საქმე №ას-1255-1198-2013 10 თებერვალი, 2014 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ბ. ლ-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ს. ა-ე (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ამხანაგობა „პ 90“, ზ. ხ-ი, ა. უ-ი, თ. ხ-ი, ნ. ე-ე, გ. ლ-ე, ი. ჭ-ე, შპს „...“, ვ. ხ-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ბ. ლ-ის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვება
დავის საგანი – ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ს. ა-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ამხანაგობა „პ 90-ის“, ზ. ხ-ის, ა. უ-ის, თ. ხ-ის, ნ. ე-ის, გ. ლ-ის, ი. ჭ-ის, ბ. ლ-ის, შპს „...“ და ვ. ხ-ის მიმართ მოპასუხეებისათვის ზიანის - 231000 ლარის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხე ამხანაგობა „პ 90-მა“ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ მას მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნია, ხოლო ბ. ლ-ემ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა იმ საფუძვლით მოითხოვა, რომ მას რაიმე ვალდებულება მოსარჩელის მიმართ არ უკისრია, შესაბამისად, არც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სასარჩელო მოთხოვნა ამხანაგობა „პ 90-ის“, ზ. ხ-ის, ბ. ლ-ის, ა. უ-ის, თ. ხ-ის, ნ. ე-ის, გ. ლ-ის, ი. ჭ-ის, შპს „...“ და ვ. ხ-ის მიმართ 231000 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ლ-ემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც სასამართლომ დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, რომ ბ.ლ-ე ამხანაგობა „პ 90-ის“ წევრია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ბ. ლ-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველ ნაწილზე და აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ბ. ლ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ წარმოადგენს ბ. ლ-ის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად, აპელანტი ასაჩივრებდა მის სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან სარჩელი მის წინააღმდეგ ისედაც არ დაკმაყოფილდა. მოცემულ შემთხვევაში, ბ. ლ-ე სააპელაციო საჩივრით სადავოდ ხდიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება სააპელაციო წესით დაუშვებელია, რადგან მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. ამდენად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ბ. ლ-ეს პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილით მის მიმართ დადგენილი შედეგზე არ გააჩნდა, შესაბამისად, მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად უნდა ყოფილიყო დატოვებული.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ბ. ლ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი საფუძვლებით:
არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი გარემოების გასაჩივრებას კანონი არ ითვალისწინებს, რადგანაც ეს მოსაზრება არ გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მულის შინაარსიდან. მართალია, სასამართლომ ს.ა-ის სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა არ უმსჯელია ბ.ლ-ის შესაგებელზე, რომ ის არ წარმოადგენდა ამხანაგობის წევრს, რის გამოც მას პასუხი მოსარჩელის მოთხოვნაზე არ უნდა ეგო. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების 3.2.2 პუნქტით დაადგინა, რომ სხვა პირებთან ერთად კერძო საჩივრის ავტორიც წარმოადგენდა ამხანაგობა „პ 90-ის“ წევრს. სასამართლოს ეს დასკვნა არ გამომდინარეობს მის მიერვე მითითებული მტკიცებულებებიდან: საბურთალოს სახალხო დეპუტატთა რაიონული საბჭოს აღმასკომის 1990 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებიდან, ამხანაგობა „პ 90-ის“ 2011 წლის 12 ივლისისა და 2005 წლის 27 მაისის ოქმიდან. ამ დოკუმენტებით ბ.ლ-ის ამხანაგობის წევრობა არ დასტურდება, ერთადერთი საფუძველი, რაც მას ამხანაგობასთან აკავშირებს, ეს არის ავტოფარეხის გადაცემის თაობაზე შეთანხმება, რომლითაც ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება ბ.ლ-ს წინაშე და არა ამ უკანასკნელმა მესამე პირების წინაშე ამხანაგობის სახელით. მოცემულ შემთხვევაში, მართალია, ბ.ლ-ს მიმართ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, თუმცა მხარეთა შორის სხვა დავის შემთხვევაში, ბ.ლ-ის ამხანაგობის წევრობა დადგენილ გარემოებად იქნება მიჩნეული, რაც ადასტურებს სააპელაციო წესით გადაწვეტილების გასაჩივრებისათვის ბ. ლ-ის იურიდიული ინტერესის ნამდვილობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 13 იანვრის განჩინებით ბ. ლ-ის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ლ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ს. ა-ის სარჩელი ამხანაგობა „პ 90-სა“ და სხვათა, მათ შორის ბ. ლ-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
უდავოა, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ბ.ლ-ემ.
საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრის ავტორი ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრით მოითხოვს არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის (მისი რომელიმე პუნქტის) გაუქმებას, არამედ მტკიცებულებათა არასწორი კვლევის მოტივით მოითხოვს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტის გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებაზე უარის თქმა დაასაბუთა იმით, რომ მოქმედი კანონმდებლობა შესაძლებლად მიიჩნევს გადაწყვეტილების სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრებას.
კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ დასკვნას და განმარტავს, რომ მას საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტის გასაჩივრების იურიდიული ინტერესი გააჩნია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, კერძოდ, მხარეთა შორის სხვა დავის წამოწყების შემთხვევაში გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ბ.ლ-ის ამხანაგობის წევრობას პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭება.
საკასაციო სასამართლო სავსებით იზიარებს გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივ დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი. ამ თვალსაზრისით პალატა განმარტავს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივრის შეტანა შეუძლიათ კანონით ზუსტად განსაზღვრულ სუბიექტებს სათანადო საპროცესო ვადის დაცვით, თუმცა ნორმა არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე გადაწყვეტილების რომელიმე ნაწილის გასაჩივრება დასაშვებია თუ არა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გარეშე. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ამ საკითხზე პასუხი ნეგატიურია. სასამართლოს ეს დასკვნა ეფუძნება შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილია გადაწყვეტილების ფორმალური (სსსკ 264-ე მუხლი) და მატერიალური (სსსკ 266-ე მუხლი) კანონიერი ძალა, რომელიც პირველ შემთხვევაში გულისხმობს მიმდინარე პროცესში დავის განხილვის დამთავრებას, ხოლო მატერიალური კანონიერი ძალა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულოობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც, კერძოდ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
მითითებული ნორმის ანალიზი იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი.
მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლი არ შეიცავს პირდაპირ მითითებას გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის გასაჩივრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეზღუდვის პირდაპირ მიუთითებლობა ნორმის ზემოაღნიშნულისაგან განსხვავებული განმარტების წინაპირობას არ იძლევა. სამოქალაქო საპროცესო სამართლის პრინციპებისა და კოდექსის ნორმათა ურთიერთშეჯერებითა და ერთობლიობაში განმარტებით საკასაციო სასამართლო ასკვნის, რომ გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება მის სარეზოლუციო ნაწილზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სსსკ 249-ე მუხლის მეხუთე ნაწილი). ამდენად, პირი, სარჩელის შეტანის გზით იცავს რა თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, სასარჩელო მოთხოვნის თაობაზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და, შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია.
ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია რა მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარემართება მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას („სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლი). სასამართლო გადაწყვეტილება მართლმსაჯულების აქტია და მისი სამართლებრივი შედეგები თვით კონსტიტუციითაა რეგლამენტირებული. საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. სასამართლო გადაწყვეტილების სავალდებულობა დღის წესრიგში აყენებს მისი აღსრულებადობის უზრუნველყოფის საკითხს. თუ პირი, რომლის მიმართაცაა სასამართლო აქტი გამოცემული, თავისი ნებით არ შეასრულებს ამ გადაწყვეტილებას, კრედიტორის განცხადების საფუძველზე, საქმეში ერთვება საამისოდ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო – სააღსრულებო ბიურო, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების აღსრულებას „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამ კანონის პირველი მუხლის მიხედვით, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს. ამავე კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის პირველი წინადადების თანახმად, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, ამასთან, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სსსკ 249-ე მუხლი) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში იწვევს მის გაუქმებას (სსსკ 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე, განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში და ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი (იხ. სუსგ №ას-710-1011-09, 7 სექტემბერი, 2009 წელი).
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ნათლად დასტურდება, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტობრივი გარემოების დამოუკიდებლად გასაჩივრების შესაძლებლობას კანონმდებლობა, მიუხედავად პირდაპირი მითითების არარსებობისა, არ ითვალისწინებს. ამ წესის საწინააღმდეგოდ, სააპელაციო საჩივრის დაშვების წინაპირობა ვერ გახდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში, დადგენილ გარემოებას პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭება ამავე მხარეთა შორის სხვა დავის წარმოების შემთხვევაში. საყურადღებოა, რომ დავა არ არის დასრულებული და ბ.ლ-ეს, როგორც ს. ა-ის სააპელაციო საჩივრის საპროცესო სუბიექტს, სააპელაციო შესაგებლის ფარგლებში სრული შესაძლებლობა ექნება, სადავოდ გახადოს ზემოაღნიშნული გარემოება, რასაც საქმის განხილვის დროს შესაბამისი შედეგი მოჰყვება, გარდა აღნიშნულისა, პალატა განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობა უშვებს რა არასრულყოფილი გადაწყვეტილების ნაკლის გამოსწორების შესაძლებლობასაც გადაწყვეტილების განმარტების, უსწორობათა და აშკარა არითმეტიკული შეცდომების გასწორებისა და დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის გზით, ამავე დანაწესებით იმპერატიულად ადგენს გადაწყვეტილების ნაკლის გასწორებას სარეზოლუციო ნაწილით დადგენილი შედეგის შეუცვლელად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ბ. ლ-ის კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ ქმნის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბ. ლ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 13 ნოემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად. კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე