 ლარი მიიჩნია, გადაწყვიტა, რომ აღნიშნული მოთხოვნის ადეკვატური უზრუნველყოფის ღონისძიება იქნებოდა დ. კ-ის უძრავი ქონების დაყადაღება, ასევე შპს „მ. ტ-ის“ მოძრავი ქონების დაყადაღება და საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადება, ერთობლიობაში, 2 300 000 ლარის ოდენობით. პალატამ მიიჩნია, რომ ზარალის სავარაუდო ოდენობის გამოთვლისას უზრუნველყოფის ფარგლები არ უნდა გასცდენოდა 2 300 000 ლარს, ვინაიდან ზიანი გამოთვლილ იქნა, სავარაუდოდ, 2 500 000 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, სასამართლოს მიხედულობით, ზიანის ოდენობის გამოთვლის „სავარაუდოობის“ გათვალისწინებით, დაუშვებელია ზიანის ოდენობის ცდომილებით მოპასუხეებისათვის ზიანის მიყენება. შესაბამისად, ზიანის სავარაუდო ოდენობის გამოთვლისას უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო ნაკლები ოდენობის ფარგლებში, რათა იმ რისკით, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების მომთხოვნმა პირმა გასწია ზიანის ოდენობის მიუთითებლობით, დაუშვებლად არ შეილახოს მოპასუხეთა უფლებები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ზიანის სავარაუდო ოდენობა 2 500 000 ლარი იყო, ამიტომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო 2 300 000 ლარზე მეტი, აქვე გასათვალისწინებელია ის თანმიმდევრობა, რომელიც სასამართლომ მითითებული განჩინებით დაადგინა, კერძოდ, ყადაღა დაედოს: 1. დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე: ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. #7-ში, სხვენი 203.10 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: #...); ქ. თბილისში, ი. ნ-ის ქ. #7-ში, სართული 8. ფართი 201.16 კვ.მ. (საკადასტრო კოდი: #....); ქ. თბილისში, დაბა კოჯორში, სოფელი დ-ა (ბ-ის ტერიტორია) (ნაკვეთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 1200.00 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი: ... (საკადასტრო კოდი: #...)). 2. შპს ,,მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებებს. 3. შპს ,,მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს შემდეგ საბანკო დაწესებულებებში: სს ბანკი ,,რესპუბლიკა“, სს ,,პროკრედიტ ბანკი“, სს ,,ტაოპრივატბანკი“, სს ,,საქართველოს ბანკი, სს ,,პირველი ბრიტანული ბანკი“, სს ,,ლიბერთი ბანკი“, სს კომერციული ბანკი ,,ბაზისბანკი“, სს ,,ვითიბი ბანკი ჯორჯია“, სს ,,ბანკი ქართუ“, სს ,,თიბისი ბანკი“, სს ,,ბითიეი ბანკი“, სს ,,ინვესტ ბანკი“, სს ,,აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი -საქართველო“, თ.რ. სს ,,ზირაათ ბანკი“, სს ,,კავკასიის განვითარების ბანკი“, სს ,,ეიჩ ეს ბი სი ბანკი საქართველო“, სს ,,პროგრეს ბანკი“, სს ,,კორ სტანდარტ ბანკი“, სს ,,ხალიკ ბანკი საქართველო“, სს ,,ბანკი კონსტანტა“, ერთობლიობაში, 2 300 000 ლარის ოდენობით. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანმიმდევრობა ემსახურება შემდეგ მიზანს: გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ღირებულებამ არ უნდა გადააჭარბოს 2 300 000 ლარი, ამასთან, აღნიშნული მიზნით ჯერ ყადაღა უნდა დაედოს დ. კ-ის ქონებასა და შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებას, ხოლო 2 300 000 ლარის უზრუნველსაყოფად ზემოთმითითებული უძრავ-მოძრავი ქონების არასაკმარისობის შემთხვევაში, დარჩენილ თანხის ფარგლებში - საბანკო ანგარიშებს, ამასთან, ერთობლიობაში გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 2 300 000 ლარს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება თ. ნ-ემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით სააპელაციო სასამართლო გასცდა გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს. გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება, რაც ხელს უშლის ამ გადაწყვეტილების აღსრულებას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო საუბრობს პროცესში მონაწილე მხარეთა უფლებებზე და საერთოდ არ უთითებს, რაში გამოიხატება სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანება. გადაწყვეტილების განმარტების ასევე სავალდებულო პირობაა, რომ სარეზოლუციო ნაწილი არ უნდა შეიცვალოს. სასამართლომ ეს მოთხოვნაც დაარღვია და 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3-მე-4 პუნქტები იმგავარდ განმარტა, რომ მათი შინაარსი შეცვალა, კერძოდ უზრუნველყოფის განჩინებით ყადაღა დაედო 1. დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, 2. შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებას, 3. შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს 2300 000 ლარის ფარგლებში. განმარტების შედეგად კი ყადაღა დაედო 1. დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, 2. შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებას, 3. შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს, ამასთან გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების ჯამი განისაზღვრა არა უმეტეს 2 300 000 ლარისა.

კერძო საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით დაშვებულია გადაწყვეტილების განმარტება, თუ ის ჯერ არ აღსრულებულა. გასაჩივრებული განჩინებით კი, უკვე აღსრულებული გადაწყვეტილება განიმარტა, რომლის საფუძველზე გარკვეული პროცესუალური შედეგი იყო დამდგარი, კერძოდ, ყადაღა დაედო დ. კ-ის უძრავ ქონებას, შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებასა და მის საბანკო ანგარიშებს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ნ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილების განმარტების ფარგლებს გასცდა.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა იყოს გონივრული, ემსახურებოდეს სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, როგორც პირველადი, ასევე მეორადი მოთხოვნების შესრულებისათვის გარანტიების შექმნას. მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის ანგარიშებზე ყადაღის დადებით, ხელი არ უნდა შეეშალოს მოვალის, როგორც მეწარმე სუბიექტისა, თუ ამხანაგობის გადახდისუნარიანობასა და მის ფინანსურ შესაძლებლობას, შეასრულოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული ვალდებულებები. თუმცა, აღნიშნული გარემოება არ ნიშნავს იმას, რომ სხვა საპროცესო უზრუნველყოფის გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ანგარიშზე ყადაღის დადება დაუშვებელია. მოსარჩელისა და მოპასუხის უფლებების თანაზომიერად დაცვის მიზნით, მოსარჩელემ ყველა ზომა უნდა მიიღოს მოპასუხის ქონების მოსაძიებლად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ქონება არ გააჩნია ან არასაკმარისია, სწორედ ასეთ ვითარებაში შეიძლება დადგეს მეწარმე სუბიექტის ანგარიშზე არსებულ თანხაზე ყადაღის სახით, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა. ამასთან ერთად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მოსაზრებებით სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დროს. ისეთ პირობეებში, როდესაც სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე განჩინება გამოტანილია, თუნდაც უზრუნველყოფის კონკრეტული საშუალება სასარჩელო მოთხოვნასთან შედარებით შეუსაბამო იყოს, გადაწყვეტილების განმარტების გზით ამ ვითარების გამოსწორება შეუძლებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

შესაბამისად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, ხოლო განმარტების მიზნად კი - მისი აღსრულების უზრუნველყოფას; ამასთან ერთად, გადაწყვეტილების განმარტების სავალდებულო პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, ვინაიდან ასეთ დროს აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა და განმარტების შედეგად არ უნდა შეიცვალოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ გადაწყვეტილების განმარტება დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის არ აღსრულებულა, ამასთან ერთად, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმოდგენილი მტკიცებულებებით სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ 2013 წლის 22 აპრილის განჩინება ნაწილობრივ აღსრულებული იყო მისი განმარტების მომენტისათვის. იმავე მტკიცებულებებით დასტურდება, რომ კერძო აღმასრულებელმა მიმართა განჩინებაში დასახელებულ ბანკებს შპს „მ. ტ-ის“ ანგარიშებზე ყადაღის დადების მიზნით, მაგრამ არ დასტურდება ის გარემოება, რომ აღნიშნული მოთხოვნა შესრულდა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება ამ ნაწილში ასევე აღსრულდა. ვინაიდან, განმცხადებლის მითითებით, განმარტების საკითხი უნდა ყოფილიყო სწორედ ის გარემოება, რომ 2 300 000 ლარი იყო მთლიანი უზრუნველყოფის მოცულობა თუ მხოლოდ საბანკო ანგარიშებს შეეხებოდა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, რადგან არ დასტურდება საბანკო ანგარიშების ასევე დაყადაღების ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების უკვე აღსრულების საფუძვლით განმარტებაზე უარის თქმა შესაძლებელი არ არის.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას, რომ ვინაიდან ზიანი გამოთვლილ იქნა, სავარაუდოდ, 2 500 000 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, სასამართლოს მიხედულობით, ზიანის ოდენობის გამოთვლის „სავარაუდოობის“ გათვალისწინებით, დაუშვებელია ზიანის ოდენობის ცდომილებით მოპასუხეებისათვის ზიანის მიყენება, ამდენად, ზიანის სავარაუდო ოდენობის გამოთვლისას უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ უნდა იქნეს უფრო ნაკლები ოდენობის ფარგლებში, რათა იმ რისკით, რომელიც უზრუნველყოფის ღონისძიების მომთხოვნმა პირმა გასწია ზიანის ოდენობის მიუთითებლობით, დაუშვებლად არ შეილახოს მოპასუხეთა უფლებები. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან ზიანის სავარაუდო ოდენობა 2 500 000 ლარი იყო, ამიტომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება არ უნდა ყოფილიყო 2 300 000 ლარზე მეტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამგვარი დასკვნა არ გამომდინარეობს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინებიდან.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით ყადაღა დაედო დ. კ-ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, ხოლო მე-4 პუნქტით ყადაღა დაედო ა) შპს „მ. ტ-ის“ მოძრავ ქონებას ბ) შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში, შესაბამისად, ნათელია, რომ 2 300 000- ლარიანი შეზღუდვა შეეხება მხოლოდ საბანკო ანგარიშებს და არ წარმოადგენს მთლიანად გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების მოცულობას. იგივე დასკვნა გამომდინარეობს ამავე განჩინების სამოტივაციო ნაწილიდან, ვინაიდან სასმართლო ცალკე მსჯელობს საბანკო ანგარიშებზე ყადაღის დადების გზით სარჩელის უზრუნველყოფის მიზანშეწონილობაზე და უთითებს: „გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში მისაღები გადაწყვეტილება ასევე უზრუნველყოფილია მოვალეთა უძრავი და მოძრავი ქონებით. შესაბამისად, უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა უნდა დაედოს შპს „მ. ტ-ის“ საბანკო ანგარიშებს ერთობლიობაში 2 300 000 ლარის ფარგლებში“, შემდეგ სასამართლო ჩამოთვლის შესაბამის საბანკო დაწესებულებებს (ს.ფ. 133), ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ 2 300 000 ლარიანი შეზღუდვა მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე ვრცელდებოდა. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინებით, განმარტა რა, რომ ეს ოდენობა იყო მთლიანად უზრუნველყოფის მოცულობა, შეცვალა განსამარტი განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საკითხი, ფაქტობრივად, ხელახლა გადაწყვიტა, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება.

საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ყადაღა გულისხმობს განკარგვის აკრძალვას. ისეთ პირობებში, როდესაც უზრუნველყოფის ღონისძიება მოიცავს ყადაღის დადებას უძრავ ნივთზე, შედეგის მომტანი ვერ იქნება განჩინებაში მითითება, თუ რა ღირებულების ფარგლებში უნდა დაედოს ყადაღა ამ ნივთს. უძრავი ნივთის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, კერძოდ კი, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ იგი განუყოფელია, თუ სასამართლო უთითებს დასაყადაღებელ ობიექტად მთლიან ნივთს და თან უთითებს ღირებულებას, რომლის ფარგლებშიც უნდა გავრცელდეს ყადაღა, ამგვარი დანაწესი აღუსრულებელია, ვინაიდან უძრავი ნივთი ან მთლიანად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩელს, ან მხოლოდ მისი კონკრეტული წილი, რის შესახებაც განჩინებაში უნდა მიეთითოს. ამ გარემოების გათვალისწინებით, ასევე არასწორია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მთლიანი უზრუნველყოფის მოცულობაა 2 300 000 ლარი, მაშინ, როდესაც, უზრუნველყოფის ერთ-ერთი ღონისძიება არის დ. კეზერაშვილის უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლითგათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება უნდა გაუქმდეს, ამასთან, ვინაიდან საქმის სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძველი არ არსებობს, შპს „მ. ტ-ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების განმარტების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე, 411-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;

3. შპს „მ. ტ-ის“ განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 22 აპრილის განჩინების განმარტების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე