Facebook Twitter

საქმე №ას-1249-1192-2013 3 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - გ. ა-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება

დავის საგანი – უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა და თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ა-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ა-ის მიმართ ქ.თბილისში, ვ.ბ-ის ქN37-ში მდებარე N130 და N131 ბინების მესაკუთრედ ცნობისა და მოპასუხისათვის 20 000 აშშ დოლარის დაბრუნების დავალდებულების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით გ. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინებით გ. ა-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი ხარვეზიანად მიიჩნია, შესაბამისად, 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინებით აპელანტს დაევალა განჩინების გადაცემის მომენტიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის - 5 000 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარდგენა. ამავე სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის განჩინებით გ. ა-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აპელანტს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორების ვადა 5 დღით; 2013 წლის 20 სექტემბერის განჩინებით ასევე დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა და დადგენილი საპროცესო ვადა გაუგრძელდა 10 დღით, ხოლო 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით გ. ა-ის წარმომადგენელ ქ. უ-ის შუამდგომლობის საფუძველზე აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა კვლავ 5 დღით გაუგრძელდა.

საქმის მასალებით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ამავე სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება ქ. უ-ს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე 2013 წლის 4 ნოემბერს გაეგზავნა და იმავე წლის 5 ნოემბერს ორგანიზაციის თანამშრომელ ლ. მ-ეს ჩაბარდა, რაც დასტურდება გზავნილის ჩაბარების შეტყობინების ბარათზე მითითებული ხელმოწერითა და პირადი ნომრით.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ, რადგანაც 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება (საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ) აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა 2013 წლის 5 ნოემბრიდან, მისთვის სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის გამოსწორების ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2013 წლის 6 ნოემბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 10 ნოემბერს, რომელიც იყო დასვენების დღე - კვირა. ამდენად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოეწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 11 ნოემბერს, რომელიც იყო ორშაბათი.

სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე, 65-ე; 59-ე და 63-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ გ. ა-ს ან/და მის წარმომადგენელ ქ.უ-ს არც ხარვეზის ვადის ამოწურვამდე და არც აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ სასამართლოსათვის განცხადებით არ მიუმართავთ ხარვეზის გამოსწორების, ხარვეზის გამოსწორებისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელების ან გაშვებული ვადის საპატიოდ მიჩნევისა და აღდგენის შესახებ, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლის მიხედვით, გ. ა-ის წარმომადგენელ ქ. უ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ა-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპიდან საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით:

კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სააპელაციო პალატის განჩინებაზე, რომლითაც დადგინდა ხარვეზი და აღნიშნა, რომ გ. ა-ი, კრედიტორთა მიმართ არსებული დავალიანების გამო, რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში, მის ქონებაზე დაწყებულია იძულებითი აღსრულება, დაყადაღებულია ანგარიშები, რის გამოც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. აპელანტს არ გააჩნია რაიმე შემოსავალი და არც უძრავი ქონება, რათა უზრუნველყოს სახელმწიფო ბაჟის მოძიება, ამ საფუძვლით საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე მოთხოვნილი იყო ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 191-ე მუხლზე პირველ პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული რა დროსაც სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მგომარეობას. ამ საფუძვლიდან გამომდინარე, მხარე სწორედ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე მოითხოვდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებას, რაც არ იქნა გაზიარებული სააპელაციო პალატის მიერ და არასწორად დარჩა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 14 იანვრის განჩინებით გ. ა-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. ა-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის, 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ.ა“ ქვეპუნქტის, მე-40 მუხლის მე-2 ნაწილისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ი“ ქვეპუნქტების საფუძველზე გ.ა-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 5000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა.

დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით სასამართლო შეტყობინება ბარდებოდა აპელანტის უფლებამოსილ წარმომადგენელს.

უდავოა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 სექტემბრის, 20 სექტემბრისა და 28 ოქტომბრის განჩინებებით სწორედ აპელანტის წარმომადგენლის შუამდგომლობით გაგრძელდა ხარვეზის გამოსწორების საპროცესო ვადა.

მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოებაც, რომ საპროცესო ვადის კვლავ გაგრძელების შესახებ (5 დღე) სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განჩინება უფლებამოსილ ადრესატს 2013 წლის 5 ნოემბრიდან ეთვლებოდა ჩაბარებულად, ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების ჩაბარების მომდევნო დღიდან - 2013 წლის 6 ნოემბრიდან და ამოიწურა 2013 წლის 10 ნოემბერს, რომელიც იყო დასვენების დღე - კვირა. ამდენად, აპელანტს ხარვეზის გამოსწორების ვადა ამოეწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს - 11 ნოემბერს, რომელიც იყო ორშაბათი. თავის მხრივ, მხარეს არც დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისა და არც სხვა სახის შუამდგომლობით სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ამ გარემოებათა გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და თვლის, რომ სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის, 368-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 374-ე მუხლების არსებითად სწორი განმარტებით მართებულად დატოვა განუხილველად გ.ა-ის სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებას იმ მოტივით, რომ მან სასამართლოს წარუდგინა მოვალეთა რეესტრში გ.ა-ის რეგისტრაციის დამადასტურებელი მტკიცებულება, სასამართლოს კი, უნდა გადაევადებინა აპელანტისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდა მისი მძიმე ქონებრივი მდგომაროებიდან გამომდინარე.

მხარის ამ არგუმენტის შეფასებით საკასაციო სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ის სავსებით უმარეთებულოა. მართალია, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობას ერთვის გ. ა-ის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის ელექტრონული ამონაბეჭდი, თუმცა მტკიცებულება არ შეიცავს რაიმე მითითებას მისი ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, მხოლოდ მოვალეთა რეესტრში რეგისტრაცია კი, მხარის მძიმე ქონებრივ მდგომაროებას ეჭვის გარეშე არ ადასტურებს. საწინააღმდეგო ვითარებაშიც კი, თუ დადგინდებოდა გ.ა-ის რთული ქონებრივი მდგომაროების არსებობა, მხოლოდ ეს გარემოება მაინც არ ადასტურებს მხარის არგუმენტის სისწორეს, რადგანაც საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობები არ შეიცავს ერთმნიშვნელოვან მოთხოვნას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, მხარე (აპელანტის წარმომადგენელი) შუამდგომლობებში განმარტავს, რომ სასამართლოს, მხარის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, თუმცა მოთხოვნას აყალიბებს მხოლოდ საპროცესო ვადის გაგრძელების კუთხით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომაზე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული. გარდა აღნიშნულისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით კანონმდებელმა დაადგინა მოთხოვნის (შუამდგომლობის) ინიციატორი მხარის ვალდებულება, სათანადო მტკიცებულებებზე დაყრდნობით ასაბუთოს მისი პოზიცია, ნორმის ამ დანაწესის დარღვევა მხარისათვის ნეგატიური, არახელსაყრელი შედეგის დადგომის განმაპირობებელია.

ამდენად, მხარემ არ დაიცვა რა შუამდგომლობის დასაბუთებისათვის დადგენილი საპროცესო კოდექსის მოთხოვნები, პალატა მის არგუმენტს შუამდგომლობის არასწორად შეფასების თაობაზე ვერ გაიზიარებს. გარდა აღნიშნულისა, პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული, რადგანაც სასამართლო კანონით გათვალისწინებულ საგამონაკლისო ნორმებს (სსსკ 47-ე, 48-ე) გამოიყენებს მხოლოდ მხარის მოტივირებული შუამდგომლობის არსებობისას, რაც უქმნის მყარ შინაგან რწმენას, რომ სასამართლო ხარჯებთან დაკავშირებით მხარისათვის ე.წ შეღავათის გამოუყენებლობა მისი უფლების სასამართლო წესით დაცვის პრინციპს დაარღვევს, რაც როგორც ზემოთ აღინიშნა, აპელანტს შუამდგომლობა ამ კუთხით არ დაუყენებია.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ.ა-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ა-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ვ. როინიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე