Facebook Twitter

საქმე №ას-1221-1166-2013 10 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. თ-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2013 წლის 25 ოქტომბერს თ. თ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ინდ.მეწარმე თ. თ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ლაგოდეხის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა და ინდ.მეწარმე თ. თ-ს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ დაეკისრა 7 114,50 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად, განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და ახლად აღმოჩენილ აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება. მოთხოვნის საფუძვლად განმცხადებელმა მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანაში შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია და, შესაბამისად, ბევრ საკითხთან მიმართებაში შეიცვალა მიდგომა, მისი დაკვეთის საფუძველზე ჩატარდა ახალი აუდიტორული შემოწმება თ. თ-ის მიერ 2008 წლის 1 მაისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით შესყიდული სამშენებლო მასალების, მათი ტრანსპორტირებისა და სხვა გაწეული ხარჯების ღირებულების დასადგენად. განმცხადებლის მითითებით, აუდიტორული შემოწმება ჩატარდა იმავე შპს „მ-ის“ მიერ, რომლის დასკვნის თანახმად, განმცხადებლის მიერ გაწეული დანახარჯები, სავარაუდოდ, განისაზღვრა 18728,60 ლარით. განმცხადებლის განმარტებით, ზემოაღნიშნული გარემოება და მტკიცებულება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე და 424-ე მუხლების შესაბამისად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინებით თ. თ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ განცხადებაში მითითებული გარემოებები ახლად აღმოჩენილ გარემოებად შეაფასა, ამასთან მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების სამართლებრივ საფუძველს, როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დასახელებულ მუხლშია მითითებული, წარმოადგენს ამავე კოდექსის 423-ე მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება შინაარსით წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, რომლის თანახმადაც, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლომ განმარტა, რომ საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. პალატამ ასევე იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე, 429-ე მუხლებით, 426-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით და აღნიშნა, რომ შპს „მ-ის“ აუდიტორული დასკვნა, რომელიც, განმცხადებლის მითითებით, ახლად აღმოჩენილი გარემოებაა, თარიღდებოდა 2013 წლის 13 მაისით, თ. თ-ის განცხადება კი, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო 2013 წლის 25 ოქტომბერს რაც ადასტურებდა განცხადების წარდგენის ერთთვიანი ვადის დარღვევას და მისი დაუშვებლად მიჩნევისა და განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. თ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და განცხადების დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასაც მხარე მოითხოვს, ეფუძნებოდა შპს „მ-ის“ 2008 წლის 2 თებერვლის აუდიტორულ დასკვნას, დასკვნის თანახმად, განმცხადებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 1132,50 ლარი, ადგილზე დასაწყობებული მასალის ღირებულებამ - 6653 ლარის. ინდ.მეწარმე თ. თ-ის მიერ შესრულებულ სამუშაოებსა და ავანსად გადაცემულ თანხას შორის სხვაობამ შეადგინა 7114,50 ლარი. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო სხდომაზე მიცემული თ.თ-ის ჩვენება, რომ ავანსად გადარიცხულ თანხაში შედიოდა ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა სამუშაოები, ასევე არ გაიზიარა მისი მტკიცება, რომ მეწარმის მიერ გაწეული იყო ტრანსპორტირებისა და სხვა აუცილებელი ხარჯები, რომლებიც მხედველობაში არ იქნა მიღებული აუდიტორული დასკვნის შედგენისას, დასკვნის ამგვარად ფორმულირება განაპირობა მისი შედგენისას თ.თ-ის არყოფნამ. ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლის შემდგომ თ.თ-მა იმავე აუდიტორული მომსახურების გამოყენებით შეადგინა ახალი დასკვნა და აღმოჩნდა, რომ მის მიერ გაწეულმა დანახარჯებმა საშუალოდ 18728,60 ლარი შეადგინა. სააპელაციო სასამართლომ განცხადების განხილვაზე უარი იმ მოტივით განაცხადა, რომ დარღვეული იყო მისი წარდგენის ერთთვიანი ვადა, რაც განაპირობა კანონის ამ ნორმის განმცხადებლის მიერ არცოდნამ, ამდენად, თ.თ-მა ითხოვა დარღვეული ვადის საპატიოდ მიჩნევა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 423-ე და 424-ე მუხლების საფუძველზე მისი განცხადების დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით პალატის განჩინებით თ. თ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თ. თ-ი განცხადებით მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძვლით, რომ მან მოიპოვა იმავე აუდიტორის მიერ შედგენილი დასკვნა, რომელსაც სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ემყარებოდა და ახალ მტკიცებულებაში გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხა განსხვავებული ოდენობითაა დაფიქსირებული.

გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ მხარის განცხადება სამართლებრივად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემობად შეაფასა და დაადგინა, რომ მტკიცებულების მოპოვებიდან სასამართლოსათვის განცხადებით მიმართვამდე დარღვეული იყო ამავე კოდექსის 426-ე მუხის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთთვიანი ვადა.

კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებას საპროცესო ვადის დარღვევის თაობაზე სადავოდ არ ხდის და განმარტავს, რომ კანონის ამ დათქმის (საპროცესო ვადის) თაობაზე მისთვის უცნობი იყო.

საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს განმცხადებლის ამ არგუმენტს და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. ამდენად, მხარის არგუმენტი, რომ მან არ იცოდა საპროცესო ვადის დაცვის აუცილებლობის თაობაზე კანონის ცოდნის პრეზუმფციას არ აქარწყლებს და ამ არგუმენტს რაიმე გავლენა დავის მიმართ არ შეიძლება გააჩნდეს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმის მასალებით დადგინდებოდა საპროცესო ვადის საპატიო მიზეზით დარღვევის ფაქტი, აღნიშნული განცხადების დაშვებაზე რაიმე გავლენას მაინც ვერ იქონიებდა, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, როგორც 426-ე მუხლი, ისე 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი კანონით განსაზღვრული გასაჩივრების იმპერატიული ვადების გაგრძელებასა თუ აღდგენას დაუშვებლად მიიჩნევს.

გარდა ამ გარემოებისა, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტზე, რომ მან დავის არსებითად განხილვის ეტაპზე მიუთითა აუდიტორული დასკვნის ზემოაღნიშნული უსწორობების თაობაზე, თუმცა სასამართლომ მხარის განმარტება არ გაიზიარა, ამჟამად კი, ქვეყანაში სიტუაციის ცვლილების გამო გადაწყვიტა სასამართლოსათვის მომართვა.

საკასაციო პალატა, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები. კანონის შემდგომი ნორმებით ამომწურავადაა განმარტებული, თუ რა შეიძლება იქნას მიჩნეული ახლად აღმოჩენილ გარემოებად ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძვლად. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების ფაქტობრივი საფუძვლის გათვალისწინებით, კანონი (სსსკ 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი) კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას;

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის წარმოების განახლება ზემოხსენებული საფუძვლით დასაშვებია მხარის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობისას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა.

მოცემულ შემთხვევაში, მხარე ადასტურებს, რომ მისთვის ცნობილი იყო სადავო გარემოებების (აუდიტორული დასკვნის უსწორობა) თაობაზე, თუმცა ის საქმის არსებითად განხილვისას აღნიშნულის თაობაზე მხოლოდ ზეპირად მიუთითებდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპებიდან გამომდინარე, ამ დარღვევათა თაობაზე მითითება მხარის უფლებაა, ამასთანავე მითითებული გარემოებების დამტკიცება პროცესუალური თვალსაზრისით ფაქტის მიმთითებელ მხარეს ევალება, რომელიც უნდა განხორციელდეს საქმის განხილვის შესაბამის ეტაპზე და არა საქმის განხილვის დასრულების შემდგომ, შესაბამისად, მხარის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოება არც ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს.

ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამდენად, ვინაიდან დადგენილია და მხარე სადავოდ არ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მან დაარღვია სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადა პალატა თვლის, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 ნოემბრის განჩინება. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე