Facebook Twitter

№ას-1253-1196-2013 3 თებერვალი, 2014 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ვასილ როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ნ. ბ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს. ბ-ი“ (მოსარჩელე)

თავდაპირველი მოპასუხე - ნ. ჯ-ა, ხ. ბ-ა

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს „ს. ბ-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნ. ჯ-ას, ხ. და ნ. ბ-ის მიმართ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყვეტილად იქნა აღიარებული ხ.ბ-სა და სს „ს. ბ-ს“ შორის 2011 წლის 1 ივნისს და 2012 წლის 30 აპრილს შედგენილი საკრედიტო ხელშეკრულებები; მოპასუხეებს ხ. ბ-ას, ნ. ბ-ას და ნ. ჯ-ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 19251,39 ლარი; სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხსეებისთვის 2036,2 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა; ხ. ბ-ას სს „ს. ბ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 3445,98 ლარი; სს „ს. ბ-ის“ სასარჩელო მოთხოვნა ხ. ბ-ის 639,32 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა; სს „ს. ბ-ის“ მიმართ მოპასუხეთა დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა ხ. ბ-ას საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე: თბილისი, სოფელი ფ-ა, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #...; იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად აღსრულება დადგინდა აღსრულების მიქცევა ხ. ბ-ას საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. ბ-ამ და ნ. ჯ-ამ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის განჩინებით შუამდგომლობა სახ. ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ დარჩა განუხილველი და ნ. ბ-ას და ნ. ჯ-ას სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-ამ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამდენად, დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომი ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს მოცემულ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი განუხილველი დარჩება.

მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კერძო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 30 დეკემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს, ხარვეზის შევსების მიზნით, სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოსადგენად განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადა მიეცა. აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით გაეგზავნა ნ. ბ-ას 2014 წლის 6 იანვარს და ჩაიბარა ნ. ბ-ას რძალმა - გ. რ-მა 2014 წლის 9 იანვარს (იხ.ტ.II, ს.ფ.29) ადრესატისთვის გადასაცემად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო შეტყობინება ეგზავნება უშუალოდ მხარეს ან მის წარმომადგენელს და ერთ-ერთი მათგანისათვის, ან ამავე კოდექსის 74-ე მუხლით დადგენილი სუბიექტისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

დასახელებული ნორმების თანახმად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი სამდღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 10 იანვარს და ამოიწურა 2014 წლის 13 იანვარს (12 იანვარი იყო დასვენების დღე). სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კერძო საჩივრის ავტორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნ. ბ-ას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ბ-ას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ვ. როინიშვილი