Nას-1213-1158-2013 3 თებერვალი, 2014 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - მ. ს-ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ყ. თ-ი“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი - სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „ყ. თ-მა“ თბილისის საქალაქო სასამართლოში მ. ს-ის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა და მოითხოვა მ. ს-ის 3055,90 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც მოხმარებული ბუნებრივი გაზის გადაუხდელი საფასურია 2036,84 ლარი, უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასური - 981,31 ლარი, ქსელიდან ჩახსნისა და აღდგენის ღირებულება - 37,75 ლარია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ყ.-თ-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ. ს-ს შპს „ყ.-თ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 981,31 ლარის გადახდა უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი აირის ღირებულების ასანაზღაურებლად. მასვე დაეკისრა 37,75 ლარის გადახდა მიერთების გადასახადის სახით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით მ. ს-ის საჩივარი განუხილველად დარჩა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტმა გაუშვა გასაჩივრებისათვის დადგენილი 14-დღიანი ვადა, კერძოდ, სასამართლოს მითითებით, აპელანტს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით სასამართლოსათვის არ მიუმართავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მან 2013 წლის 18 სექტემბერს ჩაიბარა, შესაბამისად 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გამოცხადებიდან 30-ე დღეს და 29 აგვისტოს ამოიწურა, სააპელაციო საჩივარი კი 30 სექტემბერსაა შეტანილი.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება მ. ს-მა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, დასაბუთებული გადაწყვეტილება 18 სექტემბერს ჩაბარდა, რადგანაც 2 აგვისტოდან მოსამართლე და მისი თანაშემწე შვებულებაში იმყოფებოდნენ და გადაწყვეტილება მზად არ ჰქონდათ. შვებულების პერიოდში მ. ს-ი მათ რამდენჯერმე დაუკავშირდა მობილურით, თუმცა 18 სექტემბრამდე გადაწყვეტილება ვერ ჩააბარეს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მ. ს-ი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა, შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში გამოცხადების აუცილებლობისა და შესაბამისი ვადების თაობაზე. მხარე არც იმ ფაქტს ხდის სადავოდ, რომ გადაწყვეტილება 2013 წლის 18 სექტემბერს ჩაიბარა, სააპელაციო საჩივარი კი, 30 სექტემბერს შეიტანა. კერძო საჩივარი იმ გარემოებას ემყარება, რომ მ. ს-ს გადაწყვეტილება კანონით დადგენილ ვადაში სასამართლოს მიზეზით ვერ ჩაბარდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
იმავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემომითითებული მუხლი, ერთი მხრივ, მხარის ვალდებულებას ადგენს, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორე მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.
საკასაციო პალატა იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში სასამართლო ამზადებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას მხარეთათვის გადასაცემად, აღნიშნულის გათვალისწინებით, არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოება, რის გამოც სასამართლო, მიმართვის შემთხვევაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20 დღესვე ვერ შეძლებს მხარისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებას.
იმ შემთხვევაში, თუ მხარე ან მისი წარმომადგენელი კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს გადაწყვეტილების გადაცემის თაობაზე, ხოლო სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას, აღნიშნული გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვერც გასაჩივრების ვადის 30-ე დღიდან ათვლას გამოიწვევს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა გადაწყვეტილების რეალურად ჩაბარების მომენტიდან უნდა აითვალოს, ამასთან, საკასაციო პალატა ხაზს უსვამს, რომ სასამართლოსადმი გადაწყვეტილების მისაღებად მიმართვის ფაქტი სათანადო მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მ. ს-მა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართა გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, მაგრამ გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდა მოსამართლის შვებულებაში ყოფნის, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო, მხარის მხოლოდ სიტყვიერ განმარტებას კი, საკასაციო სასამართლო სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს და ვერ გაიზიარებს.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ მ. ს-ი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მ. ს-ის „სახელმწიფო ბაჟის შესახებ კანონის“ საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაგრამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირობა ვრცელდება მხოლოდ იმავე კოდექსის 46-ე მუხლში დასახელებულ პირებზე და არა, ზოგადად, იმ პირებზე ვინც შეღავათით სარგებლობს, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებული იყო დროულად გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილება, რაც მას არ შეუსრულებია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ს-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-, 65-ე, 369-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. ს-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ოქტომბრის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე