საქმე №ას-1231-1176-2013 3 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. ჩ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ც. ც-ი, გ. და ჯ. ჭ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თავდაპირველ სარჩელში - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, შეგებებულ სარჩელში - თანხის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ჩ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ც. ც-ის, გ. და ჯ. ჭ-ის მიმართ მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან ქ.თბილისში, ხ-ის II ჩიხის №1-ში მდებარე პირველი სართულის ლიტ. „ა“ ნაგებობის 23.5კვ.მ №3 ოთახის, 17.2კვ.მ №4 ოთახის და მის წინ მდებარე 3.5კვ.მ აივნის გამოთხოვის მოთხოვნით.
ამავე სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ც. ც-მა მოპასუხე მ. ჩ-ის მიმართ მესაკუთრისათვის ამ ქონების საბაზრო ღირებულების 25%-ის გადახდის სანაცვლოდ საცხოვრებელი სადგომის მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით ზემოაღნიშნული სარჩელებით გაერთიანდა ერთ წარმოებად, ც. ც-ის მოთხოვნის ნაწილში მოპასუხეებად ჩაებნენ ც. მ-ა და გ. ბ-ი, ხოლო მ. ჩ-ის მოთხოვნის ნაწილში დასახელებული პირები ჩაებნენ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირების სტატუსით. საქმეთა გაერთიანების შედეგად მ. ჩ-ის სარჩელმა შეიძინა სარჩელის, ხოლო ც. ც-ის სარჩელმა - შეგებებული სარჩელის სამართლებრივი სტატუსი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილებით მ. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ც. ც-ის, გ. და ჯ. ჭ-ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა მოპასუხეების მიერ დაკავებული ფართი და იგი მესაკუთრეს ჩაბარდა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში, ც. ც-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ც. ც-მა, გ. და ჯ. ჭ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 27 მარტის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. ც-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა: მ. ჩ-ის 12 295 ლარის გადახდის სანაცვლოდ ც. ც-ი ცნობილ იქნა დაკავებული სადგომის მესაკუთრედ.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2010 წლის 19 ივლისს, საკასაციო სასამართლოს მიერ მ. ჩ-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად მიჩნევის გამო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მომართა მ. ჩ-მა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო შემდეგი საფუძვლებით:
სამოქალაქო რეესტრის საინფორმაციო სამისამართო ბიუროს საინფორმაციო ბარათებით, ასევე საქართველოს არქივის ცნობითა და მასზე თანდართული ხიდისთავის მე-2 ჩიხი, N1-ის საბინაო წიგნის დამოწმებული ასლით დგინდება, რომ ც. ც-ი, გ. და ჯ. ჭ-ი, თბილისში ხ-ის მე-2 ჩიხი, N1-ში რეგისტრირებულები (ჩაწერილები) არასოდეს ყოფილან;
სს „თ-ს“ არ გააჩნია საბუთები ჭ-ის 1996 წლიდან აბონენტად რეგისტრაციის თაობაზე და სამოქალაქო საქმეში არსებული „თ-ის“ ცნობას, თითქოს ჭ-ე 1996 წლის იანვრიდან ირიცხება აბონენტად, რაიმე საფუძველი არ გააჩნია;
საბინაო-სერვისული მომსახურების ცენტრის (ყოფილი სახლმმართველობა) ცნობა იმის თაობაზე, თითქოს ც.ც-ის ოჯახი ა-ის ქუჩაზე გადმოეწერა ხ-ის ქუჩიდან, ეფუძნება არა ხ-ის ქუჩის, არამედ ა-ის ქუჩაზე ც.ც-ის საკუთრებაში არსებული სახლის საბინაო წიგნის მონაცემებს;
ამ საბინაო წიგნში ზემოაღნიშნული ჩანაწერი არაა შესრულებული შესაბამისი სპეციალისტის მიერ, არამედ იგი თავად ც.ც-მა განახორციელა სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენის მიზნით.
გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ გარკვეული საფასურის გადახდის თაობაზე უბის წიგნაკის ჩანაწერებში ფულადი თანხის ციფრები გადასწორებულია თავად ც. ც-ის მიერ;
ასევე ც. ც-ის ხელით არის შესრულებული ჩანაწერი ა-ის ქუჩაზე მდებარე სახლის საბინაო წიგნში იმის თაობაზე, რომ თითქოს იგი ამ მისამართზე გადმოწერილია ხ-ის ქუჩიდან.
განმცხადებლის განმარტებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ გადაწყვეტილება დააყრდნო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: სადავო საცხოვრებელ სადგომში ც. ც-ის ოჯახის რეგისტრაცია; აბონენტად რეგისტრაცია და კომუნალური გადასახადების გადახდა; ბინის საფასურის გადახდა;
განმცხადებლის შეფასებით, ზემოაღნიშნული გარემოებები ქმნიან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქმის განახლების საფუძველს;
განმცხადებლის განმარტებით, მითითებული გარემოებები მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ მისი დაკითხვის პროცესში და, რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მ. ჩ-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 425-ე მუხლებით, 421-ე მუხლის პირველი ნაწილით და აღნიშნა, რომ განმცხადებელი მოითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. სასამართლოს განმარტებით, კანონი საქმის წარმოების განახლებას უკავშირებდა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც, მართალია, არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო განმცხადებლისათვის და მას თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა მათზე, შესაბამისად, ასეთ მტკიცებულებად ვერ იქნებოდა მიჩნეული მხარის მიერ განცხადებაში დასახელებული გარემოებები, ასევე მხარის მითითება საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბეზე, რადგან აღნიშნულ გარემოებათა დადასტურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, შესაძლებელი იყო, კონკრეტულად ამ ფაქტებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენით. პალატამ დამატებით მიუთითა, რომ ახალი გარემოება ან მტკიცებულება, მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს განახლების საფუძველი, თუ ფაქტი არსებობდა გადაწყვეტილების გამოტანამდე, მაგრამ ცნობილი არ იყო მანამდე და მხარემ არ იცოდა ამ ფაქტის თაობაზე, ამასთან, თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის არსებითად განხილვისა და გადაწყვეტის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან მიმართებაში ეყრდნობა მის მიერვე განცხადებაზე დართულ 2013 წლის 18 ივლისს შედგენილ მოწმედ დაკითხვის ოქმს, გამოძიების პროცესში მის მიერ მიცემულ ჩვენებას, შესაბამისად, აღნიშნული გარემოებები არსებობდა მანამდეც და მასზე განმცხადებელი მიუთითებდა არაერთხელ დავის პროცესში. გადაწყვეტილება, რომლის გაუქმებასა და საქმის განახლებას მოითხოვდა მ. ჩ-ი, მიღებული იყო საქმეში არსებულ მტკიცებულებათა (მათ შორის განმცხადებლის მიერ მითითებულ გარემოებათა) შეფასებისა და გამოკვლევის საფუძველზე; აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იმსჯელა მათზე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მათ შორის 2011 წლის 23 თებერვალს მიღებულ განჩინებაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 მაისის განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული. პალატამ მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე, სადაც განმცხადებელს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტისა და მე-3 ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი გარემოების სათანადოდ დადასტურება, რომელიც მხარის ინტერესების სასარგებლოდ არსებითად გავლენას მოახდენდა საქმის შედეგზე, ამასთან, ასეთი გარემოების შესახებ მხარისათვის თავისი ბრალის გარეშე საქმის განხილვისას ცნობილი არ იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ ჩათვალა, რომ არც მოცემულ შემთხვევაში შეიცავდა მ. ჩ-ის განცხადება კანონის ზემოხსენებული დანაწესებით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე მითითებას, ამდენად, არ არსებობდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრული, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის წანამძღვრები.
სააპელაციო პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. ჩ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო პალატის შეფასებაზე წარდგენილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ სასამართლო ვერ გაერკვა მის მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მიზნებისათვის წარდგენილი იყო ახალი გარემოებები თუ მტკიცებულებები. მ.ჩ-ის, როგორც მოწმის ჩვენება კი არ წარმოადგენს მტკიცებულებას, არამედ დაკითხვის ოქმში გამომძიებლის მიერ დასმულ შეკითხვებში გამოვლენილია ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რაც მ.ჩ-ის ადრე ვერ გახდებოდა ცნობილი, რადგანაც მან ამ მიმართებით არაერთხელ მიმართა როგორც სამისამართო სამსახურს, ისე სს „თ-ს“, ასევე ყოფილ „სახლმმართველობას“, თუმცა მსგავსი ტიპის მტკიცებულებები მ.ჩ-ის არ გადაუციათ, თუმცა საგამოძიებო ორგანოებისათვის შესაბამისი ორგანოებიდან გახდა ცნობილი სარწმუნო ინფორმაცია სადავო საკითხთან დაკავშირებით. არასწორია სასამართლოს მითითება, რომ 2011 წელს წარდგენილ განცხადებაში მ.ჩ-მა ამავე გარემოებებზე მიუთითა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტსა და მე-3 ნაწილზე და აღნიშნა, რომ ნორმა, მასში მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებისათვის ახალი მტკიცებულების წარდგენას არ ითხოვს, არამედ ერთმანეთისაგან გამიჯნავს „გარემოებებსა“ და „მტკიცებულებებს“, შესაბამისად, კანონის მიზნებისათვის ერთ-ერთის არსებობაც კი საკმარისია. სასამართლოში წარდგენილი განცხადებით მ.ჩ-ი განმარტავდა, რომ დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მიერ დაკითხვის პროცესში მისთვის ცნობილი გახდა გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა, კერძოდ, მხარისათვის ცნობილი გახდა იმ გარემოებათა უსწორობა, რომლებსაც ემყარება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება.
კერძო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებზე და აღნიშნა, რომ მისთვის ცნობილი გახდა, რომ საბინაო-სერვისული მომსახურების ცენტრის მიერ გაცემული ცნობა, თითქოს ც.ც-ის ოჯახი ა-ის ქუჩაზე ხ-ის ქუჩიდან გადაეწერა ეფუძნებოდა არა ხ-ის ქუჩის, არამედ ა-ის ქუჩაზე ც.ც-ის საკუთრებაში არსებული სახლის საბინაო წიგნის მონაცემებს, რომელშიც ხელით გაკეთებული ჩანაწერი არა შესაბამისი სპეციალისტის, არამედ თავად ც.ც-ის მიერ არის შესრულებული ამ დოკუმენტის სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენის მიზნით, გამოძიებით ცნობილი გახდა, რომ გარკვეული საფასურის გადახდის თაობაზე უბის წიგნაკის ჩანაწერები ც.ც-ის მიერ არის გადასწორებული, ამასთან აღნიშნა, რომ ეს გარემოება ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმგვარი სიყალბის ჩადენას, რაც დადასტურებისათვის ითვალისწინებს სასამართლო განაჩენის წარდგენის აუცილებლობას. ამდენად, არსებობდა საქმის წარმოების განახლებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების განახლების წინაპირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 23 დეკემბრის განჩინებით მ. ჩ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მსჯელობის საგანს წარმოადგენს ის გარემოება, არსებობდა თუ არა მ. ჩ-ის მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოში 2013 წლის 2 აგვისტოს წარდგენილი განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობა.
ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების გამო, კერძოდ, მისთვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. განმცხადებელმა სასამართლოში წარადგინა მოწმის დაკითხვის ოქმი.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მითითებული დოკუმენტი არ წარმოადგენს კანონის ზემოაღნიშნული ნორმის შემადგენლობისათვის სათანადო მტკიცებულებას, რაც გამორიცხავდა განსახილველად მ.ჩ-ის განცხადების მიღებას, კერძოდ, მ.ჩ-ის მოსაზრებით, სასამართლომ ერთმანეთისაგან ვერ გამიჯნა ახალი გარემოებებისა და ახალი მტკიცებულებების ცნება, მაშინ, როდესაც განმცხადებლის მოთხოვნა საქმის წარმოების განახლებას ახალი გარემოების გამო ემყარებოდა. თავის მხრივ, საქმის წარმოების განახლების საფუძველს ქმნის არა მის ჩვენებაში გადმოცემული ვითარება, არამედ ჩვენების მიცემისას გამომძიებლისგან შეტყობილი ინფორმაცია. განმცხადებლის მიერ მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებისათვის კი, საკმარისია მხოლოდ ახალ გარემოებაზე მითითება და კანონი მტკიცებულების წარდგენის აუცილებლობას არ ითვალისწინებს.
საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს, რაც შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით. ამავე კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია ის წინაპირობები, რომელთაც განცხადება უნდა შეიცავდეს მისი განსახილველად დაშვებისათვის, მათ შორისაა მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს საქმის წარმოების განახლება.
როგორც უკვე აღინიშნა, გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმცხადებელი მიიჩნევს დაკითხვისას შეტყობილ ინფორმაციას და თვლის, რომ მისი მხრიდან მხოლოდ ამ ინფორმაციაზე მითითება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის შემადგენლობას ქმნის, რაც არასწორია, ვინაიდან ნორმის დისპოზიციით დასტურდება, რომ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე (სსსკ 423.3), ამდენად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების საფუძვლად კანონმდებელი მიიჩნევს მხარის მიერ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ისეთი ფაქტის (ფაქტობრივი ვითარების) და ისეთი მტკიცებულების შეტყობას, რომელიც საქმის არსებითად განხილვის ეტაპზე არსებობდა, ობიექტურად იყო უცნობი და საშუალო წინდახედულობის ფარგლებში მათი შეტყობა მხარისათვის შეუძლებელი იქნებოდა. კანონის ამ განმარტებიდან კი, არ გამომდინარეობს დასკვნა, რომ მოწმის მიერ ჩვენების მიცემისას შეტყობილი ინფორმაცია წარმოადგენს საქმის წარმოების განახლების საფუძველს. თავის მხრივ, საკასაციო პალატა წარმოდგენილი მტკიცებულების ფორმალურად შემოწმების გზით მივიდა დასკვნამდე, რომ მაში გადმოცემულია ის ინფორმაცია, რასაც ფლობდა მოწმე მ. ჩ-ი, აღნიშნული გარემოება კი იძლევა სააპელაციო პალატის დასკვნის გაზიარების შესაძლებლობას, რომ განმცხადებლისათვის საქმის წარმოების დასრულებამდე იყო ცნობილი სადავო გარემოებების თაობაზე და არა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
ამასთანავე, სააპელაციო პალატამ სავსებით მართებულად მიუთითა, რომ განმცხადებელმა ამ საფუძვლით უკვე ითხოვა საქმის წარმოების განახლება. საქმეში წარმოდგენილი 2010 წლის 7 დეკემბრის განცხადებით მხარე სადავოდ ხდიდა ც.ც-ის რეგისტრაციის, ასევე ქირის ოდენობის განსაზღვრის ფაქტს, თუმცა დაუსაბუთებლობის მოტივით არ დაკმაყოფილდა მ. ჩ-ის განცხადება საქმის წარმოების განახლების თაობაზე.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების დასკვნას, რომ განცხადება არ შეიცავს ახლად აღმოჩენილ გარემოებაზე მითითებას, რაც ამ განცხადების განსახილველად დაშვებაზე უარის თქმის უპირობო საფუძველია.
რაც შეეხება მ.ჩ-ის მითითებას საქმეში არსებული დოკუმენტების სიყალბის თაობაზე, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივრის ავტორი, ერთი მხრივ, მიუთითებს ც.ც-ის მიერ დოკუმენტების გადასწორებისა თუ მათში ცვლილებების თვითნებურად შეტანის შესახებ, მათი სასამართლოში მტკიცებულების სახით წარდგენის მიზნით, ამასთანავე, 423-ე მუხლის მე-2 ნაწილზე აპელირებით თავადვე განმარტავს, რომ ეს მითითება არ ადასტურებს სიყალბის ფაქტს, რაც მხარის ამ არგუმენტის ბუნდოვანებას იწვევს, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დოკუმენტის სიყალბის მტკიცების შემთხვევაშიც კი, საქმეში არ არის წარმოდგენილი ამ სიყალბის დამადასტურებელი კანონით განსაზღვრული სათანადო მტკიცებულება - სასამართლოს განაჩენი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, რაც ამ კუთხითაც განცხადების დაშვებაზე უარის თქმის საფუძველია.
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებიდან გამომდინარე, ზემდგომი სასამართლო საქმეს იხილავს და ქვემდგომი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლიანობას ამოწმებს მხარის არგუმენტების ფარგლებში, კერძოდ, სასამართლო სადავო გარემოებებს გამოიკვლევს და სამართლის ნორმის დარღვევას ამოწმებს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც მხარეები არ ეთანხმებიან ამა თუ იმ ფაქტობრივ გარემოებას თუ მათ თაობაზე არსებულ ქვემდგომი სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე საქმის (მათ შორის კერძო საჩივრის) განხილვის ფარგლები რეგულირებულია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ” ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მ. ჩ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ შეიცავს იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიას, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა, ამდენად, არ არსებობს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 19 სექტემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე