Facebook Twitter

საქმე №ას-1229-1174-2013 10 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ს. ჩ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. დ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ქორწინების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ჩ-ის მიმართ 1987 წლის 14 ოქტომბერს ქ.ბათუმის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ს. ჩ-სა და ნ. დ-ის (ჩანაწერი №798, ქორწინების მოწმობა №303615) ქორწინების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ. დ-ის სარჩელი ს. ჩ-ის მიმართ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ს. ჩ-სა (დაბადებული ... წლის ... მაისს, პირადი №...) და ნ. დ-ეს (დაბადებული ... წლის ... ივლისს, პირადი №...) შორის 1987 წლის 14 ოქტომბერს ქ.ბათუმის მმაჩის განყოფილების მიერ რეგისტრირებული ქორწინება.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინებით ს. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ამავე პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებაზე, რომლითაც ს. ჩ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მასვე დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის წარმოდგენა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში. განემარტა მხარეს ამ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები.

ხარვეზის შესახებ განჩინება აპელანტს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის მოთხოვნათა დაცვით, ეცნობა 2013 წლის 18 ნოემბერს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 ნოემბერს და დასრულდა 25 ნოემბერს (23-24 ნოემბერი იყო უქმე დღეები), დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის.

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილით და ჩათვალა, რომ აპელანტმა, მიუხედავად იმისა, რომ განემარტა განჩინებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შედეგები, არ შეასრულა სასამართლოს მიერ დავალებული საპროცესო მოქმედება და არ შეავსო ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება, სააპელაციო საჩივარზე საქმის განხილვის განახლება და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივ დასაბუთებაზე და აღნიშნა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა დავის ფაქტობრივი გარემოებები, სააპელაციო საჩივრით მხარე მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაში კი, მითითებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის თაობაზე განჩინება ადრესატს ჩაბარდა სატელეფონო შეტყობინებით. სატელეფონო შეტყობინების განხორციელებისას აპელანტი იყო ავად, ჰქონდა მაღალი სიცხე, იმყოფებოდა მწოლარე მდგომარეობაში, ვერ აღიქვა შეტყობინების შინაარსი სრულყოფილად, გამოჯანმრთელებისთანავე აპელანტი გამოცხადდა სასამართლოში შეტყობინების შინაარსის გასარკვევად, თუმცა თანაშემწემ აცნობა საპროცესო ვადის გასვლის თაობაზე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ის საავადმყოფოში სამკურნალოდ არ გამოცხადებულა, რის გამოც არ გააჩნია ექიმის მიერ გაცემული ცნობა, თუმცა მკურნალობდა შინ, რაც დასტურდება კერძო საჩივარზე დართული მეზობლების წერილობითი განმარტებით, ეს გარემოება კი, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია, რადგანაც სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა საპატიო მიზეზითაა გამოწვეული, ამასთანავე, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობა განპირობებული იყო სათანადო თანხის არქონით, რაც დასაბუთებულია სააპელაციო საჩივრის შესაბამის შუამდგომლობაში. გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმების საფუძველს ქმნის ის ფაქტიც, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტს სათანადო წესით არ ჩაბარებია, კერძოდ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინებით არ დაკმაყოფილდა რა მხარის შუამდგომლობა სახელმწიფდო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული შეტყობინების გამოყენების წინაპირობა, სააპელაციო საჩივარში არ იყო ფორმალური ხარვეზი.

ს.ჩ-მა წინამდებარე კერძო საჩივარს დაურთო მესამე პირთა წერილობითი განმარტებები მისი ავადმყოფობის თაობაზე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 იანვრის განჩინებით ს. ჩ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ს.ჩ-მა.

სააპელაციო საჩივარში მხარე შუამდგომლობდა ქონებრივი მდგომაროების გათვალისწინებით სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, თუმცა შუამდგომლობის საფუძვლიანობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება სააპელაციო საჩივარს არ ერთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით დადგენილი წესით ქონებრივი მდგომარეობის დაუდასტურებლობის გამო, ხოლო სააპელაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და აპელანტს 5 დღის ვადაში დაევალა სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა, ამავე განჩინებით განმარტებულია ხარვეზის გამოუსწორებლობის ნეგატიური შედეგების თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი სატელეფონო შეტყობინების აქტის თანახმად, 2013 წლის 18 ნოემბერს სასამართლოს შესაბამისი მოხელე ტელეფონით დაუკავშირდა აპელანტ ს.ჩ-ს და აცნობა ამავე სასამართლოს 2013 წლის 18 ნოემბრის განჩინება.

მხარე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საპროცესო ვადის განმავლობაში მას სასამართლოსათვის დაკისრებული მოქმედების შესრულებით, შესრულებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელებისა თუ სხვა სახის შუამდგომლობით არ მიუმართავს.

განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გაუქმდეს შემდეგი საფუძვლებით: ა) მან საპატიო მიზეზით - ავადმყოფობის გამო სათანადოდ ვერ აღიქვა სატელეფონო შეტყობინების შინაარსი, ამასთანავე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, არ შეეძლო რაიმე საპროცესო მოქმედების განხორციელება, ამ გარემოების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა მესამე პირთა წერილობითი განმარტებები; ბ) სასამართლომ დაარღვია შეტყობინების წესი, სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის თაობაზე აცნობა მხარეს სატელეფონო შეტყობინებით, მაშინ, როდესაც მისთვის ხარვეზის არსებობის თაობაზე წერილობით უნდა ეცნობებინა, რადგანაც მისი შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ეს კი განაპირობებს დადგენილი ხარვეზის მიჩნევას შინაარსობრივი ხასიათის ხარვეზად.

საკასაციო პალატა მხარის ამ არგუმენტების შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ კერძო საჩივარი უსაფუძვლოა, რადგანაც პირველ არგუმენტთან დაკავშირებით, არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება შეჯიბრებითობის პრინციპს და დადგენილია მხარის ვალდებულება, დაადასტუროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამასთანავე, კანონით განსაზღვრულია რომ ფაქტის დადასტურება მხოლოდ დასაშვები მტკიცებულების წარდგენის გზითაა შესაძლებელი (სსსკ 102-ე მუხლი).

მოცემულ შემთხვევაში მხარე საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობასა თუ სატელეფონო შეტყობინების შინაარსის არასათანადო გაგებას უკავშირებს მის ჯანმრთელობის მდგომაროებას, ამ გარემოების დასადასტურებლად მან წარმოადგინა ფიზიკურ პირთა წერილობითი განმარტება ს.ჩ-ის ავადმყოფობის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით კი, კანონმდებელმა ავადმყოფობის ფაქტის დადასტურება დაუკავშირა შემდეგს: ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. ამდენად, კანონის იმპერატიული დანაწესის გათვალისწინებით, რომ ავადმყოფობის ფაქტის დადასტურებისათვის სავალდებულოა კანონითვე გათვალისწინებული მტკიცებულების წარდგენა, კერძო საჩივრის ზემოაღნიშნული არგუმენტის გაზიარებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.

რაც შეეხება ს.ჩ-ის მითითებას სასამართლო შეტყობინების ჩაბარების წესის დარღვევის თაობაზე, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულ გარემოებას მიიჩნევს დადასტურებულად. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზს წარმოადგენდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულების შესრულება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით კანონმდებელი ადგენს იმ სავალდებულო პირობებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს სააპელაციო საჩივარი, რათა სასამართლომ იგი დაუშვას განსახილველად, ნორმის პირველი-მე-4 ნაწილებით დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს: ა) იმ სასამართლოს დასახელებას, რომლის სახელზედაც არის შედგენილი საჩივარი; ბ) იმ პირის დასახელებასა და მისამართს, რომელსაც შეაქვს საჩივარი; გ) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებასა და მითითებას ამ გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოზე; დ) მითითებას იმის თაობაზე, თუ გადაწყვეტილების რა ნაწილია გასაჩივრებული; ე) მითითებას, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწორობა და კონკრეტულად რას მოითხოვს სააპელაციო საჩივრის შემტანი პირი; ვ) მითითებას გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს, და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ზ) სააპელაციო საჩივარზე დართული წერილობითი მასალების ნუსხას; თ) მითითებას, ხომ არ სურს სააპელაციო საჩივრის წარმდგენს საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვა. სააპელაციო საჩივარი, აგრეთვე დამატებით შემოსული მასალები სასამართლოს წარედგინება იმდენი ასლის დართვით, რამდენი მონაწილეც არის საქმეში. სააპელაციო საჩივარს ხელს აწერს მისი შემტანი პირი ან წარმომადგენელი. თუ უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი საქმეში არ არის, წარმომადგენლის მიერ შეტანილ სააპელაციო საჩივარს უნდა დაერთოს სააპელაციო საჩივრის შეტანაზე მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი მინდობილობა.

ამავე ნორმის მე-5 ნაწილით განსაზღვრულია, რომ ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებთან სააპელაციო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში ან თუ არ არის სახელმწიფო ბაჟი გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

ნორმის მე-6 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ შეტყობინების ჩაბარების წესი და განსაზღვრულია, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის შესახებ შეტყობინება მხარეებს (მათ წარმომადგენლებს) აცნობოს ტელეფონით, თუ ხარვეზი შეეხება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, ასევე მე-2−მე-4 ნაწილებით გათვალისწინებულ სააპელაციო საჩივრის ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მხარეს, ან თუ სააპელაციო საჩივარს არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთი წესით ინფორმირების შემთხვევაში ხარვეზის შესახებ განჩინება სატელეფონო შეტყობინების განხორციელების დღეს ჩაბარებულად ითვლება.

კანონის ზემოაღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბაჟის ნაწილში დადგენილი ხარვეზის ტელეფონით ჩაბარება კანონის მოთხოვნის სრული დაცვით განხორციელდა, რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს, აღნიშნული წარმოადგენს არა ხარვეზს, არამედ შუამდგომლობაზე პასუხს და ვერ იქნება მიჩნეული სააპელაციო საჩივრის შინაარსობრივ მხარეზე დადგენილ ხარვეზად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სავსებით ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ ხარვეზის დადგენის შესახებ აპელანტს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა 2013 წლის 18 ნოემბერს, შესაბამისად, საპროცესო ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 ნოემბერს და დასრულდა 25 ნოემბერს (23-24 ნოემბერი იყო უქმე დღეები), დროის ამ მონაკვეთში აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსთვის, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლების, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 29 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე