საქმე №ას-1242-1187-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. კ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. გ-ი, გ. კ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. კ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. კ-სა და დ. გ-ის მიმართ აღმასრულებელ გ. ქ-ის მიერ 2013 წლის 13 მაისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში მითითებულ მოსარჩელის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის მოხსნის მოთხოვნით.
მოპასუხე გ. კ-ემ სარჩელი ცნო, ხოლო დ. გ-მა მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებით ნ. კ-ის სარჩელი მოპასუხეების: გ. კ-სა და დ. გ-ის მიმართ ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განჩინებით ნ. კ-ის სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის თანახმად, დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 20 აგვისტოს. საქმის მასალებით დასტურდებოდა, რომ აპელანტი ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 20 აგვისტოს, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 21 აგვისტოს და ამოიწურა 2013 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 სექტემბერს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 2 ოქტომბერს. საქმის მასალებით კი, დასტურდებოდა, რომ ნ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 3 ოქტომბერს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით (გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2013 წლის 2 ოქტომბერს). სასამართლოს მითითებით, ნ. კ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 24 სექტემბერს, მაგრამ, ვინაიდან ამ დროისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყებული იყო (თანახმად სსსკ 2591 მუხლისა, დაიწყო 2013 წლის 21 აგვისტოს), გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის გამოთვლისას სასამართლომ ეს გარემოება მხედველობაში არ მიიღო.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე და, ვინაიდან ნ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი ხაშურის რაიონულ სასამართლოში წარადგინა 2013 წლის 3 ოქტომბერს, ჩათვალა, რომ აპელანტმა დაარღვია კანონით დადგენილი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლების თანახმად, ნ. კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. კ-ემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:
გასაჩივრებული განჩინებით დარღვეულია მხარის უფლებები, რადგანაც მას, ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ ჰქონდა შესაძლებლობა, აეყვანა ადვოკატი, თავად ვერ ერკვევა კანონის მოთხოვნებში და მისთვის უცნობი იყო გადაწვეტილების ჩაბარების ვადის თაობაზე. ნ.კ-ემ და მისმა მეუღლემ არაერთხელ მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით, თუმცა სასამართლომ განუმარტა, რომ აცნობებდა დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთანავე. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სასამართლომ დასაბუთებული გადაწყვეტილება სწორედ მისი გამოცხადებიდან 30-ე დღეს გაამზადა, რის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა 24 რიცხვში, მან დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 25 რიცხვში, რა დროსაც განემარტა, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა 4 ან 5 ოქტომბერს იწურებოდა. ნ.კ-ის განმარტებით, საპროცესო ვადის დარღვევა სასამართლოს ქმედებამ განაპირობა, ამასთანავე მიუთითა მის რთულ ქონებრივ მდგომარეობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 იანვრის განჩინებით ნ. კ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. კ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 20 აგვისტოს სხდომას, როდესაც გამოცხადდა სასამართლო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოსარჩელე ნ. კ-ე.
დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს ჩაბარდა 2013 წლის 24 სექტემბერს, ხოლო საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თანახმად, აპელანტმა რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა 2013 წლის 3 ოქტომბერს.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ ნ.კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება დაამყარა შემდეგ გარემოებებს:
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2013 წლის 20 აგვისტოს, მხარეთათვის გადაწყვეტილების ჩაბარების კანონით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2013 წლის 21 აგვისტოს და ამოიწურა 2013 წლის 19 სექტემბერს, შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2013 წლის 19 სექტემბერს და აღნიშნული ვადა ამოიწურა 2013 წლის 2 ოქტომბერს. ნ. კ-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2013 წლის 3 ოქტომბერს, ანუ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით, ამასთანავე, პალატამ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ ნ. კ-ემ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2013 წლის 24 სექტემბერს, ვინაიდან ამ დროისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაწყებული იყო.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებული განჩინების ზემოაღნიშნულ დასკვნას იმ საფუძვლით, რომ ა) მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, ჰყოლოდა ადვოკატი და მისთვის სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების მარეგულირებელი საპროცესო ნორმები ცნობილი არ ყოფილა; ბ) საპროცესო ვადის დარღვევა განაპირობა სასამართლოს მხრიდან დასაბუთებული გადაწყვეტილების დროულად მოუმზადებლობამ, კერძოდ, ის რამდენჯერმე გამოცხადდა ხაშურის რაიონულ სასამართლოში, თუმცა 2013 წლის 24 სექტემბრამდე გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
საკასაციო პალატა მხარის პირველ არგუმენტს ვერ გაიზიარებს უსაფუძვლობის გამო და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი. ამდენად, მხარის ქონებრივი მდგომარეობა თუ ადვოკატის არყოლის შესაძლებლობა კანონის ცოდნის პრეზუმფციას არ აქარწყლებს და ამ არგუმენტს რაიმე გავლენა დავის მიმართ არ შეიძლება გააჩნდეს.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მე-2 მოსაზრებას, რომ მან თავის ბრალის გარეშე დაარღვია საპროცესო ვადა, საკასაციო სასამართლო იზიარებს აღნიშნულს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის დასკვნა გადაწყვეტილების ჩაბარების ვადის მხედველობაში მიუღებლობის თაობაზე არ ემყარება საქმის მასალების სრულყოფილ კვლევას. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილის (განცხადების) თანახმად, ნ.კ-ემ ხაშურის რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარების თხოვნით მიმართა 2013 წლის 18 სექტემბერს, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა (30-ე დღე იყო 19 სექტემბერი), ხოლო გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარება 2013 წლის 24 სექტემბერს განხორციელდა.
სააპელაციო საჩივარი კი, როგორც უკვე აღინიშნა, წარდგენილია 2013 წლის 3 ოქტომბერს.
მართალია, ხელწერილის (განცხადების) ფორმაში არ არის სასამართლოს შესაბამისი მოხელის აღნიშვნა მოსარჩელის მიმართვის დროისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაუცემლობის შესახებ, თუმცა მხოლოდ ეს გარემოება, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ შეიძლება გახდეს სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს დაწყების საფუძველი. მხარემ კანონით დაკისრებული სასამართლოში დროულად გამოცხადების ვალდებულება შეასრულა, თუმცა მას დადგენილ ვადაში გადაწყვეტილება არ ჩაბარებია. ამ თვალსაზრისით არსებობს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-733-695-2013, 10 დეკემბერი, 2013 წელი).
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებითად სწორად დადგენა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 2591 მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
ამდენად, იმისათვის, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის დენა დაუკავშირდეს კანონით გათვალისწინებულ ვადას, სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვის ფაქტის გამოკვლევა. იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ წარმოადგენს საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის სუბიექტს ან პატიმრობაში მყოფ პირს, რომელსაც არ ჰყავს წარმომადგენელი და ის კანონით დადგენილ ვადაში - სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდება სასამართლოში, თუმცა მისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება ვერ ხერხდება, ასეთ დროს არ შეიძლება მის მიმართ გამოყენებულ იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის დათქმა გასაჩივრების ვადის დენის 30-ე დღიდან დაწყების თაობაზე, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ საფუძვლით არ არსებობს ნ.კ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველია.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომელმაც უტყუარად უნდა გამოარკვიოს საქმეში წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლთან შესაბამისობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 7 ნოემბრის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე